ბატონო შოთა გამარჯობათ

среда, 15 июля 2009 г.




გუშინ რედაქტორმა ინფორმაცია მომაწოდა: ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან ბავშვი გაუტაციათო. მოკლედ, ეს ინფორმაცია უნდა გადამემოწმებია. ეს იქნებოდა პატარა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური კომენტარით უნდა გამემყარებინა. ბუნებრივია, კომენტარი პოლიციისგან უნდა მიმეღო. ზუსტად ორი საათი ხულოს პოლიციის სამმართველოში ვრეკავდი. 
არავინ მპასუხობდა.
მერე ნაცნობი პოლიციელისგან ხულოს სამმართველოს თანამშრომლის ნომერი გავიგე, ამ პოლიციელმა მისი თანამშრომლის ნომერი მომცა, რომელიც 15-20 წუთის განმავლობაში მიხსნიდა სიტუაციას, მაგრამ სტატიაში თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა. სამაგიეროდ საქმის გამომძიებლთან, რამინ შავაძესთან დამაკავშირა, რომელმაც ის მაინც მითხრა, სისხლის სამართლის საქმე რომელი მუხლით იყო აღძრული. ამასობაში დაახლოებით კიდევ ორი საათი გავიდა. 
სტატიაში სამი მთავარი პერსონაჟია: ერთი _ 8 წლის ბავშვი, რომლის ვინაობის დასახელება ისედაც არ შეიძლება, ბავშვია და იმიტომ. მეორე _ 20 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია და კანონით არც მისი დასახელება შეიძლება და მესამე _ პოლიციელი, რომელმაც ამბავი მომიყვა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ ისურვა; ნიუსი დავწერე, მაგრამ ვერც ბავშვის, ვერც ეჭვმიტანილისა და ვერც პოლიციელის სახელი ვერ მივუთითე!
მეორე დღეს ახალი ფაქტის შესახებ მქონდა ინფორმაცია; ისევ რედაქტორისგან. ეს ინფორმაცია მკვლელობას უკავშირდებოდა _ მოკლული ბათუმში მცხოვრები ჯუმბერ ჯაბნიძეა. გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული _ გარდაცვლილის ცოლის უახლოესი ნათესავები. 
ხალხის თქმით, მოკლული მათთან, სოფელში იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა მათ ზუსტად არ იციან, როგორ აღმოჩნდა ბათუმში მცხოვრები ადამიანის ცხედარი აჭარის ყველაზე შორეული სოფლის ტყეში. მათი თქმით, გარდაცვლილი ჯერ მოკლულია და მერეა ხეზე ჩამოკიდებული. ვინ მიაწოდა სოფელს ეს ინფორმაცია და არის თუ არა ეს სიმართლე?
_ სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი ამ დღეების განმავლობაში. 
პოლიციაში ზოგმა ტელეფონი გამითიშა, ზოგმა ნომერი განგებ არასწორად მითხრა; ~დაფარული ნომრით გვირეკავთ სამმართველოში?~ _ მკითხა პოლიციელმა ხულოში, რომელსაც სამორიგეოში დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ რედაქციის ნომრით ვუკავშირდებოდი, ჩემი სახელი და გვარი კიდევ ერთხელ შევახსენე, საკუთარი მობილურის ნომერიც შევთავაზე _ ეს იმიტომ, რომ შევატყვე შეეშინდა, დაიბნა...
მერე ისევ ნაცნობის დახმარებით ხულოს პოლიციის უფროსს _ როლანდ იაკობაძეს დავუკავშირდი მობილურზე; მხოლოდ ერთი კითხვით მივმართე, არიან თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები; გამოძიების დეტალებზე საუბარს ხომ არ ვითხოვდი? მაგრამ უშედეგოდ, პოლიციელებს ხულოშიც, ისევე როგორც ბათუმში თუ თბილისში, ლაპარაკი აკრძალული აქვთ.
უფროსმა მითხრა _ ~მიმართეთ პრესსამსახურსო~ და მომიშორა. ხომ სასაცილოა, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკი გეუბნება, პრესსამსახურის გარეშე კითხვაზე ვერ გიპასუხებო... ძალიან მინდა დამეთანხმოთ, რომ ეს სასაცილოა...
მართალია ვფიქრობდი, რომ კმარა, მაგრამ ცოტა ხანში მაინც დავურეკე შოთა ხიზანიშვილს თბილისში... სწორედ ისაა ეგრეთ წოდებული ~პრესსამსახური~. შოთა ხიზანიშვილი კი ტელეფონს მაშინ გითიშავს, როცა ელაპარაკები: `გამარჯობათ ბატონო შოთა, მე ჟურნალისტი ვარ~ და მორჩა... მერე მთელი დღე რომ რეკო, მაინც ვერ დაუკავშირდები ბატონ შოთას... ვისაც არ სჯერა, რომ ასეა, ამ ნომერზე 877 99 22 88 დარეკოს. ეს შოთა ხიზანიშვილის ნომერია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის გავლენიანი პოლიციელია და მთლად ტყუილად ნუ შეაწუხებთ... რა ვიცი, ამას ვისთვის რა შედეგი მოყვება...


2 коммент.:

natalie комментирует...

ra qvekanashi vcxovrobt... informacias ar mogacvdian normalurad. demokratia (chventan 25-e saukuneshu tu shemoipareba, torem arc mashin ikneba albat chveni sashveli...

ნათია როყვა комментирует...

რას იზამ, სამწუხაროდ რეალობა ესაა...