სასამართლოს თავმჯდომარის ლოგიკა

среда, 21 октября 2009 г.


წერილობითი ინტერვიუ სასამართლოს თავმჯდომარესთან

 ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან წერილობით შედგა. ~ბათუმელებმა~ გაითვალისწინა ამ საჯარო მოხელის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი და შაქრო აბუსერიძის მოთხოვნას _ წერილობით ინტერვიუზე, დასთანხმდა. ინტერვიუში, რომელიც მცირედი შემოკლებით იბეჭდება, ბოლო კითხვა თავად თავმჯდომარემ დასვა. 

ფოტოზე: შაქრო აბუსერიძე


_ ბატონო შაქრო, თქვენ არ იხილავთ საქმეებს. მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს თუ არა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმეების განხილვას?  
 _ ~საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს განიხილოს საქმეები. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა მართლმსაჯულების აღსრულება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ფუნქციის კარგად შესრულებით ხელი შევუწყო სხვა მოსამართლეებს, უფრო ეფექტურად იმუშაონ, უფრო გამართული და ორგანიზაციული იყოს სასამართლო აპარატის, კანცელარიის მუშაობა. პირადად მე, მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებით ვარ დაკავებული. თუმცა, როცა სასამართლოში ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, მექნება საქმეების განხილვის შესაძლებლობაც. ვფიქრობ, რეფორმა სასამართლო სისტემაში სწორი და ეფექტური მენეჯმენტის დანერგვასაც გულისხმობს. დაგეგმილი მენეჯმენტის პირობებში მოქალაქეებს სასამართლოსთან ურთიერთობა გაუადვილდებათ, სისტემა უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდება.  
_ გასულ წელს მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა? 
_ გამამართლებელი განაჩენის რაოდენობით სასამართლო სისტემის მუშაობის შეფასება არასწორია. სასამართლოს მიერ ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლილი კვალიფიკაცია და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი მაინც და მაინც მსჯავრდებულის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეაფასებთ. სასამართლო არის არბიტრი, იგი განიხილავს საქმეს და წყვეტს იმის მიხედვით, რომელ მხარესაც მეტი მტკიცებულება გააჩნია.  
_ წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენი გადაწყვეტილება შეცვალა? 
_ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა 473 (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული) საქმე, 148 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, 94 დაბრუნდა განსახილველად და 148 საქმეზე შეიცვალა მიღებული გადაწყვეტილება. 
_ რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს, რომ ორ საათზე ჩანიშნული პროცესი სამზე ან უფრო გვიან არ დაიწყოს ბათუმის სასამართლოში? 
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ პროცესების დაწყება ხშირად გვიანდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხუთი დარბაზი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კიდევ ორი დარბაზის დამატებაა დაგეგმილი. ეს შემდგომში გამორიცხავს პროცესების დაგვიანებით დაწყებას. შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ სასამართლო დარბაზები უკვე თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, სასამართლოში დამყარებულია წესრიგი, ეს კი საბოლოო ჯამში მოქალაქეებს სასამართლოსთან ურთიერთობას უადვილებს. მინდა, მოსახლეობა ერთ რამეში დავარწმუნო: სასამართლო მუდმივად ზრუნავს, რომ სასამართლოში მოსულ მოქალაქეს ზედმეტი პრობლემები არ შეექმნას. 
_ არსებული სტრუქტურა დავების დადგენილ ვადებში განხილვას უზრუნველყოფს? 
_ მოსამართლეთა რესურსი საკმარისი არ არის საქმეთა სიმრავლესთან, მაგრამ საქმეები მაქსიმალურად კანონით დადგენილ ვადებში განიხილება. ისეთი საქმეები კი, სადაც საპატიმრო ვადებთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებულ აღრიცხვაზე გვყავს აყვანილი და ვადებს უფრო მეტი სიმკაცრით ვაკონტროლებთ.  
_ ბოლო ერთ თვეში რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ბათუმის სასამართლოში?  
_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წლის 10 სექტემბრიდან შეიქმნა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ბათუმისა და ქობულეთის საზღვრებში. ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია ბათუმის სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებზე. დაგეგმილია მოსამართლეთა რესურსის გაზრდა: რამდენიმე დღეში კიდევ სამ მოსამართლეს დაეკისრება მოსამართლის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 
სიახლეა ასევე მაგისტრატი სასამართლოების ამოქმედება. ის შევა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში და სამოსამართლო უფლებამოსილებას განახორციელებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს გამსხვილებული სასამართლო. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში სხვადასხვა კატეგორიის საქმეებს განიხილავს კონკრეტულ დისციპლინაში სპეციალიზებული მოსამართლე. ეს ხელს შეუწყობს საქმეთა მაღალკვალიფიციურ განხილვა-გადაწყვეტას. 
მაგისტრატი მოსამართლეები, სტატუსითა და სოციალური გარანტიებითაც, გაერთიანებული რაიონული სასამართლოების მოსამართლეებთან გათანაბრებული უფლებებით სარგებლობენ. კანონით, მაგისტრატი მოსამართლე შეიძლება ცენტრალურ სასამართლოშიც იყოს მიმაგრებული და პირიქით.  
_ როგორ შეაფასებდით სასამართლოსადმი საზოგადოების მხრიდან ნდობის ხარისხს? 
_ საზოგადოების ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება. რეფორმა არ არის მარტივი პროცესი, ამიტომ ნდობის ხარისხის საგრძნობი ზრდა რეფორმის დასრულების ბოლო სტადიაზე უფრო თვალშისაცემია. ჩვენ მალე გვექნება ისეთი სასამართლო, როცა მხარე შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ენდობოდეს სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევებით, 2004-2005 წლებში სასამართლოების მიმართ ნდობის ხარისხი დაახლოებით 25 პროცენტი იყო. 2008 წელს ორი გამოკითხვა ჩატარდა და ორივე გამოკითვის შედეგებით, გამოკითხულთა დაახლოებით 55 პროცენტი კმაყოფილია სასამართლოს მუშაობით. თუ არ შეიქმნა პირობები მოსამართლეებისთვის, რაც ეხება მათ საკანონმდებლო, ორგანიზაციულ, სოციალურ და მატერიალურ-ტექნიკურ გარანტიებს, უვადო დანიშვნას, ახალ საპროცესო კოდექსს, ისე დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. 
_ როცა მოსამართლე სასჯელისგან ათავისუფლებს ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულის გამეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს, მოსამართლე გრძნობს?  
_ მოსამართლე ბრალდებულს მხოლოდ მაშინ ცნობს უდანაშაულოდ, როცა საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ დანაშაული ნამდვილად ამ პიროვნებამ ჩაიდინა. თუკი უდანაშაულოდ მიჩნეულმა ადამიანმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, ეს არავის გაუხარდება, მით უმეტეს მოსამართლეს... მაგრამ მოსამართლე იხილავს კონკრეტულ საქმეს და იგი ვერ იმსჯელებს ბრალდებულის მომავალ დანაშაულზე. 
_ სასამართლო 25-ე არხის შესახებ...  
_ ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს `ტელეარხ 25-ის~ სარჩელი და ძალაში დატოვა საგადასახადო აქტი, რომლის მიხედვით ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების სასარგებლოდ 277 547 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ 2009 წლის 28 ივლისის საგადასახადო აქტის გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვით ბათილად იქნა ცნობილი შპს `ტელეარხი 25~-სთვის საგადასახადო შემოწმების აქტით 438 138 ლარის დარიცხვა. 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დავალებული ჰქონდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა 2004 წლის შემოწმების აქტზე დაყრდნობით გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა, რისი უფლებაც მას კანონით ჰქონდა მინიჭებული. რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საგადასახადო შემოწმება იყო გეგმიური და მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებდა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ დარიცხულ თანხებზე არ ვრცელდება `ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ~ საქართველოს კანონი. შესაბამისად, ბათუმის სასამართლომ შპს `ტელეარხი 25-ის~ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.