რას უნდა უფრთხოდნენ ქართველი მეზღვაურები

среда, 10 марта 2010 г.


ITF–ის წარმომადგენლის, მერაბ ჯიჯავაძის ინფორმაციით,ხვალ, 11 მარტს ბათუმში გემი შემოდის, რომელსაც ხუთი თვის ხელფასების დავალიანება აქვს.


ქართველი მეზღვაური, დავით ჭიჭილეიშვილი, ნაახალწლევს ჩამოასვენეს ბათუმში. ოჯახმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჭიჭილეიშვილის მოსაძებნად დახმარება საქართველოს საკონსულოებს სთხოვა თურქეთში. მაგრამ ამ ოჯახს არავინ დახმარებია. დაკარგული მეზღვაური ზღვამ რუსეთში გამორიყა.

ნათია როყვა

ნატო ჭიჭილეიშვილი _ გარდაცვლილის და: ``ჩემი ძმა ``დარია შიპინგის`` და კიდევ ერთი კომპანიის _ ``ავანგარდ ინტერნეიშელის`` გემზე მუშაობდა; ბათუმიდან ის კომპანია ``ჯიარიმ``, გურამ ჯინჭარაძემ გაუშვა. თურქეთში მას დახვდა აგენტი ლაურა ჩადუნელი, რომელმაც გემზე აიყვანა.
12 დეკემბერს, ათი დღის ასული იყო გემზე, დამირეკა _ ღამის სამ საათზე: ვიძირებით, ნაპირს 20 მილით ვართ დაშორებული, შეიძლება მივაღწიოთ ნაპირამდეო. გემი ხუთ საათზე ჩაიძირა ნაპირიდან 6,5 მილის დაშორებით. ეკიპაჟის 16 წევრიდან ოთხი დაიღუპა. ინფორმაცია ტელევიზიით გავიგეთ.
ჩვენ ვითხოვთ, გადმოსვენების თანხა მაინც რომ აგვინაზღაურონ, მაგრამ არ გვეკონტაქტებიან. არც ლაურა პასუხობს ტელეფონს. არ ვიცი, ხელშეკრულება ჰქონდა თუ არა გაფორმებული, დოკუმენტებს არ გვაძლევენ. ჩემი ძმა კაპიტნის მეორე თანაშემწე იყო და 1800 დოლარს თუ ევროს დაჰპირდნენ ხელფასის სახით``.
სტატისტიკა, თუ რამდენი მეზღვაური გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, არ არსებობს. ასევე არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი ამუშავა დამსაქმებელმა ანაზღაურების გარეშე.
ქართველი მეზღვაურები, როგორც იაფი მუშახელი, ძირითადად, თურქულ გემებზე მუშაობენ. მათთან ხელშეკრულებას თითქმის არავინ აფორმებს. მეზღვაურები თავად აწარმოებენ სიტყვიერ მოლაპარაკებას ბათუმში არსებულ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც დასაქმების სანაცვლოდ 1000-დან 2000-მდე დოლარს უხდიან.
მეზღვაურების უფლებების დამცველების თქმით, ამ ჯგუფის უფლებების მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. მერაბ ჯიჯავაძე, რომელიც ITF-ის (მეზღვაურთა უფლებების საერთაშორისო ფედერაცია) წარმომადგენელია საქართველოში, ამბობს, რომ ქართველი მეზღვაურების უფლებების სათანადოდ დასაცავად კანონია შესაცვლელი: ``თუ სხვა ქვეყნების სასამართლო განიხილავს ქართველი მეზღვაურების საქმეს, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში``.
მერაბ ჯიჯავაძის თქმით, ITF-ს საქართველოში შემოსული ნებისმიერი გემის გაჩერება შეუძლია 72 საათის განმავლობაში. ამისთვის კი წარმომადგენელი წერილობით პორტის კაპიტანს მიმართავს. მერაბ ჯიჯავაძე დამსაქმებელსა და მეზღვაურს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რადგან ქართული სასამართლოები ამ ტიპის საჩივრებს არ იხილავენ. ძირითადი პრობლემა კი ხელფასის გაუცემლობა, ცუდი პირობები და ხელშეკრულების უქონლობაა. ITF-ის წარმომადგენელი მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურებს ურჩევს ხელშეკრულების გარეშე ნუ დათანხმდებიან გემზე სამუშაოდ წასვლას.
ერთ-ერთი სასამართლოს თანაშემწის, დავით კვიციანის განმარტებით, თუ მოპასუხის იურიდიული მისამართი თურქეთია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საერთაშორისო სამართლის თანახმად კი, საქართველოს სასამართლოები საქმეებს განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილი აქვს. საერთაშორისო სტანდარტებით მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ დავის შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, ოღონდ ეს შეთანხმება წერილობით, ხელშეკრულებით უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ეს შეთანხმება არსებობს ხელშეკრულებაში, ქართული სასამართლო საქართველოში შემოსული მეზღვაურების საჩივარს განიხილავს.
მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე _ ოთარ დავითიანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გემთმფლობელები არ არიან დაინტერესებულნი მეზღვაურებთან ხელშეკრულებები გააფორმონ: `ეს არ შედის მათ ინტერესებში, რადგან ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თან პასუხისმგებლობას გაურბიან~.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, აკაკი ჩიჯავაძემ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო დეპარტამენტის უფროსს _ ბადრი ფარტენაძეს აცნობა. წერილში ნათქვამია, რომ ქართველი მეზღვაურები პრობლემის წინაშე დგანან: ``ხშირად დამსაქმებლების მხრიდან არის უპასუხისმგებლობა, ცუდი შრომის პირობები, მუშაობის ხანგრძლივობა და ანაზღაურება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნას. აუცილებელია გაირკვეს მეზღვაურთა რაოდენობა და შეიქმნას მათი მონაცემთა ბაზა``.
ბადრი ფარტენაძის პასუხიდან ირკვევა, რომ 2009 წლის ბოლოს, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემებზე დასაქმებული იყო 150-200 მეზღვაური: `2008 წლის ომმა რუსეთის ნავსადგურებში ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს ხელოვნურად შეუქმნა პრობლემა, რამაც აიძულა გემთმფლობელები, შეეცვალათ ქართული დროშა სხვა დროშებით, ამიტომაც გემები, რომლებიც ქართული დროშით დაცურავდნენ, 420-დან 280-მდე შემცირდა. ომამდე ამ გემებზე სულ 400 ქართველი იყო დასაქმებული. ამას დაემატა ისიც, რომ ქართველი მეზღვაურები განსაკუთრებით თურქეთისა და სირიის გემებზე მუშაობენ ყალბი დიპლომებითა და სერტიფიკატებით, რამაც პრობლემები შეუქმნა გემთმფლობელებს~.
საზღვაო აკადემიის რექტორის, ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ყოველწლიურად ბათუმის საზღვაო აკადემიას 100-120 მეზღვაური ამთავრებს. სტუდენტები პრაქტიკას იმ გემებზე გადიან, რომლებთანაც აკადემიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ესენია: ``კოლუმბია``, ``ისტვინდი``, ``ბი ჯი აი``, ``იბერია ნავიგეიშენ``. ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 4-5-ათასამდე მეზღვაურია და მათ წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 15-დან 20 მილიონამდე დოლარი შემოაქვთ საქართველოში.

მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტები
აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე; წინასწარ უნდა შეთანხმდეს სამუშაო ვადები და გრაფიკი; ხელშეკრულებაში აუცილებელია დაფიქსირდეს თანხა, რასაც მეზღვაური დამატებითი სამუშაო საათების შესრულებისთვის მიიღებს; სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 48 საათს, თვეში კი 208 საათს არ უნდა აღემატებოდეს; მეზღვაურის შინ დაბრუნებისას გზის ხარჯები დამსაქმებლებმა უნდა აანაზღაუროს; ასევე სავალდებულოა, მეზღვაურის ავადმყოფობის, ტრავმის მიღების შემთხვევაში კომპანიამ აანაზღაუროს მკურნალობის ხარჯები და დააზღვიოს მისი სიცოცხლე. გარდაცვალების შემთხვევაში, გემის ჩაძირვის ან უბედური შემთხვევის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია ფულადი კომპენსაცია მისცეს გარდაცვლილის ოჯახს.