Показаны сообщения с ярлыком კვირის ამბები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком კვირის ამბები. Показать все сообщения

გამოძიებას ძიძიგური არ დაუკითხავს

пятница, 7 мая 2010 г.

ნათია როყვა

გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო წუხელ ღამე ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხმდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის აპირებს გამოძიება ძიძიგურის დაკითხვას, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა ამბობს, რომ ”მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის გამოძიება”.

წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლზე.

”ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”- წერია კანონში.

ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქმე ეხება წუხელ ღამით ჩოლოშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ირწმუნებიან, მათ ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე გაისროლა.

ეს ინფორმაცია დღეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა გაავრცელეს.

ძიძიგურმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და დაადასტურა, რომ გაისროლა, ოღონდ თავდაცვის მიზნით: “50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”.

“უფლება არავის აქვს, ოჯახში შემომივარდეს. დაანებეთ თავი ასეთ პროვოკაციებს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.








ნათია როყვა

”მიშა წადი!” ”წადიიი!” - ამ შეძახილებით ბათუმში აქცია ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 6 მაისს გამართეს. ხალხსა და პოლიციას შორის შეხლა - შემოხლა მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში განაცხადეს, რომ ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები ჯერ ბათუმის თეატრთან, მოგვიანებით კი– მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. მთავრობის სახლთან, ბათუმში, პოლიციამ დაცვა გააძლიერა.

”პოლიცია ხალხს!” ”ჩვენ არ გავჩერდებით!”- ასეთი სკანდირებით ჩაიარეს მომიტინგეებმა აჭარის ტელევიზიასთან. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აჭარის ტელევიზიის მუშაობაც გააპროტესტა.

”დაანებეთ თავი, ის სახელმწიფო ტელევიზიაა და მუშაობს ისე, როგორც მას უბრძანებენ! - უპასუხა მათ ჯუმბერ თავაქრთქილაძემ, ხალხის პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ხალხსა და პოლიციას შორის შეხლა - შემოხლა მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ: ”დიდი მადლობა, რომ პოლიციამ ხელი არ აიღო ბათუმელებზე”- განუცხადეს აქციის მონაწილე პოლიტიკოსებმა ნეტგაზეთს.

ქონების განკარგვა, სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა და კულტურულ ძეგლებზე სტატუსის მოხსნა-მინიჭების უფლება _ ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც ლევან ვარშალომიძემ პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა.
„ბათუმელებმა“ აჭარის ორ სამინისტროს მიმართა იმ საკითხების დასაკონკრეტებლად, თუ რა დამატებით უფლებამოსილებას ითხოვს რეგიონის მთავრობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 12 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მთავრობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ ხდება რეაგირება ავტონომიის მთავრობის თხოვნაზე `დამატებითი ადმინისტრაციული უფლებამოსილებების~ დელეგირებასთან დაკავშირებით.
`არის შემთხვევები, როცა აჭარის რომელიმე სამინისტრო ვერ იღებს უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ელოდება რომელიღაც თბილისელი ბიუროკრატის მიერ რომელიღაც მათთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერას~ _ განაცხადა ვარშალომიძემ.
მისი თქმით, `გაუგებარია~, თუ რატომ დარჩა ნიკა გილაურისა და სამინისტროების მხრიდან უპასუხოდ პირადად მისი წერილები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, სულხან ჯორთმენაძის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოები საქართველოს ყველა რეგიონში _ ქართლში, კახეთში, გურიაში...~ აჭარაში ასეთი ტერიტორიული სამმართველოები არ არის, რადგან აჭარაში არის ეკონომიკის სამინისტრო. გვინდა, აჭარაშიც იყოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც ადგილზევე აგვარებს საკითხებს. თუ დელეგირება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ მოგვცა, ამის გარეშე არ გვაქვს უფლებამოსილება, რაღაცა განვკარგოთ. მაგალითად, თუ არის მოთხოვნა რომელიმე ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით, შეთანხმების გარეშე ჩვენ ვერ გავასხვისებთ, გვინდა ეს უფლება მივიღოთ~.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მხედველობაში აქვს როგორც აჭარის, ასევე ავტონომიაში შემავალი მუნიციპალიტეტების ქონება.
ჯორთმენაძის ინფორმაციით, აჭარაში არის ქონება, რომელიც არაა აღრიცხული და რომლის განკარგვის უფლება აჭარის ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია. ავტონომიის მთავრობა ასეთი ქონების განკარგვის უფლებასაც ითხოვს.
აჭარის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი _ მათე ტაკიძე კი ითხოვს საჯარო სკოლებში დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭებას. მისი აზრით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ `პრობლემა მოგვარდეს დროულად და არ დარჩეს სკოლა დირექტორის გარეშე“.
განათლების შესახებ კანონით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი, როცა ამან ზიანი მიაყენა სასკოლო საქმიანობას, მინისტრი გვირჩევს, რომ ეს კითხვა წერილობით, სამინისტროს იურიდიულ სამსახურში, მაიკო ხაჯიშვილს გავუგზავნოთ: „იმის მიუხედავად, რომ აჭარის განათლების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ეს საკითხი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ (აჭარის განათლების სამინისტრო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო), რომ ეს დელეგირება მიიღოს აჭარის განათლების სამინისტრომ“.
გარდა ამისა მათე ტაკიძე ძეგლების სტატუსის მოხსნა-მინიჭების უფლებას ითხოვს. მისი აზრით, აჭარაში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, `რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასევე ბევრია ქრისტეშობის შემდეგ შექმნილი კულტურული ძეგლი, რომელიც ითხოვს გადარჩენას, სჭირდება რეაბილიტაცია და ეს ერთობლივად უნდა განვახორციელოთ. თუ ეს უფლებამოსილება ექნება ჩვენს სამინისტროს, აჭარის მთავრობა მზადაა, ასეთი ტიპის ძეგლებს რესტავრაცია ჩაუტაროს“.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ კვირაში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, მოუსმინოს ლევან ვარშალომიძეს და მასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომლებზედაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს. ამ შეხვედრაზე ყველა დასმული საკითხი დეტალურად განიხილება და მათი გადაწყვეტის გზები დაისახება“ _ ასე უპასუხა ვარშალომიძის ბრიფინგს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა.

აჭარაში მეწყერი გააქტიურდა

вторник, 24 ноября 2009 г.


21 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სიმონეთში მეწყრის შედეგად 12-მეტრიანი ხიდი დაინგრა. გზა, რომელიც 36 ოჯახს მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს, მეორე დღესვე აღადგინეს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დიდთოვლობის გამო დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სოფლებში ჩაკეტილია გზებიც.



მეწყერმა ხელვაჩაურში კომპანია `ქირდარ გრუპის~ ტექნიკა დააზიანა. ერთ თვეზე მეტია თურქული კომპანია `ბაიარაქტარის~ დაკვეთით იმ ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ინერტულ მასალას იღებენ. კომპანიის ინფორმაციით, მოპოვებული მასალა ჭოროხსა და გონიოში, ზღვის სანაპიროს გამაგრებას ხმარდება. ინერტული მასალის მოსაპოვებლად კომპანია აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებდა.
სოფელში მცხოვრები ავნი კომახიძე მეწყრის ჩამოწოლას ამ აფეთქებას აბრალებს: `სოფელი გახეთქილია, აფეთქების ბრალია მეწყრის განვითარებაც. შეარყია სოფელი ამ ქვის ჩამოშლამ~.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ბიჭიკო თეთრაძისა და თამაზ კომახიძის სახლების მინები დაიმტვრა, თუმცა კომპანიამ ეს ზარალი აანაზღაურა.
მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სტიქია წვიმის შედეგად განვითარდა. ინერტული მასალის მოპოვების გამო მთის ჩამოშლას `ქირდარ გრუპის~ წარმომადგენლებიც გამორიცხავენ.
`რაშია საქმე? ჟურნალისტი? ჟურნალისტების არ მჯერა. იტყუებით თქვენ~, _ სოფლის გამგებელი _ ჟუჟუნა ხაჯიშვილი იმის გამოა გაღიზიანებული, რომ მედიასაშუალებებმა დეზინფორმაცია _ თითქოს მეწყერმა მოსახლეობა დააზარალა _ გაავრცელეს (ეს ცნობა ცენტრალურმა ტელევიზიებმა გადასცეს).
გამგებლის ინფორმაციით, წისქვილსა და ხიდს, რომლებიც მეწყერმა თან ჩაიტანა, კარიერზე მომუშავე კომპანია აღადგენს.
დამეწყრილი ტერიტორია საზოგადოების განვითარების კავშირის _ `ბორჯღალოს~ წევრებმაც მოინახულეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სტიქიის განვითარების მიზეზების შესახებ დასკვნას მალე მოამზადებს.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს. ამ სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. `ენერგო-პრო ჯორჯიას~ ჯგუფები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. ამ დროისთვის აჭარაში სამი ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კვატია, ხიხაძირი, ხიჭაური და ჭვანა _ ამ და კიდევ რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგება _ ეს ინფორმაცია `ბათუმელებს~ _ `ენეგო-პრო ჯორჯიას~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა _ გიორგი სურმავამ მოაწოდა. დიდთოვლობის გამო 21 ნოემბერს, გვიან ღამით, დაწყდა მაღალი ძაბვის სადენები ქედაში, ხულოსა და შუახევში. რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ცვლილებები სახალხო დამცველის ოფისში

вторник, 3 ноября 2009 г.

6 ნოემბრიდან სახალხო დამცველის ოფისის 13 თანამშრომელს დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლებენ. მიზეზი რეორგანიზაციის პროცესში შტატების შემცირება, სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების ლიკვიდაციაა. გათავისუფლებული თანამშრომლები ორი თვის კომპენსაციას მიიღებენ.

2009 წლის 30 ოქტომბერს სახალხო დამცველმა გამოსცა ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისადაც 2009 წლის 6 ნოემბრიდან ამოქმედდება აპარატის ახალი დებულება და ახალი საშტატო ნუსხა. ამ დროიდან განხორციელდება აპარატის რიგი სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია.
`რეორგანიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი იყო აპარატში გამოცდილი და პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, რომელთა გადამზადებისათვის სახალხო დამცველის აპარატმა და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა მოცულობითი რესურსები დახარჯეს~, _ წერია სახალხო დამცველის ინფორმაციის სამმართველოს მიერ ბათუმელებისთვის~ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.