სამინისტრო მოქალაქეს 44 ათას ლარს გადაუხდის

четверг, 7 мая 2009 г.

ბათუმის ცენტრალური აბანოს ყოფილი მოიჯარე _ კუკური ირემაძე ევროპულ სასამართლოში ჩივილს უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. როგორც თავად ამბობს, იურისტებმა ახლა მას სარჩელის შეტანა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ურჩიეს, თუმცა მას ამისათვის საჭირო თანხა, ბაჟის გადასახადი _ სამი ათასი ლარი არ აქვს.

`1998 წელს, როცა აბანოს უფროსი ვიყავი, ასლან აბაშიძემ დამავალა ჯარს უფასოდ მივმსახურებოდი _ მათი სარეცხი გამერეცხა. ხელშეკრულება თბილისში თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმე. თანხა კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ჩემთვის უნდა გადაეხადა, 2002 წლისთვის 44 ათას ლარს შეადგენდა, მაგრამ ეს ფული დღესაც არ მიმიღია~.
ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ ამ თანხის გამო კუკური ირემაძე 17 000 ლარის საშემოსავლო გადასახად დააკისრა, რაც ირემაძემ ვერ გადაიხადა. ამჟამად კი გადაუხდელი გადასახადის ჯარიმამ საურავებით ასი ათას ლარს გადააჭარბა.
ირემაძემ სახელმწიფო სტრუქტურას სასამართლო პროცესი მოუგო. ვაკე-საბურთალოს სასამართლომ 2005 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 44 ათასი ლარის გადახდა დააკისრა იმისათვის, რომ ეს აბანო წლების წინ ბათუმში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა, მომსახურების თანხა კი სამინისტროს უნდა დაეფარა: `სააღსრულებო ბიურომ მომწერა, რომ საქმე გადასულია იძულებით აღსრულების წესზე. კი ბატონო, მაგრამ ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და თანხის გადახდას საშველი არ დაადგა. მე კი ამასობაში მოვხუცდი და დაავადდი _ წამლის ფული არ მაქვს~.
აღმოსავლეთ საქართველოს საარსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსი-ავთანდილ კენჭაძე: ~კუკური ირემაძის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულებულია, მისთვის ტანხის მიწოდება კი იმის გამო ვერ მოხერხდა რომ საქმეში მას ტელეფონის ნომერი მითითებული არ აქვს და აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფება. მთავარია დაგვიკავშირდეს და ანგარიშის ნომერი მოგვაწოდოს~.

ყაჩაღობა ~პოპულში~

ყაჩაღობა `პოპულში~

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი `პოპული~ დააყაჩაღეს. სალარო აპარატიდან 1300 ლარი გაიტაცეს.
ყაჩაღობა 18 აპრილს, დაახლოებით დილის ხუთ საათზე მოხდა. პოპულის მენეჯერის, ეკა გვაზავას ინფორმაციით: `დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იარაღით და ნიღბით შემოვარდა სუპერმარკეტში და მოლარეს მოსთხოვა თანხა. ამ დროს `პოპულში~ მხოლოდ სამი კონსულტანტი იმყოფებოდა~.
პოპულის თანამშრომლებმა დაცვის გამოძახება მოახერხეს, მაგრამ დაცვის ადგილზე მისვლამდე მინიმუმ ორი წუთია საჭირო, ყაჩაღმა კი ფულის გატაცება წამებში მოახერხა და გაიქცა.
სუპერმარკეტში დამონტაჟებულ ვიდეოკამერას ეს ფაქტი დაფიქსირებული აქვს.
საქმეს ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილება იძიებს.


ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ მერაბ კოზმავა 6 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცავებმა სასამართლოს შენობაში დააკავეს. 
`დაგიდასტურებთ ბატონ მერაბ კოზმავას დაკავების ფაქტს. რაც შეეხება ქრთამის აღებას, ამას გამოძიება დაადგენს. ჩემთვის ასევე უცნობია ადვოკატის ვინაობა~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარემ _ შაქრო აბუსელიძემ. 
როგორც `ბათუმელებისთვის~ არაოფიციალური წყაროსგან გახდა ცნობილი, მოსამართლეს სამი ათასი დოლარის ქრთამის აღება ედება ბრალად. არაოფიციალური ვერსიით, თანხა მერაბ კოზმავას გადასცა ადვოკატმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.




~შეთქმულების~ ადვოკატი

~შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად~, _ ამ ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი _ კობა კობალაძე სამართალდამცველებმა 5 მაისს დააკავეს.  

კობა კობალაძის ადვოკატისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია. `როგორც მითხრეს, დიდი საქმეა, ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მასალებს მოვამზადებთ და ყველას ერთად გადმოგცემთო~, _ ამბობს ემზარ პაქსაძე.
ადვოკატისთვის, რომელმაც კობალაძე დაკავების შემდეგ მოინახულა, უცნობია, ბრალდება კონკრეტულად რას ეფუძვნება. მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დანაშაულს არ აღიარებს: `ცხრაჯერ არის დაჭრილი სხვადასხვა ბრძოლაში, ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, ოთხი შვილის მამაა. მისთვის გაუგებარია მის გვარს რატომ ატრიალებენ ასე ხშირად სხვადასხვა კონტექსტში. რამდენიმე თვის წინაც ახსენეს გენერალთა ჯგუფი და კლუბი, ახლა ეს საკითხი მეორედ დააყენეს. მას ვიდეომასალაში ნახსენებ გენერლებთან ურთიერთობა არ ჰქონია, მათი ტელეფონის ნომრებიც კი არ იცოდა, ბოლო შვიდი წელია მათ არ შეხვედრია~.
ადვოკატის ინფორმაციით, კობალაძისთვის უცნობია, რა მოხდა მუხროვანში და იგი კატეგორიულად უარყოფს ამბოხების მზადებაში მონაწილეობას. 
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და თანამდებობიდან 2004 წლის თებერვალში გადადგა. ის ფიგურირებს იმ ექვს გენერალს შორის, რომელთა გვარებიც ნახსენებია შსს-ს მიერ 5 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში. ამ ჩანაწერში შსს-ს თქმით, სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდებით 4 მაისს დაკავებული გია ღვალაძე საუბრობს. ექვსი გენერლის, მათ შორის კობა კობალაძის გვარიც მან ახსენა. ღვალაძე 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური იყო. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ჩაშალა `სრულმასშტაბიანი~ სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც `კოორდინირებული იყო რუსეთთან~ და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
ეს ბრალდება 7_დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




რატომ არჩევენ მშობლები კერძო სკოლებს?

понедельник, 4 мая 2009 г.

ქართული სკოლების პარადოქსი: მოსწავლეები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ და წელიწადში, საშუალოდ, 600-დან 1000-მდე ლარს იხდიან, პარალელურად რეპეტიტორთან ემზადებიან. მოზარდის ერთ საგანში მომზადება მშობლებს ყოველთვიურად 70-დან 100-ლარამდე უჯდებათ. ამ თანხებს თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ მშობლების ხარჯი სასკოლო ასაკში ბავშვის განათლებაში, წელიწადში, 3120-დან 4610 ლარია. ამას ემატება კერძო სკოლის გადასახადი. 


ამ ციფრების მიხედვით, საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სასკოლო. თუ ყველა მოსწავლე, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში მაინც რეპეტიტორთან ემზადება (ცხადია, ისინი, ვის ოჯახსაც ამის ფინანსები აქვს. არიან ბავშვები, რომლებიც რეპეტიტორს უფულობის გამო ვერ ქირაობენ), მაშინ რა უპირატესობა აქვს კერძო სკოლას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით? 
ის, რომ კერძო სკოლებში ბავშვები უფრო დაცულნი არიან და მშობლების უმრავლესობაც დროს იგებს, ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იღებენ მათი მშობლები ორმაგ ხარჯს _ კერძო სკოლისა და რეპეტიტორის. 
სკოლიდან სკოლაში თითქმის ორი დღე დავდიოდით, მაგრამ მე-12-კლასელები გაკვეთილებზე, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ (გამოკითხვა მხოლოდ კერძო სკოლებში ერთი მოტივით გადავწყვიტეთ: ცნობილია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეები რეპეტიტორთან ემზადებიან). არადა, სწორედ ის გვაინტერესებდა, მე-12 კლასის მოსწავლეები როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის.
სკოლა ლიცეუმ `თაობა XXI~_ს, სადაც გამოსაშვებ კლასებში სწავლა წელიწადში 1300 ლარი ღირს, სასწავლო ნაწილის გამგის ეთერ ქემხაძის განმარტებით, სკოლამ აბიტურიენტებს მოსამზადებელი ცენტრის გახსნა შესთავაზა, `თუმცა ამის მსურველი, ჯერჯერობით, არავინაა. მე-12 კლასი სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობს. ეს ბავშვებმა ითხოვეს, რადგან დილით სახლებში მეცადინეობენ და შემდეგ უტარდებათ გაკვეთილები~. 
`თაობა XXI~ დირექტორის, ომარ მიქელაძის თქმით, მშობლებს მე-12-კლასელები სხვა სკოლაში ხშირად იმ მიზნით გადაჰყავთ, რომ რეპეტიტორებთან მოამზადონ: `მოსამზადებელ პროგრამაზე უარი რომ მეთქვა, ყველა საჯარო სკოლაში წავიდოდა, ამიტომ მოსამზადებელი კურსის გახსნა გადავწყვიტეთ. ამაში მოსწავლეები დამატებით 300 ლარს იხდიან~.  
`თაობა XXI~_ში გამოკითხული მე-10-11-კლასელები რეპეტიტორთან არ ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ დამატებით მომზადება არ სჭირდებათ, რადგან მათთან გაძლიერებულად ასწავლიან. `ამ სკოლაში იმიტომ გადმოვედი, რომ აქვე მამზადებენ~, _ განაცხადა მეთერთმეტეკლასელმა მალვინა ფარტენაძემ. ერთ-ერთი მოსწავლე კი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს, რომ მე-12 კლასში მხოლოდ არჩეულ საგნებს სწავლობენ გაძლიერებულად და ამაში 2500 ლარს იხდიან. თუმცა ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია უარყოფს. 
`თაობა XXI~_ს გასულ წელს გამოსაშვები კლასი არ ჰყოლია. მიქელაძის ინფორმაციით, ხუთი მოსწავლე გადავიდა რუსულ სკოლაში და ხუთივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. 
`ევრო 2000~-ის დირექტორის, მარინა ცივაძის თქმით, მათი სკოლა გასულ წელს 23-მა მოსწავლემ დაამთავრა, `აქედან ექვსმა რუსეთში განაგრძო სწავლა, ჩვიდმეტმა _ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, მხოლოდ ერთმა ვერ ჩააბარა, ისიც გვიან გადმოვიდა~. დირექტორის მონაცემებით, რამდენიმე მოსწავლემ გრანტიც მოიპოვა. 
`ევრო 2000~-ში, სადაც მაღალ კლასებში სწავლის გადასახადი 700 ლარია, მე-12-კლასში _ შვიდიდან ორი მოსწავლე ესწრებოდა ისტორიის გაკვეთილს. ლაშა ირემაძე სამ საგანში ემზადება რეპეტიტორთან და ეროვნულ გამოცდებამდე კიდევ რამდენიმე საგანში აპირებს მომზადებას. ლაშას თანაკლასელი, არჩილი, რეპეტიტორთან არ ემზადება და არც აპირებს მომზადებას. ფიქრობს, რომ ისედაც შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. მოზარდების თქმით, მათი თანაკლასელები დამატებით ემზადებიან და სკოლაში ამიტომ ვერ დადიან.
სკოლა-ლიცეუმ `ნერგებში~, სადაც წლიური გადასახადი 700 ლარია, გაკვეთილის მსვლელობის დროს არც ერთი მე-12-კლასელი არ იყო სკოლაში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასში სულ ცხრა მოსწავლეა, ისინი გადასახადს არ იხდიან: `გასულ წელს მე-12 კლასი არ გვყავდა, რადგან შარშან 18 მოსწავლე სომხურ და რუსულ სკოლებში გადავიდა. წელი რომ არ ჩაგვვარდნოდა, ამ კლასში წელს მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით ვასწავლით~.  
მე-11-კლასელი ვერიკო უშვერიძე მომავლიდან აპირებს რეპეტიტორებთან მომზადებას. ავთანდილ ბერიძე ჯერ მხოლოდ მათემატიკაში ემზადება, ამირან შავაძე კი რეპეტიტორებთან მომზადებას მათემატიკაში, ქართულსა და უცხო ენაში სამომავლოდ გეგმავს. გუგა ფუტკარაძე კი ამჟამად სამ საგანში ემზადება: `მათემატიკაში ჩემი სკოლის პედაგოგთან ვემზადები, დანარჩენში _ სხვაგან~. კლასის დამრიგებელი გუგას ნათქვამს აზუსტებს: `რეპეტიტორთან კი არ ემზადება, მასწავლებელი ეხმარება და ამეცადინებს დამატებით~. 
გამოსაშვები კლასები გასულ წელს არც `ნერგებს~ ჰყავდა.






სამხრეთ აფრიკა საქართველოს წერა-კითხვის ცოდნით უსწრებს


~წიგნი ადამიანს გზის გაკვლევაში ეხმარება. წიგნში ის არის აღწერილი, რასაც სხვაგან ვერსად ნახავ. წიგნი რომ არა, ვერც კაცობრიობა დადგებოდა ფეხზე... მაგრამ არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ დიდი მკითხველი არ ვარ. მართალია, ბევრ ჩემს მეგობარს უყვარს წიგნის კითხვა, მაგრამ მე რატომღაც ვერ გამიტაცა. აი, ჩემმა კლასელმა გიორგიმ რომ თქვა, ცხოვრებას ხარივით ვაწვებიო, ეს იმიტომ, რომ მას წიგნის კითხვა უყვარს . აი, მე კი პატარა თხასავით ვაწვები ცხოვრებას, რადგან წიგნის კითხვა ძალიანაც არ მიყვარს~, _ ეს არის ამონარიდი ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-6 კლასელი ბექას თავისუფალი თემიდან.


საქართველოში ბავშვებს წერა-კითხვა რომ არ უყვართ და უმეტესობამ არც იცის, ეს ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. როგორ კითხულობენ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები და რამდენად კარგად ესმით მათ წაკითხულის შინაარსი? ჩამოუვარდებიან თუ არა კითხვის უნარის მიხედვით თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან? რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენს ქვეყანაში მოზარდების წიგნიერების განვითარებაზე? 
კვლევების მონაცემები არასახარბიელოა _ 9-10 წლის ბავშვების უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცის. გამოკითხულ 45 ქვეყანას შორის საქართველო წერა-კითხვის ცოდნით ბოლოდან მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ირანს, ინდონეზიას, მაროკოს, ქუვეიტსა და კატარს უსწრებს. 
`კითხვის უნარი~ საქართველოში საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (PIღLშ) დაკვეთით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოიკვლია. 9-10 წლის ბავშვების წიგნიერების დონის შესწავლის მიზნით ტესტირება 149 სკოლაში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 4300-ზე მეტმა მეოთხეკლასელმა მიიღო.
PIღLშ საერთაშორისო მიღწევის სკალის უმაღლეს საფეხურს ვერ მიაღწია საქართველოს 149 სკოლიდან 119 სკოლის ვერც ერთმა მოსწავლემ. დარჩენილ 30 სკოლაში კი მოსწავლეთა 1%-ზე მეტმა მიაღწია უმაღლეს საფეხურს. 
რატომ უჭირთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კითხვა? რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები, რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი მაჩვენებელი? 
მე-6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, ნორა მკურნალიძეს მიაჩნია, რომ ეს პედაგოგის ბრალია. თუმცა იგი მეორე პრობლემასაც ასახელებს: `მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, მაგრამ თუ მშობელმა არ ამეცადინა ბავშვი, ნასწავლი არ დაამახსოვრდება. ახლა ბავშვები გადართული არიან ტელევიზორსა და კომპიუტერზე. კითხვა მეორეხარისხოვანია~. 
ნონა მკურნალიძის აზრით, ერთ-ერთი პრობლემა კლასში ბავშვთა რაოდენობაა. `რაც უფრო ცოტა მოსწავლეა კლასში, სწავლების ხარისხი უკეთესია, _ ამბობს მასწავლებელი. _ როცა მრავალრიცხოვან კლასში შევდივარ, ბევრად მეტ ენერგიას ვხარჯავ და ნაკლებ ხელფასს ვიღებ. 48 ბავშვი გვყავდა კლასში, თუმცა ჯგუფი არ გაყვეს. ამ შემთხვევაში სწავლების ხარისხი დაბალია, თუმცა ეს მასწავლებლის ბრალი არ არის~.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ლია გოგმაჩაძე ამ პრობლემას დაუხვეწავი პროგრამებით ხსნის: `რეფორმამ ბევრი კარგი რამ მოიტანა, თუმცა დასახვეწია. მეორე კლასი პილოტირებულია, მაგრამ წიგნის კმაყოფილი არა ვარ, ტექსტები რთულია. დასახვეწია ლექსიკური მარაგი, გრამატიკა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ეს ბავშვებისთვის ძალიან რთულია~. 
პედაგოგი მშობლების როლზე ამახვილებს ყურადღებას: `მშობლების 80%-ს არ სცალია, ბავშვებს ვერ ამეცადინებენ. მაგალითად, ჩემს კლასში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის კავშირი გაწყვეტილია. მშობლებს შვილებისთვის არ სცალიათ, ოჯახის შენახვაზე ზრუნავენ~.
ია ვადაჭკორიაც დაწყებითი კლასის მასწავლებელია. იგი `მესამე სემესტრის~ პრობლემაზე საუბრობს: `რაც ეს მესამე სემესტრი დაემატა, კლასი დაცარიელდა, ბავშვებს ივნისის თვეში სკოლაში სიარული ეზარებათ, ეს ერთ-ერთი პრობლემაა~.  
მე-16 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, დალი მგალობლიშვილიც პროგრამების სირთულეზე, კლასების გაყოფასა და მოუცლელ მშობლებზე საუბრობს: `კლასში 25 მოსწავლეც კი ბევრია. რთულია გაკვეთილის ჩატარება. მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს პროგრამები. მოსწავლე ან ბრწყინვალედ სწავლობს, ან საერთოდ არ სწავლობს. მოსწავლეთა უმრავლესობას ცოდნის დაბალი დონე აქვს, ეს მშობლების მოუცლელობის ბრალია~. 
ნელი მეტრეველი, #6 საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი კი ცალსახად მშობლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. `მშობლებს არ სცალიათ ბავშვები რომ ამეცადინონ. ადრე მშობლები სკოლაში დადიოდნენ ამბის მოსაკითხად, ახლა ამისთვისაც აღარავის სცალია~. 
პედაგოგის აზრით, სკოლის ზედმეტი დემოკრატიზაცია დაუშვებელია, რადგან ბავშვების შეუზღუდავი და პედაგოგების შეზღუდული უფლებები კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ფსიქოლოგ ია კუტალაძის ინფორმაციით, ამ მხრივ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი აქტივობა იგეგმება. მათ შორის: `პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარება და დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება. მასწავლებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გაეცნონ ტექსტის განხილვისა და გააზრების იმ მეთოდებს, რომლებსაც თანამედროვე სასწავლო პრაქტიკაში იყენებენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები... მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სასკოლო ბიბლიოთეკებს... ოჯახი აქტიურად უნდა ჩაერთოს შვილის განათლების პროცესში. მშობლებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს, დაინტერესდნენ, რას კითხულობენ ისინი; გააქტიურონ მასწავლებელთან კონტაქტი და შვილის წარმატების კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის სკოლებსა და სკოლის ბიბლიოთეკებს, სოფლის სკოლების პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხსა და სოფლისთვის სრულყოფილი სასკოლო რესურსების შექმნას; ასევე უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისათვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.



~ოპერატიული ზარის საფუძველზე დაკავებულია ნათია შალიკაშვილის ყაჩარობრივი წრე და ჯგუფის წევრები~, _ წერია საბრალდებო დასკვნაში. შალიკაშვილთან ერთად დააკავეს მისი ძმა თენგო და ქმარი ნოდარ შანიძე. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დედის წინააღმდეგ, `სიცოცხლის ხელყოფის მუქარით~ _ მანოლი დარჩიაშვილს მოწმის მოსყიდვა ედება ბრლად. მას ერთიდან სამ წლამდე, ხოლო მის შვილებს 8-დან 12 პატიმრობა ელით. 

დაკავება
განსასჯელი ნათია შალიკაშვილი რვა თვის ფეხმძიმეა. როგორც ის ყვება, 28 სექტემბერს, დილის ექვს საათზე საცხოვრებელი სახლის კარებზე ბრახუნი გაიგონა; იმ ღამეს კოკისპირული წვიმა იყო და ფხიზლად ეძინა. რამდენჯერმე ადგა, რადგან ჭერში წყალმა გამოჟონა და საწოლი დასველდა; სწორედ ამ მიზეზით, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე საწოლის ლეიბი აკეცა; 
იმ ღამეს შალიკაშვილის საძინებელ ოთახში ორი ფორმიანი ადამიანი შევიდა. ტანსაცმლის ჩაცმა სთხოვეს. `ჩემი მეუღლე ფეხით გაათრიეს შუა ოთახამდე, გაუგებრობაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვცდილობდი არ მენერვიულა, რადგან ამ დროს ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, შვილი კი ექვსი წელი არ მყავდა~. 
ნათია შალიკაშვილი: `გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძე მითხრა, რომ ბრალი მედებოდა ციალა ბაკურიძის დაყაჩაღებაში. ხელბორკილები შემაბეს. კრიმინალური პოლიციიდან დაახლოებით 30 ადამიანი მოვიდა. განაცხადეს, რომ სახლი უნდა გაეჩხრიკათ; დედამთილი მეზობლების მოსაყვანად გავიდა. ამ დროს იარაღი სწორედ იმ ლეიბის ქვეშ დადეს, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე, წვიმის გამო ავკეცე~.
ნათიას მტკიცებით, სამართალდამცავებმა მას ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს: `მითხრეს, ადვოკატი ჟურნალისტებს მოყრის და არ გვინდაო. განსაკუთრებით გამომძიებელი ოლეგი მიქელაძე აქტიურობდა~. ბრალდებული ხელავჩაურის პოლიციაში გადაიყვანეს. იქ შეიტყო, რომ მისი ძმაც დაკავებული იყო, როგორც ბანდის წევრი. 

ნათია შალიკაშვილის შესახებ
ოთხი თვის ორსულმა, 28 წლის ნათია შალიკაშვილმა ექვსი დღე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა. ამჟამად მისი სახლი დაყადაღებული 50 ათას ლარად და სწორედ ამის საფუძველზეა დროებით გათავისუფლებული. თუმცა, ნათია ვარაუდობს, რომ მას მშობიარობა ციხეში მოუწევს. 
ნათია შალიკაშვილი ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს; ხოლო უნივერსიტეტში ესთეტიკას და ეთიკაში ლექციებს კითხულობს, ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებს ატარებს; რამოდენიმე საჯარო სკოლებში მასწავლებლად მუშაობს, ასევე კერძო სკოლებში, თურქულ ლიცეუმსა და სკოლა ლიცეუმი `იმედში~ პედაგოგია.

ნათიას ძმა და ქმარი

ძმა, თენგო შალიკაშვილი ამ ფაქტამდე ოცი დღით ადრე დაბრუნდა შინ. 18 წელია მეზღვაურია და მისი თვიური ხელფასი რვა ათას დოლარზე მეტია. ყაჩაღობის დროისთვის პირად ანგარიშზე 28 ათასი დოლარი ჰქონდა. 
ნათიას ქმარი ნოდარ შანიძე საპატრიარქოს მრევლია. იგი სწორედ მამა სერგის ჩვენების საფუძველზე გამართლდა ყაჩაღობის ნაწილში. მამა სერგიმ დაადასტურა, რომ ყაჩაღობის დღეს, ნოდარი მასთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა. ნოდარს ახლა მხოლოდ ცეხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავებიან. მას საპროცესო შეთანხმებაზე, ჯერჯერობით, უარს ეუბნებიან. 

პოლიციის განყოფილებაში 
ნათია შალიკაშვილი: `ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი _ ბუბა ბოლქვაძე და მისი მოადგილე _ დათო გოგუაძე მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა დანაშაული _ ჩემი ძმისა და ქმრის გარდა კიდევ ორი პიროვნება დამესახელებინა, ვინც ყაჩაღობის დროს მახლდნენ.
არც ის ვიცოდი, რა ყაჩაღობა მოხდა, ვინმე მოკვდა, დაიჭრა. არც იმას მეკითხებოდნენ სად ვიყავი იმ დღეს ან რას ვაკეთებდი. ვიკითხე, სად მოხდა ყაჩაღობა-მეთქი. მაშინ მითხრეს, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემულაურში დამიყაჩარებია ვინმე ციალა ბაკურიძე. ამ სოფელში ნამყოფიც კი არ ვარ. მითხრეს, ჩვენთვის ორი მოწმეც საკმარიასია ბრალი რომ დაგიმტკიცოთ, ორივე გვყავსო. მაშინ ძალიან შევშინდი. 

პროკურატურაში

პროკურატურაში ნათია ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის მოადგილემ, დათო გოგუაძემ მიიყვანა. ის დაკავებულს გზაში დანაშაულის აღიარებას სთხოვდა. ბრალდებულის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ადვოკატთან დაკავშირების უფლება მისცეს.  
`მიმიყვანეს პროკურატურაში ამოცნობაზე, ამას ჩემი ადვოკატი დაასწრეს. დაკავებულები ვიყავით მე, ჩემი ძმა და ვინმე რამინ მელაძე. ვიდრე მამა სერგი ჩვენებას მისცემდა, ორი პიროვნების დასახელებას მთხოვდნენ, მაგრამ ჩემი ქმარი ყაჩაღობის ნაწილში რომ ვერ დაადანაშაულეს, ახლა სამი პიროვნების დასახელებას მთხოვენ~. 

საქმეში ერთი მოწმე და ერთი დაზარალებულია

გასული წლის 27 აგვისტო, ხელვაჩაური... სოფელი გემულაურში ციალა ბაკურიძეს მოულოდნელად სტუმრები მიადგნენ - ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთიც ბრიჯებში გამოწყობილი ქალი, მოკლე მაისურით; სტუმრებმა დამწუხრებული სახით თქვეს, აგვისტოს ომმა დევნილები გაგვიმრავლა, ერთი-ორი დევნილი იქნებ თქვენც შეიფაროთო... ციალამ სტუმრები ოთახში შეიპატიჟა და საქმის უკეთ გასაცნობად სტუმარ ქალთან დაიწყო საუბარი. ამ დროს მისმა თანმხლებებმა 1000 დოლარი მოითხოვა. მასპინძელი შეშინდა. 14 წლის ქალიშვილიც შინ იყო. უცნობებმა გოგონას საიზოლაციო ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს და სკამზე მიაბეს, დიასახლისს კი ფული ვერა, მაგრამ ორი ოქროს ბეჭედი და სამაჯური წაართვეს. დაზარალებულის თქმით, სამასი ათასი ლარის ღირებულების.
ასეთი სურათი დაზარალებული დედა-შვილისა და მათი მეზობლის, ნატო დოლიძის (კაზეიშვილის) ჩვენებებით იხატება. მოწმე ნატო დოლიძეა სუპერმარკეტ `იმედის~ დამლაგებელია; ნათიას ძმა თენგო შალიკაშვილი მან ამოიცნო. მოწმე ამბობს, რომ დაინახა როგორ შედიოდა ეზოში ბრალდებულები; დაზარალებულის თქმით, ყაჩაღობა დღის 6 საათზე მოხდა და დაახლოებით ხუთი წუთს გრძელდებოდა. 
დაზარალებულის ჩვენებები ცვალებადია: წინასწარ გამოძიების დროს ყაჩაღების გარეგნობას სხვადასხვაგვარად აღწერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ციალა ბაკურიძემ თავდამსხმელი ქალის (რომელსაც, მისივე აღწერით, ხის ქოშები, ბრიჯები და მოკლე ზედატანი ეცვა) ფეხმძიმობა ვერ შენიშნა. ნატო დოლიძემ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას განსასჯელების დედა არ დამუქრებია, მხოლოდ `განცხადების~ გამოტანა სთხოვა. 

რატომ დაიხურა სასამართლო პროცესი?
სასამართლო პროცესზე დასასწრებად ასამდე ადამიანი იყო მისული. რადგან დარბაზში მხოლოდ 30 ადამიანს იტევს, პროცესის დაწყებამდე მოსამართლე ლევან თევზაძე დარბაზში შემსვლელთა რაოდენობას თავად არეგულირებდა; 
პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა შუამდგომლობა დააყენა, განსასჯელი ინტერესებიდან გამომდინარე დახურული პროცესის ჩატარების შესახებ. განსასჯელი ნათია შალიკაშვილი დაიბნა და ადვოკატებთან კონსულტაცია ითხოვა; 
პროცესის დახურვა ადვოკატებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა; 
ნათია ამტკიცებს, რომ ის ადვოკატებმა მოატყუეს: `ორი ადვოკატი მყავდა, მათ მომატყუეს. ვიფიქრე, რაღაც დათმობებზე მიდიან-მეთქი, მაგრამ რომ მოვუსმინე მოწმეს, პროცესზე ჟურნალისტების დასწრება ვითხოვე. ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილეს~. 
ნათიას პირადი ადვოკატი, დათო ჩავლეიშვილი ამ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. ხელვაჩაურის სასამართლოში მხოლოდ მისი ძმის ადვოკატები _ ბულბული მჟავანაძე და თამაზ ილიაშვილი იმყოფებოდნენ.



გაზეთმა „ბათუმელებმა“ ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (ZEIT Foundation) მიერ დაწესებული პრესის პრიზი მოიპოვა.
ეს პრიზი ყოველწლიურად გაიცემა იმ გაზეთებზე, ინტერნეტგამოცემებსა და ჟურნალისტებზე აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში, რომლებიც ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას რეპრესიებისა და ფინანსური სიძნელეების პირობებში, არ ემორჩილებიან ცენზურას და არა აქვთ თვითცენზურა. 
14 იანვარს, დამოუკიდებელმა ჟიურიმ კოპენჰაგენში „ბათუმელები“ დაასახელა გამარჯვებულად ნომინაციაში _ „რუსეთის თავისუფალი პრესა და აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა“. დაჯილდოებულთა ვინაობას ოფიციალურად 12 თებერვალს გამოაცხადებენ. 
„ბათუმელებს“ გასულ კვირას დაუკავშირდნენ ფონდის წარმომადგენლები და ჟიურის გადაწყვეტილება ამცნეს. პრიზთან ერთად „ბათუმელებს“ 30.000 ევროს გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში, ოსლოში, 2009 წლის 3 ივნისს.
გაზეთი „ბათუმელები“ ამ ნომინაციაზე წარადგინა ევროკომისიის დელეგაციამ საქართველოში. 
„ცაიტის“ ფონდი 1971 წელს დაარსდა და 2000 წლიდან აჯილდოებს იმ გაზეთებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ხელს უწყობენ პრესის, სიტყვის თავისუფლების, ლიბერალურ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. 
2004 წლიდან „ცაიტის“ ფონდი ამ პრიზს გასცემს „გამოხატვის თავისუფლების ფონდთან“ ერთად. 
გაზეთი „ბათუმელები“ 2001 წლიდან გამოდის. დღემდე არ შეცვლილან გაზეთის მფლობელები, რომლებსაც არა აქვთ არანაირი პოლიტიკური და ბიზნესინტერესები. და არც ფული.  
მზია ამაღლობელი, გაზეთ „ბათუმელების“ მფლობელი, დირექტორი: ეს ჯილდო გაზეთ „ბათუმელებისა“ და მისი თანამშრომლების გარდა ეკუთვნის ყველა იმ პირს, ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც წლების განმავლობაში გვიწევდა მორალურ მხარდაჭერას. ეს ჯილდო პირველ რიგში, ჩემთვის მორალური მხარდაჭერაა. ისე, ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია. 
ეთერ თურაძე, მთავარი რედაქტორი: სასაცილო ისაა, რომ წერილი, რომლითაც ამ ჯილდოს ამბავს გვატყობინებდნენ, წავშალეთ ელექტრონული ფოსტიდან. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტექნიკური ადმინისტრატორი მუდმივად გვაფრთხილებს, რომ ფოსტაზე შემოსული უცხო მისამართები წავშალოთ. ამიტომაც, როცა დაგვირეკეს და გვითხრეს ჯილდოს შესახებ, იძულებული გავხდით ეს წერილი სანაგვე ყუთიდან აღგვედგინა))
ცხადია, გამიხარდა. ვფიქრობ, ეს ჯილდო იმას ნიშნავს, რომ ჩვენი (გაზეთ „ბათუმელების“) არსებობა გამართლებულია; ამ კითხვას საკუთარ თავს ყოველთვის ვუსვამდი. ეტყობა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება იმის აღიარება, რომ საჭირო რამეს აკეთებს.  
ემზარ დიასამიძე, ჟურნალისტი: ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ. მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი: ძალიან, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, საამაყო პრიზია. მუშაობას ჩვეულებრივ გავაგრძელებ. მიხარია და რა ვქნა.
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი: მე და მზია (ამაღლობელი) ყავას ვხარშავდით. მოვიდა ნათია კოპალიანი, ჟურნალისტი, რომელმაც თქვა, რომ მზიას ურეკავდნენ უცხოეთიდან, სასწრაფოდ. მზია გავარდა და შემოდის გაბრწყინებული _ ჯილდო მივიღეთო. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ არ გვახსოვდა, რა ჯილდო მივიღეთ. ძალიან გამიხარდა. ეს პრიზი ჩემი აზრით, ყველას, მათ შორის, ყველა მკითხველს ეკუთვნის, რადგან ეს გაზეთი მკითხველისთვის კეთდება. 
ისეთი ამაყი ვიყავი, ყველას გავაგებინე. პირადად ჩემთვის იყო ძალიან დიდი სტიმული. ეს ჯილდო ჩემთვის იმის დადასტურებაა, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  
ნათია როყვა, ჟურნალისტი: ახლა რასაც ვიტყვი, ამაზე ხმამაღლა არასდროს მილაპარაკია, მაგრამ ახლა ამის თქმა მომინდა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მქონდა შემოთავაზება სხვა მედიასაშუალებიდან _ მათთან დასაქმებას მთავაზობდნენ უფრო დიდი ანაზღაურებით; ვერ ვიტყვი არ დავფიქრდი-მეთქი, მაგრამ „ბათუმელებიდან“ წასვლა ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. ამაზე რედაქციაში არავისთან მილაპარაკია:) მაგრამ მეგობრებმა იცოდნენ და ჩემი უარი უკვირდათ. ალბათ, ახლა მიხვდებიან, რატომ ვთქვი უარი:) ვფიქრობ, ეს ჯილდო ყველა იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც აქ მუშაობს და ვინც „ბათუმელებს“ კითხულობს.
ნაზი ზოსიძე, კორექტორი: ასეთი წარმატება განსაკუთრებით სასიხარულო და სტიმულის მომცემია. ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა საზოგადოებისა და საკუთარი თავის წინაშე.
ეკა ბერიძე, ტექნიკური რედაქტორი: თავზარდაცემული ვარ სიხარულისგან. უკვე აღიარებული ხალხი ვართ:)))
ნინო სადრაძე, სტაჟიორი: ჩემთვის პატივია, თუ ამ გაზეთში დავიწყებ მუშაობას. სასიამოვნოა, ყველა ორშაბათს ია ანთაძის მიმოხილვას როცა ვუსმენ და „ბათუმელებს“ კარგ კონტექსში ახსენებს. მინდა ჩემი პროფესიონალიზმი მოვახმარო ამ გაზეთს და მის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. 
თედო ჯორბენაძე, მმართველი რედაქტორი: სიმართლე თავისუფლებაშია. ჩვენ თავისუფლები ვართ. ეს დამსახურებაა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისაც, ვინც გვეხმარება.
ირმა ზოიძე, ჟურნალისტი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი კოლეგებისა და ნაცნობების მოსაზრებები; ამბობენ, რომ დაფასდა `ბათუმელების~ პრინციპულობა, ბრძოლისუნარიანობა და ასე შემდეგ. მართლა ეს განწყობა მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ვინ წარადგინა ამ ნომინაციაზე ჩვენი გაზეთი. თავის დროზე, როცა გავიგე, რომ ევროკომისიის წარმომადგენლობამ წარგვადგინა, ვთქვი, ეს წარდგენაც დიდი პატივია-მეთქი. გამარჯვების იმედი ვის ჰქონდა. სტიმულთან ერთად ეს პასუხისმგებლობას მმატებს. უკვე ვფიქრობ, რომ ღირს ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს მარტო შენთვის არაა, ამას სხვებიც ხედავენ და ეს სასიამოვნოა.
ნესტან ცეცხლაძე, ბლოგის რედაქტორი: ძალიან გამიხარდა და დავთვერი. სამი ჭიქა ღვინო (სინამდვილეში, მგონი ორი იყო).



~ამ გურულებს რა გეშველებათ, სადაც თქვენი საქმე არაა, ცხვირს რატომ ყოფთ~, ~რა იყო, სკანდალისტობა მოგინდა? ძალოვნებს დაერიე ტო?... რა ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობ, ყველამ მისი საქმე აკეთოს და არავინ არაფერს ეტყვის...~ _ ეს ამონარიდია იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან, რაც საჯარო სამსახურში მომუშავე ნაცნობებისგან მას შემდეგ მივიღე, რაც სოდის თანამშრომლებმა დამაკავეს და ეს ამბავი ტელევიზიებმა გააშუქა.
ვითომ ხუმრობით და სმაილებით განეიტრალებული ესემესების შინაარსს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ადამიანი ეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ბევრიც ფიქრობს, რომ მომხდარით ბედნიერი ვარ, რადგან ბრიფინგი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა, ჩემი პიარი იყო.
ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა კიდეც, დამირეკეს და მკითხეს რა უხაროდა შენს `დაპატიმრებულ~ ნაცნობსო. მე მხოლოდ იმას ვცდილობდი ნერვიულობა და სიბრაზე არ დამტყობოდა. ეტყობა გამომივიდა. პრინციპში გაბრაზებული ნაკლებად ვიყავი, უფრო შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე... მართალია, გურული ვარ და `ბათუმელებში~ ვმუშაობ, მაგრამ რაჭვული თვისებებიც მახასიათებს, გვიან ვიცი გააზრება მომხდარის, მერე, საკუთარ თავთან მარტო როცა ვრჩები... ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მეორე დილით რომ გავიღვიძე, მეგონა, ვიღაცამ ფეხით გამთელა-მეთქი. ამის უფლებას თურმე `კანონი იძლევა~. 
სოდის თანამშრომელმა მითხრა, რომ ჩემნაირი ჟურნალისტის დასასჯელად კანონი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მაშინ ამიხსნა, როცა მისი მოთხოვნა არ გავითვალისწინე და გადაღებული ფოტოები არ წავშალე. 
`კამერაში შეგაგდებ და მერე ნახავ~. გულწრფელად გეტყვით, შემეშინდა, თუმცა არა კამერის! უსამართლობის. დავინახე, რა უცებ შეიძლება აღმოჩნდე ციხეში. მერე გარეთ რომ გამოხვიდე, არარსებული დანაშაული უნდა აღიარო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა...
`რატომ, რატომ მაგდებ კამერაში, იმ ფოტოსთვის, რომელიც შესაძლოა არც გამომადგეს? და რომელიც ქუჩის განაპირა მხრიდან გადავიღე? თუ იმიტომ, რომ `ინტრიგნულ~ გაზეთში ვმუშაობ?~ _ ვკითხე სოდის თანამშრომელს. მან კი ისევ გაიმეორა, რომ დაკავებული ვარ... 
მანქანაში ჩამსვეს, მერე ტელეფონით ვინმე ბატონ დავითს აუხსნეს რაც მოხდა და შემდეგ გამომიშვეს. 
დღის ბოლოს ტელევიზიით ვნახე ჩემს დაკავებაზე რა კომენტარი გააკეთა შოთა ხიზანიშვილმა, შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა. ზუსტი ციტირება გამიჭირდება, რაღაც ასეთი თქვა, აკრძალულ ადგილზე შევიდაო; არადა, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო... 
ხო! თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ დამცინავი ესემესები არ მიმიღია. ძალიან ბევრი უცხო ადამიანი დამიკავშირდა; ერთ-ერთმა, ხანში შესულმა კაცმა კი ქუჩაში გამაჩერა და მკითხა, ნამდვილად ნათია როყვა ვიყავი თუ არა, `ბათუმელების~ ჟურნალისტი; მერე მადლობა გადამიხადა: ტელევიზიით გნახეო...
ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანების ნდობაა. იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემი გაზეთის მკითხველები არიან...

ნათია როყვა 


სოდმა ~გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავა


ეთერ თურაძე, გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია აზრის გამოხატვაში. ასევე ნებისმიერს, და მათ შორის მეც, აქვს უფლება სუბიექტური შეხედულება იქონიოს ნებისმიერ საკითხზე. ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური შეხედულება ზუსტად ემთხვევა გერმანიაში პროტესტანტი მღვდლის, მარტინ ნიმოელერის ცნობილ გამონათქვამს, რომელიც ნაციზმის რეჟიმმა დააკავა:
„როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ კომუნისტი.
როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ პროფკავშირელი.
როდესაც წაიყვანეს ებრაელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ ებრაელი.
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ...
შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო...“
23 იანვარს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ხალხს სხვა საკითხებთან ერთად იმაზე ელაპარაკებოდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება, სატელეფონო ზარი მქონდა. ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი, ნათია როყვა ხმამაღალი საუბრის და ყვირილის ფონზე მეუბნებოდა, რომ ის სოდმა დააკავა. 
ალბათ ნაკლებად საინტერესოა, ამ ზარის შემდეგ ჩემი ემოციები და კიდევ ის თუ გზაში მიმავალი როგორ დავუკავშირდი სოდის უფროსს აჭარაში, როგორ ამიხსნა გოგიტა კახიძემ, რომ არავინ ჰყავთ დაკავებული და რომ მუშაობაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ, რადგანაც ისინი `დამნაშავეებს ებრძვიან~.
`გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტი `დამნაშავედ~ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოაცხადეს. ნათია როყვა: `საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯექი, როცა დავინახე, რომ ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან ნიღბიანი პირები ნივთებს ისროდნენ ქუჩაში. ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ქუჩის მეორე მხრიდან ფოტოების გადაღება დავიწყე~. 
მერე ჟურნალისტთან სოდის თანამშრომლები მივიდნენ და ფოტოების წაშლა მოსთხოვეს, ჯერ თავაზიანად. უარის მიღების შემდეგ შეიგინეს და დაემუქრნენ კიდეც _ საკანში გამოკეტვით. მერე ჟურნალისტი ნების საწინააღმდეგოდ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს...
აქამდეც გვქონდა შემთხვევები, როცა `სოდი~ ჩვენს ჟურნალისტებს და როგორც ახლა გავარკვიე, ჩვენს კოლეგებსაც, უკრძალავს `სპეცოპერაციის~ დაფიქსირებას. 
თუმცა, ნათიამ ამ შემთხვევაში არამარტო ფოტოები შეინარჩუნა, არამედ აუდიო ჩანაწერიც გააკეთა. `გოგო, რით ვერ გაიგე, ქუჩა საჯარო ადგილი იქამდეა, სანამ სპეცოპერაცია არ ტარდება~; `რაც არ გეკითხება, იმაში ნუ ერევი, ვინ მოგცა უფლება~; `არ მაინტერესებს შენი ჟურნალისტობა...~; `საკანში გამოგკეტავ...~ შენნაირი ჟურნალისტების დასასჯელად კანონი პირდაპირ მოქმედებს...~  
ნამდვილად არ ვიცი `სოდის~ თანამშრომლები რომელი კანონით იმუქრებოდნენ. პირიქით, საქართველოში ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონი ნებისმიერ სიტუაციაში აძლევს ჟურნალისტს მუშაობის უფლებას.
2004 წლის `აჭარის ვარდების რევოლუციიდან~ დღემდე პროკურატურაში რამდენიმე საქმეა ჩვენი რედაქციის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის, მუშაობაში ხელის შეშლის, ტექნიკის განადგურების და ასე შემდეგ ფაქტებზე. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამჯერად, პროკურატურას `გაზეთ ბათუმელების~ ჟურნალისტის, ნათია როყვას უკანონო დაკავების გამოძიების თხოვნით მივმართავთ...
ახლა კი იმაზე, რის გამოც ამ ყველაფრის დაწერა კიდევ ერთხელ გადავწყვიტე. ბათუმში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა იმ ადგილზე, სადაც ნათია დააკავეს. მათ შორის იყვნენ იურისტებიც. იურისტებმა და ჩვენც, ვცადეთ იმ კორპუსის მცხოვრებლებს გავსაუბრებოდით, სადაც სოდი სპეცოპერაციას ატარებდა და ეჭვმიტანილებთან ერთად ჟურნალისტიც დააკავა. 
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მთელი კორპუსი ეზოში იყო გამოფენილი. ყველას ვკითხეთ, დაინახეს თუ არა პოლიციელებმა ნათია როყვა (მას ფიზიკურად ვაჩვენებდით) მანქანაში რომ ჩასვეს. პირად საუბარში რამდენიმემ თქვა, რომ დაინახა. თუმცა, როცა მათ ამ ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება ვთხოვეთ, ყველამ უარი განაცხადა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმაც.
ეს ამბავი მოულოდნელი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი. მსგავსი რამ მარტინ ნიმოელერის ეპოქაშიც ხდებოდა და, ბუნებრივია, ჩვენ დროშიც ხდება. 



ლერმონტოვის ქუჩაზე, ე.წ. ~მეზღვაურთა სასტუმროს~ ერთი სადარბაზოს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე, სადაც ლტოლვილები 17 წელია ცხოვრობენ, მთავრობამ რემონტი დაიწყო. დევნილები ამბობენ, რომ შენობაში, სადაც ~კედლებს ანგრევენ და სახლი ირყევა~, გაჩერება სახიფათოა. აქ მცხოვრებლები ალტერნატიული ფართობის გამოყოფას, ზოგიერთი სარემონტო სამუშაოების შეჩერებას, ზოგიც კი ეზოში კარვების გაშლას ითხოვს.  


~ის, რაც ჩვენს თავს ხდება, გენოციდზე უარესია. ამ ყოფაში მთავრობის გამო ვართ, დევნილებს მოგვახმარონ ის ფული, რაც გამოგვიყო ევროკავშირმა, თორემ ევროპას გავაგებინებთ რა დღეშიც ვართ... მოვიდნენ და ნახონ, რა ხდება აქ, როგორ ტარდება რემონტი და სადაა ხალხი შესახლებული. ვნახეთ, როგორ ემსხვერპლა თბილისში შენობის ნგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე, ამის შემდეგ ვეღარ დავდივარ ნერვიულობისგან. ჩვენც ხომ იმავე დღეში არ ჩავცვივდებით; ხომ უნდა შეემოწმებინათ რამდენად მიზანშეწონილია აქ ცხოვრება. მეორე სართულზე ვცხოვრობდი, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა გვითხრეს, თუ არ გახვალთ, გარეთ გაგყრითო~, _ ყვება როსტომ ჭითანავა. 
სადარბაზოში კანალიზაციის სუნი დგას, კიბეებზე ნაგავი ყრია, მტვერი ნისლივითაა მოდებული. მეორე სართულზე ნგრევის შემდეგ რამდენიმე დაბზარულ ქვის სვეტზე დიდი ჰოლი დგას. ამ სართულის მცხოვრებლები მეზობლებთან _ მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე გადანაწილდნენ. საყოფაცხოვრებო ნივთები სადარბაზოს ყველა სართულის კუთხეშია თავმოყრილი, შეკრული ბარგი ერთმანეთზეა შეწყობილი. 
როგორც ლტოლვილები ყვებიან, როცა მათი საცხოვრებელი ფართობის სარემონტო სამუშაოებზე დაიწყო საუბარი, შეპირდნენ, რომ მათ ორას-ორას ლარს მისცემდნენ რემონტის დასრულებამდე ბინების დასაქირავებლად: `მაგრამ მერე მოვიდნენ ინჟინრები და გვითხრეს, დაცალეთ, თორემ გაგყრითო. ინვალიდი ქალი მყავს, სად წავიდე, პატრონი არავინაა. ჩვენც ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ?~ _ უკმაყოფილოა გურამ ბაღათურია.
საუბარში გული კვანჭიანი ერთვება: `საპირფარეშოსთან რიგი დგას. სახლის კედლები დაქანებულია, რემონტის დროს ბავშვების აქ გაჩერება არ შეიძლება. ჩვენი ამბავი ვიღაცას გააგებინეთ. რამდენიმე თვის წინ ბათუმის არქიტექტურის სამსახურიდან იყვნენ მისული და თქვეს, რომ ეს სადარბაზო რემონტს არ ექვემდებარება. რომელ კანონში წერია ავარიული სახლის შეკეთება, მთავრობამ ან აიღოს ვალდებულება, რომ ამ ხალხის სიცოცხლე იქნება დაცული, ან დროებით შეგვასახლონ სხვა ფართობში~.
როსტომ ჭითანავა სარემონტო სამუშაოების შეჩერებას და კომისიის გამოყოფას ითხოვს: `გვაინტერესებს, დასაშვებია თუ არა სარემონტო სამუშაოები აქ~;
რაულ ხუთკუპია სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სხვა ფართობში გადასვლას ითხოვს;
ლამარა მელქაძე კორპუსში მცხოვრებ ასთმით დაავადებულ ადამიანებზე წუხს, რომელთაც სარემონტო სამუშაოების პირობებში ცხოვრება განსაკუთრებით უჭირთ: `სუნთქვა გვიჭირს. მეორე სართულიდან მესამეზე ავედით, მერე მეოთხეზე, მეხუთეს მერე ცაში ხომ არ გავფრინდებით, სადმე შეგვასახლონ დროებით~. 
მელქაძის მეზობელს, შუა ხნის მამაკაცს, ეზოში კარვების გაშლა უნდა: `მაგრამ კარვებიც არაა. ხომ შეიძლება ეს მაინც მოგვცენ~. 
რამაზ ჯინჭარაძე _ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი: `სარემონტო სამუშაოებს სახელმწიფო მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება ლტოლვილებს, მათ თავდაპირველად მექანიკურ ქარხანაში გადასვლა შევთავაზე, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მეორედან მესამე სართულზე ავიდოდნენ. ჩემთან პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. შევხვდები და გავესაუბრები, თუ რაიმე პრობლემაა, მინისტრს, ბატონ ლევან ანთაძეს დაველაპარაკები~. 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს `ანაგმა~ გაიმარჯვა.
 ტენდერის პირობები: 
ბათუმში ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის, საზღვაო აკადემიისა და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმროს შენობებში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების რემონტი. პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: დაზიანებული სახურავის მოხსნა-აღდგენა; არსებული ტიხრების მოხსნა და ახლების მოწყობა; ჭერის, კედლების შელესვა-შეღებვა; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი; სანიტარულ კვანძებში კერამიკული ფილის გაკვრა კედლებზე და მეტლახის ფილების მოწყობა ძირზე; იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით; შიდა და გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა-აღდგენა სანიტარულ კვანძში; შიდა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები; ფასადის აღდგენა; სამუშაოების დასრულების სასურველი ვადა _ ექვსი თვე.