``სიმართლე უგემოვნო სარკაზმმა ჩაანაცვლა``

среда, 17 февраля 2010 г.

მაკა კანდელაკი

იურისტი


...საშინელებაა, როცა საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის, როცა გამომძიებლის უვიცობით და პროკურორის დაუდევრობით `ქურდობის ფაქტზე~ ბრალს 28 წლის გოგონას წაუყენებენ და როცა მოსამართლე გამოძიების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საშინელებაა სისხლის სამართლებრივ დევნას რომ არ წყვეტენ, რადგან ეშინიათ, ეს გადაწყვეტილება მუშაობაში მინუსად არ ჩაეთვალოთ _ ბალანსი არ დაირღვეს მათ მუშაობასა და სტატისტიკურ მონაცემებს შორის.
ასეთ გარემოებას ადგილი არ ექნებოდა, მოსამართლე ძლიერი რომ იყოს, სიძლიერეში კანონიერებას ვგულისხმობ: მაშინ უფრო მეტ სიფხიზლეს გამოიჩენდა ბრალდების მხარე და არ დაუშვებდა ისეთ შეცდომას, რაც დაუშვეს 28 წლის გოგონას მიმართ.
მე არ დავასახელებ განსასჯელის ვინაობას, მაგრამ რა უნდა დაერქვას ისეთ სასამართლო გამოძიებას, როდესაც მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც ამხელს 28 წლის გოგონას დანაშაულს. რა უნდა დაერქვას ისეთ ქმედებას, როცა სასამართლო გამოძიების დამთავრებიდან კამათს ერთი წლით გადადებენ. რა უნდა დაერქვას იმ ქმედებას, როცა საპროცესო გარიგება მტკიცდება ბრალუუნარიანობის (განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს) და ჯარიმის, პირობითი სასჯელის გარეშე.
ამას სახელი არა აქვს. და ვერც წერა-კითხვით გაიგებ რამეს, რადგან ის სიბნელე შეგიშლის ხელს, რომელშიც დღევანდელი მართლმსაჯულება იმყოფება. ასეთმა ფაქტებმა მიიღო სისტემატური სახე, ანუ 28 წლის გოგონა იძულებული გახდა საპროცესო გარიგებას დასთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მისთვის ეს დანაშაული არც დაუმტკიცებიათ. მე ვარ ადვოკატი, მაგრამ ასევე ვარ პიროვნება და გამაჩნია ღირსება. რადგანაც დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ჩემზე მაღლა დგას, მე ვერ ჩავერევი მის გადაწყვეტილებაში. ამიტომ ვთხოვე ჩემს კოლეგას, წასულიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე...
ეს გოგონა საპროცესო შეთანხმებას რომ არ დასთანხმებოდა, პატიმრობაში უნდა გაეტარებინა მინიმუმ სამი თვე, ვიდრე ზემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებდით გადაწყვეტილებას. ეს კი ოჯახმა არ ისურვა, ახალგაზრდა გოგონას შეეშინდა...
მე, როგორც ადვოკატი, მომხრე ვარ, საპროცესო შეთანხმების, რომლის პირობაც ითვალისწინებს განსასჯელის სასჯელის შემსუბუქებას. საპროცესო შეთანხმება არის გარიგება, რომლის დროს მხარეები გამოხატავენ თავიანთ ნებას, რომ შედგეს გარიგება. ეს გარიგება კეთილსინდისიერების პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მაგრამ საპროცესო შეთანხმება იქცა მთავარ ფუნქციად სასამართლო პრაქტიკისთვის. ვფიქრობ, მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა. განსასჯელს არ უტოვებ არჩევანის უფლებას და პროკურორი დომინანტია ამ გარიგებაში. მოსამართლე კი სვლას ვერ აკეთებს, რადგან მას არა აქვს სიმართლის ცოდნის სურვილი.
იქნებ ზოგიერთმა ჩემი ეს ნაწერი ემოციურობას მიაწეროს, რადგანაც განსასჯელი 28 წლის გოგონაა, რადგანაც ადვოკატებს ჭეშმარიტების მიღწევის ყოველგვარი საშუალება წაგვერთვა. გამოძიება და სასამართლო დაემსგავსა უგემოვნო სპექტაკლს... მაგრამ უკან მოხედვის რომ არ შეგვრცხვეს, ყველამ გულში ჩავიხედოთ და ნუ ვაიძულებთ ჩვენ შვილებს, ჩვენი განვლილი ცხოვრების მოსამართლებლად იქცნენ.
28 წლის გოგონას, რომელიც პროფესიით პედაგოგია, რომელიც სოფლის მკვიდრია, რომელიც სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, ცილი იმ `დაზარალებულმა~ დასწამა, რომელმაც სტუმრად მიიღო გოგონა და შემდგომ ქურდობა დააბრალა. ამ ქურდობაზე გამოძიებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ. ეს ბრალდება წინასწარი გამოძიება-ვარაუდზე იყო დამყარებული.
და შედეგად რა მივიღეთ, ვერ შევძელით ის, რომ სიმართლეს ეზეიმა.
ეს გოგონა მართალია! დომინანტებო _ გამომძიებელო და მოსამართლევ, თქვენ მართლები ხართ?