უთანხმოება მინარეთის მშენებლობის გამო

пятница, 1 мая 2009 г.


გონიოში მეჩეთის გვერდით მინარეთის მშენებლობას სოფლის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გონიოში მოსახლეობის 99 პროცენტი ქრისტიანია, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ხოჯის ხმამაღალი მოწოდება ლოცვისთვის მოსახლეობას შეაწუხებს: ~მით უფრო, როცა მათ მლოცველები არ ჰყავთ და ეს ყველაფერი აგიტაციისთვის კეთდება~.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორის _ ემზარ მამულაიშვილის ინფორმაციით, მინარეთის მშენებლობა `თვითნებური და უკანონოა~. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტულ საკითხს `დელიკატურს~ უწოდებს, `რადგან ეს რელიგიას ეხება. საქმე ისაა, რომ მინარეთის ან ტაძრის მშენებლობას ნებართვა სჭირდება. ფაქტია, რომ გამგეობაში ნებართვისთვის არავის მოუმართავს. მშენებლობისთვის არქიტექტურული გათვლა და გეოლოგიური დასკვნაა საჭირო _ როცა 20 მეტრი სიმაღლის მშენებლობა იგეგმება, კონსტრუქციული გათვლა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათოა. თუნდაც იმათთვის, ვინც მინარეთში შევა~. 
ნესტან ბობოხიძე გონიოს მკვიდრია. მას მიაჩნია, რომ მინარეთი არ უნდა აშენდეს: `წლებია ამ სოფელში მეჩეთი მუშაობს და ამაზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგრამ მინარეთის მშენებლობა რა საჭიროა. იქ, სადაც მოსახლეობის 99 პროცენტი ქრისტიანია, ლოცვისთვის მოწოდება არაბულ ენაზე მიუღებელია. ჯამეში მლოცველები არ ჰყავთ, ამიტომაც ისინი მეზობელი სოფლიდან მოჰყავთ. დახმარებისთვის მივმართეთ პოლიციას, შევაგროვეთ ხუთასი ხელმოწერა, რისი ასლებიც გადავაგზავნეთ გამგეობაში და ლევან ვარშალომიძესთან. ეს მშენებლობა უკანონოა და მის შეწყვეტას ვითხოვთ~.  
პედაგოგი ნელი სისოშვილი დარწმუნებულია, რომ გონიოში მინარეთის მშენებლობა თურქ ბიზნესმენს აინტერესებს. მან კონკრეტული დაინტერესებული ადამიანის ვინაობა არ იცის. კითხვაზე თუ საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, იგი პასუხობს, რომ ეს სოფელში ყველასთვის ცნობილია: ~ორი თვის წინ გონიოში ჩამოსახლდნენ ყიფიანები, მათი მონაწილეობით მიდის აქ თურქების ფულის თამაში. მათ უნდათ დიდი ლუკმის მითვისება, ნამცეცებს ამ სოფელშიც უყრიან რამდენიმე ადამიანს _ სოფელშიც 4-5 კაცი აიყოლიეს. ჩვენ თურქეთში აგვაშენებინებენ ტაძრებს? მომცემენ იმის ნებას, რომ აგიტაცია გაუწიო ჩემს სარწმუნოებას? ილოცონ მათთვის, მე ნუ შემაწუხებენ აგიტაციით. 
მაგ მშენებლობის გამო ზღვისკენ მიმავალი გზაც გადაკეტეს, საპირფარეშო ღელეს შეუერთეს, ეს ეკოლოგიურად გაუმართლებელია. გონიო საკურორტო ზონაა და არ მინდა ხმამაღალი ლოცვა, თანაც ამას აგიტაციის ძალა აქვს. აშენებენ და თან ამბობენ, მიკფოფონს არ ჩავრთავთო. ჯერ ასე ამბობენ, მაგრამ რომ ააშენებენ, დარწმუნებული ვარ, მიკროფონს ჩართავენ. ჭარნალსა და ახალსოფელში უკვე ააშენეს მინარეთი, ახლა გონიოში დაიწყეს. ბოლოს პრეტენზია გაუჩნდებათ აჭარაზე. ხომ შეიძლება ვინმემ მოგვხედოს, ასე თვითნებურად შეიძლება მშენებლობა?~
ნარიკო ბარამიძეც გონიოს მკვიდრია. მას მშენებლობაზე საპირისპირო შეხედულება აქვს: ~იყოს ყველაფერი რაც საჭიროა, რატომ უნდა ვიყო მინარეთის მშენებლობის წინააღმდეგი~. 
~ნეიტრალურ ზონაში ვართ~ _ ასეთი კომენტარი გულნარა ქიძინიძემ და მისმა მეზობლებმა გააკეთეს. 
`არ ვიცით არაფერი და რა ვთქვათ~ _ მოკლე კომენტარი გააკეთა გონიოს ცენტრში შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა. მათ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. 
მეჩეთის წინამძღვარის _ ომარ ვანაძის ინფორმაციით კი, სოფელში მოსახლეობის 50 პროცენტი მუსლიმანია; მინარეთის მშენებლობა ადგილობრივების ინიციატივით, მათი შემოწირულობით მიმდინარეობს და ამ მშენებლობაში თურქი ბიზნესმენის ფული არაფერ შუაშია: `თავდაპირველად მეც მეგონა, რომ სოფელში მუსლიმანები არ ცხოვრობენ-მეთქი, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის დროს აღმოჩნდა, რომ მუსლიმანი ბევრია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა რიტუალს ზედმიწევნით ასრულებენ, მაგრამ სურვილი აქვთ იყოს მინარეთი, ამიტომაც შენდება~. 
ფიქრია ბოლქვაძე, რომელიც უკვე ოთხმოც წელსაა მიღწეული, მიიჩნევს, რომ მინარითის მშენებლობა `დიდი მადლია~. ზუსტად არ იცის ვისი დაფინანსებით მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ამისთვის მადლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უხდის: `ბევრს არ მოსწონდეს იქნებ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი. ამდენი ჯამეს და მინარითის მშენებლობაც მისი დამსახურებაა~.  
67 წლის თემურ ველიაძე ამბობს, რომ სოფელში მუსლიმანი მორწმუნეები არ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაა საჭირო მინარეთის მშენებლობა, `რომ ჯამეში მლოცველები გამრავლდნენ~.

წინამძღვარი და მლოცველები 
ომარ ვანაძე ხულოს მკვიდრია, აჭარის მუფთის თხოვნით კი ორი თვეა გონიოს სამლოცველოს წინამძღვარია. ლოცვისთვის პარასკეობით გონიოში მიკროავტობუსით დადის და ბავშვებიც დაჰყავს სალოცავად სხვა სოფლებიდან. ომარ ვანაძის ინფორმაციით, მიწა, რომელზეც ახლა მინარეთი შენდება, სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა `გვარდება იურიდიული საკითხები და ამ დღეებში მეჩეთი იურიდიულად დარეგისტრირდება~. 
იაშა შანიძე: `სოფელში შეგროვებულ 500 ხელმოწერიდან უმრავლესობა სკოლის მოსწავლეების იყო. გონიოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს მინარეთის აშენება უნდა, მათ შორის მეც, მინარეთი აუცილებელია მლოცველებისთვის, მიკროფონს არ ჩავრთავთ, ანუ ხმა არავის შეაწუხებს~. 
თენგიზ დავითაძე: `ხელმოწერები სოფელში სკოლის დირექტორის ინიციატივით შეგროვდა, ჩემს დისშვილებს _ დიანა და ქეთინო ბერიძეებს ძალით მოაწერინეს ხელი, თითქოს ისინი წინააღმდეგი იყვნენ მინარეთის მშენებლობის. ბავშვებს არ უნდოდათ ხელის მოწერა, მაგრამ სკოლაში მასწავლებლებმა აიძულეს. მეჩეთი არ შეიძლება იყოს მინარეთის გარეშე, ამიტომაც აუცილებელია მისი მშენებლობა, ამ მშენებლობის წინააღმდეგი სოფელში რამდენიმე ადამიანია~. 
სკოლის დირექტორი _ ცისანა ბარამიძე: `ორ თვეს შვებულებაში ვიყავი, ერთი კვირის წინ გამოვედი სამსახურში, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას ხელმოწერებთან დაკავშირებით. დანამდვილებით ვიცი, სკოლაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა~. 
ბეჟან (ბექირ) ბოლქვაძე _ აჭარის მუფთი: `მეჩეთი მინარეთის გარეშე ისევე არ არსებობს, როგორც ეკლესია გუმბათის გარეშე. გონიოში მინარეთი შემოწირულობით კეთდება, ისევე როგორც ყველა სამლოცველო. ტყუილია ის, რომ თითქოს უცხოელი ბიზნესმენი აფინანსებს მშენებლობას. თუმცა ბიზნესმენსაც აქვს იმის უფლება, რომ შემოწირულობა გააკეთოს. მეჩეთის მშენებლობისთვის გვთხოვენ მიწის შეძენას და დაკანონებას, ასევე მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტების მომზადებას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, რადგანაც სამუფთოს რეგისტრაციის უფლება არ მოგვცეს~.
მუფთს 309 ადამიანის ხელმოწერა აქვს. ისინი გონიოში მინარეთის მშენებლობას ითხოვენ. 



არათანაბარ პირობებში მყოფი პატიმრები და ადვოკატების გასაჭირი


განსასჯელს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ თუ არა, ამ საკითხს პროკურორი წყვეტს; პროკურორი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. მოსამართლეს შეუძლია პროკურორის მიღებულ გადაწყვეტილებას ან დაეთანხმოს ან არა. თუმცა, არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის მიხედვით, ბათუმში მოსამართლეები პროკურორის შუამდგომლობას ყოველთვის ეთანხმებიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ყოფილა ფაქტი, როცა მოსამართლემ არ დაამტკიცა პროკურორის გადაწყვეტილება, განსასჯელის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებაზე. რა არის საპროცესო შეთანხმება; როგორ აფასებენ ქართული მართლმსაჯულების ამ ნაწილს იურისტები და რას აპროტესტებენ ისინი.
საპროცესო შეთანხმებისთვის მინიმალური თანხა ხუთასი ლარია, მაქსიმალური ჯარიმა დგინდება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მისი ქონებით განისაზღვრება, წერია კოდექსში.
`თანხას, რამდენი უნდა გადაიხადოს განსასჯელმა, პროკურატურა ადგენს, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს~, _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გენო ქარცივაძე. 
`საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ისეთ ძირეულ პრინციპს, როგორიცაა კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობა~, _ ამბობს ადვოკატი შალვა შავგულიძე. 
იურისტი რამინ პაპიძე კი თვლის, რომ `საპროცესო გარიგება მომაკვდინებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა~ .
ადვოკატების ნაწილს მიაჩნია, რომ პროკურატურა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კი არა, იმით გასაზღვრავს განსასჯელი პირის გათავისუფლებას, თუ ვინ იცავს მას. 
ადვოკატი რამინ პაპიძე: `კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების უხარისხოდ გამოძიების, არასწორი კვალიფიკაციის მინიჭების გამო, ხშირად მიწევს პროკურორთან დაპირისპირება. კონკრეტული პროკურორი იმას აკეთებს, რასაც კარნახობენ. დაუფარავმა პროტესტმა ის შედეგი მომიტანა, რომ პროკურატურამ Gემი საქმიანობა დაბლოკა~.  
თუ რას ნიშნავს დაბლოკვა, პაპიძე კონკრეტული ფაქტებით ხსნის: `მაგალითად, ახალშენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ნოდარ დიასამიძეს, პროკურორ დავით ჭარბაძემ უთხრა: `თუ საქმეში პაპიძეს დატოვებ, საპროცესოს არ გაგიფორმებთო. ჭარბაძემ აჭარის სახანძრო სამსახურის ყოფილ უფროსს, ზაზა სურგულაძესაც ასეთივე ულტიმატუმი წაუყენა~. 
რამინ პაპიძე კიდევ ერთ საქმეს იხსენებს: `იგივე დავით ჭარბაძემ, საპროცესოს გაფორმებაზე, უარი მითხრა აკაკი მინაშვილის საქმეშიც. შემდგომ საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო. ზუსტად იგივე პირობებით, წერტილ-მძიმეც არ შეუცვლია, გააფორმდა საპროცესო, ანუ პატიმარი გაანთავისუფლეს~.
პაპიძის დაკვირვებით, საპროცესოს, ძირითადად, იმ ადვოკატების მონაწილეობით აფორმებენ, რომლებიც ადრე პროკურატურაში მუშაობდნენ. `ამჟამად, საქართველოში, პატიმრის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ საპროცესო გარიგებითაა შესაძლებელი. როცა თავისუფალ ადვოკატს ამის საშუალება არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსს აღარ გიტოვებენ. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა კლიენტს ჩემგან წასვლა თვითონ ვურჩიე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე~, _ ამბობს პაპიძე.
ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი, რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ საადვოკატო საქმიანობას თავი დაანებოს.
მსგავს ტენდეციაზე საუბრობს ადვოკატი შალვა შავგულიძეც, რომლის მონაწილეობით გასულ წელს ორი საპროცესო შეთანხმება შედგა: `გამამართლებელი არა, მაგრამ ობიექტური გადაწყვეტილება მქონდა. ეს იყო ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩევლის, თემურ ბასილიას საქმე... მას რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ბრალდების ძირითად ნაწილში გამართლდა. 
მეორე შემთხვევაში საქმე აღძრული იყო განზარახ მკვლელობის მუხლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ თამარ ნემსიწვერაძეს ამ მუხლით შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა, რაზეც ნემსიწვერაძე არ დასთანხმდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კი პატიმარი დარბაზიდან გაათავისუფლა~. 
შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გამართლებულია, მაგრამ ამ ფორმას ქართულ პრაქტიკაში მანკიერად იყენებენ: `მაგალითად, ხელისუფლებისთვის არასასურველ თანამდებობის პირებს უგონებენ დანაშაულს და შემდეგ ამაში ბევრ ფულს ახდევინებენ~. 
შალვა შავგულიძისთვის ამ თვალსაზრისით სულხან მოლაშვილის საქმეა განსაკუთრებით საინტერესო: `პროკურატურამ კონტროლის პალატის მრავალი თანამშრომელი დააპატიმრა. მათ ერთს სთხოვდნენ: ეთქვათ, რომ სულხან მოლაშვილს ქრთამს აძლევდნენ და პასუხისმგებლობას არ დააკისრებდნენ. უარის შემთხვევაში სასჯელით ემუქრებოდნენ. ამ სახის ცდუნებას ვიღაც უძლებს, ვიღაც _ ვერა~. 
ადვოკატი ამბობს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ნებისმიერი ინსტიტუტი შეიძლება ნეგატიურად იქნას გამოყენებული. პროკურორებსა და გარკვეულ ადვოკატებს შორის ალიანსის არსებობას შალვა შავგულიძეც ეთანხმება: `პროკურორებს არ სურთ საქმეში ჩართონ ის ადვოკატები, რომლებიც დაცვას რეალურად ახორცილებენ. ისინი პრაქტიკიდან ნელ-ნელა იდევნებიან. სამაგიეროდ შემოსავლები ეზრდებათ იმ ადვოკატებს, რომლებიც პირიქით მოქმედებენ _ დაცვას არ ახორციელებნენ. ეს ადვოკატები კლიენტის კი არა, პროკურორების ინტერესებს იცავენ~. 
შალვა შავგულიძე: `მქონდა შემთხვევა, როცა ჩემს კლიენტს უთხრეს _ შავგულიძე ჩვენთან დაპირისპირებას ნიშნავს. თუ საუბარი იყო ორასი ათას ლარზე ან ნახევარ მილიონზე, პროკურატურა ჩამოსულა 10 ათასს ლარამდე და კლიენტისთვის უთქვამს - ადვოკატი შავგულიძე საქმეს ჩამოშორდესო~. 
იგივე მოსაზრება აქვს რამინ გვარიშვილსაც: `საპროცესო შეთანხმება, ძირითადად, იმ ადვოკატებთან ფორმდება, ვინც ადრე პროკურატურაში მუშაობდა. ზოგიერთი ადვოკატი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ ვერ აფორმებს, რომ შედეგის მიღწევას სასამართლო პროცესზე, არსებითი განხილვით ცდილობს, ანუ პროკურორებთან კამათობს კიდეც, რაც პირად კონფლიქტში გადადის. შესაბამისად, პროკურატურაში საპროცესოზე აღარც მსჯელობენ. სხვებისგან განსხვავებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ორმაგ ჯარიმებს იხდიან~. 
გვარიშვილს, ისევე როგორც სხვებს, პრაქტიკაში ჰქონია საქმე, როცა, მისი აზრით, უდანაშაულო ბრალდებულმა, საპროცესოს მისაღწევად, დანაშაული აღიარა.
იურისტი გენო ქარცივაძე ამბობს, რომ შემთხვევა, როცა კლიენტს მისგან წასვლა ურჩიეს, პრაქტიკაში არ ჰქონია: `პროკურორებს უარი უთქვამთ იმ პირობებზე, რაც მე მინდოდა, მაგრამ მათ პირობებზე შევთანხმებულვართ~. 
ქარცივაძე გასულ წელს სისხლის სამართლის 15 საქმეში მონაწილეობდა, ამათგან უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. იურისტის აზრით, `არათანაბარ პირობებში ადამიანებს ის აყენებს, რომ საპროცესო შეთანხმების თანხა კანონით არაა განსაზღვრული: მაქსიმალური ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება. თანხის ოდენობას კი პროკურატურა განსაზღვრავს~.
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ედიშერ მახარაძე 2004 წლამდე პროკურორად მუშაობდა, დღეს ის ადვოკატია. კოლეგების მოსაზრებას _ საპროცესო შეთანხმების მიღწევა ყოფილ პროკურორებს უადვილდებათ, არ იზიარებს. `განსაკუთრებული საქმეები აჭარის ან ბათუმის პროკურატურის დონეზე კი არა, გენერალურ პროკურატურაში წყდება. ვერ ვხვდები, რა შეღავათი შეიძლება გამეწიოს, თუკი პროკურატურის მხრიდან არანაირი პრივილეგია არ არსებობს~.
ადვოკატს 2008 წელს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებებზე, ძირითადად, არ მუშაობს. ისეთ ფაქტსაც იხსენებს, როცა საპროცესო შეთანხმებას, ჯერჯერობით მაინც, ვერ მიაღწია: `განსასჯელ გურამ კონცელიძეს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს. თუმცა, ისეთი მუხლები აქვს წაყენებული, უნდა გაუფორმონ. კონცელიძეს, გასული წლის აგვისტოს ომის დროს, არასწორი პოლიტიკის გატარება და იარაღის უკანონოდ ტარება ედება ბრალად~. 
ედიშერ მახარაძე ამტკიცებს, რომ საპროცესო შეთანხმების დროს ადვოკატის ფაქტორი გადამწყვეტი არ არის. საპროცესო შეთანხმებაზე კი, ძირითადად, სახაზინო ადვოკატები მუშაობენ. 


თმის ხნა თუ მარიხუანა


ექსპერტების განსხვავებული დასკვნა

სოდ-მა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმიდან თბილისში მიმავალი ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბიზნესმენი თალალ ალ აზი მუჰამედი `ბენზეს~ გზატკეცილზე დააკავა. ბრალდების მიხედვით, ეჭვმიტანილისგან ამოღებულია 13.9 გრამი მცენარეული მასა _ თმის ხნა, რომელიც მარიხუანას შეიცავს. დაკავებული გირაოს, ასი ათასი ლარის საფასურად, წინასწარი პატიმრობიდან სამ დღეში გაათავისუფლეს.


ნივთიერებას, რომელიც ბრალდებულის ჩანთიდან ამოიღეს, სამი ექსპერტიზა ჩაუტარდა, აქედან ორი ამტკიცებს, რომ ამოღებული ნივთიერება მარიხუანას არ შეიცავს. აჭარის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტის, შორენა მუხაშავრიას დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ეს მასა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანაა. ეჭვმიტანილი სწორედ ამის საფუძველზე იქნა პასუხისგებაში მიცემული. 
განსასჯელს მიაჩნია, რომ იგი უდანაშაულოა და ის თმის საღებავის გამო ცნეს ბრალდებულად. ეჭვმიტანილის განმარტებით, ხნას არაბულ სამყაროში მამაკაცები თმის შესაღებად იყენებენ, რადგან იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმის ხარისხს. 
თალალ ალ აზი მუჰამედი: `2006 წლის 6 აგვისტოს პოლიციელებმა გამაჩერეს და მითხრეს, რომ უნდა შევემოწმებინე. მათ შეამოწმეს მანქანა და მკითხეს ჩანთაზე, ჩემი თუ იყო. ჩანთიდან ამოიღეს ხნა, რომელსაც თმის შესაღებად ვიყენებ. ფიქრობენ, რომ ნარკოტიკია. 
დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველმა ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა დადო. სხვა ექსპერტიზა ამიტომაც ჩავატარებინე. და მართლაც დადასტურდა, რომ ეს ნივთიერება ნარკოტიკი არაა. 
საპროცესო შეთანხმებას არ გავაფორმებ, რისთვის გადავიხადო 100 ათასი ლარი, დამნაშავე არ ვარ. ასე მგონია, ამ საქმით ვიღაც დაინტერესებულია. ჩვენ სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანიები გვაქვს საქართველოში~.
მეორადი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად (წარმოდგენილი მასა არ შეიცავს მარიხუანას), საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაინც გადაეგზავნა.
მოსამართლე როინ კახიძე საქმეს 2008 წლიდან განიხილავდა. სასამართლო გამოძიების დროს ადვოკატის მოთხოვნით დაინიშნა მესამე ექსპერტიზა. კომისიური ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს, წამყვანი ქიმიკოსების მონაწილეობით. ექსპერტიზამ ამოღებულ ნივთიერებაში მარიხუანას არსებობა არც ამჯერად დაადასტურა.
ადვოკატ ედიშერ მახარაძის თქმით, მოსამართლე როინ კახიძემ მესამე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ `ოჯახური მდგომარეობის გამო პროცესი ერთხელ გადადო, მერე კი დასრულებული საქმე სასამართლოს თავმჯდომარეს ჯემალ კიკნაძეს გადააწერა, რაც ძალიან საეჭვოა. ჯემალ კიკნაძე ქობულეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გადაჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ისევ სხვას უნდა გადაეწეროს. ანუ სასამართლოს უჭირს საქმის შეწყვეტა, მაგრამ ამ საქმეზე ან გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს, ან ძიება შეწყდეს~.
ედიშერ მახარაძის ინფორაციით, ბრალდებულის უფლებები ექსპერტიზის ჩატარების დროსაც დაირღვა: `თალალს უნდოდა ექსპერტიზას დასწრებოდნენ თვითონ და ის პირებიც, ვისი მონაწილეობითაც დაილუქა ნივთმტკიცებულება. ამაზე მას უარი არ მიუღია, მაგრამ ექსპერტიზას მაინც არ დაასწრეს~. 
რამდენად მოსალოდნელია, რომ ეჭვმიტანილის გამართლების შემთხვევაში დადგეს ამ კონკრეტული ექსპერტის, შორენა მუხაშავრიას პასუხისმგებლობის საკითხი? ედიშერ მახარაძე: `მაშინ უნდა დამტკიცდეს, რომ ექსპერტმა განზრახ გასცა ყალბი დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცდომილება. თუ ექსპერტმა განზრახ გასცა ყალბი დასკვნა, ეს სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხია, რაზეც მტკიცებულებაა საჭირო. ასევე დანაშაულია სამსახურებრივი დაუდევრობა~. 
მუჰამედის მიერ გადასახდელი გირაოს თანხა თავდაპირველად 50 ათასი ლარით თუმცა მოგვიანებით თანხა 100 ათას ლარამდე გაზარდეს.
ერაყელი ბიზნესმენის საქმის გამოძიების ზედამხედველი, აჭარის პროკურატურის პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილია. 



მოქალაქე ი.კ. იარაღის უკანონო ტარების, ადამიანის დაჭრისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვის ბრალდებით რვა თვის წინ დააკავეს. გასულ კვირას, სასამართლო პროცესზე კიდევ ერთმა წინასწარპატიმრობაში მყოფმა, შოთა საყვარელიძემ აღიარა, რომ დანაშაული, რომელიც ი.კ-ს ბრალდება, მან ჩაიდინა. 


2008 წლის 30 ივლისს, ბათუმის ზღვისპირა პარკში (ბულვარი, სასტუმრო ინტურისტის წინ) ზვიად ჩახვაძე დაჭრეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ქობულეთის პოლიციამ სექტემბერში, ჩაქვის ეკლესიის ეზოში, ი.კ. დააკავა. მკვლელობის მცდელობასთან ერთად, დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერების ტარებაც ედება ბრალად. 
გასულ პარასკევს, სასამართლო პროცესზე პატიმარმა შოთა საყვარელიძემ, რომელსაც სულ სხვა დანაშაული _ ყაჩაღობა და ნარკოტიკის გამოყენება ედება ბრალად და პატიმრობაში იმყოფება თქვა, რომ ზვიად ჩახვაძე დაჭრა თვითონ და არა ი.კ-მ. 
შოთა საყვარელიძე, რომელიც, როგორც თვთონ განაცხადა, დაზარალებულ ჩახვაძის მეზობელია, წინასწარი გამოძიების დროსაც ჰყავდათ დაკითხული. როგორც თვითონ მოსამართლეს 6 მარტს უთხრა, პირველი დაკითხვის დროს სიმართლე არ უთქვამს, ანუ თავისი ჩვენება სასამართლო გამოძიებაზე შეცვალა: `ლაშა ჩახვაძე მე დავჭერი, ი.კ. უდანაშაულოა. ბულვარში ინტურისტის წინ ვიჯექით, ვსაუბრობდით, ვსვამდით, ჩახვაძემ წყობიდან გამომიყვანა. მან, შელაპარაკების ნიადაგზე, ყელში ხელი წამიჭირა და მახრჩობდა. მაკაროვის სისტემის იარაღი ფეხებში ვესროლე. მაშინ არ მაწყობდა ამის თქმა და მაგიტომ არ ვაღიარე დანაშაული~. 
კითხვაზე, ახლა რატომ გადაწყიტა შოთა საყვარელიძემ სიმართლის თქმა, მოწმემ განაცხადა: `მე სიმართლის თქმა ოქტომბერში გადავწყვიტე. მაშინ გავიგე, რომ ჩახვაძის დაჭრა უდანაშაულო კაცს ბრალდებოდა. ეს ამბავი გამომძიებელს ვუთხარი კიდეც და ჩვენების შეცვლა ვთხოვე. ის დამპირდა, რომ ამ საქმით დაინტერესდებოდა, მაგრამ შემდეგ ჩემთან აღარ მოვიდა~. 
_ `გულწრფელია ეს ჩვენება?~ - ჰკითხა მოსამართლე ვერა დოლიძემ საყვარელიძეს.
_ `ვფიქრობ, ჩემ ჩვენებას ლაშა ჩახვაძეც დაადასტურებს~. 
_ თუ იცი, ეს სასჯელი რამდენ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს? _ ჰკითხა პროკურორმა საყვარელიძეს. 
_ `კი, დაახლოებით 15 წელს~ - უპასუხა განსაჯელმა. 
_ `თხუტმეტი კი არა, 30-წლიანი პატიმრობა არ აგცდება~, _ ასეთი იყო პროკურორის კომენტარი. 
ორივე ბრალდებული _ შოთა საყვარელიძე და ი.კ. ამჟამად ბათუმის მე-3 საპყრობილეშია მოთავსებული. გასულ კვირას, სასამართლო პროცესზე, ბადრაგებმა ისინი ერთი მანქანით მიიყვანა. ეს საქციელი პროკურორმა პროცესზე გააპროტესტა. მისი აზრით, ბოლო ჩვენება მტკიცებულებად სწორედ იმიტომ არ უნდა ჩაითვალოს, რომ ბადრაგირების დროს პატიმრებმა ერთმანეთი ნახეს. 
თუმცა, აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ლადო მგალობლიშვილმა `ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ბადრაგირებამდე, ანუ 6 მარტის სასამართლო პროცესამდე ორი კვირით ადრე იცოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საპყრობილეში ავიდნენ და საყვარელიძეს ახსანა-განმარტებაც ჩამოართვეს.
ადვოკატის თქმით, დაჭრის ნაწილში კ.-ს ბრალი ჩახვაძის ნათესავის, ვინმე თამარ ფიფიას ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. მან ეჭვმიტანილი წინასწარი გამოძიების დროს ამოიცნო. 
6 მარტს, სასამართლო პროცესზე იძულებით მოწმედ დაზარალებულის მეუღლე მეგი ფეტიძეც დაიკითხა. მან განაცხადა, რომ დაჭრილი ზვიადი საავადმყოფოში მოინახულა, დაჭრის შესახებ კი მისმა მაზლმა, დათო ჩახვაძემ აცნობა. მეგი ფეტიძის განცხადებით, მეუღლის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია: `ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა, მგონი რუსეთშია~. 
რაც შეეხება თავად დაზარალებულს, ზვიად ჩახვაძე წინასწარი გამოძიების დროს დაიკითხა: ციტატა საქმის მასალებიდან: `არ ვიცი ვინ დამჭრა, მაგრამ ვიცი, რომ ი. კ.-ს არ დავუჭრივარ~. 
ადვოკატის თქმით, აღნიშნული დანაშაული ოც წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესი 20 მარტისთვის გადაიდო. მანამდე კი პროკურორი დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენას შეეცდება. 


რეპორტაჟი ახალსოფლიდან

ახალსოფლის მოსახლეობა მგზავრობის სიძვირეზე ჩივის. ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას სოფელი რაში გამოიყენებს, ჯერჯერობით, გაურკვეველია, რადგან ამ ფულის გახარჯვაზე სოფელში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს მიაჩნია, რომ ამ ფულით სოფლის ცენტრში, წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს ან გზა უნდა გაკეთდეს, ზოგიც თანხის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განაწილებას ითხოვს. 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე ე.წ. `სოფლის ბირჟაა~. გადაჭრილ ხის მორზე უხუცესები სხედან. ერთი თუთუნს ახვევს, მეორე ჩემს დანახვაზე საუბარს წყვეტს. ულვაშებიანი, სამოცდაათწელს მიტანებული მამაკაცი იქ მყოფებს მაცნობს: `ეს ყოფილი ბუღალტერია, ეს აგრონომად მუშაობდა...~
შოთა ტეტემაძე საუბარს კითხვის დასმის გარეშე იწყებს: `ვენაცვალე სააკაშვილს. ამბობენ, პურის ფქვილს მოგვცემსო, აზოტი მოგვცა. ხვნა-თესვისას ერთი კალისტრა სალიარიც რომ გვაჩუქოს, მეტი რაღა გვინდა? ახლის ხელში უარესი იქნება. 80-ლარამდე პენსია მაქვს, არ მყოფნის, მარა უნდა ვიყოფინო. თვეში 25 ლარის თუთუნი მჭირდება, ხუთი მანათის ქახალდი, გედი-გამოდი ქალაქში და დამთავრდა პენსიაც. 76 წლის კაცი ვარ და ჯერ არ მახსოვს, გლახა წევიდეს მთავრობიდან და კაი მევიდეს. ვინცაა, ჩემთვის ის ჯობია, უწინ წიფლის ქერქს ჭამდნენ სოფელში~.
ბატონი შოთა მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ წელს ტონა-ნახევარი მანდარინი გონიოში 17 `კაპიკად~ ჩააბარა. `მერე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტელევიზიით თქვა, რომ ციტრუსი ყველამ კარგად ჩააბარაო. ძირითადი შემოსავლის წყარო ჩაი და ციტრუსია და ორივე მომსპარია~. 
კითხვაზე _ რით ირჩენენ ადამიანები თავს ახალსოფელში _ შოთა ტეტემაძე მპასუხობს: `ქალაქში იყიდის პაპიროს, გავა იგერ, დაუმატებს სამ კაპიკს და ასე ვაჭრობს. პურის ფულს კი აკეთებს, მარა ყველა ასე ხომ არ წავა სოფლიდან?~
ოთარ კუცხალიძე 28 წელი ბრიგადირად მუშაობდა: `აგრონომი კაცი ვარ, 300 ტონა ჩაის ვამზადებდი, მარა ახლა ჩაიში ტურა და მგელი მომრავლდა. ტყეში გასვლა და შეშის დამზადება სახიფათოა: რომ მოღამდება, ტურები ეზოში შემოდიან. პირუტყვს ვერ ვდენით გარეთ. ამას წინათ სკოლასთან ცეცხლი გაჩნდა და სამი ტურა დაიწვა. 
74 წლის ვარ, სამუშაოს ვეძებ, მარა ასაკოვანს არავინ ასაქმებს. ახლა ბიუჯეტიდან ფულია გამოყოფილი სოფელში, ზოგი ამბობს ცენტრში საპირფარეშო გავაკეთოთო, ზოგი _ წყალი მოვაწესრიგოთო, არადა, ყველაზე მთავარი გზაა~. 
`მძღოლი კაცია, ტრაქტორისტი~ _ ასე მაცნობენ მუხო ვარშანიძეს თანასოფლელები: `ორი კვირაა დავდივარ სამსახურის საშოვნელად, მარა არავის უნდა ხნიერი კაცი, რა ვქანა `ვჯდანვარ~ სახლში უმუშევარი~.
შეიძლბა გაგესაუბროთ? _ ვკითხე გვერდით მდგომ შედარებით ახალგაზრდა მამაკაცს: `ალე ვარ შარაძე, ყველაფერი კარგადაა ჩვენთან... ჯერჯერობით, ვსუნთქვათ, 90 პროცენტი დაუსაქმებელია სოფელში. ცოტას დავბარავთ და ეგაა ჩვენი მუშაობა~.
ზებურ ტეტემაძე ახალსოფელში სპორტული დარბაზის ან მოედნის გაკეთებას ითხოვს. `ბავშვებმა ფეხბურთი რომ ითამაშონ, იმის ადგილი არაა სოფელში, არც ქარხანაა, არც ფაბრიკა, ახალგაზრდები თავს ჯოკრის თამაშით ირთობენ. თუ მთავრობამ ნამდვილად გამოყო თანხა, გზას რატომ არ აკეთებენ?~ 
მთავრობის მიერ სოფლებისთვის თანხის გამოყოფაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც სმენია: `მარტში ასფალტი დაიგებაო, თქვეს. ყველა მაგას ლაპარაკობს, მარა რად გინდა, დამთავრდა მარტი და სადაა გზა~. 
სოფლის მცხოვრებთა მთავარი მოთხოვნებია: გზის შეკეთება, სტადიონი ბავშვებისთვის და სამუშაო ადგილები დიდებისთვის. 
ახალსოფელში ერთი საჯარო სკოლაა, ამიტომაც ბავშვები ყოველდღიურად სამ-ოთხ კილომეტრს გადიან ფეხით. მე-12 კლასელი თეონა მიქელაძე ამბობს, რომ ზოგჯერ მანქანით, უმეტესად კი ფეხით დადის სკოლაში. იგი წელს აბიტურიენტია. თამილა ბერიძე და ჯუნა მამულაძე მისი თანაკლასელები არიან. თამილა ყვება, რომ მეგობრები ოჯახებში იკრიბებიან და ასე ერთობიან. ჯუნა თხილნარშია გათხოვილი, მაგრამ სკოლაში მაინც დადის, უნდა ატესტატი აიღოს. 
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იმაზე წუწუნებენ, რომ სკოლისა და მისაღები გამოცდების პროგრამები ერთმანეთს არ ემთხვევა: `თუ მასწავლებელთან არ მოემზადე, ისე მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებ~.
სოფლიდან უკან მომავალმა შევნიშნე, როგორ ხდიდა არაყს მერაბ ფარტენაძე: `ჯერ თუთა, მერე ხურმა, ყურძენის ნარჩენისგან, ანუ ჭაჭისგან ვხდი არაყს~. დიდი შავი ქვაბიდან წვეთობით გადმოდის არაყი, იქვე სახელდახელოდ დადგმულ პატარა მაგიდაზე დალაგებულ არყის ჭიქებში მასპინძელი არაყს ასხამს და სტუმარ-მასპინძლობის სადღეგრძელოს სვამს...
გზაზე კაცი მოდის, მოგროვილი ფიჩხით ხელში. `ამით დილით ცეცხლს შევანთებ~, _ გვიხსნის ის. 
ბატონი გივიც ახალსოფელში ცხოვრობს. მის ოჯახს სერიოზული პრობლემა აქვს _მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს: `სახლთან დიდი მეწყერია მომდგარი, მითხრეს წალკაში წადიო. წალკაში როგორ წავიდე. ვცხოვრობთ სახლში, რომლის კედლებიც დაბზარულია, წვიმაში წყალი შემოდის და სახლი იტბორება. პატრონი არ ჰყავს ამ სოფელს, ერთი მანქანა ხრეში რომ ამოიტანო ჭოროხიდან და დაყარო სოფელში, 1000 ლარია ჯარიმა. სხვები ზიდავენ, აი ნახე...~ ხელით მიჩვენებს როგორ იტვირთება მანქანები ჭოროხის ნაპირზე.  
სოფელში ამბობენ, რომ ბევრი თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად, ქალების უმეტესობა კი ვაჭრობს. გზად კიდევ ერთი `ბირჟა~ შემხვდა, თურქეთიდან ჩამოტანილ საქონელს ათვალიერებენ.  




მათე ტაკიძე მოსწავლეებისა და პედაგოგების ბრალდებას უარყოფს
მოსწავლეებისა და პედაგოგების პროტესტი


აჭყვისთავის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პედაგოგები მასწავლებლის ცემაში ადანაშაულებენ. სასწავლო ნაწილის გამგემ დახმარება ჯერ აჭარის განათლების სამინისტროს სთხოვა, შემდეგ გაზეთის საშუალებით პრეზიდენტს მიმართა, უმართავი სასწავლო პროცესის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით პრაღაში, რადიო `თავისუფლების~ ხელმძღვანელებსაც კი აცნობა. 

~გაზეთ ბათუმელებისა~ და რადიო `თავისუფლების~ ჟურნალისტებმა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში წასვლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, როცა ამ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, ნანი ჯაფარიძის მეშვეობით გავიგეთ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, ჩაშლილია. ჩვენი იქ ყოფნის დროს სკოლაში განათლების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძეც მივიდა. 
როგორც პედაგოგები ამტკიცებენ, აჭარის განათლების მინისტრმა, უმართავი სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია პედაგოგებისგან წერილობით, რამდენიმე თვის წინ მიიღო. წერილობით ან პირად საუბარში პედაგოგებისგან მსგავსი ინფორმაციის მიღებას მათე ტაკიძე უარყოფს. მინისტრით უკმაყოფილონი არიან მოსწავლეებიც: `როცა მინისტრი ჩვენთან იყო, საშუალება არ მოგვეცა, მას დავლაპარაკებოდით~. მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში მისულ მინისტრთან სკოლის პრობლემებზე უნდოდათ საუბარი. 
მოსწავლეები, რომლებიც ასევე ორ ბანაკად არიან გაყოფილი, ნორმალურ სასწავლო პროცესს ითხოვენ. `მასწავლებლების ნაწილი პირველ სართულზე იკრიბება, ნაწილი _ მეორეზე. გვინდა, რომ ისინი ერთ სამასწავლებლოში იკრიბებოდნენ~, _ ამბობს სოფო მემარნე. 
`ერთ-ერთმა მასწავლებელმა გაკვეთილზე ყურანი შემოიტანა და დაიფიცა, რომ ის მართალია~, _ ყვებიან მოსწავლეები. 
მოსწავლეები იმ პედაგოგების დასახელებისგან თავს იკავებენ, ვინც სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვას უქმნის პრობლემას. `მუქარები ჩვენზეცაა, სკოლიდან გარიცხვით გვაშინებენ~, _ ამბობენ მე-11-კლასელები.
მოსწავლეთა უმრავლესობა, ყველაზე კატეგორიულად კი თამუნა რომანაძე, სკოლაში ნეიტრალურ დირექტორს ითხოვს.  

მოსწავლეები და პედაგოგები
კონფლიქტის პერიოდში, სკოლის დირექტორი გივი ხახუტაიშვილი გარდაიცვალა. დირექტორის მეუღლეს, ნატო მოისწრაფიშვილს საუბარი უჭირს, მაგრამ იმას, რომ დირექტორს სასწავლო ნაწილის გამგესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ადასტურებს. ნატო მოისწრაფიშვილი: `გარდაცვალებამდე მეუღლემ მითხრა, რომ მის კაბინეტში, კომპიუტერის გამო, ინგრეოდა ყველაფერი. ადამიანს ნერვიულობისგან გული გაუსკდა~. 
აჭყვისთავის სკოლაში, როგორც მასწავლებლები ამბობენ, `არასახარბიელო~ მდგომარეობა წლებია გრძელდება. თუმცა, კულმინაცია პრეზიდენტის საჩუქარს უკავშირდება. პრეზიდენტის საჩუქარი _ კომპიუტერი, წარჩინებულ და, ამასთან, სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ეკუთვნოდა. სასწავლო ნაწილის გამგე, ნანი ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ეს საჩუქარი გაიცა უსამართლოდ: `კომპიუტერი იმას უნდა მიეღო, ვისაც ათბალიანი შეფასება ჰქონდა, დირექტორმა იგი მესამეკლასელს გადასცა. ამ კლასში კი ათბალიანი შეფასება საერთოდ არ იყო დაწერილი~.  
და ისევ ნანი ჯაფარიძე: `გარდაცვალებამდე დირექტორს ვკითხე, რა კრიტერიუმებით გასცა კომპიუტერი და ამის შესახებ მე, სასწავლო ნაწილმა რატომ არ ვიცოდი~. 
ნანი ჯაფარიძე დირექტორთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ სკოლაში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი გარდაიცვალა: `მაშინ სკოლაში `ხახუტაიშვილების ბრბო~ შემოიჭრა და მის გარდაცვალებაში დამადანაშაულეს. მე არასახარბიელო ურთიერთობა დირექტორის მეუღლესთან, ნატო მოისწრაფიშვილთან მქონდა~. 
საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა, როგორც თვითონ ამბობს, წერილობით აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა და ითხოვა გამოეძიებიათ, რამდენად ობიექტურად გაიცა კომპიუტერი: `ლამის ადამიანის სიკვდილს მაბრალებენ. მე კი მხოლოდ საქმის შესწავლას ვითხოვდი. აჭარის განათლების მინისტრმა ერთი პატარა ინციდენტის მოგვარებაც კი ვერ შეძლო. ძნელია, როცა მინისტრს ხვდები და შენს გასანადგურებლად მომზადებულ თვალებს ხედავ~. 
ნანი ჯაფარიძე, ამის მიზეზად, მის ოპოზიციონერობას ასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგი ბადრი პატარკაციშვილის შტაბში მუშაობდა და მისი სურათი, სკოლაში დღესაც სამუშაო მაგიდაზე უდევს. 
პედაგოგი მარინა ცნობილაძე: სკოლაში დაძაბულობა ათი წელია გრძელდება, `სასწავლო ნაწილის გამგე კონფლიქტურია. კომპიუტერი მიზეზია, იგი სამართლიანად გადაეცა მოსწავლეს~.
ინკოგნიტო პედაგოგი (ვინაობის დასახელება არ ისურვა): `ჟურნალისტებიც ერთი მხარის წამომადგენელი ხართ, ეს დადგმული მასკარადია~. 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მას პედაგოგის ცემაში რამდენიმე მასწავლებელი ადანაშაულებს. პედაგოგი ამირან რომანაძე ირწმუნება, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ რომანაძემ, 12 იანვარს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამირან რომანაძე პროფკავშირის თავმჯდომარეცაა. ამირან რომანაძე: `როცა ავთანდილ რომანაძემ სასწავლო ნაწილის გამგეს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, მე ის დავიცავი~.
ავთანდილ რომანაძე პედაგოგის ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ `სამართალდამცავებმა საქმის ძიება დაიწყეს და ეს საქმე უკვე დაიხურა~. 
დასახმარებლად `ნაცემმა პედაგოგმაც~ აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა. `პედაგოგს აინურშიაც არ აგდებენ, ესაა აჭარული დემოკრატია~, _ აცხადებს სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც სკოლაში უმართავი სასწავლო პროცესის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას კვლავაც ითხოვს. მისი მტკიცებით, უკვე წლებია სკოლაში გაკვეთილები არ ტარდება. 
ავთანდილ რომანაძე კი ამბობს, რომ მან ნანი ჯაფარიძეს მართლა შესთავაზა თანამდებობის დატოვება, მაგრამ უარყოფს, რომ ეს აჭარის განათლების მინისტრმა დაავალა. რომანაძე დასძენს, რომ ნანი ჯაფარიძეს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ამ დღეებში ჩააბარებს.


"მაშინ ყველა დასაჭერია"



"ესე იგი, ფანჯრიდან რომ დაინახო საეჭვო რამ, თუ არ აცნობე პატრულს, ცუდადაა შენი საქმე? გამოდის, ამ მიზეზით ნებისმიერი ადამიანის დაკავება შეიძლება და პატრონიც არავინაა... ხომ შეიძლება შეგითითხნონ, თითქოს რამე მოხდა და რომ არ შეატყობინე, ციხეში გაგიშვან? ფაქტის შეთითხნას რა უნდა... დამტკიცება იმისა, რომ შენ გაიგონე ან დაინახე რაღაც, ადვილია: ეგრევე წაგიყენებენ პირში ანონიმურ მოწმეს. ვერც გაიგებ ვინაა... ნუთუ გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ მუდმივად საკუთარი ალიბის შექმნით იყო დაკავებული?..." _ თბილისის ფორუმზე კოდექსის ერთ-ერთ მუხლს აქტიურად განიხილავდნენ. 

ნათია როყვა

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის რაიმე დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ამ ინფორმაციას პოლიციას არ აწვდის, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.  
ბათუმის სასამართლოს მოსამართლემ გასულ კვირას სწორედ ამ მუხლით აღძრული საქმის განხილვა დაიწყო: 18 წლის გ.ჩ.-ს დაპატიმრების ბრძანება იმის გამო გასცეს, რომ მან დაინახა ჭავჭავაძის ქუჩაზე როგორ ჩხუბობდა ორი ადამიანი, მივიდა შემთხვევის ადგილზე და მათი გაშველება დაიწყო. ბრალდების მიხედვით, განსასჯელებისა და დაზარალებულის (ანუ მოჩხუბარი მხარეების) ჩვენების საფუძველზე დადგინდა, რომ 18 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იქვე იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ იმიტომ აღიძრა, რომ მან სამართალდამცავებს ჩხუბის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. 
`კაი რააა... რაც არ უნდა იყოს, დანაშაულის შესახებ რომ იცი, უნდა თქვა. დანაშაულის დაფარვა იგივე დანაშაულია და შენც თანამზრახველი გამოდიხარ, მორჩა და გათავდა!~ _ ეს ფრაზაც თბილისის ფორუმზე გამართული დისკუსიიდანაა აღებული.
`ბათუმელების~ მიერ ქუჩაში გამოკითხულ შვიდ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანს კი სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლზე არაფერი სმენია. კანონის ამ მოთხოვნის განმარტების შემდეგ შეფასება რამდენიმე მოქალაქემ გააკეთა.
19 წლის ბექა: `კაცობა და დასმენა ერთმანეთისგან განსხვავდება. დანაშაულის შესახებ საპატრულში დარეკვა შპიონობა და არაკაცობაა~. 
58 წლის გურამ დადიანი: `მაშინ მთელი საქართველო დასაჭერია, ყველა რაღაცას მალავს. მთავრობის ხალხიც ხომ გვიმალავს იმას, რაც ქვეყანაში ხდება? ჟურნალისტებიც იტყუებიან ხანდახან. თუ ინფორმაციის დამალვა სასჯელს ითვალისწინებს, მაშინ ეს კანონი მარტო გაჭირვებულ კაცზე კი არა, ყველაზე უნდა მოქმედებდეს. ჩვენთან კანონი ვიღაცისთვის არსებობს და ვიღაცისთვის _ არა~. 
28 წლის გიორგი მექვაბიშვილი, დისტრიბუტორი: `არა მგონია, რომ მსგავსი ქმედება დანაშაულად ითვლებოდეს, მე ამის შესახებ არ მსმენია~. 
გიორგის მსგავსად ამ კანონის შესახებ არაფერი გაუგიათ მაია ცივაძესა და მის მეგობრებს. მათ უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრეს.  
კანონში კი აი რა წერია: დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად _ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 
მაგალითად, თუ ადამიანი შეესწრო მაღაზიის გაქურდვის ფაქტს და შემთხვევის ადგილი ისე დატოვა, რომ იგი არავის დაუფიქსირებია, მაშინ მას ბრალს ვერ წაუყენებენ ინფორმაციის არმიწოდების გამო, მაგრამ თუ ადამიანი შემჩნეულ იქნა ვინმესგან ან ვიდეოკამერის მეშვეობით დაფიქსირდა მისი დანაშაულის ადგილზე ყოფნა, იგი აუცილებლად დაიკითხება მოწმის სახით. მოწმე კი ვალდებულია მისცეს სწორი ჩვენება. თუ მოწმემ იცრუა და ეს დადგინდა ვიდეომასალით, მაშინ მას ცრუ ჩვენებისა და ინფორმაციის დაფარვისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. 
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მომუშავე პასუხისმგებელი პირი.
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.