``სიმართლე უგემოვნო სარკაზმმა ჩაანაცვლა``

среда, 17 февраля 2010 г.

მაკა კანდელაკი

იურისტი


...საშინელებაა, როცა საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის, როცა გამომძიებლის უვიცობით და პროკურორის დაუდევრობით `ქურდობის ფაქტზე~ ბრალს 28 წლის გოგონას წაუყენებენ და როცა მოსამართლე გამოძიების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საშინელებაა სისხლის სამართლებრივ დევნას რომ არ წყვეტენ, რადგან ეშინიათ, ეს გადაწყვეტილება მუშაობაში მინუსად არ ჩაეთვალოთ _ ბალანსი არ დაირღვეს მათ მუშაობასა და სტატისტიკურ მონაცემებს შორის.
ასეთ გარემოებას ადგილი არ ექნებოდა, მოსამართლე ძლიერი რომ იყოს, სიძლიერეში კანონიერებას ვგულისხმობ: მაშინ უფრო მეტ სიფხიზლეს გამოიჩენდა ბრალდების მხარე და არ დაუშვებდა ისეთ შეცდომას, რაც დაუშვეს 28 წლის გოგონას მიმართ.
მე არ დავასახელებ განსასჯელის ვინაობას, მაგრამ რა უნდა დაერქვას ისეთ სასამართლო გამოძიებას, როდესაც მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც ამხელს 28 წლის გოგონას დანაშაულს. რა უნდა დაერქვას ისეთ ქმედებას, როცა სასამართლო გამოძიების დამთავრებიდან კამათს ერთი წლით გადადებენ. რა უნდა დაერქვას იმ ქმედებას, როცა საპროცესო გარიგება მტკიცდება ბრალუუნარიანობის (განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს) და ჯარიმის, პირობითი სასჯელის გარეშე.
ამას სახელი არა აქვს. და ვერც წერა-კითხვით გაიგებ რამეს, რადგან ის სიბნელე შეგიშლის ხელს, რომელშიც დღევანდელი მართლმსაჯულება იმყოფება. ასეთმა ფაქტებმა მიიღო სისტემატური სახე, ანუ 28 წლის გოგონა იძულებული გახდა საპროცესო გარიგებას დასთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მისთვის ეს დანაშაული არც დაუმტკიცებიათ. მე ვარ ადვოკატი, მაგრამ ასევე ვარ პიროვნება და გამაჩნია ღირსება. რადგანაც დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ჩემზე მაღლა დგას, მე ვერ ჩავერევი მის გადაწყვეტილებაში. ამიტომ ვთხოვე ჩემს კოლეგას, წასულიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე...
ეს გოგონა საპროცესო შეთანხმებას რომ არ დასთანხმებოდა, პატიმრობაში უნდა გაეტარებინა მინიმუმ სამი თვე, ვიდრე ზემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებდით გადაწყვეტილებას. ეს კი ოჯახმა არ ისურვა, ახალგაზრდა გოგონას შეეშინდა...
მე, როგორც ადვოკატი, მომხრე ვარ, საპროცესო შეთანხმების, რომლის პირობაც ითვალისწინებს განსასჯელის სასჯელის შემსუბუქებას. საპროცესო შეთანხმება არის გარიგება, რომლის დროს მხარეები გამოხატავენ თავიანთ ნებას, რომ შედგეს გარიგება. ეს გარიგება კეთილსინდისიერების პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მაგრამ საპროცესო შეთანხმება იქცა მთავარ ფუნქციად სასამართლო პრაქტიკისთვის. ვფიქრობ, მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა. განსასჯელს არ უტოვებ არჩევანის უფლებას და პროკურორი დომინანტია ამ გარიგებაში. მოსამართლე კი სვლას ვერ აკეთებს, რადგან მას არა აქვს სიმართლის ცოდნის სურვილი.
იქნებ ზოგიერთმა ჩემი ეს ნაწერი ემოციურობას მიაწეროს, რადგანაც განსასჯელი 28 წლის გოგონაა, რადგანაც ადვოკატებს ჭეშმარიტების მიღწევის ყოველგვარი საშუალება წაგვერთვა. გამოძიება და სასამართლო დაემსგავსა უგემოვნო სპექტაკლს... მაგრამ უკან მოხედვის რომ არ შეგვრცხვეს, ყველამ გულში ჩავიხედოთ და ნუ ვაიძულებთ ჩვენ შვილებს, ჩვენი განვლილი ცხოვრების მოსამართლებლად იქცნენ.
28 წლის გოგონას, რომელიც პროფესიით პედაგოგია, რომელიც სოფლის მკვიდრია, რომელიც სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, ცილი იმ `დაზარალებულმა~ დასწამა, რომელმაც სტუმრად მიიღო გოგონა და შემდგომ ქურდობა დააბრალა. ამ ქურდობაზე გამოძიებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ. ეს ბრალდება წინასწარი გამოძიება-ვარაუდზე იყო დამყარებული.
და შედეგად რა მივიღეთ, ვერ შევძელით ის, რომ სიმართლეს ეზეიმა.
ეს გოგონა მართალია! დომინანტებო _ გამომძიებელო და მოსამართლევ, თქვენ მართლები ხართ?

41 ოჯახი დახმარებას ითხოვს

вторник, 16 февраля 2010 г.


გასულ კვირას ბათუმში ორი სახლი ჩამოინგრა: 7 თებერვალს რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, 3 თებერვალს _ პუშკინის და ასათიანის ქუჩების კვეთაში. ნგრევის შედეგად, მთლიანობაში, 41 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. კიდევ 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ ლუკა ასათიანის #13-ში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს საკუთარი სახლების დანგრევაზე.

ნათია როყვა


ფაქტი პირველი
რუსთაველის ქუჩაზე, მასწავლებელთა ყოფილი სახლის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა _ შენობას ინვესტორი ანგრევდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ გზა გადაკეტა და ქუჩა სახანძროს მანქანებით გადარეცხეს. ინვესტორმა ამ შენობის ნგრევა გუშინ გააგრძელა, რითაც საფრთხე იქვე მცხოვრებ ცხრა ოჯახს დაემუქრა. ამ სახლის დემონტაჟი გუშინ საპატრულო პოლიციის მოთხოვნით შეწყვიტეს.
საპატრულო პოლიცია აკაკი ზოიძემ გამოიძახა. ზოიძე ბათუმში ახალაშენებულ სასტუმრო `შერატონში~ ცოტა ხნის წინ დაიბარეს. ის თურქი ინვესტორის წარმომადგენელს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. ინვესტორმა ზოიძეებს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ მიწის ღირებულების თანხა შესთავაზა _ ზოიძეს ორსართულიანი სახლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. მოლაპარაკება ამიტომაც ვერ შედგა. ინვესტორს, როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, მათთან მოლაპარაკება მეტი აღარ უცდია და პირდაპირ ნგრევა დაიწყო.
დემონტაჟის დროს გვერდით სახლებს ნანგრევები აცვივდა. მოსახლეობამ დახმარებისთვის მერიას მიმართა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, მერიიდან არავინ მივიდა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სიცოცხლის დაცვას და უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვენ.

ფაქტი მეორე
ლუკა ასათიანის ქ.#13-ში მცხოვრები 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით დააჯარიმა. მერიის გადაწყვეტილებით, სახლი, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის სახიფათოა და უნდა დაინგრეს. დაჯარიმებულმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მერიამ უკანონოდ დააჯარიმა. ამ საქმეზე სამი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობა უკანონოდ იყო დაჯარიმებული და მერიის ბრძანებულება დაჯარიმების შესახებ ბათილად ცნო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მერიის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ მოქალაქეების ორ-ორი ათასი ლარით დაჯარიმება კანონიერად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებასაც უზენაესი სასამართლო გამოიტანს.
`90 ლარს ვიღებ პენსიას, როგორ უნდა შევძლო ორი ათასი ლარის გადახდა?~ _ კითხულობს დაჯარიმებული პენსიონერი ლუიზა არველაძე. ყველაფერი კი 2006 წელში დაიწყო, როცა ამ უბანში ინვესტორი მივიდა ძველი კორპუსის შესყიდვის მიზნით. ინვესტორის პირობებს ამ მისამართზე ზოგიერთი მცხოვრები დასთანხმდა, ზოგი _ არა; შეთანხმების პირობა ასეთი იყო: ძველი საცხოვრებელი სახლის ადგილზე, მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო და ადამიანებს ბინები ამ კორპუსში უნდა მიეღოთ. ვისთანაც მოლაპარაკება ვერ შედგა, ის საცხოვრებლად იქვე დარჩა და ინვესტორს სასამართლოში უჩივის. სასამართლომ ინვესტორს საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მისცა.
ნატო სირაძე და კიდევ რამდენიმე ოჯახი ოთხი წელია ნაქირავებში ცხოვრობენ. როგორც ნატო სირაძე ამტკიცებს, სახლს იმიტომ ვერ დაანგრევდა, რომ მეზობლის საცხოვრებელ ოთახებს დააზიანებდა. მერიამ კი, იმის გამო, რომ მან სახლის დემონტაჟი არ განახორციელა, ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
ნატოს ინტერესებს იურისტი აკაკი თოიძე იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება უკანონოა: `ეს მართლმსაჯულების დაცინვაა, ხალხმა მერიას მიმართა დემონტაჟის თხოვნით, არქიტექტურის სამსახურმა მათ უარი უთხრა, ზედამხედველობის სამსახურმა კი _ დააჯარიმა. თუ მეზობლები სახლის ნგრევას დაიწყებენ, ეს შეიძლება ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს~.
აკაკი თოიძის განმარტებით, თუ სახლი ავარიულია და დემონტაჟია საჭირო, მერიამ უნდა მიიღოს ზომები და თუნდაც იძულების წესით მოახდინოს სახლის დემონტაჟი თავისი ხარჯებით. რა თანხაც დასჭირდება დემონტაჟს, შეუძლია ამ ფულის გადახდა ხალხს დაავალოს.
ნატალია ჩხაიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გია ქარცივაძე იცავს. მისი განმარტებით, დაჯარიმების პროცედურები დარღვეულია _ მერიის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა მოქალაქეებს დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე: მერიის ერთი სამსახური ამტკიცებს, რომ სახლი ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ მეორე სამსახური კი ნებართვას არ იძლევა. საბოლოოდ მოსახლეობამ ორივე სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მერიაში, მერიამ არც ერთი არ დააკმაყოფილა.
`ამ საკითხს ექსპერტის დასკვნა ესაჭიროება. დასკვნა ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია, მაგრამ მოსახლეობას აჯარიმებს. თუ შენობა-ნაგებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროულად უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა~, _ ამბობს გია ქარცივაძე. ადვოკატის აზრით, სახლის ნგრევის გამო თუ უბედური შემთხვევა მოხდება, პასუხისმგებლობა მერიას დაეკისრება.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ გელა მახარაძე ამბობს, რომ არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ სახლი დემონტაჟს საჭიროებს და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სიცოცხლეზე, მახარაძე ამბობს, რომ `მოსახლეობას, რადგან მერიის დადგენილებას არ ასრულებენ~.

ფაქტი მესამე
3 თებერვალს მშენებარე, 14-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მძიმედაა დაშავებული 11 წლის მეგი მუსხაჯბა, რომელიც თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულები პასუხისმგებლობას იმ ადამიანს აკისრებენ, ვინც მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. `პასუხი აგოს იმ ჩინოვნიკმა, ვინც ამ შენობის აშენებას მოაწერა ხელი~, _ ამბობს მადონა ჭითანავა.
ამ ადამიანებმა 6 თებერვალს, საღამოს, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში აქცია გამართეს. აქციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და დაზარალებულებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
დაზარალებულებთან ბათუმის მერის მოადგილე ავთანდილ დარჩია მივიდა და დახმარებას შეჰპირდა. `სიტყვიერი დახმარება არ გვჭირდება, დოკუმენტი გვაჩვენეთ~, _ კატეგორიულად მოსთხოვა ერთმა დაზარალებულმა. `არ გჯერათ, რომ გელაპარაკებით?~ _ იკითხა ვიცე-მერმა.
მერის მოადგილესა და ხალხს შორის საუბარი ყვირილში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები საცხოვრებლად სხვაგან გადაყვანას, ალტერნატიულ ფართობს და იმ კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ, რომლის ნგრევის შედეგად ისინი დაზარალდნენ.
ქალაქის მერიამ დაზარალებულები დროებით ორ სასტუმროში შეასახლა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ გათბობაც შეუწყვიტეს და კვებაც. ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობას ბოდიში მერიის სახელით მოუხადა: `მე ველაპარაკე სასტუმროს მენეჯერს და ვიცი, რომ უნდა ყოფილიყო კვება, გათბობა...~
აქციაზე, ხალხთან შეხვედრის დროს ვიცე-მერმა ხალხს უთხრა, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. `მშენებლობისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე... სასტუმროს ხარჯები აიღო მერიამ, ამ ხარჯებს ჩვენ წარვადგენთ ადამიანებთან და ისინი ვალდებულნი არიან ეს ხარჯები მერიას აუნაზღაურონ~.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით დავითაძის ინფორმაციით, `შექმნილია კომისია, რომელიც ნგრევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. ამის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება~. კომისია საბოლოო დასკვნას _ სახლი რეკონსტრუქციას ექვემდებარება თუ დემონტაჟს, ოთხშაბათს გამოაქვეყნებს, მანამდე კი მერია დაზარალებულებისთვის საქირავებლად ბინებს ეძებეს. ქირის თანხას სამშენებლო კომპანია გადაიხდის. ეს ხალხი ნაქირავებში ექვს თვეს იცხოვრებს, ამ პერიოდში მათ დანგრეულ სახლს შეაკეთებენ ან სხვა კორპუსში გადაიყვანენ საცხოვრებლად.
14-სართულიანი მშენებარე სახლის ორი სართულის ჩამონგრევის შედეგად ბათუმში 15 ოჯახი დაზარალდა. უსახლკაროდ დარჩა შვიდი ოჯახი. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ კორპუსს `ბათუმი პალასი-2007~ აშენებს.

გონიოს საბედისწერო პოლიგონი

пятница, 5 февраля 2010 г.



ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში, პოლიგონებზე დატოვებული ბომბების აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამ ფაქტების შესახებ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია. იურისტის შეფასებით, დაუდევრობისთვის თავდაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

14 იანვარს ხელვაჩაურში, გონიოს პოლიგონზე, ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო მინას ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. ორი ბავშვი ურეხის გაუქმებულ ბაზაზე, თამაშის დროს, გასულ წელს დაიღუპა. ბაზაზე ადრე ასლან აბაშიძის სპეცრაზმი ვარჯიშობდა, ახლა ის ვისი საკუთრებაა, გაურკვეველია. დაღუპულები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები იყვნენ.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი _ სალომე მახარაძე: ``ფირნიში, რომელზეც ეწერა, რომ გონიოს პოლიგონი საშიშია, მოიპარეს... მაგრამ პოლიგონი, სადაც რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ, დაცულია _ მოძრავი პატრული აფრთხილებს ხალხს, რომ ტერიტორია დანაღმულია. ვინც გონიოში ცხოვრობს, ყველამ იცის, რომ იქ იყო სამხედრო ბაზა და ისიც იცის, თუ რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, ასეთ რისკზე მიდიან ადამიანები``.
სალომე მახარაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს გეგმა, რომელიც იმ ტერიტორიების `დასუფთავებას~ ითვალისწინებს, სადაც რუსული ბაზა იყო განთავსებული. მისი ინფორმაციით, გონიოს პოლიგონი, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე გაიწმინდება.
გონიოს პოლიგონი, როცა ის რუსულ ჯარს ეკუთვნოდა, მავთულხლართით იყო შემოღობილი და იქ მოხვედრა სამოქალაქო პირს არ შეეძლო. ახლა ეს მავთულხლართი მოხსნილია. 2005 წელს, რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ პოლიგონზე არც განაღმვითი სამუშაოები ჩაუტარებია.
ედიშერ მახარაძე _ იურისტი: ``გაუქმებული პოლიგონის ტერიტორიაზე თუ არის საბრძოლო მასალები ან ფეთქებადი ნივთიერებები, ის კანონით ისე უნდა იყოს დაცული, რომ ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს. თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, როცა აცხადებენ, რომ ერთი აბრა იყო გამოკიდული, გაუმართლებელია. არც მოძრავ პატრულს ევალება ამ ობიექტების დაცვა, ეს უნდა იყოს სპეციალური დაცვის ზონა, ხოლო პატრული ამ ზონაში ვერ შევა.
თუ ადამიანების უსაფრთხოება დაუცველია, ამ შემთხვევაში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა მფლობელობაშიცაა პოლიგონი. ასეთ დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს, ვისაც ტერიტორიის დაცვა ევალება``.

ფაქტი პირველი
2010 წლის 14 იანვარს გონიოში ნუგზარ ბილვანიძე, მისი მეუღლე _ ქეთევან ბედინაძე და ძმისშვილი _ ოთხი წლის ანრი ბომბის აფეთქების შემდეგ დაიღუპნენ. ოჯახის წევრების თქმით, ნუგზარმა ჯართი (მათ შორის ბომბიც) პოლიგონზე შეაგროვა და შინ მიიტანა. მეორე დღეს, როცა ნუგზარი ჯართს ტომრებში ჩასალაგებლად ამზადებდა, ბომბი აფეთქდა და სამი ადამიანი ნაფლეთებად აქცია. ნუგზარ ბილვანიძე ჯართის შეგროვებით ოჯახს რამდენიმე წელია ინახავდა.
როცა ``ბათუმელები`` შემთხვევის ადგილზე მივიდა, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. სახლის მახლობლად, სადაც ბომბი აფეთქდა, ადამიანების სხეულის ნაწილებს პოლიციასთან ერთად დაღუპულების ახლობლები აგროვებდნენ... გვამები პოლიციამ პროზექტურაში წაიღო. ოჯახისთვის ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს ხელვაჩაურის კრიმინალური პოლიცია, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე იმის დადგენაზე მუშაობს, თუ საიდან მოიტანეს ბომბი.

ფაქტი მეორე
2008 წლის მიწურულს 10 წლის ლევან ლეონიძე და მისი მეგობარი საბრძოლო ვაზნის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ``ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ბავშვებმა მიწაში ჩამარხული ნაღმი აღმოაჩინეს და აფეთქდნენ. ნაღმი არ ყოფილა. ბავშვებმა იქ იპოვეს გამოუყენებელი ტანკსაწინააღმდეგო ვაზნა. აფეთქებისას ორი ბავშვი დაიღუპა. მათთან ერთად იყო მესამეც, როემლიც რამდენიმე მეტრიდან იღებდა ფოტოებს, თუ როგორ აგროვებდნენ ბავშვები ვაზნებსა და როგორ თამაშობდნენ``, _ თქვა ``ბათუმელებთან`` ლეონიძეების ოჯახის წევრმა, თამაზ გორგილაძემ.
``ბათუმელებთან`` საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსასხურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ნანა ინწკირველმა ასეთი კომენტარი გააკეთა:``ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შედის, რამდენადაც ვიცი, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია``.
ტერიტორია, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძლება კიდევ იყოს დარჩენილი, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა. ყოველ შემთხვევაში, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, შოთა ხიზანიშვილმა, განაცხადა: ``ვერანაირი დოკუმენტი ვერ ვნახეთ, რაც დაადასტურებს, რომ ეს ტერიტორია ჩვენი საკუთრებაა. იქ ჩვენი რაზმებიც ვარჯიშობდნენ და თავდაცვის სამინისტროსიც. ვის დარჩა ეს ნაღმი და რა დროს მოხდა ეს, გაურკვეველია``.
ბათუმის პროკურორის, ავთო კილაძის განცხადებით, ურეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურორის ამ განცხადების შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ გარდაცვლილი ბავშვის ბებია _ ალინა ლეონიძე ამბობს, რომ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია.

ფაქტი მესამე
2006 წელს ბომბზე აფეთქდა 14 წლის ვოვა ზადაროჟნი. მან ნაგავსაყარზე იპოვა ``f1``, საბრძოლო ხელყუმბარა, რომელსაც საკუთარი საწოლის ქვეშ ინახავდა. მაშინ ვოვას ოჯახი ქობულეთში, ნაგავსაყარზე ცხოვრობდა და მათი შემოსავლის წყარო ჯართის შეგროვება იყო. ბავშვს ხელყუმბარა მაშინ აუფეთქდა, როცა მშობლები შინ არ იყვნენ.

ბილვანიძის ოჯახის გადარჩენილი წევრები
ბილვანიძის ორსართულიან სახლში სამი კომლი ცხოვრობს. სამ ძმას (ძმები დაოჯახებულნი არიან) და მშობლებს სახლი განაწილებული აქვთ. დაღუპულ ცოლ-ქმარს ორი შვილი დარჩა _ ექვსი წლის უნარშეზღუდული მანუჩარი და რვა წლის _ გია. მანუჩარი დროის უმეტესობას ეტლში ატარებს, ვერ ლაპარაკობს, ვერც დადის.
მცირეწლოვან ბავშვებზე ახლა 73 წლის ბებია ზრუნავს. ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ერთადერთი თხოვნა აქვთ: ``დაწერეთ, როგორ უჭირს ამ ოჯახს და იქნებ მიწა მისცეს მთავრობამ, სახლი რომ ჩავუდგათ``.
ოჯახმა ხელვაჩაურის გამგეობას უკვე სთხოვა ობლებისთვის მიწის გამოყოფა და გამგეობამაც უკვე მოასწრო უარის თქმა.
ილია ბედინაძე ამბობს, რომ მისი შვილი გაჭირვებას შეეწირა: ``ხელვაჩაურის გამგეობის ყველა თანამდებობის პირს მივმართეთ. ერთი ქოხის ჩასადგმელი მიწა რომ მოეცათ, მშვიდად იცხოვრებდნენ... მაგრამ არ მისცეს``.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, როინ მალაყმაძე: ``ბილვანიძეებმა რამდენჯერმე მიმართეს ხელვაჩაურის მიწის საკუთრების კომისიას, მაგრამ კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდათ თვითნებურად დაკავებული მიწა. კომისია ითვალისწინებს იმას, რაც კანონის შესაბამისია. სამი ძმა ცხოვრობს, ხუთი თუ ექვსი, კანონი ამას არ ითვალისწინებს... ჩვენ თანავუგრძნობთ იმას, რომ ოჯახში ცხოვრობს სამი კომლი, მაგრამ კანონი ასეთ ოჯახებზე მიწის გაცემას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ჩვენ ვერც მცირეწლოვან ბავშვებს დავეხმარებით``.
გია ქარცივაძე _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამ შემთხვევაში გამოსავალს ხედავს: `ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილი პოზიცია ამ ოჯახის მიმართ, მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ: მათ შეუძლიათ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში გადასცენ `სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ~ კანონისა და `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ ორგანული კანონის თანახმად.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის #48 დადგენილებით, ეს ოჯახი განეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისაც პირველ რიგში უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი``.
ერთადერთი, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ბილვანიძეების ტრაგედიის დროს შესძლო, ოჯახს სამი წევრის დასაფლავებაში დაეხმარა. როინ მალაყმაძის ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის დაღუპვისას მუნიციპალიტეტი გარდაცვლილის ოჯახს ათასი ლარით ეხმარება. ბილვანიძეებს თითო გარდაცვლილისთვის ათასი ლარი, საბოლოო ჯამში კი, სამი ათასი ლარი მისცეს.
გარდაცვლილის ნათესავები
ზინა მაკარაძე: ``ძალიან უჭირდათ, ჯართის შეგროვებით ირჩენდნენ თავს. ნუგზარი ჯართს დასაშლელად უროს როცა ურტყამდა, ამ დროს ცოლი და ძმისშვილი ეზოში იყვნენ. ბომბიც ამ დარტყმის შედეგად აფეთქდა... შუქის ფული უნდა გადაეხადა, რამდენიმე თვეა უსინათლოდ ცხოვრობდნენ``.
ჯემალ კოხაძე, სიძე: ``სამი ძმა ცხოვრობდა ოჯახში. გასაქანი არ აქვთ, სინათლე ჰქონდათ გამორთული, პურის ფულის ძებნაში ხან მუშად მუშაობდა, ხან ჯართს აგროვებდა. პოლიგონიდან მოჰქონდა რკინები და ჯართში აბარებდა``.
ილია ბედინაძე, დაღუპულის მამა: ``რატომ უკრძალავენ ტელევიზიებს გადაღებას ან სიმართლის ლაპარაკს? ვანდალიზმია საქართველოში. ტელევიზიებმა კი გადაიღეს, მაგრამ რაც ვილაპარაკე, ის არ გააშუქეს``.
რომან ძნელაძე, დაღუპულის მეგობარი: ``თურქეთში იყო სამუშაოდ, მაგრამ ვერ გაუძლო, თავი სტკიოდა და უკან დაბრუნდა... არც მიწა ჰქონდა, რომ დაემუშავებინა, ბოსტნეული მოეყვანა``.



ნუგზარ ბილვანიძის ოჯახს კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა ჰქონდა _ ელექტრო ენერგიის გარეშე თითქმის ორ თვეს ცხოვრობდნენ. გარდაცვლილის მამა, ილია ბედინაძე: ``ჯართი გაყიდა და იმ ფულით მრიცხველი იყიდა. მიმართა ენერგოპროს განცხადებით, მაგრამ მრიცხველი არ დაუდგეს. არავინ მიაქცია ყურადღება და სიბნელეში ცხოვრობდნენ თვეობით, მოკვდნენ და იმ დღესვე ჩაურთეს შუქი. რად უნდათ სინათლე მკვდრებს...``
``ენერგო პროს`` წარმომადგენელი, გიორგი სურმავა კი ამბობს, რომ ოჯახმა თვითონ ითხოვა ელექტროენერგიის გათიშვა: ``ოჯახს სურდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ამიტომაც ისინი ითხოვდნენ გამოგვერთო კომუნალური მრიცხველიდან, თანხა რომ არ დარიცხოდათ. მათ ჰქონდათ 80 ლარი დავალიანება. ახლა უბედური შემთხვევა მოხდა და ელექტროენერგიის მიწოდება აღვუდგინეთ``.


ბათუმის ბულვარი, ადლიის გავლით, აეროპორტის დასახლებაში, ცენტრალურ გზატკეცილამდე გრძელდება. ამის გამო ამ ზოლში დასახლებული 39 ოჯახი უნდა აასახლონ. ბათუმის მერიამ უკვე მიმართა სასამართლოს პრეზიდენტის ამ ბრძანებულების განხილვის თხოვნით.




პრეზიდენტის ბრძანებულება #921-ში (2009 წლის 14 დეკემბერი) წერია: ``აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, ბათუმის მერიას მიენიჭოს ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უფლება``. ამასთან, ჩამოთვლილია იმ 39 ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ეს შეეხება.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის _ გელა მახარაძის ინფორმაციით, ``ექსპროპრიაცია (ხელისუფლების მიერ ქონების იძულებით ჩამორთმევა სასყიდლის მიცემით ან უსასყიდლოდ. _ უცხო სიტყვათა ლექსიკონი) კომპენსაციის გაცემაზე საუბარი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება, რადგან შესაძლოა მოსამართლემ კონკრეტულ პირს არ ჩამოართვას ქონება``.
ამ საკითხზე ბათუმის საკრებულოში გასულ კვირას იმსჯელეს. მერიის ქონების მართვის ხელმძღვანელმა, გოგა ლომაძემ, დეპუტატებს უთხრა, რომ ადლიის ზოლი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ფასიც ნაწილობრივ ამის მიხედვით განისაზღვრება (ერთი კვადრატი _ 44 ლარი). საბოლოო ღირებულებას კი დაადგენს აუდიტი, რომელიც ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელებს როგორც სახელმწიფო, ისე საბაზრო ფასით.
ადლიის დასახლებაში (ადლია ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში იყო, ამიტომაც აქ მცხოვრებ ოჯახებს მიწის ნაკვეთები აქვთ _ ავტ.), ზღვისპირა ზოლში მცხოვრებმა ოჯახებმა უკვე იციან, რომ მათ აასახლებენ, თუმცა არ იციან, სად დაასახლებენ და რა პირობით. გელა მახარაძე ამბობს, რომ მერია მიიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც ამ ოჯახების ქონების საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. მერია შეფასებულზე ნაკლებს ან მეტს ვერ გადაიხდის. `მიწა, შენობა, ხეც, ნარგავები _ ყველაფერი შესაფასებელია~.
ასასახლებელთა სიაში მოხვედრილი მერი ბერიძე ამბობს, რომ მერიას მისი ოჯახისთვის არაფერი შეუთავაზებია: `აუცილებლად დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ ხომ უნდა იყოს რეალური შემოთავაზება. მომელაპარაკონ, სად, რას მაძლევს. არ მაწყობს, არ მინდა, არსად წავალ. დაწერეთ გაზეთში, გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს, ამას გავუკეთებ ბათუმის მერიას~.
მერი ბერიძის ინფორმაციით, მათი სახლების დემონტაჟი 15 თებერვლიდან იგეგმება: ``სააკაშვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ რომც დამიჩოქოს, ფეხს არ მოვიცლი, არ ავდგები აქედან, თუ 500 დოლარს არ მომცემენ კვადრატ მიწაში``.
მუსტაფ ვარდმანიძის ოჯახი სიაში პირველია. ``ეს ადგილი შეუფასებელია, კარგს გააღებ ბულვარში ხარ, წინ ზღვა გვაქვს. მოვიდნენ მერიიდან და გვითხრეს, სახლის ფართობის მიხედვით ბინას მოგცემთ, მიწის მიხედვით _ მიწას ან ფულსო. ასევე გვითხრეს, რომ როგორც ვისურვებთ, ისე იქნება. აბარგება და გადაბარგება ძნელია, მაგრამ გზას ვერ შევუშლით ხელს~ _ ამბობს ნათელა ვარდმანიძე.
მუსტაფ ვარდმანიძე: `მე აქ ყველაფერი ჩემი მაქვს _ წყალი, ბოსტანი... მარტო დენის ფულს ვიხდი. ახლა სად მომცემენ მიწას, არ ვიცი, ან ბინა სად იქნება~.
თებრა ვარდმანიძე: `პრესტიჟული ადგილია და არ გვინდა წასვლა. სულ ცოტა 300 დოლარი უნდა გადაგვიხადონ კვადრატულ მეტრში. გვითხრეს, რომ შეიძლება ბათუმში, ლერმონტოვის, ჭავჭავაძის ან პუშკინის ქუჩებზე მოგვცემენ ბინას~.
ავთანდილ ფაღავა: `სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წავალ... ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რეალური ფასი გადაიხადონ. გზა სახელმწიფოს სჭირდება და დავთმობთ ჩვენ საკუთრებას... პატივცემულმა პრეზიდენტმა 6-7 თვის წინ თქვა, რომ ჩოლოქიდან სარფამდე მიწის ფასი 450-500 დოლარი ღირს, მაგდენის მომცემი არავინაა...``
თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება ადლიაში მცხოვრები 39 ოჯახისთვის, მაშინ მათ აქვთ უფლება გადაწყვეტილება სასამართლოს შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრონ. თუმცა გელა მახარაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრებას აზრი არ აქვს: ``სასამართლო იმიტომ განიხილავს, რომ კონსტიტუციითაა დადგენილი. სასამართლოში გასაჩივრებას კი აზრი იმიტომ არ აქვს, რომ ასეა თუ ისეა, ასახლება დასაბუთებულია, პრეზიდენტის ბრძანებულებით``.
მახარაძის ინფორმაციით, 39 ოჯახიდან ზოგს მიწა ჩამოერთმევა, ზოგს _ სახლი. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მერიამ უკვე შეარჩია. ისინი ქონებას დასაბუთებულად შეაფასებენ და შეფასებას მერიას წარუდგენენ.



დიდი შენობიდან ჯოხზე დაყრდნობილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა _ გამხდარი, ფერმკრთალი, წელში ოდნავ მოხრილი, ხელები უკანკალებდა... ექიმის კაბინეტის ძებნაში მესამე სართულის კიბეს ავყევი... ქალის ხმა მომესმა, ეტყობოდა პაციენტს ელაპარაკებოდა: ``აუცილებლად უნდა გააგებინო შენს ოჯახს, ეს მაინც არ დაიმალება. ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახს რაღაცას უმალავდა...

ნარკოლოგიურში (ეს დაწესებულება ხელვაჩაურში მდებარეობს) ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები დადიან... აქ ნარკომანები მეტადონით ჩანაცვლების თერაპიით მკურნალობენ. ეს თერაპია იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკს ანაცვლებენ ისევ ნარკოტიკით, ოღონდ ეს ლეგალური და ქარხნული წესით დამზადებული ნარკოტიკია და დოზას ექიმები პაციენტის გამოკვლევის შედეგად ადგენენ. პაციენტი, ექიმის დანიშნულებითა და მისი თანდასწრებით იღებს აბს, რაც 24 საათის განმავლობაში პაციენტში ``ნარკოტიკულ შიმშილს`` კლავს. აჭარაში ამ პროგრამის ფარგლებში ``გლობალ ფონდი`` 90 ადამიანის მკურნალობას აფინანსებს და ნარკომანებისთვის იგი უფასოა.
უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ნარკოტიკის მომხმარებელთა 3731 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, ხოლო 203 საქმე განხილვის პროცესშია. ოფიციალური პასუხი, თუ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ნარკომანების დაჯარიმებით, `ბათუმელებმა~ ვერ მოიპოვა.
საქართველოს კანონით, ადამიანს, რომელიც სამართალდამცავები ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ დააფიქსირებენ, პირველად 500 ლარით აჯარიმებენ. ამ ადამიანს, თუ იგი ერთი წლის განმავლობაში კვლავ მოიხმარს ნარკოტიკს ექიმის დანიშნულების გარეშე, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
თუ ადამიანი მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელია და მას სხვა დანაშაული არ ბრალდება, შესაძლოა იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ, საქმე კი პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დასრულდეს. გირაოს თანხა ორი ათასი ლარიდან იწყება, საპროცესო შეთანხმების კი _ სამი ათასიდან იწყება და 10-15 ათასსა და უფრო მეტსაც აღწევს.
რადგან მედიისთვის დახურულია, რა თანხა შედის ბიუჯეტში საპროცესო გარიგებების შედეგად, ამიტომ მივმართავთ მარტივ ფორმას: თუ 3934-ს (დაჯარიმებულების რაოდენობა) გავამრავლებთ 500-ზე (ჯარიმის მინიმალური ოდენობა), მივიღებთ ორმილიონამდე ლარს. თუ გავამრავლებთ 2000-ზე, ესე იგი ბიუჯეტში რვა მილიონი ლარი შევიდა. თუ მაქსიმალურ ჯარიმას გავამრავლებთ პატიმრების რაოდენობაზე, მაშინ ბიუჯეტში შესული თანხა 39 მილიონზე მეტი გამოდის.
და რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ამ სენით დაავადებულების სამკურნალოდ?
ნარკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმი, ლევან გორგილაძე, `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ გასულ წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით 12 პაციენტს უმკურნალეს. თითოეულზე 2220 ლარი იყო გამოყოფილი. მთავარი ექიმის ინფორმაციით, წელს ბიუჯეტიდან ნარკომანების მკურნალობა არ დაუფინანსებიათ: `2010 წელს სახელმწიფო ნარკოლოგიურს არ აფინანსებს, ჯერჯერობით, არც ერთი ხელშეკრულება არ გამიფორმებია. შესაძლებელია მოგვიანებით რაიმე გამოყოს. მეტადონის პროგრამას ``გლობალ ფონდი`` აფინანსებს``.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის _ აკაკი გამყრელიძის ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნარკომანების სამკურნალოდ მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი ლარი იყო გამოყოფილი, წელს კი _ ორ მილიონ ნახევარი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტს, ჯერჯერობით, არ დაუანგარიშებია გასული წლის სტატისტიკური მონაცემები, ამიტომ უცნობია სამინისტროს ინფორმაციით, რამდენი ნარკომანია აჭარაში რეგისტრირებული. ასევე უცნობია, იგეგმება თუ არა ნარკომანების სამკურნალოდ თანხის გამოყოფა.
აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, დიაგნოზი _ ნარკომანი, აჭარაში სულ 754 ადამიანს აქვს. გარდა ამისა, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 3560-ია, აქედან 50 ქალია. ნარკოლოგების თქმით, რეალური ციფრის დასადგენად ოფიციალური სტატისტიკა უნდა გამრავლდეს რვაზე, ამის მიხედვით, აჭარაში სულ 34 512 ნარკომანია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კი აჭარაში 92 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
აჭარაში მეტადონის პროგრამა, რომელიც უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, მხოლოდ 90 ადამიანზეა გათვლილი. ამ პროგრამაში ჩართვა საკმაოდ რთულია, რადგან ნარკომანი პაციენტების გრძელი რიგი დგას. ამჟამად, ოფიციალურად, სამას ადამიანს სურს მეტადონის პროგრამით სარგებლობა.
პროგრამაში ჩართვისას აუცილებელია დადგინდეს, ადამიანი არის თუ არა ნამდვილად ნარკომანი, ამასთან იგი 25 წლის უნდა იყოს. ნარკომანად მიიჩნევა ადამიანი, თუ იგი ნარკოტიკს უკვე სამი წელია მოიხმარს. მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი ათი დღის განმავლობაში ნარკოლოგიურში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. ასევე აუცილებელია ცნობის წარდგენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ნარკომანი აივ-ინფექციითა დაავადებული, ან ორსულადაა, მას მეტადონის პროგრამაში ურიგოდ წერენ.
ექიმ-ნარკოლოგის _ მაია კონცელიძის განმარტებით, მეტადონის პროგრამის მიზანია შეამციროს ზიანი, ინფექციური დაავადებები და კრიმინალური ქმედებები, ნარკოტიკის მოპოვების მიზნით.
მეტადონის პროგრამით არ სარგებლობენ პატიმრები, მაგრამ თუ ადამიანი ამ პროგრამაშია ჩართული და ის ციხეში მოხვდება, წინასწარი პატიმრობის დროს შესაძლებელია ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენოს მოსამართლესთან და პატიმარი ბადრაგმა მიიყვანოს ნარკოლოგიურში, მეტადონით ჩანაცვლების თერაპიაზე.
მაია კონცელიძე ამბობს, რომ მეტადონის პროგრამა ბათუმში სამი წელია მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი სურვილით მკურნალობა არავის შეუწყვეტია. პაციენტები, რომლებიც პროგრამას გამოეთიშნენ, ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკული თრობის, ზოგჯერ კი კრიმინალური ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ნარკოლოგიურის მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში მეტადონის პროგრამით ისარგებლა მხოლოდ ერთმა გოგონამ, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა პროგრამა. ამჟამად იგი ნარკოტიკს აღარ მოიხმარს. ექიმის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში ნარკოტიკზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდა სულ ოთხი ადამიანი, 174 პაციენტიდან.

ლაპარაკის აკრძალვა სკოლებში

вторник, 26 января 2010 г.


განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, 21 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმოვანა. ერთ-ერთის მიხედვით, სკოლის დირექტორებს სამინისტროს პრესცენტრის ნებართვის გარეშე მედიასთან ურთიერთობა ეკრძალებათ.


დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა _ ნინო პროტჟევსკაია გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ``ბათუმელების`` ზარს არც სამსახურის და არც პირად ტელეფონზე არ უპასუხა, მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი საერთოდ გათიშა. დღის მეორე ნახევარში `ბათუმელები~ პრესსამსახურის სხვა თანამშრომელს _ გოგა ურუშაძეს დაუკავშირდა კითხვით, რამდენი თანამშრომელია განათლების სამინისტროს პრესსამსახურში და დღეში რამდენი სკოლის დირექტორისა და პედაგოგის დაკვალიანება შეუძლიათ პრესასთან საურთიერთობოდ? (პირველ კითხვაზე _ პრესსამსახურში თანამშრომელთა რაოდენობაზე, ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ).
გოგა ურუშაძე: ``ზუსტად, რამდენ ადამიანს გავუწევთ კოორდინირებას, ამის თქმა არ შემიძლია. თუ პრესცენტრი ვერ აუვა შემოსულ ზარებს, მაშინ ჩვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები შეძლებენ პასუხის გაცემას. დღეში 200 ადამიანისთვის შევძლებთ კონსულტაციის გაწევას~.
საქართველოში სულ 2448 სკოლა და 80 ათასამდე პედაგოგია.
გოგა ურუშაძე განმარტავს, რომ შაშკინის ეს ინიციატივა მხოლოდ სიტყვიერი იყო და რაიმე სახის დოკუმენტი ამ აკრძალვის შესახებ სამინისტროში არ არსებობს.
როგორ შეაფასებთ განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას? _ ამ კითხვით `ბათუმელები~ აჭარის საჯარო სკოლის რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა. მათგან რამდენიმემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: ``სიახლეები, რაც განათლების სამინისტროში ხდება, ყველა მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივაც მისაღებია. ახალი ინიციატივები ნამდვილად დროულია``.
მარიზა აბაშიძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი: ``ვუსმინე მინისტრის განცხადებას. მგონია, ეს კონკრეტულად თბილისის საჯარო სკოლებს ეხება. მინისტრმა ახსნა, რომ თბილისი დიდია, მოზღვავებული საინფორმაციო სიახლეების პირობებში დირექტორის მიერ არასწორად პასუხის გაცემას, გვირჩევნია მათ სამინისტროს პრესცენტრთან გაიარონ კონსულტაციაო _ არგუმენტი ეს იყო. ბათუმში სულ ოცი საჯარო სკოლაა და, შესაბამისად, ოცი დირექტორის ინფორმირება ადვილია.
ჩემთვის არც ბრძანება გაუცნიათ და არც სიტყვიერად გაუფრთხილებიათ ამის თაობაზე. თუ კომენტარის გაკეთება მინდა, ამას არავინ მიშლის``.
ჯემალ ბეჟანიძე, მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``თუ განათლების სამინისტრო ამბობს, ალბათ, საჭიროა. დღემდე არავის შევთანხმებივარ და არ ვიცი, რა გითხრათ``.
ჟუჟუნა კახიძე, ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``ყველაფერი საჯარო უნდა იყოს. შეთანხმებას რაც შეეხება, არ ვიცი, რას ემსახურება ან ვის უნდა შევუთანხმდე``.
ჟუჟუნა მჭედლიშვილი, ქვედა მახოს საჯარო სკოლის დირექტორი: ``საჯარო სკოლა ავტონომიით სარგებლობს. მგონია, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით``.
მაია ლიპარტელიანი, მასწავლებელთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი: ``კონსტიტუციაში წერია, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. სახელმწიფომ საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ისეთი კანონმდებლობა უნდა შექმნას, რომ ადამიანის თავისუფლება არ შეიზღუდოს. სკოლა არ არის სასჯელაღსრულებითი ორგანო, იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ამიტომ ასეთი განცხადება გაუმართლებელია. ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. წარმოუდგენელია ხულოს რაიონის საჯარო სკოლის დირექტორმა თბილისში პრესცენტრს შეუთანხმოს, რა უნდა თქვას``.
დიმიტრი შაშკინის ახალ ინიციატივას _ დირექტორები სამინისტროს შეუთანხმდნენ პრესასთან ურთიერთობის დროს, საიას იურისტი _ გია ქარცივაძე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს:
`ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 14), მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 3), სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას...
სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს, ადმინისტრაციულ ორგანოს, თავისი ინიციატივით, მოქმედი კანონის თანახმად არ შეუძლია. კანონი, რომელიც მასწავლებელს აუკრძალავს აზრის გამოხატვას, არ არსებობს, მასწავლებლებს უფლება აქვთ მისცენ ინტერვიუ ჟურნალისტებს და გამოხატონ აზრი.
ეს მინისტრის ინიციატივაა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამას არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ძალა. სკოლის პედაგოგს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება და თუ მას პრობლემა შეექმნება, ეს იქნება დევნა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო და ეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა``.

ჩვენიანები და სხვები

среда, 20 января 2010 г.

კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მივეჩვიე იმას, რომ ``ბათუმელებს`` მთავრობის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, სხდომაზე არ გვეპატიჟებიან _ ეს ბევრჯერ გვითქვამს, ახალს არაფერს ვამბობ...
``კარებიდან თუ არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე``, _ ხშირად მიმეორებენ რედაქტორები, ტრენერები. მაგრამ როცა არც კარებია, არც ფანჯრები და ღია ცის ქვეშ ფოტოს გადაღების უფლებას არ გაძლევენ, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის.
31 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ფოტოების გადაღება გადავწყვიტე; აკრედიტაციისთვის აჭარის მთავრობას მივმართე და შესაბამისი დოკუმენტი მივიღე კიდეც. ფოტოების გადასაღებად ერას მოედანზე ახალ წლამდე ერთი საათით ადრე გავედი.
``პრესა არ დაიშვება`` _ მითხრა პრეზიდენტის დაცვის ერთმა თანამშრომელმა. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება და რატომ არ დავიშვები-მეთქი, ვკითხე: ``სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს, ეს ბრძანებაა``, _ მითხრა დაცვის სხვა თანამშრომელმა. მესამემ ამიხსნა, რომ ექსკლუზივი ტელეკომპანია ``იმედს`` ჰქონდა, ანუ ვიდეო და ფოტო გადაღება მხოლოდ ``იმედის`` ჟურნალისტებს შეეძლოთ.
პრეზიდენტის დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, როცა ჩემს აკრედიტაციის ფურცელს დახედა, მირჩია, აჭარის მთავრობისთვის მიმემართა. დავრეკე თეა ქარდავასთან, მასთან, ვინც აკრედიტაცია მომცა. ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურს ვუთხარი, რომ ფოტოების გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ. ``სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, ჩვენ არ ვწყვეტთ, რომელი მედია დაიშვება კონცერტზე და რომელი _ არა``, _ დამდეგი ახალი წელი მივულოცე და საუბარი დავასრულე.
კითხვა _ თუ აჭარის მთავრობა არ წყვეტს, რომელი ჟურნალისტი დაესწრება კონცერტს, მაშინ რატომ არიგებენ აკრედიტაციას? ღია ცის ქვეშ, შორიდან ხომ ფოტოს გადაღება კი არადა და მოსმენაც შეუძლებელია (მით უფრო საახალწლო ბათქა_ბუთქის ფონზე).
იქ, სადაც სურათების გადაღების უფლება მე არ მომცეს, აჭარის ტელევიზიის, `მზის~ და `რუსთავი 2~_ის ჟურნალისტები მუშაობდნენ. უფრო კონკრეტულად _ ამ სამი ტელევიზიის მიკროფონი და რამდენიმე ჟურნალისტი ვიცანი.
გადავწყვიტე სახლის სახურავიდან გადამეღო რამდენიმე კადრი, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა კორპუსში ასვლის უფლებაც არ მომცეს.
`არ შიძლება და მორჩა. კითხვებს ნუ სვამ, მერე რა რომ ჟურნალისტი ხარ. არ შეიძლება გადაღება~... ერთმა აგრესიულად, მეორემ ბოდიშის მოხდით მთხოვა იქაურობის დატოვება.
წამოვედი.
კითხვის დასმის უფლება ყველა ჟურნალისტს რომ არ აქვს, ეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მაშინაც გამიმეორეს, როცა მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს ხვდებოდა ბათუმში, მესამე საჯარო სკოლაში.
ათამდე ვიდეოკამერა და ათზე მეტი ჟურნალისტი დამხვდა სკოლასთან, 12 იანვარს. გადაკეტილი იყო ქუჩები, ხშირად მოძრაობდა პატრული და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ავტომატებით მანქანებში ისხდნენ.
``შეხვედრა დახურულია`` _ შესასვლელთან მითხრეს დაცვის თანამშრომლებმა.
ერთმა კოლეგამ მასწავლებლობა დაიბრალა. ამ შეხვედრაზე დასწრება სჭირდებოდა; ``სიაში ხართ?`` _ ჰკითხა მას ადამიანმა, რომელმაც ჯიბიდან თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი დამსწრეების სია ამოიღო;
`მხოლოდ ის პედაგოგები შევლენ, ვინც სიაში არიან~ _ განუმარტეს მას.
ბუნებრივია, ყველა პედაგოგს ვერ დაიტევდა დარბაზი, მაგრამ ერთი რამ საინტერესოა, რა ნიშნით არჩევენ პედაგოგებს ასეთი შეხვედრებისთვის? ლოტოტრონით? პროფესიული თვალსაზრისით? თუ...
პრეზიდენტის ესკორტი რომ მოვიდა, მხოლოდ ჩვენ _ ``ბათუმელები``, ``ტვ 25``, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და რამდენიმე ოპერატორი ვიყავით გარეთ. პირდაპირი ეთერია და უყურეთ ტელევიზორში _ დამარიგა პრეზიდენტის დაცვამ.
რედაქციაში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. `იმედზე~ პირდაპირი ეთერით მართლა გადაიცემოდა;
ზუსტად 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა პერზიდენტი პედაგოგებთან. მე მხოლოდ 20 წუთს მოვუსმინე;
ტელევიზორი მაშინ ჩავრთე, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ბავშვები ფულს არ უნდა ატარებდნენ, ამიტომაც სავალდებულოა ყველა მოსწავლეს პლასტიკური ბარათი ჰქონდეს. გაიხსენა ის პერიოდი, როცა თავად იუსტიციის მინისტრი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე დაჰყავდა ციხეებში. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, როგორია ციხე, საპატიმროში ყოფნა...
პრეზიდენტმა ბევრ რამეზე ისაუბრა მასწავლებლებთან, 31 დეკემბერს გამართული კონცერტი და `მსოფლიო კლასის~ ვარსკვლავებიც გაიხსენა. მერე კი თქვა, რომ ატესტატის ასაღებად მოსწავლემ ათი გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროს...
`ბავშვებს კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეთ; ყველაფერი ეჭვქვეშ უნდა დააყენონ _ რაც დღეს ვთქვი, ესეც უნდა დააყენონ ეჭვქვეშ და ხანდახან ისიც ჯანსაღად ეჭვქვეშ უნდა დააყენონ, რასაც მასწავლებელი მათ ეტყვის, მაგრამ ის კი არა, რომ აუჯანყდნენ~, _ თქვა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას.
``განათლებულობაშია საქართველოს მომავალი, მისურვეთ წარმატება მე, გისურვებთ წარმატებებს``, _ ასე დასრულდა ``რუსთავი 2``-ის საინფორმაციო გამოშვება. პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტს ეს არხი გადასცემდა პირდაპირ ეთერში.
თითქოს არაფერია, არა? რა შეიძლება გამეკეთებინა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ მე და ჩემნაირი ჟურნალისტები იქ არ შეგვიშვეს. მართალია, გამიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ პრეზიდენტს ვერაფერსაც ვერ ვკითხავდი. მასთან მიახლოება მარტივი სულაც არ არის. მაშინ რა? პრინციპში ვხვდები _ ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების, რაღაც ნიშნით დაყოფას ერთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს _ ჩვენიანები და სხვები.