ბავშვის გატაცება თუ ...

среда, 15 июля 2009 г.



ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ბავშვის _ რვა წლის ბიჭის გატაცების შესახებ ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას პოლიცია ნაწილობრივ ადასტურებს. ბავშვი პოლიციამ ქუთაისში იპოვა. დააკავეს ის ადამიანიც, ვინც ბიჭი სახლიდან წაიყვანა. საქმე გატაცების მუხლითაა აღძრული. 


ხულოში ერთ-ერთ ოჯახს მეგობრები ესტუმრნენ ქუთაისიდან (ამ ოჯახებისა და გამტაცებლის გვარებს `ბათუმელები~ შეგნებულად არ ასახელებს). სტუმარს, რომელიც ტაქსისტად მუშაობს და მეგობარს ხულოში თავისი მანქანით ესტუმრა, ოცი წლის შვილიც თან ახლდა. ეს ამ ოჯახში მათი პირველი სტუმრობა არ ყოფილა. 
`მეორე დილით შვილმა მამას მანქანა მოპარა, სახლიდან გაიპარა და მასპინძლის რვა წლის ბიჭიც თან გაიყოლა~, _ ამბობს `ბათუმელებთან~ ხულოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელსაც თავისი ვინაობის დასახელება არ სურს. 
პოლიციას ბავშვის მშობლებმა მიმართეს. `გამოცხადდა ძებნა ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ (საღამოს) ბიჭები პოლიციამ ქუთაისში დააკავა. ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს, ხოლო ტაქსისტის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა~.
~ტაქსისტის შვილი დაპატიმრებულია~, _ ამ ინფორმაციას ხულოს პოლიციის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე _ რამინ შავაძეც ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. პოლიციელები კატეგორიულად გამორიცხავენ ბავშვის გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით. წინასწარი მონაცემებით, ბავშვს სხეულზე არანაირი დაზიანება თუ ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
კიდევ ერთი ინკოგნიტო პოლიციელი ~ბათუმელებთან~ ამბობს, რომ ეს არ არის ტიპიური გატაცება და შეიძლება მან ბიჭი გაასეირნა: `ეჭვმიტანილს ეტყობა მამა მანქანას არ აძლევდა და შეიძლება ამიტომაც მოიპარა მანქანა... დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება და დადგინდება, ხომ არ აქვს ფსიქიკური პრობლემები. გამორიცხული არაფერია~.  
ეს დანაშაული 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.