ქეთი მელუა ბათუმში

четверг, 16 июля 2009 г.



გუშინ ქეთი მელუამ ბათუმში საქველოქმედო კონცერტი ჩაატარა; წვიმის მიუხედავად კონცერტს ათასობით ადამიანი ესწრებოდა; 





   ეს პატარა ქოლგის ქვეშ შეყუჟული ცეკვავდა კონცერტის დროს

ბატონო შოთა გამარჯობათ

среда, 15 июля 2009 г.




გუშინ რედაქტორმა ინფორმაცია მომაწოდა: ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან ბავშვი გაუტაციათო. მოკლედ, ეს ინფორმაცია უნდა გადამემოწმებია. ეს იქნებოდა პატარა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური კომენტარით უნდა გამემყარებინა. ბუნებრივია, კომენტარი პოლიციისგან უნდა მიმეღო. ზუსტად ორი საათი ხულოს პოლიციის სამმართველოში ვრეკავდი. 
არავინ მპასუხობდა.
მერე ნაცნობი პოლიციელისგან ხულოს სამმართველოს თანამშრომლის ნომერი გავიგე, ამ პოლიციელმა მისი თანამშრომლის ნომერი მომცა, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში მიხსნიდა სიტუაციას, მაგრამ სტატიაში თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა. სამაგიეროდ საქმის გამომძიებლთან, რამინ შავაძესთან დამაკავშირა, რომელმაც ის მაინც მითხრა, სისხლის სამართლის საქმე რომელი მუხლით იყო აღძრული. ამასობაში დაახლოებით კიდევ ორი საათი გავიდა. 
სტატიაში სამი მთავარი პერსონაჟია: ერთი _ 8 წლის ბავშვი, რომლის ვინაობის დასახელება ისედაც არ შეიძლება, ბავშვია და იმიტომ. მეორე _ 20 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია და კანონით არც მისი დასახელება შეიძლება და მესამე _ პოლიციელი, რომელმაც ამბავი მომიყვა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვა; ნიუსი დავწერე, მაგრამ ვერც ბავშვის, ვერც ეჭვმიტანილისა და ვერც პოლიციელის სახელი ვერ მივუთითე!
მეორე დღეს ახალი ფაქტის შესახებ მქონდა ინფორმაცია; ისევ რედაქტორისგან. ეს ინფორმაცია მკვლელობას უკავშირდებოდა _ მოკლული ბათუმში მცხოვრები ჯუმბერ ჯაბნიძეა. გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული _ გარდაცვლილის ცოლის უახლოესი ნათესავები. 
ხალხის თქმით, მოკლული მათთან, სოფელში იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა მათ ზუსტად არ იციან, როგორ აღმოჩნდა ბათუმში მცხოვრები ადამიანის ცხედარი აჭარის ყველაზე შორეული სოფლის ტყეში. მათი თქმით, გარდაცვლილი ჯერ მოკლულია და მერეა ხეზე ჩამოკიდებული. ვინ მიაწოდა სოფელს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ეს სიმართლე?
_ სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი ამ დღეების განმავლობაში. 
პოლიციაში ზოგმა ტელეფონი გამითიშა, ზოგმა ნომერი განგებ არასწორად მითხრა; ~დაფარული ნომრით გვირეკავთ სამმართველოში?~ _ მკითხა პოლიციელმა ხულოში, რომელსაც სამორიგეოში დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ რედაქციის ნომრით ვუკავშირდებოდი, ჩემი სახელი და გვარი კიდევ ერთხელ შევახსენე, საკუთარი მობილურის ნომერიც შევთავაზე _ ეს იმიტომ, რომ შევატყვე შეეშინდა, დაიბნა...
მერე ისევ ნაცნობის დახმარებით ხულოს პოლიციის უფროსს _ როლანდ იაკობაძეს დავუკავშირდი მობილურზე; მხოლოდ ერთი კითხვით მივმართე, არიან თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები; გამოძიების დეტალებზე საუბარს ხომ არ ვითხოვდი? მაგრამ უშედეგოდ, პოლიციელებს ხულოშიც, ისევე როგორც ბათუმში თუ თბილისში, ლაპარაკი აკრძალული აქვთ.
უფროსმა მითხრა _ ~მიმართეთ პრესსამსახურსო~ და მომიშორა. ხომ სასაცილოა, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკი გეუბნება, პრესსამსახურის გარეშე კითხვაზე ვერ გიპასუხებო... ძალიან მინდა დამეთანხმოთ, რომ ეს სასაცილოა...
მართალია ვფიქრობდი, რომ კმარა, მაგრამ ცოტა ხანში მაინც დავურეკე შოთა ხიზანიშვილს თბილისში... სწორედ ისაა ეგრეთ წოდებული ~პრესსამსახური~. შოთა ხიზანიშვილი კი ტელეფონს მაშინ გითიშავს, როცა ელაპარაკები: `გამარჯობათ ბატონო შოთა, მე ჟურნალისტი ვარ~ და მორჩა... მერე მთელი დღე რომ რეკო, მაინც ვერ დაუკავშირდები ბატონ შოთას... ვისაც არ სჯერა, რომ ასეა, ამ ნომერზე 877 99 22 88 დარეკოს. ეს შოთა ხიზანიშვილის ნომერია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის გავლენიანი პოლიციელია და მთლად ტყუილად ნუ შეაწუხებთ... რა ვიცი, ამას ვისთვის რა შედეგი მოყვება...


ბავშვის გატაცება თუ ...



ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ბავშვის _ რვა წლის ბიჭის გატაცების შესახებ ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას პოლიცია ნაწილობრივ ადასტურებს. ბავშვი პოლიციამ ქუთაისში იპოვა. დააკავეს ის ადამიანიც, ვინც ბიჭი სახლიდან წაიყვანა. საქმე გატაცების მუხლითაა აღძრული. 


ხულოში ერთ-ერთ ოჯახს მეგობრები ესტუმრნენ ქუთაისიდან (ამ ოჯახებისა და გამტაცებლის გვარებს `ბათუმელები~ შეგნებულად არ ასახელებს). სტუმარს, რომელიც ტაქსისტად მუშაობს და მეგობარს ხულოში თავისი მანქანით ესტუმრა, ოცი წლის შვილიც თან ახლდა. ეს ამ ოჯახში მათი პირველი სტუმრობა არ ყოფილა. 
`მეორე დილით შვილმა მამას მანქანა მოპარა, სახლიდან გაიპარა და მასპინძლის რვა წლის ბიჭიც თან გაიყოლა~, _ ამბობს `ბათუმელებთან~ ხულოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელსაც თავისი ვინაობის დასახელება არ სურს. 
პოლიციას ბავშვის მშობლებმა მიმართეს. `გამოცხადდა ძებნა ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ (საღამოს) ბიჭები პოლიციამ ქუთაისში დააკავა. ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს, ხოლო ტაქსისტის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა~.
~ტაქსისტის შვილი დაპატიმრებულია~, _ ამ ინფორმაციას ხულოს პოლიციის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე _ რამინ შავაძეც ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. პოლიციელები კატეგორიულად გამორიცხავენ ბავშვის გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით. წინასწარი მონაცემებით, ბავშვს სხეულზე არანაირი დაზიანება თუ ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
კიდევ ერთი ინკოგნიტო პოლიციელი ~ბათუმელებთან~ ამბობს, რომ ეს არ არის ტიპიური გატაცება და შეიძლება მან ბიჭი გაასეირნა: `ეჭვმიტანილს ეტყობა მამა მანქანას არ აძლევდა და შეიძლება ამიტომაც მოიპარა მანქანა... დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება და დადგინდება, ხომ არ აქვს ფსიქიკური პრობლემები. გამორიცხული არაფერია~.  
ეს დანაშაული 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 




დახურულ სასამართლო პროცესზე კუდის თანამშრომლები დაიკითხებიან



სამი მოწმის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა. ოფიციალური ვერსიით, მოწმეები ის პოლიციელები არიან, ვინც ზურაბ ავალიანის _ ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის სახლს უთვალთვალებდნენ ბათუმში. ასევე დაიკითხნენ კუდის თანამშრომლები, თუმცა პროკურორის მოთხოვნით ეს პროცესები დაიხურა, ანუ დაინტერესებულ ადამიანებს მათი მოსმენის უფლება არ აქვთ.


ღია სხდომაზე მოსამართლემ განსასჯელის ნათესავები _ გიორგი და ჰაიდარ ავალიანები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაზვერვის ორი თანამშრომელი _ გურამ ჩანტლაძე და დათუნა ქურიძე დაკითხა. ავალიანის სახლს სწორედ ისინი უთვალთვალებდნენ. 
გურამ ჩანტლაძემ მოყვა, როგორ მიიღეს ავალიანის თვალთვალის დავალება მან და დათუნა ქურიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. ~უფროსმა _ უჩა შანიძემ თათბირზე დაგვავალა განსასჯელის სახლისთვის თვალთვალი~.

 
ჩანტლაძის თქმით, ზურაბ ავალიანი და მისი მძღოლი სახლში შავი ფერის ავტომანქანით საღამოს შვიდ საათზე მივიდნენ. ავალიანმა მანქანის საბარგულიდან დიდი ზომის მძიმე ჩანთა გადმოიღო და სახლში აიტანა. მოგვიანებით მძღოლმა ნუგზარ დიასამიძემ, დავით გოგრაჭაძეც მიიყვანა ავალიანის სახლში. მოწმის თქმით, მას შემდეგ ავალიანი, გოგრაჭაძე და მძღოლი სახლიდან არ გასულან. დილის ხუთ საათზე კი, როცა სახლთან სპეცრაზმი მივიდა, ჩანტლაძემ და ქურიძემ სამეთვალყურეო ობიექტი დატოვეს. 
ადვოკატის კითხვებზე: განსასჯელის ჭიშკარი ღია იყო თუ დაკეტილი, რა ეცვა ავალიანს _ ქურთუკი თუ მაისური, როგორ იხსნებოდა მანქანის საბარგული _ შიგნიდან თუ გარედან, მანქანაზე სათადარიგო საბურავი სად იყო მიმაგრებული _ წინ თუ უკან, რომელ ხელში ეჭირა მანქანიდან გადმოტანილი ჩანთა ავალიანს; სახლის კიბეები ღია იყო თუ დახურული, აივანი იყო თუ პირდაპირ სახლში შესასვლელი; ეზოში შესვლის შემდეგ სად იმყოფებოდა მძღოლი _ მოწმე მხოლოდ პასუხობდა: `არ ვიცი, არ მახსოვს~. 
~ცილისწამების არ გეშინია?~ _ ჩვენების დასრულების შემდეგ ჰკითხა განსასჯელმა ჩანტლაძეს.
~დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე~, _ უპასუხა გურამ ჩანტლაძემ და დარბაზიდან გავიდა. 
~გპირდები ადგილებს გავცვლით~, _ მიაძახა განსასჯელმა მოწმეს. ამ რეპლიკას პროკურორმა _ ვლადიმერ თურმანიძემ უპასუხა: `მასე პირდებიან ყველას, მაგრამ...~ 
დათო ქურიძის _ მეორე მოწმისა და გურამ ჩანტლაძის ჩვენებები იდენტურია. ორივე მოწმეს მხოლოდ იმ ჩანთის ფერი ახსოვს, რომელიც, მათი მტკიცებით, ავალიანმა სახლში აიტანა. ვერც ქურიძემ ვერ გაიხსენა ჭიშკრის ფერი და სახლი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა, ქვისაა თუ ხის. 
~არაფერი არ გახსოვს და მე გახსოვარ? იქნებ სხვამ აიტანა ეს ჩანთა?~ _ ჰკითხა მოწმეს განსასჯელმა და მან პროცესს ~სპექტაკლი~ უწოდა.
`შენ ხომ იცი, რაც გქონდა სახლში?~ _ ეს კითხვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დაუსვა განსასჯელს. 
~მე სახლში მსოფლიო ლიტერატურა მაქვს~, _ უპასუხა ავალიანმა. 
მოსამართლემ მოწმე _ ჰაიდარ ავალიანი დაიკითხა, რომელსაც ზურაბ ავალიანმა სახლში პოლიციელების შესვლის შემდეგ დაურეკა და სთხოვა, ჩხრეკას დასწრებოდა. მოწმის მტკიცებით, როცა ის მისი ნათესავის სახლში მივიდა, სახლი მთლიანად არეული იყო: `ზურა თავის საძინებელ ოთახში იჯდა. ჩხრეკა ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა, ერთმა პიროვნებამ ტახტი გადაწია და თქვა, აი, იარაღი ვიპოვეთო. მერე ზურამ საპირფარეშოში ითხოვა გასვლა, იქედან შემოსულმა კი თქვა, `ბიჭებო ვანაში შავი ჩანთაა და იცოდეთო~. ის ჩანთა პოლიციელმა მოგვიანებით შემოიტანა, ამოიღო საბრძოლო მასალები, ავტომატიც... ადვოკატი არ ამოუშვეს, ორდერი არ გაქვსო. სანამ ადვოკატმა ორდერი მოიტანა, ჩხრეკა დასრულდა და ზურა წაიყვანეს~.

 
სახელმწიფო ავალიანს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მის საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი აბაზანაში, იპოვეს შავი ფერის დიდი ჩანთა, რაშიც გამოძიების მტკიცებით, აღმოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, `მაკაროვის~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი, ორი ყუმბარა, დიდი ოდენობით ტროტილი და სხვა სახის საბრძოლო მასალები.
პირველ სასამართლო პროცესზე მოწმეებად ის პოლიციელები დაიბარეს, ვინც ზურაბ ავალიანი დააკავა. ესენი არიან: თემურ თავლაძე, ვალერი სულაბერიძე, დავით გიორგაძე, გიორგი კოკაია, ვაჟა დიასამიძე, განსასჯელის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ზურაბ ავალიანი ირწმუნება, რომ სწორედ ამ პოლიციელებმა ჩაუდეს მას სახლში ცეცხლსასროლი იარაღი: `ჩვენი მოწმეები, ვინც ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდა, ადასტურებენ, რომ ავალიანების საცხოვრებელ სახლში იარაღი პოლიციელებმა შეიტანეს~.
ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2009 წლის 23 მარტს დააკავა.


საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავს. 
ავალიანისთვის წაყენებული ბრალი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესს დახურვამდე 50-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
`ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ზურაბ ავალიანი ქედის გამგებელი იყო. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ის ქედის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ _ ლევან ვარშალომიძემ წარადგინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა, ზურაბ ავლიანის კანდიდატურაც მოხსნეს. ავალიანთან ერთად ბურჯანაძის პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.




21 წლის დათო (სახელი პირობითია), მოსამართლემ _ თემურ კაკაბაძემ დანის ტარებისთვის ორი ათასი ლარით დააჯარიმა. აღკვეთ ღონისძიებას ესწრებოდა დათოს მამაც. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს: ~ერთი სოფლელი გლეხი ვარ. დანის ტარება თუ დანაშაული იყო, არ ვიცოდით. ეს ერთი გვაპატიეთ და პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემს შვილზე. იგი ნასამართლევი არაა, თან სტუდენტია. ვერ გადავიხდი ამ თანხას და რა ვქნა?~.
პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა, მას უძრავი ქონების დაყადაღება ურჩია. ~საქართველოს ნებისმიერ კუთხეში არსებული ქონება შეიძლება დაყადაღდეს~ _ განუმარტა პროკურორმა ბრალდებულის მამას. 
თემურ კაკაბაძემ კი ბრალდებულს ადვოკატის დაქირავება ურჩია: `დროს ნუ კარგავთ, აიყვანეთ ადვოკატი, მოიპოვეთ დახასიათება სასწავლებლიდან და დაწერეთ განცხადება პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებაზე. ასე უფრო იაფი _ 500 ან 1000 ლარი დაგიჯდებათ ეს საქმე~. 
ოჯახს თანხის გადასახდელად ან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად ოცი დღის ვადა მისცეს.
ამ საქმის გამომძიებელი ლამზირა გორგილაძეა.