თავისუფლება, რომლის ფასსაც პროკურორი ადგენს

пятница, 4 июня 2010 г.


საპროცესო შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმარი შეიძლება სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. ბრალდებულის თავისუფლების ფასს პროკურორი წყვეტს. იურისტები ამბობენ, რომ განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში გამართლებულ საპროცესო შეთანხმება საქართველოში პატიმრებს არათანაბარ პირობებში აყენებს.


ნათია როყვა, გაზეთი „ბათუმელები“


ბრალდებულს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ თუ არა, ამას პროკურორი წყვეტს; პროკურორი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. მოსამართლეს შეუძლია პროკურორის მიღებულ გადაწყვეტილებას ან დაეთანხმოს, ან არა. თუმცა, არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები პროკურორის შუამდგომლობას ყოველთვის ეთანხმებიან.
კოდექსში აღნიშნულია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მაქსიმალური ჯარიმა დგინდება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მისი ქონებით განისაზღვრება.
„თანხას, რამდენი უნდა გადაიხადოს განსასჯელმა, პროკურატურა ადგენს, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს“, _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გია ქარცივაძე.
„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ისეთ ძირეულ პრინციპს, როგორიცაა კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობა“, _ მიიჩნევს ადვოკატი შალვა შავგულიძე.
იურისტი რამინ პაპიძე კი თვლის, რომ „საპროცესო გარიგება მომაკვდინებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.“
ადვოკატების ნაწილს მიაჩნია, რომ პროკურატურა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კი არა, იმით გასაზღვრავს განსასჯელი პირის გათავისუფლებას, თუ ვინ იცავს მას.
ადვოკატი რამინ პაპიძე: „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების უხარისხოდ გამოძიების, არასწორი კვალიფიკაციის მინიჭების გამო, ხშირად მიწევს პროკურორთან დაპირისპირება. კონკრეტული პროკურორი იმას აკეთებს, რასაც კარნახობენ. დაუფარავმა პროტესტმა ის შედეგი მომიტანა, რომ პროკურატურამ ჩემი საქმიანობა დაბლოკა. მაგალითად, სოფელ ახალშენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ნოდარ დიასამიძეს, პროკურორ დავით ჭარბაძემ უთხრა: „თუ საქმეში პაპიძეს დატოვებ, საპროცესოს არ გაგიფორმებთო. ჭარბაძემ აჭარის სახანძრო სამსახურის ყოფილ უფროსს, ზაზა სურგულაძესაც ასეთივე ულტიმატუმი წაუყენა“.
რამინ პაპიძე კიდევ ერთ საქმეს იხსენებს: „იგივე დავით ჭარბაძემ, საპროცესოს გაფორმებაზე, უარი მითხრა აკაკი მინაშვილის საქმეშიც. შემდგომ საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო. ზუსტად იგივე პირობებით, წერტილ-მძიმეც არ შეუცვლია, გააფორმდა საპროცესო, ანუ პატიმარი გაანთავისუფლეს პატიმრობიდან“.
პაპიძის დაკვირვებით, საპროცესოს, ძირითადად, იმ ადვოკატების მონაწილეობით აფორმებენ, რომლებიც ადრე პროკურატურაში მუშაობდნენ. „ამჟამად, საქართველოში, პატიმრის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ საპროცესო გარიგებითაა შესაძლებელი. როცა თავისუფალ ადვოკატს ამის საშუალება არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსს აღარ გიტოვებენ. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა კლიენტს ჩემგან წასვლა თვითონ ვურჩიე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, _ ამბობს პაპიძე.
ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი, რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ იძულებული გახდება საადვოკატო საქმიანობას თავი დაანებოს.
ადვოკატ შალვა შავგულიძეს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გამართლებულია, მაგრამ ამ ფორმას ქართულ პრაქტიკაში მანკიერად იყენებენ: „მაგალითად, ხელისუფლებისთვის არასასურველ თანამდებობის პირებს უგონებენ დანაშაულს და შემდეგ ამაში ბევრ ფულს ახდევინებენ“.
შალვა შავგულიძისთვის ამ თვალსაზრისით სულხან მოლაშვილის საქმეა განსაკუთრებით საინტერესო: „პროკურატურამ კონტროლის პალატის მრავალი თანამშრომელი დააპატიმრა. მათ ერთს სთხოვდნენ: ეთქვათ, რომ სულხან მოლაშვილს ქრთამს აძლევდნენ და პასუხისმგებლობას არ დააკისრებდნენ. უარის შემთხვევაში სასჯელით ემუქრებოდნენ. ამ სახის ცდუნებას ვიღაც უძლებს, ვიღაც _ ვერა“.
ადვოკატი ამბობს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ნებისმიერი ინსტიტუტი შეიძლება ნეგატიურად იქნას გამოყენებული. პროკურორებსა და გარკვეულ ადვოკატებს შორის ალიანსის არსებობას შალვა შავგულიძეც ეთანხმება: „პროკურორებს არ სურთ საქმეში ჩართონ ის ადვოკატები, რომლებიც დაცვას რეალურად ახორცილებენ. ისინი პრაქტიკიდან ნელ-ნელა იდევნებიან. სამაგიეროდ შემოსავლები ეზრდებათ ადვოკატებს, რომლებიც პირიქით მოქმედებენ _ დაცვას არ ახორციელებენ. ეს ადვოკატები კლიენტის კი არა, პროკურორების ინტერესებს იცავენ“.
შალვა შავგულიძე: „მქონდა შემთხვევა, როცა ჩემს კლიენტს უთხრეს _ შავგულიძე ჩვენთან დაპირისპირებას ნიშნავს. თუ საუბარი იყო ორასი ათას ლარზე ან ნახევარ მილიონზე, პროკურატურა ჩამოსულა 10 ათასს ლარამდე და კლიენტისთვის უთქვამს - ადვოკატი შავგულიძე საქმეს ჩამოშორდესო“.
იგივე მოსაზრება აქვს ადვოკატ რამინ გვარიშვილსაც: „საპროცესო შეთანხმება, ძირითადად, იმ ადვოკატებთან ფორმდება, ვინც ადრე პროკურატურაში მუშაობდა. ზოგიერთი ადვოკატი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ ვერ აფორმებს, რომ შედეგის მიღწევას სასამართლო პროცესზე, არსებითი განხილვით ცდილობს, ანუ პროკურორებთან კამათობს კიდეც, რაც პირად კონფლიქტში გადადის. შესაბამისად, პროკურატურაში საპროცესოზე აღარც მსჯელობენ. სხვებისგან განსხვავებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ორმაგ ჯარიმებს იხდიან“.
გვარიშვილს, ისევე როგორც სხვებს, პრაქტიკაში ჰქონია საქმე, როცა, მისი აზრით, უდანაშაულო ბრალდებულმა, საპროცესოს მისაღწევად, დანაშაული აღიარა. ადვოკატების მტკიცებით, საპროცესო შეთანხმებისას აუცილებელი პირობაა რომ განსასჯელმა ბრალდება აღიაროს.
იურისტების აზრით, არათანაბარ პირობებში ადამიანებს ისიც აყენებს, რომ „საპროცესო შეთანხმების თანხა კანონით არაა განსაზღვრული“. მინიმალური თანხა ორი ათასი ლარია, მაქსიმალური ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება. თანხის ოდენობას კი პროკურატურა განსაზღვრავს.
იურისტი ედიშერ მახარაძე 2004 წლამდე პროკურორად მუშაობდა, დღეს ის ადვოკატია. კოლეგების მოსაზრებას _ საპროცესო შეთანხმების მიღწევა ყოფილ პროკურორებს უადვილდებათ, არ იზიარებს. „განსაკუთრებული საქმეები აჭარის ან ბათუმის პროკურატურის დონეზე კი არა, გენერალურ პროკურატურაში წყდება. ვერ ვხვდები, რა შეღავათი შეიძლება გამეწიოს, თუკი პროკურატურის მხრიდან არანაირი პრივილეგია არ არსებობს“.
ადვოკატს გასულ წელს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებებზე, ძირითადად, არ მუშაობს. მისი აზრით, საპროცესო შეთანხმებაზე, ძირითადად, სახაზინო ადვოკატები მუშაობენ.

„შესაძლოა, სასჯელს დაეთანხმოს პიროვნება, მაგრამ არ აღიაროს დანაშაული. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობაში ცოტა ბუნდოვანია. თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, რატომ უნდა იყოს იგი თანახმა სასჯელზე. ეს პრაქტიკაში ხდება.
ერთსა და იმავე დანაშაულისთვის შეიძლება ადამიანებს ერთნაირი თანხის გადახდა დაეკისროთ, მაგრამ რომელიმეს არ ჰქონდეს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ესაა პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი იმიტომ ვერ თავისუფლდება სასჯელისგან, რომ თანხას ვერ იხდის. საპროცესო შეთანხმების დადებითი მხარე ისაა, რომ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს ნაკლები ჯაფა ადგიათ_“ეს კომენტარი მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ „ბათუმელებთან“ მაშინ გააკეთა როცა იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. (ამჟამად ჯემალ კიკნაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის წევრი და ქობულეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლეა.)
მოსამართლე ჯემალ კიკნაძე ამობს, რომ ადრე სასამართლოს ჰქონდა უფლება, ჯარიმა, მაგალითად, ოთხი ათასი ლარი, ჩამოეყვანა ხუთასამდე, რაშიც ახლა სასამართლო შეზღუდულია. მოსამართლე საპროცესოს იმ ფორმით ამტკიცებს, რა ფორმითაც შედის მასთან შუამდგომლობა. „როგორც წესი, საპროცესო შეთანხმება ფორმდება ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაულზე. თუმცა, კანონში არც ის წერია, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ეს შესაძლებელი არ არის. საპროცესო კანონმდებლობაში არსად წერია შეზღუდვებზე _ როდის და რატომ არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცება“_ამბობს მოსამართლე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, გაუპატიურებაში ბრალდებული გიორგი ჩიქოვანი, სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი, სასტიკად ნაცემი 24 წლის გოგონა მის პატიმრობაში ყოფნას სთხოვდა მოსამართლე როინ კახიძეს. ალუმინის ქვაბების ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კი უარი უთხრეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა, პატიმრობიდან გათავისუფლების სნაცვლოდ 50 ათასი ლარი გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ალუმინების ქურდობაში ბრალდებულის ოჯახმა სასამართლო დარბაზში თქვა, რომ ბიუჯეტში შესატანი სამი ათასი ლარი ვერ შეაგროვა.
კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ მხარეების პროკურორები. საქართველოში სულ რვა მხარეა, ანუ ათასობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება რვა სამხარეო პროკურორს უხდება.