დიდი შენობიდან ჯოხზე დაყრდნობილი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა _ გამხდარი, ფერმკრთალი, წელში ოდნავ მოხრილი, ხელები უკანკალებდა... ექიმის კაბინეტის ძებნაში მესამე სართულის კიბეს ავყევი... ქალის ხმა მომესმა, ეტყობოდა პაციენტს ელაპარაკებოდა: ``აუცილებლად უნდა გააგებინო შენს ოჯახს, ეს მაინც არ დაიმალება. ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახს რაღაცას უმალავდა...

ნარკოლოგიურში (ეს დაწესებულება ხელვაჩაურში მდებარეობს) ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები დადიან... აქ ნარკომანები მეტადონით ჩანაცვლების თერაპიით მკურნალობენ. ეს თერაპია იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკს ანაცვლებენ ისევ ნარკოტიკით, ოღონდ ეს ლეგალური და ქარხნული წესით დამზადებული ნარკოტიკია და დოზას ექიმები პაციენტის გამოკვლევის შედეგად ადგენენ. პაციენტი, ექიმის დანიშნულებითა და მისი თანდასწრებით იღებს აბს, რაც 24 საათის განმავლობაში პაციენტში ``ნარკოტიკულ შიმშილს`` კლავს. აჭარაში ამ პროგრამის ფარგლებში ``გლობალ ფონდი`` 90 ადამიანის მკურნალობას აფინანსებს და ნარკომანებისთვის იგი უფასოა.
უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ნარკოტიკის მომხმარებელთა 3731 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, ხოლო 203 საქმე განხილვის პროცესშია. ოფიციალური პასუხი, თუ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ნარკომანების დაჯარიმებით, `ბათუმელებმა~ ვერ მოიპოვა.
საქართველოს კანონით, ადამიანს, რომელიც სამართალდამცავები ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ დააფიქსირებენ, პირველად 500 ლარით აჯარიმებენ. ამ ადამიანს, თუ იგი ერთი წლის განმავლობაში კვლავ მოიხმარს ნარკოტიკს ექიმის დანიშნულების გარეშე, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
თუ ადამიანი მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელია და მას სხვა დანაშაული არ ბრალდება, შესაძლოა იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ, საქმე კი პროკურატურასა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დასრულდეს. გირაოს თანხა ორი ათასი ლარიდან იწყება, საპროცესო შეთანხმების კი _ სამი ათასიდან იწყება და 10-15 ათასსა და უფრო მეტსაც აღწევს.
რადგან მედიისთვის დახურულია, რა თანხა შედის ბიუჯეტში საპროცესო გარიგებების შედეგად, ამიტომ მივმართავთ მარტივ ფორმას: თუ 3934-ს (დაჯარიმებულების რაოდენობა) გავამრავლებთ 500-ზე (ჯარიმის მინიმალური ოდენობა), მივიღებთ ორმილიონამდე ლარს. თუ გავამრავლებთ 2000-ზე, ესე იგი ბიუჯეტში რვა მილიონი ლარი შევიდა. თუ მაქსიმალურ ჯარიმას გავამრავლებთ პატიმრების რაოდენობაზე, მაშინ ბიუჯეტში შესული თანხა 39 მილიონზე მეტი გამოდის.
და რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ამ სენით დაავადებულების სამკურნალოდ?
ნარკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმი, ლევან გორგილაძე, `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ გასულ წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით 12 პაციენტს უმკურნალეს. თითოეულზე 2220 ლარი იყო გამოყოფილი. მთავარი ექიმის ინფორმაციით, წელს ბიუჯეტიდან ნარკომანების მკურნალობა არ დაუფინანსებიათ: `2010 წელს სახელმწიფო ნარკოლოგიურს არ აფინანსებს, ჯერჯერობით, არც ერთი ხელშეკრულება არ გამიფორმებია. შესაძლებელია მოგვიანებით რაიმე გამოყოს. მეტადონის პროგრამას ``გლობალ ფონდი`` აფინანსებს``.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის _ აკაკი გამყრელიძის ინფორმაციით, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნარკომანების სამკურნალოდ მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი ლარი იყო გამოყოფილი, წელს კი _ ორ მილიონ ნახევარი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტს, ჯერჯერობით, არ დაუანგარიშებია გასული წლის სტატისტიკური მონაცემები, ამიტომ უცნობია სამინისტროს ინფორმაციით, რამდენი ნარკომანია აჭარაში რეგისტრირებული. ასევე უცნობია, იგეგმება თუ არა ნარკომანების სამკურნალოდ თანხის გამოყოფა.
აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, დიაგნოზი _ ნარკომანი, აჭარაში სულ 754 ადამიანს აქვს. გარდა ამისა, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 3560-ია, აქედან 50 ქალია. ნარკოლოგების თქმით, რეალური ციფრის დასადგენად ოფიციალური სტატისტიკა უნდა გამრავლდეს რვაზე, ამის მიხედვით, აჭარაში სულ 34 512 ნარკომანია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კი აჭარაში 92 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
აჭარაში მეტადონის პროგრამა, რომელიც უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, მხოლოდ 90 ადამიანზეა გათვლილი. ამ პროგრამაში ჩართვა საკმაოდ რთულია, რადგან ნარკომანი პაციენტების გრძელი რიგი დგას. ამჟამად, ოფიციალურად, სამას ადამიანს სურს მეტადონის პროგრამით სარგებლობა.
პროგრამაში ჩართვისას აუცილებელია დადგინდეს, ადამიანი არის თუ არა ნამდვილად ნარკომანი, ამასთან იგი 25 წლის უნდა იყოს. ნარკომანად მიიჩნევა ადამიანი, თუ იგი ნარკოტიკს უკვე სამი წელია მოიხმარს. მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი ათი დღის განმავლობაში ნარკოლოგიურში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. ასევე აუცილებელია ცნობის წარდგენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ნარკომანი აივ-ინფექციითა დაავადებული, ან ორსულადაა, მას მეტადონის პროგრამაში ურიგოდ წერენ.
ექიმ-ნარკოლოგის _ მაია კონცელიძის განმარტებით, მეტადონის პროგრამის მიზანია შეამციროს ზიანი, ინფექციური დაავადებები და კრიმინალური ქმედებები, ნარკოტიკის მოპოვების მიზნით.
მეტადონის პროგრამით არ სარგებლობენ პატიმრები, მაგრამ თუ ადამიანი ამ პროგრამაშია ჩართული და ის ციხეში მოხვდება, წინასწარი პატიმრობის დროს შესაძლებელია ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენოს მოსამართლესთან და პატიმარი ბადრაგმა მიიყვანოს ნარკოლოგიურში, მეტადონით ჩანაცვლების თერაპიაზე.
მაია კონცელიძე ამბობს, რომ მეტადონის პროგრამა ბათუმში სამი წელია მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში საკუთარი სურვილით მკურნალობა არავის შეუწყვეტია. პაციენტები, რომლებიც პროგრამას გამოეთიშნენ, ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკული თრობის, ზოგჯერ კი კრიმინალური ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ნარკოლოგიურის მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში მეტადონის პროგრამით ისარგებლა მხოლოდ ერთმა გოგონამ, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა პროგრამა. ამჟამად იგი ნარკოტიკს აღარ მოიხმარს. ექიმის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში ნარკოტიკზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდა სულ ოთხი ადამიანი, 174 პაციენტიდან.

ლაპარაკის აკრძალვა სკოლებში

вторник, 26 января 2010 г.


განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, 21 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმოვანა. ერთ-ერთის მიხედვით, სკოლის დირექტორებს სამინისტროს პრესცენტრის ნებართვის გარეშე მედიასთან ურთიერთობა ეკრძალებათ.


დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა _ ნინო პროტჟევსკაია გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ``ბათუმელების`` ზარს არც სამსახურის და არც პირად ტელეფონზე არ უპასუხა, მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი საერთოდ გათიშა. დღის მეორე ნახევარში `ბათუმელები~ პრესსამსახურის სხვა თანამშრომელს _ გოგა ურუშაძეს დაუკავშირდა კითხვით, რამდენი თანამშრომელია განათლების სამინისტროს პრესსამსახურში და დღეში რამდენი სკოლის დირექტორისა და პედაგოგის დაკვალიანება შეუძლიათ პრესასთან საურთიერთობოდ? (პირველ კითხვაზე _ პრესსამსახურში თანამშრომელთა რაოდენობაზე, ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ).
გოგა ურუშაძე: ``ზუსტად, რამდენ ადამიანს გავუწევთ კოორდინირებას, ამის თქმა არ შემიძლია. თუ პრესცენტრი ვერ აუვა შემოსულ ზარებს, მაშინ ჩვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები შეძლებენ პასუხის გაცემას. დღეში 200 ადამიანისთვის შევძლებთ კონსულტაციის გაწევას~.
საქართველოში სულ 2448 სკოლა და 80 ათასამდე პედაგოგია.
გოგა ურუშაძე განმარტავს, რომ შაშკინის ეს ინიციატივა მხოლოდ სიტყვიერი იყო და რაიმე სახის დოკუმენტი ამ აკრძალვის შესახებ სამინისტროში არ არსებობს.
როგორ შეაფასებთ განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას? _ ამ კითხვით `ბათუმელები~ აჭარის საჯარო სკოლის რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა. მათგან რამდენიმემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: ``სიახლეები, რაც განათლების სამინისტროში ხდება, ყველა მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივაც მისაღებია. ახალი ინიციატივები ნამდვილად დროულია``.
მარიზა აბაშიძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი: ``ვუსმინე მინისტრის განცხადებას. მგონია, ეს კონკრეტულად თბილისის საჯარო სკოლებს ეხება. მინისტრმა ახსნა, რომ თბილისი დიდია, მოზღვავებული საინფორმაციო სიახლეების პირობებში დირექტორის მიერ არასწორად პასუხის გაცემას, გვირჩევნია მათ სამინისტროს პრესცენტრთან გაიარონ კონსულტაციაო _ არგუმენტი ეს იყო. ბათუმში სულ ოცი საჯარო სკოლაა და, შესაბამისად, ოცი დირექტორის ინფორმირება ადვილია.
ჩემთვის არც ბრძანება გაუცნიათ და არც სიტყვიერად გაუფრთხილებიათ ამის თაობაზე. თუ კომენტარის გაკეთება მინდა, ამას არავინ მიშლის``.
ჯემალ ბეჟანიძე, მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``თუ განათლების სამინისტრო ამბობს, ალბათ, საჭიროა. დღემდე არავის შევთანხმებივარ და არ ვიცი, რა გითხრათ``.
ჟუჟუნა კახიძე, ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``ყველაფერი საჯარო უნდა იყოს. შეთანხმებას რაც შეეხება, არ ვიცი, რას ემსახურება ან ვის უნდა შევუთანხმდე``.
ჟუჟუნა მჭედლიშვილი, ქვედა მახოს საჯარო სკოლის დირექტორი: ``საჯარო სკოლა ავტონომიით სარგებლობს. მგონია, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით``.
მაია ლიპარტელიანი, მასწავლებელთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი: ``კონსტიტუციაში წერია, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. სახელმწიფომ საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ისეთი კანონმდებლობა უნდა შექმნას, რომ ადამიანის თავისუფლება არ შეიზღუდოს. სკოლა არ არის სასჯელაღსრულებითი ორგანო, იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ამიტომ ასეთი განცხადება გაუმართლებელია. ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. წარმოუდგენელია ხულოს რაიონის საჯარო სკოლის დირექტორმა თბილისში პრესცენტრს შეუთანხმოს, რა უნდა თქვას``.
დიმიტრი შაშკინის ახალ ინიციატივას _ დირექტორები სამინისტროს შეუთანხმდნენ პრესასთან ურთიერთობის დროს, საიას იურისტი _ გია ქარცივაძე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს:
`ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 14), მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 3), სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას...
სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს, ადმინისტრაციულ ორგანოს, თავისი ინიციატივით, მოქმედი კანონის თანახმად არ შეუძლია. კანონი, რომელიც მასწავლებელს აუკრძალავს აზრის გამოხატვას, არ არსებობს, მასწავლებლებს უფლება აქვთ მისცენ ინტერვიუ ჟურნალისტებს და გამოხატონ აზრი.
ეს მინისტრის ინიციატივაა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამას არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ძალა. სკოლის პედაგოგს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება და თუ მას პრობლემა შეექმნება, ეს იქნება დევნა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო და ეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა``.