სახელმწიფოს კუთვნილი 650 კვადრატული მეტრი მიწა გაყიდვის დროს 447 კვადრატამდე შემცირდა


აჭარის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესით, ბათუმში, ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საერთო ფართობით 650 კვადრატული მეტრი, 200 ათას დოლარად გაყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე თვეში საქართველოს კულტურის სამინისტრომ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნა. გასულ კვირას ინვესტორმა ძეგლი დაანგრია.

ნათია როყვა

ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ``ნუროლი სამშენებლო და სავაჭრო ფირმასთან`` 2008 წლის 24 ოქტომბერს (#481 ბრძანება) გააფორმა, წერია: ``მყიდველი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ყიდულობს აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში ლ. ასათიანის/რუსთაველის ქ. #1/25-ში მდებარე 447,85 კვადრატულ მეტრ არასაცხოვრებელ ფართობს და მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთს... ქონების ნასყიდობის ფასია 200 ათასი აშშ დოლარი``.
ამ ყიდვა-გაყიდვიდან ``ბათუმელები`` გამოყოფს სამ დეტალს, რაც ჟურნალისტური გამოძიების პროცესში აღმოაჩინა.

პირველი დეტალი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელშეკრულებაში წერია, რომ ინვესტორს _ აჭარის ხელისუფლებამ მიყიდა 447,85 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. თუმცა ეს რეალური ციფრი არ არის, რაც ერთი დოკუმენტიდან ჩანს. დახელოვნების ინსტიტუტის გვერდით მცხოვრები აკაკი ზოიძის ოჯახში ინახება 1990 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრშია გატარებული. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (#1/25) სულ 810 კვადრატული მეტრი მიწის ფართობია რეგისტრირებული. აქედან 160 კვადრატს ფლობს რიგითი მოქალაქე, აკაკი ზოიძე, დანარჩენ _ 650-ს კი _ სახელმწიფო.
რადგანაც ორი შეუსაბამო დოკუმენტი არსებობს, მეტი სიზუსტისთვის `ბათუმელებმა``, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, იმ ფართობის გაზომვა გადაწყვიტა, რომელიც ინვესტორმა შემოღობა და გასულ კვირას იქ განთავსებული შენობების ნგრევაც დაიწყო. ფართობის (საძირკვლის) გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაყიდული ტერიტორია არის არა 447,85 კვადრატული მეტრი, როგორც ეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, არამედ _ 650. ანუ რეალურად ვინ არის დარჩენილი 203 კვადრატული მეტრი მიწის მფლობელი, დოკუმენტაციის მიხედვით, არ დგინდება. ფაქტობრივად კი, ინვესტორს მთლიანი ტერიტორია აქვს შემოღობილი.

მეორე დეტალი
ეს ქონება ლევან ვარშალომიძემ პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდა ინვესტორს (ლევან ვარშალომიძეს 2005 წლიდან უფლება აქვს, ისე როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო ქონება ისე გაყიდოს, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ). თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირი წესით მიყიდვაზე არაფერი წერია. შესაბამისად, ლევან ვარშალომიძეს არ აქვს ვალდებულება, აუხსნას საზოგადოებას, რატომ მიყიდა ინვესტორს რუსთაველის ქუჩაზე, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 447 დოლარად (იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორს 650 კვადრატული მეტრი გადაეცა, მაშინ ფასი 307 დოლარამდე მცირდება). მაშინ როცა ამ უბანში სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე, 315 ლარია, კომერციული ფასი კი _ 1500 დოლარი.

მესამე დეტალი
ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია: `მყიდველი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში, დადგენილი წესით უზრუნველყოს კულტურის უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან~. ანუ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დახელოვნების ინსტიტუტის შენობა ძეგლის სტატუსის მატარებელი იყო. თუმცა 2009 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობას გაუუქმა. სტატუსის მოხსნის ინიციატორი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძეა.
როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მათ სწორედ მათე ტაკიძემ მიმართა ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის თხოვნით. კითხვაზე, რა იყო ძეგლის სტატუსის მოხსნის საფუძველი, მათე ტაკიძე აცხადებს: `ჩემი მიმართვის საფუძველი იყო მოკლე და კონკრეტული, რომ განეხილა შესაბამის სამსახურს ძეგლის სტატუსის საკითხი. კომისიამ, რომელიც ამ საკითხს განიხილავს, გადაწყვიტა, რომ ამ ძეგლს მოეხსნას სტატუსი, იმიტომ რომ ძეგლი არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს. მივმართე იმიტომ, რომ ძეგლი იყო არასათანადო მდგომარეობაში~.
კანონით, ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ შესაბამისი საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზეა დასაშვები: ანუ, ძეგლი ისე უნდა განადგურდეს ან დაზიანდეს, რომ დაკარგოს ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია `ინტელექტის~ ხელმძღვანელი, ლევან გობაძე კი ამბობს, რომ ეს შენობა არ იყო დაზიანებული, პირიქით, კარგ მდგომარეობაში იყო. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობაში `ინტელექტის~ ოფისი, აჭარის განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წლების განმავლობაში იყო განთავსებული. `ინტელექტის~ ხელმძღვანელს ეს შენობა იმდენად ხარისხიანად მიაჩნდა, რომ მისი შესყიდვაც კი სურდა.
ლევან გობაძე: `ეკონომიკის სამინისტროში იმის გასარკვევად მივედი, თუ რა ფასად ყიდდნენ შენობას. 2006 წელს სავარაუდო ფასი სამასი ათასი დოლარი მითხრეს. მოგვიანებით კი მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირად საუბარში დააზუსტა, რომ ეს ქონება მილიონ ნახევარ დოლარად არის შეფასებული~.
მას შემდეგ, რაც შენობა გასხვისდა და იქედან არასამთავრობო ორგანიზაციაც გადავიდა, შენობას ახალმა მესაკუთრემ ჩამოხსნა ფანჯრები. ასეთ მდგომარეობაში ძეგლი რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა... მოგვიანებით კი შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, რადგან ``არასათანადო მდგომარეობაში`` იყო.

სხვა დანარჩენი
პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტი ფლობდა ოთხსართულიან შენობას, რომელსაც პედაგოგების საერთო საცხოვრებლად იყენებდა. 1990-იან წლებში იქ აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი შეასახლეს. დახელოვნების ინსტიტუტის გაყიდვის შემდეგ დევნილები სხვა შენობებში გადაიყვანეს. ამაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იზრუნა. ფონდში აცხადებენ, რომ დახელოვნების ინსტიტუტში მცხოვრები დევნილებისთვის (და კიდევ 23 ოჯახისთვის) ყოფილი მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობა გაარემონტეს. ამაში სახელმწიფომ 867 ათას ლარამდე დახარჯა. კიდევ ერთი შენობის რემონტში, სადაც დევნილების მეორე ჯგუფი გადაიყვანეს (ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობა), 403 ათას ლარამდე დაიხარჯა. ანუ სულ დევნილების დასაბინავებლად სახელმწიფომ 1 270 000 ლარი დახარჯა. ანუ სახელმწიფომ შენობა გაყიდა ორასი ათას დოლარად, იქ მცხოვრები დევნილების დასაბინავებლად კი 1 270 000 ლარი დახარჯა.
ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (#1/25-ში) შენობის დემონტაჟის ნებართვა გაცემული იყო. თუმცა მერიაში არ ფლობენ ინფორმაციას, კონკრეტულად რა უნდა აშენდეს რუსთაველის გამზირზე. ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია საზოგადოებამ პირველი წყაროსგან მიიღო _ მათე ტაკიძემ 25-ე არხის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე ძეგლის ნაცვლად ლამაზი შენობა აშენდება.
მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტისა და ოთხსართულიანი კორპუსის ნგრევა უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. იქვე მცხოვრები ცხრა ოჯახი კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის დაცვის უფლებას ხელისუფლებას სთხოვს. ამ შინაარსის წერილობითი განცხადებით აკაკი ზოიძემ მერიას, პოლიციას და პროკურატურას უკვე მიმართა.
გასულ კვირას რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ცხრა ოჯახი იძულებული გახდა პატრული გამოეძახებინა. ამ ოჯახების ქონებას საფრთხე იმიტომ დაემუქრა, რომ ის დახელოვნების ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლიდან რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული. კორპუსის ნგრევა როცა დაიწყო, ნანგრევები პირდაპირ მათ სახლზე ცვიოდა. საპატრულო პოლიციამ მიიჩნია, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში იყო და ნგრევა შეაჩერა.
აკაკი ზოიძე ბათუმში ახალაშენებულ სასტუმრო ``შერატონში`` ცოტა ხნის წინ დაიბარეს. ის თურქი ინვესტორის წარმომადგენელს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. ინვესტორმა მას, კომპენსაციის სახით, მხოლოდ მიწის ღირებულების თანხა შესთავაზა _ ზოიძეს ორსართულიანი სახლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველმა, ანუ ``ნუროლი სამშენებლო და სავაჭრო ფირმამ`` `არასაცხოვრებელი ფართი გამოიყენოს სასტუმრო კომპლექს ``შერატონის`` ადამინისტრაციული ოფისისათვის``. სასტუმრო ``შერატონს`` ბათუმის ბულვარში 2006 წლის 28 ივლისს, 450 000 დოლარად მიყიდეს 61 2393 კვადრატული მეტრი ფართობი, მასზე მიმაგრებული 8940 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით. მაშინ ინვესტორს 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდება და 200 ადამიანის დასაქმება დაავალდებულეს.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ``ბათუმელებს`` საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგ მიაწოდა. სამინისტროს პასუხით ირკვევა, რომ ავტომანქანა ``ბენტლი`` სახელმწიფო ნომრით _ ooc 006 არ ეკუთვნის შს სამინისტროს. დიმო ცხონდია, რომელსაც ``ბენტლი`` სარფის საბაჟოზე ჩამოართვეს, ირწმუნება, რომ მისი მანქანით ალექსანდრე გოგლიძე, სოდის ერთ-ერთი რეგიონული უფროსი, გადაადგილდება.

ნათია როყვა

``ბათუმელებმა`` შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 11 დეკემბერს ოფიციალური წერილი მისწერა. რედაქცია ორ კითხვაზე ითხოვდა პასუხს: ავტომანქანა ``ბენტლი`` სახელმწიფო ნომრით _ OOc 006 იყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი _ ალექსანდრე გოგლიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რა მარკის ავტომობილით სარგებლობდა.
სამინისტრომ ``ბათუმელების`` შეკითხვებს არ უპასუხა, ამიტომ ადმინისტრაციული საჩივარი იმავე უწყებაში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელზე გაიგზავნა. საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ადმინისტრაციული წერილის შეტანიდან ათ დღეში მოგვაწოდეს. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე _ ზვიად თავართქილაძე აწერს, ნათქვამია, რომ ალექსანდრე გოგლიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სარგებლობს ``ბმვ``-ს მარკის ავტომობილით. ხოლო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით _ OOc 006 შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცავებმა ორი ძვირადღირებული ავტომანქანა _ `ბენტლი~ და ``ნისან-ნავარა`` ირლანდიის მოქალაქე დიმო ცხონდიას 4 აგვისტოს ჩამოართვეს. ცხონდიას განმარტებით, მას და მის თანმხლებ პირებს ლაშა ჭუაძესა და გოჩა ზურაბიანს, რომლებსაც ეს ავტომანქანები უყიდა, განუმარტეს, რომ ავტომანქანები მოპარული იყო.
აჭარის პროკურატურა ჯერ კიდევ ავტომანქანების შეძენის კანონიერებას სწავლობს, ცხონდია კი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ავტომანქანების დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. დიმო ცხონდია `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველა ის დოკუმენტი წაიღეს, რითაც ქალაქ სოფიაში მანქანების შეძენის ნამდვილობა დასტურდება. მისთვის არც მანქანების ჩხრეკის და ჩამორთმევის ოქმები მიუციათ. ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დგინდება, რომ კუდ-ის აჭარის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ჭუაძესა და გოჩა ზურაბიანს ავტომანქანები ნამდვილად ჩამოართვეს, აჭარის პროკურორის მოადგილის _ ალექსანდრე ჭაბუკიანის ოფიციალური წერილია:
``სისხლის სამართლის საქმეები #089090074 და #089090075, რომელიც ეხება ლაშა ჭუაძისაგან და გოჩა ზურაბიანისაგან ავტომანქანების: ``ნისან-ნავარასა`` და `ბენტლის~ ამოღებას. გაცნობებთ, რომ საქმეზე სრულდება ყველა საჭირო და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ავტომანქანების წარმომავლობის კანონიერების დასადგენად~.
დიმო ცხონდიამ ``ბათუმელებს`` უთხრა, რომ `ბენტლით``, რომელშიც 50 ათასი ევრო გადაიხადა, ქვემო ქართლში სოდ-ის უფროსი, ალექსანდრე გოგლიძე გადაადგილდება. სამკვირიანი ძიების შემდეგ გორის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ``ბათუმელებმა`` ``ბენტლი`` მართლაც დააფიქსირა.
არც ალექსანდრე გოგლიძეს და არც მის ოჯახის რომელიმე წევრს 2009 წლის ქონებრივ დეკლარაციაში `ბენტლის~ მარკის ავტომობილი საკუთრებაში არა აქვთ მითითებული. კითხვაზე, ვისია ``ბენტლი`` _ სახელმწიფოს თუ გოგლიძის, გოგლიძის მეუღლე _ ნინო გოგლიძე ამბობს, რომ `ეს მას (ალექსანდრე გოგლიძეს) უნდა ვკითხოთ~. თუმცა გოგლიძესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
სამართალდამცავების მხრიდან ჩამორთმეული ტრანსპორტის გამოყენების შესახებ `გაზეთი ბათუმელები~ 2006 წლის მარტშიც წერდა. მაშინ ბათუმელმა მიშა გაგოშიძემ განაცხადა, რომ მას ავტომანქანა ``ტოიოტა-ლენდკრუიზერი`` 2005 წლის 5 ნოემბერს `ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მანქანის განბაჟება-რეგისტრაციის`` ბრალდებით ჩამოართვეს. გაგოშიძემ თავისი მანქანა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ალანიას დაკავების ოპერაციის ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ამოიცნო. მისი მანქანით სპეცრაზმი გადაადგილდებოდა. ბიზნესმენმა მაშინ თქვა, რომ პოლიციელებმა მას ``უკანონოდ`` შეძენილი მანქანის ჩუქება სთხოვეს.

მაკა კანდელაკი

იურისტი


...საშინელებაა, როცა საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არის, როცა გამომძიებლის უვიცობით და პროკურორის დაუდევრობით `ქურდობის ფაქტზე~ ბრალს 28 წლის გოგონას წაუყენებენ და როცა მოსამართლე გამოძიების მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საშინელებაა სისხლის სამართლებრივ დევნას რომ არ წყვეტენ, რადგან ეშინიათ, ეს გადაწყვეტილება მუშაობაში მინუსად არ ჩაეთვალოთ _ ბალანსი არ დაირღვეს მათ მუშაობასა და სტატისტიკურ მონაცემებს შორის.
ასეთ გარემოებას ადგილი არ ექნებოდა, მოსამართლე ძლიერი რომ იყოს, სიძლიერეში კანონიერებას ვგულისხმობ: მაშინ უფრო მეტ სიფხიზლეს გამოიჩენდა ბრალდების მხარე და არ დაუშვებდა ისეთ შეცდომას, რაც დაუშვეს 28 წლის გოგონას მიმართ.
მე არ დავასახელებ განსასჯელის ვინაობას, მაგრამ რა უნდა დაერქვას ისეთ სასამართლო გამოძიებას, როდესაც მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც ამხელს 28 წლის გოგონას დანაშაულს. რა უნდა დაერქვას ისეთ ქმედებას, როცა სასამართლო გამოძიების დამთავრებიდან კამათს ერთი წლით გადადებენ. რა უნდა დაერქვას იმ ქმედებას, როცა საპროცესო გარიგება მტკიცდება ბრალუუნარიანობის (განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს) და ჯარიმის, პირობითი სასჯელის გარეშე.
ამას სახელი არა აქვს. და ვერც წერა-კითხვით გაიგებ რამეს, რადგან ის სიბნელე შეგიშლის ხელს, რომელშიც დღევანდელი მართლმსაჯულება იმყოფება. ასეთმა ფაქტებმა მიიღო სისტემატური სახე, ანუ 28 წლის გოგონა იძულებული გახდა საპროცესო გარიგებას დასთანხმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მისთვის ეს დანაშაული არც დაუმტკიცებიათ. მე ვარ ადვოკატი, მაგრამ ასევე ვარ პიროვნება და გამაჩნია ღირსება. რადგანაც დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ჩემზე მაღლა დგას, მე ვერ ჩავერევი მის გადაწყვეტილებაში. ამიტომ ვთხოვე ჩემს კოლეგას, წასულიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე...
ეს გოგონა საპროცესო შეთანხმებას რომ არ დასთანხმებოდა, პატიმრობაში უნდა გაეტარებინა მინიმუმ სამი თვე, ვიდრე ზემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებდით გადაწყვეტილებას. ეს კი ოჯახმა არ ისურვა, ახალგაზრდა გოგონას შეეშინდა...
მე, როგორც ადვოკატი, მომხრე ვარ, საპროცესო შეთანხმების, რომლის პირობაც ითვალისწინებს განსასჯელის სასჯელის შემსუბუქებას. საპროცესო შეთანხმება არის გარიგება, რომლის დროს მხარეები გამოხატავენ თავიანთ ნებას, რომ შედგეს გარიგება. ეს გარიგება კეთილსინდისიერების პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მაგრამ საპროცესო შეთანხმება იქცა მთავარ ფუნქციად სასამართლო პრაქტიკისთვის. ვფიქრობ, მოსამართლემ დაკარგა დამოუკიდებლობა. განსასჯელს არ უტოვებ არჩევანის უფლებას და პროკურორი დომინანტია ამ გარიგებაში. მოსამართლე კი სვლას ვერ აკეთებს, რადგან მას არა აქვს სიმართლის ცოდნის სურვილი.
იქნებ ზოგიერთმა ჩემი ეს ნაწერი ემოციურობას მიაწეროს, რადგანაც განსასჯელი 28 წლის გოგონაა, რადგანაც ადვოკატებს ჭეშმარიტების მიღწევის ყოველგვარი საშუალება წაგვერთვა. გამოძიება და სასამართლო დაემსგავსა უგემოვნო სპექტაკლს... მაგრამ უკან მოხედვის რომ არ შეგვრცხვეს, ყველამ გულში ჩავიხედოთ და ნუ ვაიძულებთ ჩვენ შვილებს, ჩვენი განვლილი ცხოვრების მოსამართლებლად იქცნენ.
28 წლის გოგონას, რომელიც პროფესიით პედაგოგია, რომელიც სოფლის მკვიდრია, რომელიც სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, ცილი იმ `დაზარალებულმა~ დასწამა, რომელმაც სტუმრად მიიღო გოგონა და შემდგომ ქურდობა დააბრალა. ამ ქურდობაზე გამოძიებას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ. ეს ბრალდება წინასწარი გამოძიება-ვარაუდზე იყო დამყარებული.
და შედეგად რა მივიღეთ, ვერ შევძელით ის, რომ სიმართლეს ეზეიმა.
ეს გოგონა მართალია! დომინანტებო _ გამომძიებელო და მოსამართლევ, თქვენ მართლები ხართ?

41 ოჯახი დახმარებას ითხოვს

вторник, 16 февраля 2010 г.


გასულ კვირას ბათუმში ორი სახლი ჩამოინგრა: 7 თებერვალს რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, 3 თებერვალს _ პუშკინის და ასათიანის ქუჩების კვეთაში. ნგრევის შედეგად, მთლიანობაში, 41 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. კიდევ 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ ლუკა ასათიანის #13-ში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს საკუთარი სახლების დანგრევაზე.

ნათია როყვა


ფაქტი პირველი
რუსთაველის ქუჩაზე, მასწავლებელთა ყოფილი სახლის დემონტაჟის დროს, კედელი ჩამოიშალა _ შენობას ინვესტორი ანგრევდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ გზა გადაკეტა და ქუჩა სახანძროს მანქანებით გადარეცხეს. ინვესტორმა ამ შენობის ნგრევა გუშინ გააგრძელა, რითაც საფრთხე იქვე მცხოვრებ ცხრა ოჯახს დაემუქრა. ამ სახლის დემონტაჟი გუშინ საპატრულო პოლიციის მოთხოვნით შეწყვიტეს.
საპატრულო პოლიცია აკაკი ზოიძემ გამოიძახა. ზოიძე ბათუმში ახალაშენებულ სასტუმრო `შერატონში~ ცოტა ხნის წინ დაიბარეს. ის თურქი ინვესტორის წარმომადგენელს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. ინვესტორმა ზოიძეებს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ მიწის ღირებულების თანხა შესთავაზა _ ზოიძეს ორსართულიანი სახლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. მოლაპარაკება ამიტომაც ვერ შედგა. ინვესტორს, როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, მათთან მოლაპარაკება მეტი აღარ უცდია და პირდაპირ ნგრევა დაიწყო.
დემონტაჟის დროს გვერდით სახლებს ნანგრევები აცვივდა. მოსახლეობამ დახმარებისთვის მერიას მიმართა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, მერიიდან არავინ მივიდა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას სიცოცხლის დაცვას და უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვენ.

ფაქტი მეორე
ლუკა ასათიანის ქ.#13-ში მცხოვრები 17 ოჯახი მერიამ ორ-ორი ათასი ლარით დააჯარიმა. მერიის გადაწყვეტილებით, სახლი, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის სახიფათოა და უნდა დაინგრეს. დაჯარიმებულმა ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მერიამ უკანონოდ დააჯარიმა. ამ საქმეზე სამი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობა უკანონოდ იყო დაჯარიმებული და მერიის ბრძანებულება დაჯარიმების შესახებ ბათილად ცნო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მერიის სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ მოქალაქეების ორ-ორი ათასი ლარით დაჯარიმება კანონიერად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებასაც უზენაესი სასამართლო გამოიტანს.
`90 ლარს ვიღებ პენსიას, როგორ უნდა შევძლო ორი ათასი ლარის გადახდა?~ _ კითხულობს დაჯარიმებული პენსიონერი ლუიზა არველაძე. ყველაფერი კი 2006 წელში დაიწყო, როცა ამ უბანში ინვესტორი მივიდა ძველი კორპუსის შესყიდვის მიზნით. ინვესტორის პირობებს ამ მისამართზე ზოგიერთი მცხოვრები დასთანხმდა, ზოგი _ არა; შეთანხმების პირობა ასეთი იყო: ძველი საცხოვრებელი სახლის ადგილზე, მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო და ადამიანებს ბინები ამ კორპუსში უნდა მიეღოთ. ვისთანაც მოლაპარაკება ვერ შედგა, ის საცხოვრებლად იქვე დარჩა და ინვესტორს სასამართლოში უჩივის. სასამართლომ ინვესტორს საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მისცა.
ნატო სირაძე და კიდევ რამდენიმე ოჯახი ოთხი წელია ნაქირავებში ცხოვრობენ. როგორც ნატო სირაძე ამტკიცებს, სახლს იმიტომ ვერ დაანგრევდა, რომ მეზობლის საცხოვრებელ ოთახებს დააზიანებდა. მერიამ კი, იმის გამო, რომ მან სახლის დემონტაჟი არ განახორციელა, ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
ნატოს ინტერესებს იურისტი აკაკი თოიძე იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ მერიის გადაწყვეტილება უკანონოა: `ეს მართლმსაჯულების დაცინვაა, ხალხმა მერიას მიმართა დემონტაჟის თხოვნით, არქიტექტურის სამსახურმა მათ უარი უთხრა, ზედამხედველობის სამსახურმა კი _ დააჯარიმა. თუ მეზობლები სახლის ნგრევას დაიწყებენ, ეს შეიძლება ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს~.
აკაკი თოიძის განმარტებით, თუ სახლი ავარიულია და დემონტაჟია საჭირო, მერიამ უნდა მიიღოს ზომები და თუნდაც იძულების წესით მოახდინოს სახლის დემონტაჟი თავისი ხარჯებით. რა თანხაც დასჭირდება დემონტაჟს, შეუძლია ამ ფულის გადახდა ხალხს დაავალოს.
ნატალია ჩხაიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გია ქარცივაძე იცავს. მისი განმარტებით, დაჯარიმების პროცედურები დარღვეულია _ მერიის არქიტექტურის სამსახურმა უარი უთხრა მოქალაქეებს დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე: მერიის ერთი სამსახური ამტკიცებს, რომ სახლი ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ მეორე სამსახური კი ნებართვას არ იძლევა. საბოლოოდ მოსახლეობამ ორივე სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მერიაში, მერიამ არც ერთი არ დააკმაყოფილა.
`ამ საკითხს ექსპერტის დასკვნა ესაჭიროება. დასკვნა ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია, მაგრამ მოსახლეობას აჯარიმებს. თუ შენობა-ნაგებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროულად უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა~, _ ამბობს გია ქარცივაძე. ადვოკატის აზრით, სახლის ნგრევის გამო თუ უბედური შემთხვევა მოხდება, პასუხისმგებლობა მერიას დაეკისრება.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ გელა მახარაძე ამბობს, რომ არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ სახლი დემონტაჟს საჭიროებს და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სიცოცხლეზე, მახარაძე ამბობს, რომ `მოსახლეობას, რადგან მერიის დადგენილებას არ ასრულებენ~.

ფაქტი მესამე
3 თებერვალს მშენებარე, 14-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მძიმედაა დაშავებული 11 წლის მეგი მუსხაჯბა, რომელიც თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულები პასუხისმგებლობას იმ ადამიანს აკისრებენ, ვინც მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. `პასუხი აგოს იმ ჩინოვნიკმა, ვინც ამ შენობის აშენებას მოაწერა ხელი~, _ ამბობს მადონა ჭითანავა.
ამ ადამიანებმა 6 თებერვალს, საღამოს, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში აქცია გამართეს. აქციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა და დაზარალებულებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
დაზარალებულებთან ბათუმის მერის მოადგილე ავთანდილ დარჩია მივიდა და დახმარებას შეჰპირდა. `სიტყვიერი დახმარება არ გვჭირდება, დოკუმენტი გვაჩვენეთ~, _ კატეგორიულად მოსთხოვა ერთმა დაზარალებულმა. `არ გჯერათ, რომ გელაპარაკებით?~ _ იკითხა ვიცე-მერმა.
მერის მოადგილესა და ხალხს შორის საუბარი ყვირილში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები საცხოვრებლად სხვაგან გადაყვანას, ალტერნატიულ ფართობს და იმ კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ, რომლის ნგრევის შედეგად ისინი დაზარალდნენ.
ქალაქის მერიამ დაზარალებულები დროებით ორ სასტუმროში შეასახლა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ გათბობაც შეუწყვიტეს და კვებაც. ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მოსახლეობას ბოდიში მერიის სახელით მოუხადა: `მე ველაპარაკე სასტუმროს მენეჯერს და ვიცი, რომ უნდა ყოფილიყო კვება, გათბობა...~
აქციაზე, ხალხთან შეხვედრის დროს ვიცე-მერმა ხალხს უთხრა, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. `მშენებლობისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე... სასტუმროს ხარჯები აიღო მერიამ, ამ ხარჯებს ჩვენ წარვადგენთ ადამიანებთან და ისინი ვალდებულნი არიან ეს ხარჯები მერიას აუნაზღაურონ~.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით დავითაძის ინფორმაციით, `შექმნილია კომისია, რომელიც ნგრევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. ამის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება~. კომისია საბოლოო დასკვნას _ სახლი რეკონსტრუქციას ექვემდებარება თუ დემონტაჟს, ოთხშაბათს გამოაქვეყნებს, მანამდე კი მერია დაზარალებულებისთვის საქირავებლად ბინებს ეძებეს. ქირის თანხას სამშენებლო კომპანია გადაიხდის. ეს ხალხი ნაქირავებში ექვს თვეს იცხოვრებს, ამ პერიოდში მათ დანგრეულ სახლს შეაკეთებენ ან სხვა კორპუსში გადაიყვანენ საცხოვრებლად.
14-სართულიანი მშენებარე სახლის ორი სართულის ჩამონგრევის შედეგად ბათუმში 15 ოჯახი დაზარალდა. უსახლკაროდ დარჩა შვიდი ოჯახი. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ კორპუსს `ბათუმი პალასი-2007~ აშენებს.