40 ათას ლარად შეფასებული გირგვლიანის მკვლელობა

четверг, 20 мая 2010 г.


თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ თანამშრომელს მორალული ზიანის ანაზღაურება, კონკრეტულად კი 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მანამ მიიღო, ვიდრე გირგვლიანების სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა.

ნათია როყვა

ევროპულ სასამართლოს სანდრო გირგვლიანის ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის (მეორე მუხლი _ სიცოცხლის უფლება, მესამე მუხლი _ წამების აკრძალვა, მეექვსე მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება და მეცამეტე მუხლი _ უფლება ეფექტურ ზომაზე) დარღვევის გამო მიმართა.
შალვა შავგულიძე, გირგვლიანების ადვოკატი, განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფომ სთხოვა, არ განეხილა კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რადგან გირგვლიანების მხრიდან ადგილობრივ სამართალწარმოებაში არ იყო შეტანილი სამოქალაქო სარჩელი.
მაშინ, როცა საქართველოს სასამართლოებში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ირინა ენუქიძეს (სანდრო გირგვლიანის დედას) სამოქალაქო სარჩელი, კონკრეტულად კი, მორალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.
სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაზე სარჩელს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ დაზარალებული არის სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფოში.
`ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა ამის შესახებ, ამიტომაც, გურამ გირგვლიანმა (სანდრო გირგვლიანის მამამ) მიმართა სამოქალაქო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებისგან _ გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და ალექსანდრე ბიბილურისგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, მათ მიერ სანდრო გირგვლიანის სადისტური მკვლელობის გამო“.
როგორც „ბათუმელებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გურამ გირგვლიანი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ შეწყალებული ოთხი პირისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 200 000 ლარს ითხოვდა. სასამართლომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეებს 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ასევე უნდა დაბრუნებოდა სამი ათასი ლარი, რომელიც გადახდილი ჰქონდა ბაჟის სახით.
ადამიანები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მიიჩნევენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებად ის წლები უნდა ჩაითვალოს, რაც ციხეში გაატარეს, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ადვოკატის ინფორმაციით, არ აყადაღებენ იმ ადამიანების ქონებას, რომლებსაც სასამართლომ 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა: „ჩვენ მოვთხოვეთ სასამართლოს დაეყადაღებინა მათი ქონება, რადგან არსებობს საფრთხე, ეს ქონება გაასხვისონ და ვერ გადაიხადონ თანხა“. ადვოკატი იმასაც ვრაუდობს, რომ საქალაქო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოს სტრასბურგის „დასანახად“ სჭირდებოდა. შალვა შავგულიძის აზრით, მოპასუხეებს გარკვეული თანხის გადახდა იმიტომ დააკისრეს, რომ სახელმწიფოს ევროსასამართლოზე ემოქმედა: „როცა ევროპული სასამართლო განხილვას დაასრულებს, არაა გამორიცხული, უზენაესმა ბათილად სცნოს საქალაქოს გადაწყვეტილება“.
რაც შეეხება გირგვლიანების სარჩელს, სტრასბურგის სასამართლომ ეს სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, სახელმწიფოს მიმართ, უკვე განიხილა. ევროპულ სასამართლოში გურამ გირგვლიანი მორალური ზიანის ანაზღაურებას (სამასი ათას ევროს) არა ბრალდებულებისგან, არამედ სწორედ სახელმწიფოსგან ითხოვს.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც 7-8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს: ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და შს მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას ასახელებს.