რა ელის 25-ე არხს?!

среда, 14 октября 2009 г.

არხის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ `25-ე არხს~ 277 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გოჩა ფუტკარაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ ბოლომდე შევსებულ სასამართლო დარბაზში ამცნო საზოგადოებას. საგადასახადოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ ამ თანხას ტელევიზიის მფლობელი ვერ გადაიხდის, ~25-ე არხის~ ~მიმართ იძულებითი ღონისძიება განხორციელდება~ ანუ არხი აუქციონზე გაიყიდება. 

ლელა დუმბაძე
ნათია როყვა


~25-ე არხის~ ხელმძღვანელი მერაბ მერკვილაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია: ~დღეს ეთერში პარლამენტარი თემურ ჩარკვიანი გვყავს მოწვეული. ამის შესახებ მასაც დავუსვამთ კითხვას. ვფიქრობ, მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია რომ არ დაიხუროს.
რაც შეეხება საგადასახადოს, ელდარ ვარშალომიძეს დღეს ვესაუბრე. ის ამბობს, რომ საგადასახადო ვალი უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზია გაიყიდება~. 
არხის ხელმძღვანელს საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომის იმედი აქვს. `უამრავ უწყებაში ვიყავით, დღესაც ვესაუბრე ამერიკის საელჩოს და ევროკომისიის წარმომადგენელს. დასავლეთის მხარდაჭერის იმედი მაქვს~, _ ამბობს მერაბ მერკვილაძე. _ `უკვე შევხვდი ადვოკატს, რომელიც ევროპის სასამართლოში შესატანი სარჩელის მომზადებაზე იმუშავებს~. 
მერაბ მერკვილაძე, პირველ რიგში, ტელეკომპანიის ქონების აუქციონზე გატანა-გასხვისების პროცესის შეჩერებას ცდილობს: ~უნდა აღსრულდეს ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნეს მიჩნეული 277 ათასი ლარის დავალიანება, რომლის საფუძველზეც დაიწყო ეს პრობლემები~. სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, 25-ე არხი ამნისტიაში მოხვდება. 
`საურავების დარიცხვის შემდეგ ტელევიზიის ანგარიში გაყინეს. ყველა თანხა, რომელიც ანგარიშზე შედიოდა, ვალების დასაფარად ირიცხებოდა. ახლა კი, ძველს ახალი ჯარიმებიც დაემატა. ჩვენ საგადასახადო პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, მაგრამ გასარკვევია დარიცხული საურავების რეალობა~, _ ამბობს მერაბ მერკვილაძე. მისი თქმით, 277 ათასი ლარი, რაც 2002-2004 წლების დავალიანებაა, თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო: `ჩვენ ამ პერიოდში ორგანიზაციას ვერ ვაკონტროლებდით, ამიტომ შემოწმება და, შესაბამისად, ქონების დაყადაღებაც, კანონდარღვევით მოხდა~. 
ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე ელდარ ვარშალომიძე `ბათუმელებთანაც~ იმავეს აცხადებს, რაც არხის ხელმძღვანელს უთხრა: `თუ დავალიანება არ დაიფარება, სამწუხაროდ, ტელეარხის მიმართ იძულებითი ღონისძიება განხორციელდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცეს~.
ელდარ ვარშალომიძის აზრით, ტელევიზიისთვის ერთადერთი გამოსავალი ბიუჯეტის გადასახადების დაფარვაა: `25-ე არხის~ მფლობელებმა დავალიანების ნაწილის არსებობა აღიარეს. არსებობს სადავო თანხაც. კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ~.  
ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლება, ფაქტობრივად, ყველა ნაციონალურ ტელევიზიას აკონტროლებს. გამონაკლისია ტელეკომპანიები _ `მაესტრო~ და `კავკასია~ (ამ არხებს ოპოზიციურს უწოდებს ხელისუფლება), რომლებიც, ძირითადად, თბილისსა და მის მიმდებარედ მაუწყებლობენ. ცოტა ხნის წინ `მაესტროს~ მფლობელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ რუსთავში არხის სიგნალის გავრცელებაზე საკაბელო ტელევიზიები უარს ამბობენ (დაახლოებით ერთი წლის წინ 25-ე არხის სიგნალის გავრცელებაზე ბათუმშიც თქვეს საკაბელო არხებმა უარი, რამაც არხი ძალიან მძიმე დღეში ჩააყენა).
მამუკა ღლონტი: `ამ დროისთვის `მაესტრო~ არ ვრცელდება რუსთავსა და ახმეტაში. თბილისშიც იყო გათიშვის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. `მაესტრო~ მხოლოდ თბილისსა და თელავში მაუწყებლობს. იმ აბონენტებს, რომლებსაც სახლში სატელიტური ანტენები აქვთ, თანამგზავრზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი სიგნალის მიღება საკაბელო არხების გარეშეც შეეძლებათ, მაგრამ დიდ ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში საკაბელოთი ვრცელდებით. თუ საკაბელო არხები უარს იტყვიან ჩვენი სიგნალის გავრცელებაზე, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ასეთ შემთხვევაში აქციებს გავაგრძელებთ~. 
ტელეკომპანია `კავკასიის~ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, საკაბელოებმა `მაესტროს~ მსგავსად ახმეტაში `კავკასიის~ მაუწყებლობაც გათიშეს. ჯანგირაშვილის თქმით, მთავარი სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება კი არა (საშუალოდ, თბილისზე მაუწყებელი ტელევიზიები 55-60 ათას დოლარზე მეტს იხდიან სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებაში), არამედ იმ ფინანსების მოძიებაა, რომელიც ტელეკომპანიამ ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს: `თანამგზავრიდან მაუწყებლობა წელიწადში 200 ათას დოლარზე მეტი ჯდება. მამუკა ღლონტი ერთი წელია იძახის თანამგზავრზე გავდივარო, მაგრამ მაინც ვერ გავიდა. მე არ მაქვს ასეთი ოცნებები, რადგან უდიდესი ზეწოლაა `კავკასიის~ რეკლამის დამკვეთებზე, ჩვენთვის გამოყოფილი სარეკლამო ბიუჯეტი უკან გაათხოვინეს. ტელევიზიების შემოსავლების გაზრდა რეკლამებზე კი არაა დამოკიდებული ან რეიტინგზე, არამედ ფინანსური პოლიციის შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტზე, სადაც იბარებენ ბიზნესმენებს, მათ შორის ჩემს მეგობრებს და `კავკასიაში~ რეკლამის მიტანას უკრძალავენ~.
ტელეკომპანიების წარმომადგენლების აზრით, აუცილებელია `25-ე არხს~ სოლიდარობა გამოუცხადონ, `რადგან პრობლემა სხვა მხრივ არ დაიძლევა~. მათ მიაჩნიათ, რომ ელექტრონულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის შესასუსტებლად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა აუცილებლია.
გაერთიანების _ ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოს~ აჭარის წარმომადგენლების აზრით, 25-ე არხი დახურვის საფრთხის წინაშე რომ აღმოჩნდა, ამაში დამნაშავე ბათუმის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელობაა. ~რესპუბლიკური პარტიის~ წევრი, ავთანდილ ბერიძე კი ტელევიზიის დახურვის მცდელობას მოახლოებულ თვითმმართველობების არჩევნებს უკავშირებს.
დღემდე ~25-ე არხის~ პრობლემა არ გაუშუქებია არც ერთ ტელევიზიას. თუმცა სიუჟეტს ყველა კომპანიის ჟურნალისტი ამზადებდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის _ ~რეპორტიორები საზღვრებს გარეშე~ მონაცემებით, 2008 წელს სიტყვის თავისუფლების ინდექსით საქართველომ 173 ქვეყანას შორის 120-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2007 წელს საქართველო ამ რეიტინგში 89-ე ადგილზე იმყოფებოდა.