დარჩენილები და წასულები უნივერსიტეტში

среда, 9 сентября 2009 г.


ალეკო ბაკურიძე: ~ჩემთან იმის მტკიცებას, რომ ძალიან დიდი მეცნიერები ხართ, აზრი არ აქვს~.

8 სექტემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი პროფესორ-მასწავლებლებით გაივსო. გუშინ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა. უნივერსიტეტში არსებულ 236 ვაკანსიაზე განაცხადი 380 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. დადებითი შეფასება 228 მონაწილემ მიიღო. ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უნივერსიტეტში რვა აკადემიური თანამდებობაა ვაკანტური. ბრალდებები გაისმა უნივერსიტეტის რექტორის მიმართ. 
 

~ქუჩაში მაგდებთ, შვილები მყავს, ოჯახი მაქვს, რატომ მაპირისპირებთ კოლეგებს?~ _ ეს პირველი კითხვა რექტორს, ალეკო ბაკურიძეს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მერაბ მეგრელიშვილმა დაუსვა. რექტორი სააქტო დარბაზში შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. 
`როგორც ჩანს, ადამიანებმა არ იციან, რომ ეს უნივერსიტეტია. ყველას გთხოვთ, დაიცვათ ეთიკური ნორმები, მეც წამიგია, მაგრამ ღირსეულად გადამიტანია, _ უპასუხა შეკითხვის ავტორს ალეკო ბაკურიძემ. _ თუ დასადგენია ობიექტურობა, უნდა დაადგინოს სასამართლომ. მე თქვენს მდგომარეობას ვიზიარებ, მაგრამ თუ რაიმე ბრალი მიმიძღვის, მზად ვარ პასუხი ვაგო, სხვა თქვენს სინდისზე იყოს... მე შესაშინებელი არა ვარ, შვილებიც მყავს, შვილიშვილებიც და ნუ მიგზავნით ვიღაც ვიღაცეებს~.
`დეკანების კომისიები~ _ ეს სახელწოდება შეარქვეს პროფესორ-მასწავლებლებმა კომისიას, რომელიც უნივერსიტეტში კონკურსის ჩასატარებლად პირველად შეიქმნა. რექტორი კი ამტკიცებდა, რომ კომისიის წევრები კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე იმ ადამიანებით შეცვალეს, ვინც ობიექტურობით არიან ცნობილნი: `ყველაფერი ვიცი _ ვინ ვის დაურეკა. ბათუმში და თბილისში ადამიანი არ დარჩა, რომ არ შეგეწუხებინათ; ახლა გეპარებათ ეჭვი მათ ობიექტურობაში? დაწერეთ საჩივარი სასამართლოში~. 
რექტორმა თავისი ნათქვამის გამყარებისთვის კონკრეტული გვარიც დაასახელა: `კომისიის წევრი _ ირმა რატიანი მეუბნებოდა, რომ ბათუმში ადამიანი არ დარჩა მისთვის რომ არ დაერეკა. მითხრა ვის გამო დაურეკეს... მე ყველას სახელი და გვარი მაქვს ჩანიშნული. კომისიის ყველა წევრი ირმა რატიანის მსგავსად მოიქცა~.
ალეკო ბაკურიძემ კოლეგებს კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესახებაც აცნობა: `კომისიამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სარეკომენდაციო წერილით მიმართა და სთხოვა, რომ გარკვეული ადამიანების პოტენციალი (რომლებმაც კონკურსი ვერ გადალახეს) უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ გამოიყენონ~.  
სააქტო დარბაზში შეკრებილმა ლექტორ-მასწავლებლებმა რექტორს იმ ადამიანების ვინაობის დასახელება მოსთხოვეს, ვისაც კომისიამ რეკომენდაცია გაუწია. რექტორმა მათი სია წაიკითხა:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მერი ცინცაძე, შოთა ზოიძე, ინგა შამილიშვილი, მარინა სიორიძე, ზურაბ ბეჟანოვი, თამილა მიქელაძე, მალხაზ სიორიძე, ნანა ხახუტაიშვილი, მერაბ ახვლედიანი და მერაბ ბერიძე. 
საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი: ჯემალ კარანაძე და მერაბ მეგრელიშვილი. 
ჟურნალისტიკის სპეციალობა: მანუჩარ ლორია.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: რეზო გორაძე, ეთერ სარალიძე, ჯემალ ბერიძე, ომარ ნაკაშიძე, ზაზა დავითაძე, ნინო კიკნაძე, ქეთევან ჯიბლაძე, ოთარ შამილიშვილი.
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორმა კი რეკომენდაცია ლალი ზაქარაძეს გაუწია. 
ალეკო ბაკურიძემ კიდევ ერთი ფაქტი მოიშველია იმისათვის, რომ თავისი თანამშრომლები კონკურსის ობიექტურად ჩატარებაში დაერწმუნებინა: `მუდმივად ხელგაშლილი ვართ მერიასთან, მაგრამ ვერ გავიდა ქალაქის მერის _ რობერტ ჩხაიძის და; ასე ვერ გავიდა ვახტანგ ბერიძე, ჩემი თანამშრომელი, რომლის გარეშეც საგამოცდო ცენტრის მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია; ის ახლა კომპიუტერთან ზის და ჩემს წიგნს ბეჭდავს. ვერავინ იტყვის, რომ ამ კონკურსში ჩავერიე...~ 
კონკურსანტს, რომელიც უკმაყოფილოა შედეგებით, შეუძლია კომისიის შეფასება სამი დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს. 





შალვა შავგულიძე, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი
სპეციალურად ~ბათუმელებისთვის
~

2006 წლის 26 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრებმა _ გერონტი ალანიამ, ავთანდილ აფციაურმა და ავთანდილ ღაჭავამ თბილისიდან გაიტაცეს და საკუთარი ნების წინააღმდეგ, ოქროყანის სასაფლაოზე იძულებით მიიყვანეს 26 წლის სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე. სასაფლაოზე მათ შეუერთდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, მიხეილ ბიბილურიძე.

მოძალადეებმა სასტიკად აწამეს სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე. სანდრო გირგვლიანს დანით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა. მათ შორის, მრავლობითი ნასერ-ნაკვეთი ჭრილობა მკლავების, ფერდებისა და მუცლის არეში, რაც მისი წამების ფაქტზე მიუთითებს და ასევე, 11 ჭრილობა კისრის არეში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა.
საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შს სამინისტროს ეს ოთხი ოფიცერი, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს ეს შემზარავი დანაშაული, მოქმედებდნენ იმ საღამოს თბილისში, შარდენის ქუჩაზე არსებულ კაფე `შარდენ-ბარში~ სუფრაზე მყოფი, საქართველოს შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დავალებით. მათთან სანდრო გირგვლიანს კაფეში ყოფნის დროს გარკვეული კონფლიქტი მოუვიდა. 
ამ საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვების არასრულად და არაობიექტურად ჩატარებამ საზოგადოებას იმის რწმენა გაუჩინა, რომ ეს ოთხი ბრალდებული დანაშაულის მხოლოდ აღმსრულებელი იყო, ხოლო შემკვეთ-ორგანიზატორები პასუხისმგებლობისა და სასჯელის მიღმა შეგნებულად დატოვეს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა.
დანაშაულში მხილებული ოთხი პირის ქმედებას პროკურატურამ და სასამართლომ აშკარად არასწორი და მსუბუქი კვალიფიკაცია მიანიჭა: მათი მოქმედება დაკვალიფიცირდა არა საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით, როგორც ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რაც დამნაშავეებმა რეალურად ჩაიდინეს (ეს სასჯელი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას), არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ეს დანაშაული იმ დროისთვის 3-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ხელისუფლების მხრიდან მოცემული საქმის მიმართ არაობიექტური, ხოლო დანაშაულში მხილებულ პირთა მიმართ არაადეკატურად ლმობიერი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოიხატა საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა: 2006 წლის 28 აპრილს, სს კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მოცემულ დანაშაულში მხილებული ოთხი პირისთვის მოსალოდნელი სასჯელის ზომა _ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, შემცირდა ექვს წლამდე თავისუფლების აღვეთით.
ამგვარად საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაც ერთ-ერთ რგოლად ჩაერთო ამ საქმეზე დაშვებული უკანონობისა და უსამართლობის ჯაჭვში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრალდებულებს თავი დამნაშავედ არ უცვნიათ, მათთვის წარდგენილ ესოდენ უსამართლოდ შემსუბუქებულ ბრალდებებშიც კი სასამართლომ სრულიად გაუმართლებელი ლმობიერება გამოიჩინა მათთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 143-ე მუხლებით შერაცხულ დანაშაულთა ერთობლიობით, შესაძლებელი იყო მათთვის მაქსიმალური სასჯელის _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. უზენაესი სასამართლოს საბოლოო განაჩენით კი გ. ალანიას 7 წლით, ა. აფციურს, ა. ღაჭავასა და მ. ბიბილურიძეს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.  
სასამართლოს მიერ ამ ოთხი ბრალდებულისთვის ისედაც არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების მოუხდელი ნაწილი ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტით გაანახევრეს. 2009 წლის 6 სექტემბერს კი სამართლიანობის პრინციპისა და საზოგადოების აზრის სრული იგნორირებით, ეს მსჯავრდებულები ვადამდე პირობით გაათავისუფლეს სასჯელისგან.
ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, აქტიურად მოქმედებდა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის გაყალბების, დანაშაულში მონაწილე გარკვეულ პირთა დაფარვისა და მხილებული დამნაშავეებისათვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის დანიშვნისთვის. 
ხელისუფლების ამგვარი მოქმედება უხეშად ლახავს დაზარალებული მხარის კანონიერ უფლებებს; მეორეს მხრივ, ახდენს დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში, ამკვიდრებს ნიჰილიზმს და უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რასთან შეგუებაც დაუშვებელია.