Показаны сообщения с ярлыком ედიტორიალი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ედიტორიალი. Показать все сообщения

ბატონო შოთა გამარჯობათ

среда, 15 июля 2009 г.




გუშინ რედაქტორმა ინფორმაცია მომაწოდა: ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან ბავშვი გაუტაციათო. მოკლედ, ეს ინფორმაცია უნდა გადამემოწმებია. ეს იქნებოდა პატარა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური კომენტარით უნდა გამემყარებინა. ბუნებრივია, კომენტარი პოლიციისგან უნდა მიმეღო. ზუსტად ორი საათი ხულოს პოლიციის სამმართველოში ვრეკავდი. 
არავინ მპასუხობდა.
მერე ნაცნობი პოლიციელისგან ხულოს სამმართველოს თანამშრომლის ნომერი გავიგე, ამ პოლიციელმა მისი თანამშრომლის ნომერი მომცა, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში მიხსნიდა სიტუაციას, მაგრამ სტატიაში თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა. სამაგიეროდ საქმის გამომძიებლთან, რამინ შავაძესთან დამაკავშირა, რომელმაც ის მაინც მითხრა, სისხლის სამართლის საქმე რომელი მუხლით იყო აღძრული. ამასობაში დაახლოებით კიდევ ორი საათი გავიდა. 
სტატიაში სამი მთავარი პერსონაჟია: ერთი _ 8 წლის ბავშვი, რომლის ვინაობის დასახელება ისედაც არ შეიძლება, ბავშვია და იმიტომ. მეორე _ 20 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია და კანონით არც მისი დასახელება შეიძლება და მესამე _ პოლიციელი, რომელმაც ამბავი მომიყვა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვა; ნიუსი დავწერე, მაგრამ ვერც ბავშვის, ვერც ეჭვმიტანილისა და ვერც პოლიციელის სახელი ვერ მივუთითე!
მეორე დღეს ახალი ფაქტის შესახებ მქონდა ინფორმაცია; ისევ რედაქტორისგან. ეს ინფორმაცია მკვლელობას უკავშირდებოდა _ მოკლული ბათუმში მცხოვრები ჯუმბერ ჯაბნიძეა. გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული _ გარდაცვლილის ცოლის უახლოესი ნათესავები. 
ხალხის თქმით, მოკლული მათთან, სოფელში იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა მათ ზუსტად არ იციან, როგორ აღმოჩნდა ბათუმში მცხოვრები ადამიანის ცხედარი აჭარის ყველაზე შორეული სოფლის ტყეში. მათი თქმით, გარდაცვლილი ჯერ მოკლულია და მერეა ხეზე ჩამოკიდებული. ვინ მიაწოდა სოფელს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ეს სიმართლე?
_ სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი ამ დღეების განმავლობაში. 
პოლიციაში ზოგმა ტელეფონი გამითიშა, ზოგმა ნომერი განგებ არასწორად მითხრა; ~დაფარული ნომრით გვირეკავთ სამმართველოში?~ _ მკითხა პოლიციელმა ხულოში, რომელსაც სამორიგეოში დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ რედაქციის ნომრით ვუკავშირდებოდი, ჩემი სახელი და გვარი კიდევ ერთხელ შევახსენე, საკუთარი მობილურის ნომერიც შევთავაზე _ ეს იმიტომ, რომ შევატყვე შეეშინდა, დაიბნა...
მერე ისევ ნაცნობის დახმარებით ხულოს პოლიციის უფროსს _ როლანდ იაკობაძეს დავუკავშირდი მობილურზე; მხოლოდ ერთი კითხვით მივმართე, არიან თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები; გამოძიების დეტალებზე საუბარს ხომ არ ვითხოვდი? მაგრამ უშედეგოდ, პოლიციელებს ხულოშიც, ისევე როგორც ბათუმში თუ თბილისში, ლაპარაკი აკრძალული აქვთ.
უფროსმა მითხრა _ ~მიმართეთ პრესსამსახურსო~ და მომიშორა. ხომ სასაცილოა, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკი გეუბნება, პრესსამსახურის გარეშე კითხვაზე ვერ გიპასუხებო... ძალიან მინდა დამეთანხმოთ, რომ ეს სასაცილოა...
მართალია ვფიქრობდი, რომ კმარა, მაგრამ ცოტა ხანში მაინც დავურეკე შოთა ხიზანიშვილს თბილისში... სწორედ ისაა ეგრეთ წოდებული ~პრესსამსახური~. შოთა ხიზანიშვილი კი ტელეფონს მაშინ გითიშავს, როცა ელაპარაკები: `გამარჯობათ ბატონო შოთა, მე ჟურნალისტი ვარ~ და მორჩა... მერე მთელი დღე რომ რეკო, მაინც ვერ დაუკავშირდები ბატონ შოთას... ვისაც არ სჯერა, რომ ასეა, ამ ნომერზე 877 99 22 88 დარეკოს. ეს შოთა ხიზანიშვილის ნომერია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის გავლენიანი პოლიციელია და მთლად ტყუილად ნუ შეაწუხებთ... რა ვიცი, ამას ვისთვის რა შედეგი მოყვება...


~გაზეთი ბათუმელები~ რვა წლისაა

вторник, 26 мая 2009 г.


გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ ~ხალაში~ ვიყავი გაზეთის დისტრიბუტორთან ერთად. ძალიან ლამაზი სოფელია, მაგრამ იქედან იმედგაცრუებული თუ როგორ ვთქვა არ ვიცი, დათრგუნული დავბრუნდი. ჯერ იმდენი ადამიანის გაჭირვების შესახებ მოვისმინე, მეორეც იმის მტკიცება მომიწია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვწერთ ჩვენ _ ~გაზეთი ბათუმელები~. 
~დამოუკიდებელი სასამართლო და პარლამენტი არაა და გინდა თქვა, რომ შენ თავისუფალი ჟურნალისტი ხარ?~ _ ღიმილით, თან ცოტა მოქუფრული სახით მითხრა ადამიანმა, რომელსაც ხელში `ბათუმელების~ ძველი ნომერი ეჭირა (რაღაცა ჰქონდა გახვეული გაზეთში:) 
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ იმის მტკიცება მიწევს, დაკვეთით რომ არ ვწერთ, არც მე და არც ჩემი კოლეგები `ბათუმელებიდან~. ძალიან სასაცილოა, როცა რესპონდენტი იმის დემონსტრირებას ცდილობს თუ რამდენად უზრუნველი ცხოვრება აქვს... ღილაკზე თითის დაჭერით მის ოთახში მოსამსახურე როცა შემორბის პატრონის სურვილების შესასრულებლად და შენ ამაოდ ცდილობ მისი კომენტარის ჩაწერას.
რესპონდენტი აი ასეთი პირობებიდან ბოლო სამი კვირაა ჩემთან თავის უპირატესობას ამტკიცებს: ყოველ შეხვედრაზე მეკითხება, ამ სტატიას რომ ვამზადებ, რამდენი გადამიხადეს. ვერაფერი გავაგებინე... 
ძალიან დამღლელია, ინტერვიუსთვის მისულს იმას რომ გირჩევენ, რა წერო და რა _ არა, ისმენ ბრალდებებს საკუთარი გაზეთის მიმართ და ეს მაშინ, როცა ბრალმდებელს გაზეთის არც ერთი ნომერი არ აქვს წაკითხული, რადგან `გაზეთებში რას წერენ, არ აინტერესებს...~ უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ ვიღაცის `შეკვეთას~ ასრულებ და მორჩა.
რომ არა ჟურნალისტი, ალბათ, იურისტი გავხდებოდი, ადვოკატი. უფრო სწორად დრო და შესაძლებლობა თუ მექნება, მომავალში მინდა ვისწავლო იურიდიულზე, წერის დროს ტერმინების გადამოწმება და კონსუტაციები რომ არ დამჭირდეს იურისტებთან:)
თავდაპირველად `ბათუმელებში~ სტაჟიორად მოვედი. ვაიმეეეე, რა დრო გავიდა:) ჰო, მახსოვს რედაქტორმა მითხრა რაზე გინდა წერაო და დავიბენი:) 
მივიჩნიე, რომ თავიდან კულტურაზე წერა გამიადვილდებოდა და არქეოლოგიურ მუზეუმს მივაკითხე. არაფერი გამომივიდა. მეორე სტატია, რომელიც მოვიფიქრე, გემის კაპიტანზე იყო. უფ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ეს სტატია დაიბეჭდაააა:) ხან საზოგადოებაზე ვწერდი, ხან ჯანდაცვაზე... ყველაზე უფრო განათლებაზე მუშაობა მახსენდება:) მე მგონი ამ სფეროში დიდი არაფერი გამომივიდა. 
საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ინტერესის სფერო სამართალია, დაფარულის გამოჩხრეკა მიყვარს, განსაკუთრებით მაინტერესებს პატიმრების უფლებები, ბავშვების, მშობლების... მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი, სადაც უფლებებზეა საუბარი... 
ხშირად ვფიქრობ იმაზე, რას ვაკეთებ... ვფიქრობ, რამდენად საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ, ვისთვის ვაკეთებ, ან რატომ...
მესამე წელია იმიტომ ვმუშაობ აქ, რომ მიმაჩნია, `ბათუმელები~ საჭიროა და მეც მინდა ამ გაზეთის პატარა ნაწილი ვიყო...
არადა, ზოგჯერ მგონია ყველაფერი სულერთია საზოგადოების უმრავლესობისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომლის ნაწილი ვარ მე, ჩემი ოჯახი და ჩემთვის ყველა საყვარელი ადამიანი...
აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. მინდოდა, გაზეთის რვაწლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ერთმანეთზე დაგვეწერა, ასე ჟურნალისტის როლში დავრჩებოდი და ალბათ უფრო გამიადვილდებოდა წერა... მაგრამ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ საკუთარი თავი თვითონ გავაცნოთ მკითხველს:)  
მოკლედ, ეს ჩემი პრეზენტაცია იყო... თუ დაიჯერეთ, რომ გულწრფელი ვარ, მაშინ არ დაგეზაროთ და თუ რამე გაგიგიათ თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ, გთხოვთ დამიკავშირდეთ.



понедельник, 4 мая 2009 г.

~ამ გურულებს რა გეშველებათ, სადაც თქვენი საქმე არაა, ცხვირს რატომ ყოფთ~, ~რა იყო, სკანდალისტობა მოგინდა? ძალოვნებს დაერიე ტო?... რა ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობ, ყველამ მისი საქმე აკეთოს და არავინ არაფერს ეტყვის...~ _ ეს ამონარიდია იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან, რაც საჯარო სამსახურში მომუშავე ნაცნობებისგან მას შემდეგ მივიღე, რაც სოდის თანამშრომლებმა დამაკავეს და ეს ამბავი ტელევიზიებმა გააშუქა.
ვითომ ხუმრობით და სმაილებით განეიტრალებული ესემესების შინაარსს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი ეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ბევრიც ფიქრობს, რომ მომხდარით ბედნიერი ვარ, რადგან ბრიფინგი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა, ჩემი პიარი იყო.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა კიდეც, დამირეკეს და მკითხეს რა უხაროდა შენს `დაპატიმრებულ~ ნაცნობსო. მე მხოლოდ იმას ვცდილობდი ნერვიულობა და სიბრაზე არ დამტყობოდა. ეტყობა გამომივიდა. პრინციპში გაბრაზებული ნაკლებად ვიყავი, უფრო შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე... მართალია, გურული ვარ და `ბათუმელებში~ ვმუშაობ, მაგრამ რაჭვული თვისებებიც მახასიათებს, გვიან ვიცი გააზრება მომხდარის, მერე, საკუთარ თავთან მარტო როცა ვრჩები... ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მეორე დილით რომ გავიღვიძე, მეგონა, ვიღაცამ ფეხით გამთელა-მეთქი. ამის უფლებას თურმე `კანონი იძლევა~. 
სოდის თანამშრომელმა მითხრა, რომ ჩემნაირი ჟურნალისტის დასასჯელად კანონი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მაშინ ამიხსნა, როცა მისი მოთხოვნა არ გავითვალისწინე და გადაღებული ფოტოები არ წავშალე. 
`კამერაში შეგაგდებ და მერე ნახავ~. გულწრფელად გეტყვით, შემეშინდა, თუმცა არა კამერის! უსამართლობის. დავინახე, რა უცებ შეიძლება აღმოჩნდე ციხეში. მერე გარეთ რომ გამოხვიდე, არარსებული დანაშაული უნდა აღიარო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა...
`რატომ, რატომ მაგდებ კამერაში, იმ ფოტოსთვის, რომელიც შესაძლოა არც გამომადგეს? და რომელიც ქუჩის განაპირა მხრიდან გადავიღე? თუ იმიტომ, რომ `ინტრიგნულ~ გაზეთში ვმუშაობ?~ _ ვკითხე სოდის თანამშრომელს. მან კი ისევ გაიმეორა, რომ დაკავებული ვარ... 
მანქანაში ჩამსვეს, მერე ტელეფონით ვინმე ბატონ დავითს აუხსნეს რაც მოხდა და შემდეგ გამომიშვეს. 
დღის ბოლოს ტელევიზიით ვნახე ჩემს დაკავებაზე რა კომენტარი გააკეთა შოთა ხიზანიშვილმა, შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა. ზუსტი ციტირება გამიჭირდება, რაღაც ასეთი თქვა, აკრძალულ ადგილზე შევიდაო; არადა, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო... 
ხო! თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ დამცინავი ესემესები არ მიმიღია. ძალიან ბევრი უცხო ადამიანი დამიკავშირდა; ერთ-ერთმა, ხანში შესულმა კაცმა კი ქუჩაში გამაჩერა და მკითხა, ნამდვილად ნათია როყვა ვიყავი თუ არა, `ბათუმელების~ ჟურნალისტი; მერე მადლობა გადამიხადა: ტელევიზიით გნახეო...
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების ნდობაა. იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემი გაზეთის მკითხველები არიან...

ნათია როყვა 


სოდმა ~გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავა


ეთერ თურაძე, გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია აზრის გამოხატვაში. ასევე ნებისმიერს, და მათ შორის მეც, აქვს უფლება სუბიექტური შეხედულება იქონიოს ნებისმიერ საკითხზე. ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური შეხედულება ზუსტად ემთხვევა გერმანიაში პროტესტანტი მღვდლის, მარტინ ნიმოელერის ცნობილ გამონათქვამს, რომელიც ნაციზმის რეჟიმმა დააკავა:
„როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ კომუნისტი.
როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ პროფკავშირელი.
როდესაც წაიყვანეს ებრაელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ ებრაელი.
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ...
შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო...“
23 იანვარს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ხალხს სხვა საკითხებთან ერთად იმაზე ელაპარაკებოდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება, სატელეფონო ზარი მქონდა. ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი, ნათია როყვა ხმამაღალი საუბრის და ყვირილის ფონზე მეუბნებოდა, რომ ის სოდმა დააკავა. 
ალბათ ნაკლებად საინტერესოა, ამ ზარის შემდეგ ჩემი ემოციები და კიდევ ის თუ გზაში მიმავალი როგორ დავუკავშირდი სოდის უფროსს აჭარაში, როგორ ამიხსნა გოგიტა კახიძემ, რომ არავინ ჰყავთ დაკავებული და რომ მუშაობაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ, რადგანაც ისინი `დამნაშავეებს ებრძვიან~.
`გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი `დამნაშავედ~ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოაცხადეს. ნათია როყვა: `საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი, როცა დავინახე, რომ ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ნიღბიანი პირები ნივთებს ისროდნენ ქუჩაში. ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ქუჩის მეორე მხრიდან ფოტოების გადაღება დავიწყე~. 
მერე ჟურნალისტთან სოდის თანამშრომლები მივიდნენ და ფოტოების წაშლა მოსთხოვეს, ჯერ თავაზიანად. უარის მიღების შემდეგ შეიგინეს და დაემუქრნენ კიდეც _ საკანში გამოკეტვით. მერე ჟურნალისტი ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს...
აქამდეც გვქონდა შემთხვევები, როცა `სოდი~ ჩვენს ჟურნალისტებს და როგორც ახლა გავარკვიე, ჩვენს კოლეგებსაც, უკრძალავს `სპეცოპერაციის~ დაფიქსირებას. 
თუმცა, ნათიამ ამ შემთხვევაში არამარტო ფოტოები შეინარჩუნა, არამედ აუდიო ჩანაწერიც გააკეთა. `გოგო, რით ვერ გაიგე, ქუჩა საჯარო ადგილი იქამდეა, სანამ სპეცოპერაცია არ ტარდება~; `რაც არ გეკითხება, იმაში ნუ ერევი, ვინ მოგცა უფლება~; `არ მაინტერესებს შენი ჟურნალისტობა...~; `საკანში გამოგკეტავ...~ შენნაირი ჟურნალისტების დასასჯელად კანონი პირდაპირ მოქმედებს...~  
ნამდვილად არ ვიცი `სოდის~ თანამშრომლები რომელი კანონით იმუქრებოდნენ. პირიქით, საქართველოში ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონი ნებისმიერ სიტუაციაში აძლევს ჟურნალისტს მუშაობის უფლებას.
2004 წლის `აჭარის ვარდების რევოლუციიდან~ დღემდე პროკურატურაში რამდენიმე საქმეა ჩვენი რედაქციის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის, მუშაობაში ხელის შეშლის, ტექნიკის განადგურების და ასე შემდეგ ფაქტებზე. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამჯერად, პროკურატურას `გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტის, ნათია როყვას უკანონო დაკავების გამოძიების თხოვნით მივმართავთ...
ახლა კი იმაზე, რის გამოც ამ ყველაფრის დაწერა კიდევ ერთხელ გადავწყვიტე. ბათუმში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა იმ ადგილზე, სადაც ნათია დააკავეს. მათ შორის იყვნენ იურისტებიც. იურისტებმა და ჩვენც, ვცადეთ იმ კორპუსის მცხოვრებლებს გავსაუბრებოდით, სადაც სოდი სპეცოპერაციას ატარებდა და ეჭვმიტანილებთან ერთად ჟურნალისტიც დააკავა. 
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მთელი კორპუსი ეზოში იყო გამოფენილი. ყველას ვკითხეთ, დაინახეს თუ არა პოლიციელებმა ნათია როყვა (მას ფიზიკურად ვაჩვენებდით) მანქანაში რომ ჩასვეს. პირად საუბარში რამდენიმემ თქვა, რომ დაინახა. თუმცა, როცა მათ ამ ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება ვთხოვეთ, ყველამ უარი განაცხადა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმაც.
ეს ამბავი მოულოდნელი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი. მსგავსი რამ მარტინ ნიმოელერის ეპოქაშიც ხდებოდა და, ბუნებრივია, ჩვენ დროშიც ხდება.