წლის რეზონანსული ფაქტები

среда, 30 декабря 2009 г.







2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე, ფონდ `ინკლუზივის~ ოფისში ხუთი უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. უცნობმა პირებმა იქ მყოფები გააფრთხილეს, არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ `მათი უფროსი~ აინტერესებდათ. მოგვიანებით ოფისში უცხო პირთა რიცხვი 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, მათ არ ეცვათ პოლიციის ფორმები. არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და ვინაობის გამჟღავნებაზე.


ნათია როყვა

გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, მათ არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას _ ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების: ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას.
ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ `ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა~. ამ თავდასხმის შემდეგ დააკავეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პაატა საბელაშვილი. ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე, დავით ხიდაშელის სახელით.
მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს, თუ ის დაუყოვნებლივ არ გაჩუმდებოდა (`მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ~, `გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ~ და სხვ). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას, მან უპასუხა: `მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო~; `მე ვარ კანონიცა და სასამართლოც~. გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, მათ უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთ მათგანს ჩხრეკის ოქმი ადგილზე არ შეუდგენია.
პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი `პოლიციელი~ ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ `ამათ ქალის სხეული შემაზიზღეს~.
`ინკლუზივმა~ საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა უფლებების დაცვისთვის.

***
`ქუთაისში დიდების მემორიალის~ დემონტაჟის დროს აფეთქების შედეგად დედა და 11 წლის გოგონა დაიღუპა. მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა, რომ ტრაგედია, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 46-მეტრიანი მონუმენტის დემონტაჟი იმ მიზნით განხორციელდა, რომ იმ ადგილას პარლამენტის ახალი შენობა უნდა აიგოს.

***
უშანგი გოდელაძე სამართალდამცავებმა ბათუმში დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლო (აღკვეთის დოკუმენტში) მოიხსენიებდა, როგორც კანონიერ ქურდს. მისი გარდაცვალება სამედიცინო დაწესებულებებში დაადასტურეს, თუმცა გარდაცვალების მიზეზები არ დაუსახელებიათ. გარდაცვლილის მეუღლე _ ნინო აბრამიშვილი, რომელიც ქარელში ცხოვრობს, `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ მისი მეუღლის ცხედარზე მძიმე დაზიანებები აღინიშნებოდა: `შუბლიდან კეფამდე თავი მოკერილი ჰქონდა, ეს ქირურგიული ნაკერები იყო და არა _ ექსპერტიზის... მთელი სხეული ჩალურჯებული ჰქონდა. ვიცი, რომ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა~. ნინო აბრამიშვილის თქმით, ცნობაში, რომელიც მას ღუდუშაურის კლინიკაში მისცეს, წერია: `გარდაცვალების მიზეზი უცნობია~.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 38 წლის უშანგი გოდელაძე ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აღმკვეთი ღონისძიება _ ორთვიანი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს. თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანიდან მეორე დღეს უშანგი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

2009 წელს წართმეული ქონება
სავაჭრო ცენტრი `ბათუმი~ ე.წ. `ხოფის ბაზრობა~, ყოფილი მესაკუთრეების თქმით, ერთ მილიონადაა შეფასებული. ერთ-ერთმა მოწილემ _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, დანარჩენ მესაკუთრეებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ქონება ჩამოართვა და თავისივე ბრძანების საფუძველზე, `სავაჭრო ცენტრ _ 2009~-ს გადასცა. ბაზრობის ერთ-ერთ მესაკუთრეს, ილია ანანიძეს, 2009 წელს ბათუმის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. `ხოფის ბაზრობის~ წართმევის `პროცედურა~ 2006 წლიდან დაიწყო. `მაშინდელი ქალაქის მერის _ ირაკლი თავართქილაძის ერთპიროვნული ბრძანებულების საფუძველზე (მერმა ბათილად ცნო მერიის კაბინეტის გადაწყვეტილება) მერიამ ბაზრობის ტერიტორიისა და უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. საჯარო რეესტრმა ბაზრობა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით _ 100-პროცენტიანი წილით, ხელისუფლებას დაურეგისტრირა.

****
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცავებმა ორი ძვირადღირებული ავტომანქანა _ `ბენტლი~ და `ნისან-ნავარა~ ირლანდიის მოქალაქეს _ დიმო ცხონდიას 4 აგვისტოს ჩამოართვეს. ცხონდიას განუმარტეს, რომ ავტომანქანები მოპარული იყო. ირლანდიის მოქალაქე ირწმუნება, რომ მისი მანქანით ქვემო ქართლის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) უფროსი _ ალექსი გოგლიძე გადაადგილდება. გორის სამხარეო პოლიციის შენობის წინ `ბათუმელებმა~ ძვირადღირებული ავტომანქანა _ `ბენტლი~ დააფიქსირა. დიმო ცხონდია `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველა ის დოკუმენტი წაიღეს, რითაც ქალაქ სოფიაში მანქანების შეძენა დასტურდება. მისთვის არც მანქანების ჩხრეკის და ჩამორთმევის ოქმები მიუციათ. აჭარის პროკურატურა ამჟამად ავტომანქანების შეძენის კანონიერებას სწავლობს.
სამართალდამცავების მხრიდან ჩამორთმეული ტრანსპორტის გამოყენების შესახებ `გაზეთი ბათუმელები~ 2006 წლის მარტშიც წერდა. მაშინ ბათუმელმა მიშა გაგოშიძემ განაცხადა, რომ მას ავტომანქანა `ტოიოტა-ლენდკრუიზერი~ 2005 წლის 5 ნოემბერს `ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მანქანის განბაჟება-რეგისტრაციის~ ბრალდებით ჩამოართვეს. გაგოშიძემ თავისი მანქანა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ალანიას დაკავების ოპერაციის ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ამოიცნო. მისი მანქანით სპეცრაზმი გადაადგილდებოდა. ბიზნესმენმა მაშინ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას `უკანონოდ~ შეძენილი მანქანის ჩუქება სთხოვეს.

***
`საზოგადოების ცინიკური გამოწვევა ხელისუფლების მხრიდან~ _ ასე შეფასდა სანდრო გირგვლიანის მკვლელების, შს სამინისტროს ოთხი თანამშრომლის _ გია ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძის ვადამდე პირობით გათავისუფლება 2009 წელს. ოთხეული 2006 წლის 6 მარტს დააპატიმრეს და სამწელიწადნახევრიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ერთი წლით მონასტერში გაამწესეს. სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი _ შალვა შავგულიძე `ბათუმელებთან~ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა გათავისუფლებას აფასებს: `სასამართლოს მიერ ამ ოთხი ბრალდებულისთვის ისედაც არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების მოუხდელი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტით გაანახევრეს. 2009 წლის 6 სექტემბერს კი სამართლიანობის პრინციპისა და საზოგადოების აზრის სრული იგნორირებით, ეს მსჯავრდებულები ვადამდე პირობით გაათავისუფლეს სასჯელისგან. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტო, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, აქტიურად მოქმედებდა კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის გაყალბების, დანაშაულში მონაწილე გარკვეულ პირთა დაფარვისა და მხილებული დამნაშავეებისათვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის დანიშვნისთვის~. გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა ევროსასამართლოში 2010 წლის 2 თებერვალს დაიწყება.

წლის ამბოხი

2009 წლის 5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, მუხროვანის სამხედრო ნაწილში სამხედრო ამბოხისა და ამ გზით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც 4 მაისს დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმ `დელტას~ ყოფილი მეთაური, მაიორი გია ღვალაძე საუბრობდა ამბოხების დეტალებზე და საგანგებოდ დაასახელა ცნობილი გენერლების გვარები. მისი `აღიარების~ საფუძველზე დააკავეს ყოფილი სარდალი, კობა კობალაძე, პოლკოვნიკები _ კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე და 38 სხვა სამხედრო და სამოქალაქო პირი. განსასჯელთაგან არც ერთს უხსენებია ამბოხი, ისინი მხოლოდ დაუმორჩილებლობას აღიარებდნენ.
მუხროვანის ინციდენტის გამო დაპატიმრებულ პირთა შორის ცნობილი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაიაც აღმოჩნდა, რომელსაც ჯაშუშობასა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. მუხროვანის სამხედრო ამბოხში მონაწილეობისთვის ძებნილთა დაკავების სპეცოპერაციას, რომელიც პოლიციელებმა 2009 წლის 20 მაისს, ღამით, თიანეთის გზატკეცილზე ჩაატარეს, 48 წლის პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო პოლკოვნიკები: კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ დაიჭრნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ძებნილი სამხედროები საქართველოს ფარგლების დატოვებას ცდილობდნენ და ისინი ორმხრივი სროლის შედეგად დაშავდნენ, თუმცა თვითმხილველები უარყოფენ, რომ ძებნილებმა ცეცხლი გახსნეს. სასამართლო პროცესზე რამდენიმე ადამიანი _ ამბოხებაში ბრალდებულები, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. ვინც ბრალდება არ აღიარა, პროკურატურა იმათთვის 30-წლიან პატიმრობას ითხოვს.
****
დარბევა
6 მაისს, ღამით, გიორგობის დღესასწაულზე, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. სამმართველოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ ჟურნალისტის, ნიკა ავალიანის წინააღმდეგ ჩადენილი ხულიგნობისთვის დაკავებული მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და 15 წლის გიორგი ონიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულები, ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, იზოლატორში მიიყვანეს და აწამეს.
გია გაჩეჩილაძე, იგივე `უცნობი~, სამმართველოს ღობეზე გადავიდა და შენობისკენ გაემართა... მოგვიანებით, ნაცემი `უცნობი~ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. სიტუაციის გამწვავების შემდეგ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენეს. დარბევის შედეგად დაიჭრა ოცდაათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა პოლიციის `შეცდომა~. ეს `შეცდომა~ პოლიციამ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ 15 ივნისს მომხდარი შეტაკების დროს დაუშვა. მაშინ ჟურნალისტები დაშავდნენ და ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ტელეკომპანიებმა: `მაესტრომ~ და `კავკასიამ” განაცხადეს, რომ ინციდენტის დროს მათი გადამღები ჯგუფები სცემეს. პროტესტის ნიშნად ორივე ტელეკომპანიამ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა. სცემეს ასევე European Pressphoto Agency- ს ფოტოგრაფი.
პოლიციამ ჟურნალისტებს ვიდეო და ფოტოკამერები წაართვა. `ვწუხვართ და ბოდიშს ვიხდით ამის გამო... ეს არის ჩვენი შეცდომა და ჩვენ ამას ვაღიარებთ~ _ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.


ჩინოვნიკების დაპატიმრება ბათუმში
სამართალდამცავები აჭარის სააღსრულებო ბიუროს ყოფილ უფროსს ეძებენ, ხოლო ქობულეთისა და ბათუმის სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელები უკვე დაპატიმრებულნი არიან. სამივე ბრალდებულის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. სასამართლო ჩინოვნიკების საქმეს 2010 წელს განიხილავს; გელა თავდგირიძეს, რომელიც აჭარის სააღსრულებო ბიუროს რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავებმა ბათუმის ყოფილი აღმასრულებელი _ მერაბ სანიკიძე და ქობულეთის აღმასრულებელი _ გიორგი წიკლაური დააკავეს. მათაც ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედებათ. წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ზედამხედველობას კი აჭარის პროკურატურა გაუწევს.

***
`სახელმწიფო, მე, ზურაბ ბერიძეს, მედავება იმაში, რომ განზრახ არ შევამოწმე საწარმოები. მაგრამ ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ციხეში ველოდები კანონს, ბრძანებას, აქტს, რომლითაც მე, შემოსავლების სამსახურის უფროსს, მევალებოდა საწარმოების შემოწმება. ეს პარიზიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის მცდელობას ჰგავს. გამოძიებას ვთხოვ, წარმომიდგინოს ერთი დოკუმენტი, რითაც ჩემი ბრალეულობა მტკიცდება~, _ განაცხადა სასამართლო პროცესზე ზურაბ ბერიძემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ყოფილმა უფროსმა.
ბრალდების მტკიცებით, ბათუმში მოქმედმა 19-მა სხვადასხვა კომპანიამ და ხუთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფოს ერთი მილიონი ლარი აზარალა. შემოსავლების სამსახურმა კი, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხელმძღვანელობდა, ეს ფირმები არ შეამოწმა. ზურაბ ბერიძეს მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ის ამჟამად პატიმრობაშია.
***
ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი 2009 წლის 23 მარტს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს. იგი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. გამოძიების მტკიცებით, ავალიანის საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი აბაზანაში, იპოვეს შავი ფერის დიდი ჩანთა, რაშიც აღმოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, `მაკაროვის~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი, ორი ყუმბარა, დიდი ოდენობით ტროტილი და სხვა სახის საბრძოლო მასალები.
ავალიანი ბრალდებას უარყოფს. მოსამართლემ მას ორ წლით პატიმრობა მიუსაჯა.

****
2009 წლის 11 ნოემბერს, ღამით, საკუთარ ბინაში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი უშიშროების მინისტრი _ თამაზ ნინუა და მისი მეუღლე მოკლეს. ორივეს თავში ჰქონდა ნასროლი. ექსპერტთა აზრით, მკვლელობა პროფესიონალის მიერ არის ჩადენილი... 27 ნოემბერს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჯემალ და ეთერ ნინუების საქმე გახსნილად გამოაცხადა და ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა ბიზნესმენი, 60 წლის თამაზ ნინუას მეგობარი, თამაზ გოგია. მკვლელობის მოტივად თანხის მითვისების მიზნით ანგარება დასახელდა. თამაზ გოგია დანაშაულს არ აღიარებს.
***
2009 წლის 26 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობის 30-მეტრიანი მონაკვეთის ჩამონგრევას ამავე კომპანიის მემონტაჟეების _ ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება შვიდ თვეს გრძელდებოდა, რომელმაც გამოავლინა ერთადერთი ბრალდებული, მშენებელი დავით გვასალია და რომელიც საპროცესო გარიგების საფუძველზე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დაღუპულ ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრთა თქმით, გამოძიება თავიდანვე არაობიექტურად წარიმართა. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა დაეკისროთ როგორც `რუსთავი 2~-ის იმჟამინდელ გენერალურ დირექტორს, ისე კომპანია `არტიქსს~, რომელიც უკანონოდ აწარმოებდა ადგილზე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს.
****
`პოლიტიკური პატიმრები~ _ ასე შეაფასეს ეკა ბესელიას ძმისა და შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი. სერგო ბესელიას, რატი მილორავას და მათთან დაკავებულ ორ პიროვნებას ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა. სკოლის მოსწავლეებს წელიწადნახევრიანი პატიმრობა და ორი ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ბესელიას ძმას და მის ნაცნობს კი ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა და ოთხ-ოთხი ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო პროცესი ხმაურით, მოსამართლის ჯემალ კიკნაძის, პროკურორების _ კონსტანტინე ცაცუასა და ზვიად ფხაკაძის მიმართ ბრალდებებით დასრულდა: `არაკაცი ხარ~, `ამ დარბაზში გაგასამართლებთ~, `კოკოითზე უარესი ხართ, არასრულწლოვნებს ციხეებში კეტავთ არარსებული დანაშაულისთვის~.
მოსამართლეს დარბაზში 30-მდე ბადრაგი და მანდატური იცავდა.


შს სამინისტროს გენინსპექცია გაზეთ „ბათუმელების~ ჟურნალისტ თედო ჯორბენაძისთვის დაშანტაჟების მცდელობის ფაქტზე მოკვლევას აგრძელებს. აღძრულია თუ არა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, `ბათუმელებისთვის~ უცნობია.
რედაქციამ პროკურატურას 24 დეკემბერს წერილობით მიმართა, რათა მიეღო განმარტება, რა რეაგირება მოჰყვა პროკურატურაში ერთი თვის წინ შეტანილ განცხადებას. რედაქცია ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაზეთის თანამშრომელთა დაშინების და მათთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტზე.
25 ნოემბერს შს სამინისტროს თანამშრომლები შანტაჟის გზით შეეცადნენ თანამშრომლობაზე დაეყოლიებინათ ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე, „ბათუმელების~ საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორი. სპეცსამსახურის თანამშრომლები შეეცადნენ, შეელახათ თედო ჯორბენაძის და გაზეთის იმიჯი სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.

***
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის _ ლევან ყუბანეიშვილის მიმართ `ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო~ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნიკოლოზ ჩიხრაძე და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 30 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა ჩიხრაძე, რომელმაც 26 აპრილს გააგზავნა მუქარის ელექტრონული წერილი, რითაც `ყუბანეიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრა~. შსს-მ ასევე გაავრცელა დაკავებულის აღიარებითი ვიდეოჩვენება, სადაც პირი, რომელიც შსს-ს თქმით, ნიკოლოზ ჩიხრაძეა, აღიარებს ყუბანეიშვილის `სიცოცხლისადმი~ მუქარას.
მუქარის წერილი `ბათუმელების~ ელექტრონულ მისამართზეც შევიდა 2008 წელს. მოკვლით ემუქრებოდნენ მთავარ რედაქტორს და ჟურნალისტს. ამ ფაქტთან დაკავშირებით რედაქციამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. გამოძიებისგან პასუხი `ბათუმელებს~ დღემდე არ მიუღია.