7 მაისის შემდეგ, როცა მუხროვანის ამბოხში ბრალდებულ კობა კობალაძეს აღკვეთი ღონისძიება შეუფარდეს, პატიმარი ციხეში შიმშილობს. `მხოლოდ წყალს იღებს და ითხოვს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას~, _ ამბობს მისი ადვოკატი, ემზარ პაქსაძე.
ადვოკატის თქმით, კობალაძეს დაკავების შემდეგ 30-40 კილოგრამი აქვს წონაში დაკლებული: `ძალიან შეცვლილია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით გადაადგილება შეუძლია, იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ის ამბობს, რომ მზადაა ბოლომდე იბრძოლოს, რათა მისი ხმა გაიგონ იმათ, ვინც ის უკანონოდ დააკავა~.  
ამ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება არსებობს: ეჭვმიტანილ გია ღვალაძის ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ კობა კობალაძეს შეხვდა მცხეთაში, რესტორან `არაგვში~. 
ემზარ პაქსაძე: `ჩვენ რესტორნის თანამშრომლები დავკითხეთ. მათ დაადასტურეს, რომ ამ პერიოდში კობა კობალაძე რესტორან `არაგვში~ არ უნახავთ. ასევე `მაგთიკომიდან~ მოვიპოვეთ ინფორმაცია და წარვუდგინეთ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ იმ დროს კობალაძე მცხეთაში არ ყოფილა და იგი ქუთაისში იმყოფებოდა. ეჭვი გვაქვს, გია ღვალაძე ვერ აცნობიერებს რეალობას.  
2007 წელს ღვალაძეს ავტოავარია შეემთხვა და 49 დღე კომაში იყო. როგორც ექიმებმა გვითხრეს, 49-დღიანი კომის შემდეგ შეუძლებელია რაიმე სახის ფსიქიკური გადახრები არ გამოვლინდეს ადამიანში. ამიტომაც მოვითხოვთ გია ღვალაძეს სამედიცინო ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ის გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება~.
ადვოკატის ინფორმაციით, კობა კობალაძის ერთ-ერთი ძმა დღესაც ოსებს ჰყავთ ტყვედ, ხოლო ერთი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. კობალაძეს ოთხი შვილი ჰყავს.



ფოტოზე ზურაბ ბერიძე

ზურაბ ბერიძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონ ლარს სთხოვენ

6 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ბერიძის საქმის განხილვა დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი შვიდი თვის წინ დააკავეს. დოკუმენტში (ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება), რომლის საფუძველზეც ზურაბ ბერიძე დააპატიმრეს, წერია, რომ ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა შპს-მ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. ხოლო სამსახურმა, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხელმძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა.

ნათია როყვა


6 ივნისს მოსამართლემ _ ვერა დოლიძემ განსაჯელის ადვოკატების: თემურ გოგსაძისა და პაატა ბოლქვაძის შუამდგომლობები განიხილა და მხოლოდ შვიდი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დანარჩენებს `უსაფუძვლობის გამო~ უარი ეთქვათ. ვიდრე მოსამართლე შუამდგომლობების განხილვას დაიწყებდა მას განსასჯელმა დარბაზში მუშაობის პირობების შექმნა სთხოვა. `ჩანაწერები მინდა გავაკეთო და მუშაობის პირობები შემიქმენით~, _ თქვა სასამართლო დარბაზში გისოსებს მიღმა მყოფმა ზურაბ ბერიძემ. ამაზე მოსამართლემ განაცხადა: `ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ბადრაგებმა გადაწყვიტონ~.
ბადრაგებმა განსასჯელს ადვოკატების მაგიდასთან დაჯდომის უფლება მისცეს. განსასჯელი პროფესიით იურისტია და სასამართლო პროცესზე საკუთარ არგუმენტებსა და მოსაზრებებს აფიქსირებდა, რაც ოქმში იწერებოდა. `ჩემი მუშაობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტი ასი მილიონი ლარით გადაჭარბებით შესრულდა, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არსებობს. მინდა პროკურატურას გამოძიებაში დავეხმარო~, _ განაცხადა სასამართლო დარბაზში ზურაბ ბერიძემ. 
ადვოკატები: თემურ გოგსაძე და პაატა ბოლქვაძე რამდენიმე მოწმის დაკითხვას ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ყოფილი თანამდებობის პირია, რამდენიმეს კი დღესაც უკავია თანამდებობა. ენვერ სირაბიძე, ელდარ ვარშალომიძე, ბესარიონ ბაჯელიძე, ლაშა მახარაძე, ვახტანგ ქავთარაძე, ალექსანდრე როდინაძე, გრიგოლ გობეჯიშვილი, ირაკლი სირაძე, კობა აბულაძე და სულიკო ფუტკარაძე _ ამ მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე ითხოვდა, ამათგან სასამართლო მხოლოდ შვიდ მოწმეს დაკითხავს. წინასწარი გამოძიების დროს დაკითხულმა ორმა მოწმემ კი (ელდარ მაწკებლაძემ და ომარ ცაცუამ), ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, ანუ მოსამართლეს სთხოვეს, რომ იხელმძღვანელონ `წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით~. ამ ორი მოწმის შუამდგომლობა მოსამართლემ სასამართლო დარბაზში წაიკითხა, რასაც ზურაბ ბერიძემ კომენტარი გაუკეთა: `ჩემს უმოქმედობას ადგილი არ ჰქონია და სასამართლოს ამას დავუმტკიცებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოწმეები, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას, ცრუ და ყალბი ჩვენება მისცეს გამოძიებას~. 
ზურაბ ბერიძის ერთ-ერთი ადვოკატი _ თემურ გოგსაძე ამბობს, რომ საქმეში უზუსტობები არსებობს, ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და, შესაბამისად, მტკიცებულებების წარდგენას სასამართლოში აპირებს. ადვოკატის თქმით, არსებობს ზურაბ ბერიძის მოადგილის, ელდარ ვარშალომიძის ჩვენება, რაც განსასჯელის უდანაშაულობას ამტკიცებს, თუმცა `საბრალდებო დასკვნაში იგი გამოყენებული არ არის~.
თემურ გოგსაძე: მას შემდეგ, რაც ზურაბ ბერიძეს ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება დასდეს, დაახლოებით 7 თვე გავიდა. თუ ამ ადამიანის წყალობით ბიუჯეტს მილიონი ლარი დააკლდა, დღემდე რატომ არ შეამოწმეს ის ფირმები, რომლებმაც ბიუჯეტს ეს თანხა დააკლეს?
საქმე ისაა, რომ არც ერთ მეწარმეს დავალიანება არ გააჩნია. ჩემი ინფორმაციით, მათ გაასაჩივრეს საგადასახადოს ეს გადაწყვეტილება, ანუ ის, რომ თითქოს მათ ბიუჯეტს ფული დააკლეს. არ მინდა შევეხო კონკრეტულ ინდმეწარმეებს, მაგრამ სასამართლოში ამ მტკიცებულებებს წარვადგენთ~.
ზურაბ ბერიძე აღნიშნულ სფეროში 2004 წლიდან დაკავებამდე მუშაობდა. ბრალდებული ამ თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა და ყოფილი პრემიერის კადრად მოიაზრებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პირველ სასამართლო პროცესს სამოცამდე ადამიანი ესწრებოდა. დანარჩენებმა დარბაზში შესვლა უადგილობის გამო ვერ მოახერხეს



თემურ გოგსაძე _ ზურაბ ბერიძის ადვოკატი

_ ბატონო თემურ, ბრალდების ერთ-ერთ ნაწილში წერია: `შპს ~რეგინას~ საბაჟოზე დაფიქსირებული მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გატანილი აქვს 175 834 ლარის ღირებულების საქონელი, ამავე წლის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დაფიქსირებულია _ 159 948 ლარი. ე.ი 161886 ლარით ნაკლები, რაც ზურაბ ბერიძემ არ შეამოწმა... ~ ეს რას ნიშნავს? 
_ ელემენტარული არითმეტიკაა: წერია, რომ დეკლარაციებში სხვაობა არსებობს, 175 ათასს 159 ათასი გამოაკლეს და მიიღეს რა? _ 161886-ი. ეს ისაა, რაზეც მე ვდაობ. ამ საკითხზე არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის მიხედვით რაიმეს მტკიცება აბსურდია.  
_ ბრალდების დადგენილებით გადასახადების შემცირებას შპს `მერკურსაც~ ედავებიან. ~მერკურის~ ხელმძღვანელმა კი `ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ სამი წლის წინ დეკლარაციაში დაშვებული შეცდომა, ზურაბ ბერიძის დაკავებამდე დიდიხნით ადრე გაასწორეს (ბიუჯეტს სასარგებლოდ მოგების გადასახადი დაერიცხათ), რის შესახებაც საგადასახადოს მიწერეს კიდეც. ბრალდების ამ ნაწილს როგორ შეაფასებთ? 
_ საუბარია არა საბუღალტრო თუ საბაჟო დოკუმენტაციაზე, არამედ მხოლოდ დეკლარაციებზე, რაც საგადასახადო ინსპექციაში იქნა წარდგენილი. პირველადი დოკუმენტები, რაც შესაბამისი ექსპერტიზებისთვის აუცილებელია, სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. 
ე.წ. ~ექსპერტიზა~ კი, დეკლარაციების მიხედვით ჩატარდა. ეს ექსპერტიზაც თვითონ შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ანუ ამ სამსახურის ექსპერტიზის კვლევის ცენტრმა. იუსტიციის ან სხვა რომელიმე დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩატარებულა და, შესაბამისად, მასალები საქმეში არ დევს.
ხარვეზები დეკლარაციებში, რასაც ესა თუ ის მეწარმე აბარებს საგადასახადოს, შესაძლებელია ძირითადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მეშვეობით გასწორდეს. ასე მოხდა `მერკურთან~ დაკავშირებითაც, თუმცა ეს არავის შეუსწავლია, არ გამოუძიებია და რეალობა არ დაუდგენია. ამიტომ სასამართლოს ჩემს მტკიცებულებებს წარვუდგენ.
_ ის, რასაც ზურაბ ბერიძეს ედავებიან (შემოწმების ჩატარებას), საგადასახადო კოდექსის მიხედვით რამდენად არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის კომპეტენცია?  
_ ნებისმიერ სამსახურში კომპეტენციები დებულების მიხედვით ნაწილდება. ასე იყო ამ სამსახურშიც: ზურაბ ბერიძის მოვალეობებში უშუალოდ შემოწმების პროცედურა არ შედიოდა, ის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მისმა მოადგილეებმა თუ სამმართველოების ხელმძღვანელებმა (ამაზე ვალდებულმა და უფლებამოსილმა პირებმა) ახსნეს, დაასაბუთეს და წარუდგინეს კიდეც შემოსავლების სამსახურს, თუ რატომ იყო შეუძლებელი ამ ფირმების შემოწმება იმ ვადაში, რომელიც დაუწესა მათ ზემდგომმა. ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, რატომღაც ზურა ბერიძე მაინც პატიმრობაშია. 
_ სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ბერიძის ყოფილი მოადგილეების მიმართაც ხომ არ აღძრულა? 
_ არა, ისინი დაკითხეს. მაგალითად, ელდარ ვარშალომიძის ჩვენება საბრალდებო დასკვნაში არ დევს. მიმაჩნია, რომ ჩვენება, რაც ბატონმა ვარშალომიძემ მისცა, ზურაბ ბერიძეს აბსოლუტურად ამართლებს.
_ რა თქვა ვარშალომიძემ?
_ თქვა, რომ გეგმიურად ვმოქმედებდითო. ფირმებს ამ კუთხით ვერ შევამოწმებდით, რადგან შესაბამისი სამსახურები არ გვყავდაო, ხოლო ადმინისტრირების თვალსაზრისით ეს სახელმწიფოს ზემდგომი ეშელონების პრეროგატივა იყოო. აქედან გამომდინარე, ბათუმის რეგიონული სამსახურების რაიმე დანაშაულზე ლაპარაკი უკანონობაა. 



საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სავარაუდოდ, 2010 წლის აპრილიდან სარფი-ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ავტობანის მშენებლობა დაიწყება. ამჟამად პროექტი დამუშავების პროცესშია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება და ამის შემდეგ ზუსტად გაირკვევა, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ახალი ავტობანის მშენებლობა. ამისთვის 70 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი აზიის განვითარების ბანკს (ADB). საპროექტო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 
წინასწარი პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარიანი გზა ჩოლოქიდან დაიწყება, 500 მეტრის დაშორებით გვერდს აუვლის ისპანის ნაკრძალის ტერიტორიას, შემდეგ გაივლის ოჩხამურს, ხუცუბანსა და ბობოყვათს, ჩაქვში კი გვირაბს შეუერთდება. 
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელის _ ელგუჯა ლომინეიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაზე კომპენსაცია საბაზრო ღირებულების მიხედვით გაიცემა. სავარაუდოდ, მეორე საჯარო შეხვედრაზე, რომელიც 25 ივნისსაა დაგეგმილი, სრული პროექტი იქნება წარმოდგენილი და ზუსტად გადაწყდება, რამდენ ოჯახს მოუწევს ახალი ავტობანის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.  
ტენდერი ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად სექტემბერში გამოცხადდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ ახალი ავტობანის პირველი თოთხმეტი კილომეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. მისი მშენებლობა ჩოლოქის დაუსახლებელი ტერიტორიიდან დაიწყება. 
`ავტობანი სულ რამდენ სოფელზე გაივლის, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, რადგანაც განსაზღვრული არაა. ასევე უცნობია, რამდენ ოჯახს შეეხება ეს სამუშაოები, ზოგს შეიძლება საკარმიდამო ნაწილი ჩამოერთვას, ზოგს _ სახლი, ზოგს _ ყველაფერი~, _ ამბობს ელგუჯა ლომინეიშვილი.
ახალი ავტობანი, რომელიც ჩოლოქიდან სარფამდე მონაკვეთზე გაივლის, აჭარის ტერიტორიის 58 კილომეტრს მოიცავს. 


მკვლელობა ბათუმში


ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

29 მაისს, საღამოს, ბონის დასახლებაში მამა-შვილი _ მიხეილ და გოჩა დათუნაშვილები მანქანაში ჩაცხრილეს. 35 წლის გოჩა დათუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ დათუნაიშვილი ბათუმის პირველ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მოგვიანებით, 4 ივნისს დაიღუპა. 
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1970 წელს დაბადებული მერაბ ჩიჩუა, რომელმაც 29 მაისს მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.  
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ედუარდ მგელაძე აწარმოებს. მან `ბათუმელებთან~ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.  


გამარჯვებული მოჭიდავეები

6-7 ივნისს თბილისში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი ბათუმელებმა: გოდერძი დავითაძემ და გურამ ფარსელიძემ დაიკავეს, მეორე ადგილი კი ზურაბ გეგელიძეს ხვდა. ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ გიორგი გვენეტაძე, ზვიად ოქრაძე, მამუკა ხიმშიაშვილი, მუხრან მაჭუტაძე და რამინ შაქარაშვილი. 
თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მალხაზ ზარქუამ მოიპოვა. ვერცხლის მედალის მფლობელი კი კობა კაკალაძე გახდა. მესამე ადგილს დასჯერდნენ ჯონი ჯინჭარაძე და ზაზა თურმანიძე.  
მსოფლიოს ჩემპიონმა, ბათუმელმა დავით ბედინაძემ 66 კილოგრამიანებთან მოსინჯა ძალა, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ტურნის გამოეთიშა. გამარჯვებული მოჭიდავეები კი ამ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ჩემპიონატი სექტემბერში დანიაში ჩატარდება. მანამდე კი მოჭიდავეები კიდევ ერთ ტურნირზე იასპარეზებენ.
`იმედი გვაქვს, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში სამი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება: დავით ბედინაძე, გოდერძი დავითაძე და გურამ ფერსელიძე. თავისუფალ ჭიდაობაში კი მალხაზ ზარქუა~ _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ საუბარში აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა _ გელა ჯანელიძემ. 
29-31 მაისს ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ იზმირში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ბათუმელმა ფირუზ წულუკიძემ და ლაშა დოლიძემ. მეორე ადგილის მფლობელი ლაშა გობაძე და ამირან შავაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დავით ჩიტაძე.