ჩვენიანები და სხვები

среда, 20 января 2010 г.

კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მივეჩვიე იმას, რომ ``ბათუმელებს`` მთავრობის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, სხდომაზე არ გვეპატიჟებიან _ ეს ბევრჯერ გვითქვამს, ახალს არაფერს ვამბობ...
``კარებიდან თუ არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე``, _ ხშირად მიმეორებენ რედაქტორები, ტრენერები. მაგრამ როცა არც კარებია, არც ფანჯრები და ღია ცის ქვეშ ფოტოს გადაღების უფლებას არ გაძლევენ, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის.
31 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ფოტოების გადაღება გადავწყვიტე; აკრედიტაციისთვის აჭარის მთავრობას მივმართე და შესაბამისი დოკუმენტი მივიღე კიდეც. ფოტოების გადასაღებად ერას მოედანზე ახალ წლამდე ერთი საათით ადრე გავედი.
``პრესა არ დაიშვება`` _ მითხრა პრეზიდენტის დაცვის ერთმა თანამშრომელმა. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება და რატომ არ დავიშვები-მეთქი, ვკითხე: ``სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს, ეს ბრძანებაა``, _ მითხრა დაცვის სხვა თანამშრომელმა. მესამემ ამიხსნა, რომ ექსკლუზივი ტელეკომპანია ``იმედს`` ჰქონდა, ანუ ვიდეო და ფოტო გადაღება მხოლოდ ``იმედის`` ჟურნალისტებს შეეძლოთ.
პრეზიდენტის დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, როცა ჩემს აკრედიტაციის ფურცელს დახედა, მირჩია, აჭარის მთავრობისთვის მიმემართა. დავრეკე თეა ქარდავასთან, მასთან, ვინც აკრედიტაცია მომცა. ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურს ვუთხარი, რომ ფოტოების გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ. ``სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, ჩვენ არ ვწყვეტთ, რომელი მედია დაიშვება კონცერტზე და რომელი _ არა``, _ დამდეგი ახალი წელი მივულოცე და საუბარი დავასრულე.
კითხვა _ თუ აჭარის მთავრობა არ წყვეტს, რომელი ჟურნალისტი დაესწრება კონცერტს, მაშინ რატომ არიგებენ აკრედიტაციას? ღია ცის ქვეშ, შორიდან ხომ ფოტოს გადაღება კი არადა და მოსმენაც შეუძლებელია (მით უფრო საახალწლო ბათქა_ბუთქის ფონზე).
იქ, სადაც სურათების გადაღების უფლება მე არ მომცეს, აჭარის ტელევიზიის, `მზის~ და `რუსთავი 2~_ის ჟურნალისტები მუშაობდნენ. უფრო კონკრეტულად _ ამ სამი ტელევიზიის მიკროფონი და რამდენიმე ჟურნალისტი ვიცანი.
გადავწყვიტე სახლის სახურავიდან გადამეღო რამდენიმე კადრი, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა კორპუსში ასვლის უფლებაც არ მომცეს.
`არ შიძლება და მორჩა. კითხვებს ნუ სვამ, მერე რა რომ ჟურნალისტი ხარ. არ შეიძლება გადაღება~... ერთმა აგრესიულად, მეორემ ბოდიშის მოხდით მთხოვა იქაურობის დატოვება.
წამოვედი.
კითხვის დასმის უფლება ყველა ჟურნალისტს რომ არ აქვს, ეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მაშინაც გამიმეორეს, როცა მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს ხვდებოდა ბათუმში, მესამე საჯარო სკოლაში.
ათამდე ვიდეოკამერა და ათზე მეტი ჟურნალისტი დამხვდა სკოლასთან, 12 იანვარს. გადაკეტილი იყო ქუჩები, ხშირად მოძრაობდა პატრული და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ავტომატებით მანქანებში ისხდნენ.
``შეხვედრა დახურულია`` _ შესასვლელთან მითხრეს დაცვის თანამშრომლებმა.
ერთმა კოლეგამ მასწავლებლობა დაიბრალა. ამ შეხვედრაზე დასწრება სჭირდებოდა; ``სიაში ხართ?`` _ ჰკითხა მას ადამიანმა, რომელმაც ჯიბიდან თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი დამსწრეების სია ამოიღო;
`მხოლოდ ის პედაგოგები შევლენ, ვინც სიაში არიან~ _ განუმარტეს მას.
ბუნებრივია, ყველა პედაგოგს ვერ დაიტევდა დარბაზი, მაგრამ ერთი რამ საინტერესოა, რა ნიშნით არჩევენ პედაგოგებს ასეთი შეხვედრებისთვის? ლოტოტრონით? პროფესიული თვალსაზრისით? თუ...
პრეზიდენტის ესკორტი რომ მოვიდა, მხოლოდ ჩვენ _ ``ბათუმელები``, ``ტვ 25``, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და რამდენიმე ოპერატორი ვიყავით გარეთ. პირდაპირი ეთერია და უყურეთ ტელევიზორში _ დამარიგა პრეზიდენტის დაცვამ.
რედაქციაში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. `იმედზე~ პირდაპირი ეთერით მართლა გადაიცემოდა;
ზუსტად 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა პერზიდენტი პედაგოგებთან. მე მხოლოდ 20 წუთს მოვუსმინე;
ტელევიზორი მაშინ ჩავრთე, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ბავშვები ფულს არ უნდა ატარებდნენ, ამიტომაც სავალდებულოა ყველა მოსწავლეს პლასტიკური ბარათი ჰქონდეს. გაიხსენა ის პერიოდი, როცა თავად იუსტიციის მინისტრი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე დაჰყავდა ციხეებში. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, როგორია ციხე, საპატიმროში ყოფნა...
პრეზიდენტმა ბევრ რამეზე ისაუბრა მასწავლებლებთან, 31 დეკემბერს გამართული კონცერტი და `მსოფლიო კლასის~ ვარსკვლავებიც გაიხსენა. მერე კი თქვა, რომ ატესტატის ასაღებად მოსწავლემ ათი გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროს...
`ბავშვებს კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეთ; ყველაფერი ეჭვქვეშ უნდა დააყენონ _ რაც დღეს ვთქვი, ესეც უნდა დააყენონ ეჭვქვეშ და ხანდახან ისიც ჯანსაღად ეჭვქვეშ უნდა დააყენონ, რასაც მასწავლებელი მათ ეტყვის, მაგრამ ის კი არა, რომ აუჯანყდნენ~, _ თქვა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას.
``განათლებულობაშია საქართველოს მომავალი, მისურვეთ წარმატება მე, გისურვებთ წარმატებებს``, _ ასე დასრულდა ``რუსთავი 2``-ის საინფორმაციო გამოშვება. პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტს ეს არხი გადასცემდა პირდაპირ ეთერში.
თითქოს არაფერია, არა? რა შეიძლება გამეკეთებინა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ მე და ჩემნაირი ჟურნალისტები იქ არ შეგვიშვეს. მართალია, გამიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ პრეზიდენტს ვერაფერსაც ვერ ვკითხავდი. მასთან მიახლოება მარტივი სულაც არ არის. მაშინ რა? პრინციპში ვხვდები _ ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების, რაღაც ნიშნით დაყოფას ერთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს _ ჩვენიანები და სხვები.




ზუსტად ცხრა თვეში დასრულდა მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულთა საქმის გამოძიება. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს _ ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს _ შოთა (მამუკა) გორგიაშვილს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივეს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. ბრალდებულები ბრალდებას უარყოფენ.



ლევან ამირიძე, რომელმაც აგვისტოს ომის დროს თავის ბატალიონთან ერთად რამდენიმე კვირა მტრის ზურგში გაატარა, გასული წლის 29 დეკემბრამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა. ბოლო სასამართლო პროცესზე კი მან თქვა: `ჩემი ბატალიონი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. ისიც კი არ გვითხრეს, რომ (ქართული სამხედრო შენაერთები) უკან იხევდნენ. ჩვენ მტრის ზურგში, 30 კილომეტრის სიღრმეში, 27 აგვისტომდე დავრჩით. ჩვენ დანაკარგების გარეშე შევასრულეთ ყველა ამოცანა... ჩვენმა ბატალიონმა ჩამოგდებული თU-22 სტრატეგიული ბომბდამშენის ორი რუსი პილოტი აიყვანა... ამის მიუხედავად, არავის აზრად არ მოსვლია, მოსულიყო და მოეკითხა ეს ბატალიონი~.
თავდაპირველად სასამართლოზე გორგიაშვილმა აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული ორივე ბრალდება _ ამბოხი ხელისუფლების დამხობის მიზნით და დაუმორჩილებლობა. სექტემბრის ბოლოს კი მან შეცვალა პოზიცია და სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში ცნობდა. გორგიაშვილმა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა იმაზე, რომ მის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება საჯარო გამხდარიყო. მან თავის ბოლო სიტყვაში თქვა: `აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ყველა _ სამხედროები, ოფიცრები, ამაზე ერთმანეთში ვსაუბრობდით. მე არასდროს დამიმალავს ჩემი უკმაყოფილება და ვერ წარმომიდგენია ერთი ოფიცერიც კი, რომელიც კმაყოფილი იქნებოდა წაგებული ომის შემდეგ, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც აგვისტოში ომის დროს მოხდა. ამის გამოხატვა მოხდა მუხროვანში ჩემი მხრიდან~.
თავის დასკვნით სიტყვაში ოთანაძემ, რომელმაც ასევე განაცხადა უარი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე, უარყო მის მიმართ არსებული ბრალდებები და განაცხადა, რომ რომც დაეგეგმა შეთქმულება, იგი საქმეს არ დაიჭერდა ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმე გია ღვალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ღვალაძე წარსულში სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებში მსახურობდა, მას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნდა და ოთანაძე სწორედ ამ ფაქტს გულისხმობდა, როდესაც აცხადებდა, რომ ღვალაძეს გამოცდილება არ ჰქონდა.
``გაოგნებული ვარ; ვერ გავიგე, რა ხდება... ღვალაძემ თითი დაადო ვიღაცას და ეს გახდა ყველაფრის საფუძველი~, _ განუცხადა კობალაძემ სასამართლოს 29 დეკემბერს. კობა კობალაძემ სასამართლოში გამოთქვა იმედი, რომ მას გაამართლებენ. ის მართლაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მუხროვანის ამბოხების პრეისტორია ქართული ტელევიზიების მიერ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით ასეთია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა 2009 წლის 5 მაისს (როცა ამბოხებაში ბრალდებულები დააკავეს) პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამინისტრომ ჩაშალა `სრულმასშტაბიანი~ სამხედრო ამბოხების გეგმა, რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ: `როგორც ჩანს, ეს გეგმა იყო კოორდინირებული რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას~.
ტელევიზიებით ნაჩვენებ კადრებში სამხედრო ბაზაზე ჩანდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ``მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსეთთან კავშირში...`` _ აღნიშნა მერაბიშვილმა. როდესაც მერაბიშვილმა კობალაძის სახელი ახსენა, სააკაშვილმა შეაწყვეტინა და განაცხადა: `გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე``.
`ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით... ამ ხალხს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში``, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
კიდევ ერთ ვიდეომასალაში სააკაშვილი მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხაზზე დამწკრივებულ ჯარისკაცებს ესაუბრება: `რა უნდოდათ სხვადასხვა კრიმინალებს და ბანდიტებს თქვენს ნაწილში?~.
``ხომ არ ეგონათ თქვენ ბრიყვ მეთაურებს, რომ მე ვარ შევარდნაძე``, _ მიმართა სააკაშვილმა ჯარისკაცებს. მას მუხროვანში შევარდნაძის მმართველობის დროს მომხდარი ამბოხება ჰქონდა მხედველობაში.
მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში არც ერთ საქმეში არ არის ნახსენები რუსეთი და მასთან დაკავშირებული ``ამბოხების კოორდინირებული გეგმა``.
მუხროვანის საქმეში 41 განსასჯელი ფიგურირებდა. მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს _ კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს _ სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს _ 9-წლიანი პატიმრობა.
მოსამართლემ პროკურატურის მიერ შვიდი სამოქალაქო პირის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა.