ბურჯანაძის თანაპარტიელის პროცესი დაიხურა

среда, 15 июля 2009 г.

დახურულ სასამართლო პროცესზე კუდის თანამშრომლები დაიკითხებიან



სამი მოწმის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა. ოფიციალური ვერსიით, მოწმეები ის პოლიციელები არიან, ვინც ზურაბ ავალიანის _ ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის სახლს უთვალთვალებდნენ ბათუმში. ასევე დაიკითხნენ კუდის თანამშრომლები, თუმცა პროკურორის მოთხოვნით ეს პროცესები დაიხურა, ანუ დაინტერესებულ ადამიანებს მათი მოსმენის უფლება არ აქვთ.


ღია სხდომაზე მოსამართლემ განსასჯელის ნათესავები _ გიორგი და ჰაიდარ ავალიანები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაზვერვის ორი თანამშრომელი _ გურამ ჩანტლაძე და დათუნა ქურიძე დაკითხა. ავალიანის სახლს სწორედ ისინი უთვალთვალებდნენ. 
გურამ ჩანტლაძემ მოყვა, როგორ მიიღეს ავალიანის თვალთვალის დავალება მან და დათუნა ქურიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. ~უფროსმა _ უჩა შანიძემ თათბირზე დაგვავალა განსასჯელის სახლისთვის თვალთვალი~.

 
ჩანტლაძის თქმით, ზურაბ ავალიანი და მისი მძღოლი სახლში შავი ფერის ავტომანქანით საღამოს შვიდ საათზე მივიდნენ. ავალიანმა მანქანის საბარგულიდან დიდი ზომის მძიმე ჩანთა გადმოიღო და სახლში აიტანა. მოგვიანებით მძღოლმა ნუგზარ დიასამიძემ, დავით გოგრაჭაძეც მიიყვანა ავალიანის სახლში. მოწმის თქმით, მას შემდეგ ავალიანი, გოგრაჭაძე და მძღოლი სახლიდან არ გასულან. დილის ხუთ საათზე კი, როცა სახლთან სპეცრაზმი მივიდა, ჩანტლაძემ და ქურიძემ სამეთვალყურეო ობიექტი დატოვეს. 
ადვოკატის კითხვებზე: განსასჯელის ჭიშკარი ღია იყო თუ დაკეტილი, რა ეცვა ავალიანს _ ქურთუკი თუ მაისური, როგორ იხსნებოდა მანქანის საბარგული _ შიგნიდან თუ გარედან, მანქანაზე სათადარიგო საბურავი სად იყო მიმაგრებული _ წინ თუ უკან, რომელ ხელში ეჭირა მანქანიდან გადმოტანილი ჩანთა ავალიანს; სახლის კიბეები ღია იყო თუ დახურული, აივანი იყო თუ პირდაპირ სახლში შესასვლელი; ეზოში შესვლის შემდეგ სად იმყოფებოდა მძღოლი _ მოწმე მხოლოდ პასუხობდა: `არ ვიცი, არ მახსოვს~. 
~ცილისწამების არ გეშინია?~ _ ჩვენების დასრულების შემდეგ ჰკითხა განსასჯელმა ჩანტლაძეს.
~დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე~, _ უპასუხა გურამ ჩანტლაძემ და დარბაზიდან გავიდა. 
~გპირდები ადგილებს გავცვლით~, _ მიაძახა განსასჯელმა მოწმეს. ამ რეპლიკას პროკურორმა _ ვლადიმერ თურმანიძემ უპასუხა: `მასე პირდებიან ყველას, მაგრამ...~ 
დათო ქურიძის _ მეორე მოწმისა და გურამ ჩანტლაძის ჩვენებები იდენტურია. ორივე მოწმეს მხოლოდ იმ ჩანთის ფერი ახსოვს, რომელიც, მათი მტკიცებით, ავალიანმა სახლში აიტანა. ვერც ქურიძემ ვერ გაიხსენა ჭიშკრის ფერი და სახლი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა, ქვისაა თუ ხის. 
~არაფერი არ გახსოვს და მე გახსოვარ? იქნებ სხვამ აიტანა ეს ჩანთა?~ _ ჰკითხა მოწმეს განსასჯელმა და მან პროცესს ~სპექტაკლი~ უწოდა.
`შენ ხომ იცი, რაც გქონდა სახლში?~ _ ეს კითხვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დაუსვა განსასჯელს. 
~მე სახლში მსოფლიო ლიტერატურა მაქვს~, _ უპასუხა ავალიანმა. 
მოსამართლემ მოწმე _ ჰაიდარ ავალიანი დაიკითხა, რომელსაც ზურაბ ავალიანმა სახლში პოლიციელების შესვლის შემდეგ დაურეკა და სთხოვა, ჩხრეკას დასწრებოდა. მოწმის მტკიცებით, როცა ის მისი ნათესავის სახლში მივიდა, სახლი მთლიანად არეული იყო: `ზურა თავის საძინებელ ოთახში იჯდა. ჩხრეკა ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა, ერთმა პიროვნებამ ტახტი გადაწია და თქვა, აი, იარაღი ვიპოვეთო. მერე ზურამ საპირფარეშოში ითხოვა გასვლა, იქედან შემოსულმა კი თქვა, `ბიჭებო ვანაში შავი ჩანთაა და იცოდეთო~. ის ჩანთა პოლიციელმა მოგვიანებით შემოიტანა, ამოიღო საბრძოლო მასალები, ავტომატიც... ადვოკატი არ ამოუშვეს, ორდერი არ გაქვსო. სანამ ადვოკატმა ორდერი მოიტანა, ჩხრეკა დასრულდა და ზურა წაიყვანეს~.

 
სახელმწიფო ავალიანს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მის საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი აბაზანაში, იპოვეს შავი ფერის დიდი ჩანთა, რაშიც გამოძიების მტკიცებით, აღმოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, `მაკაროვის~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატი, ორი ყუმბარა, დიდი ოდენობით ტროტილი და სხვა სახის საბრძოლო მასალები.
პირველ სასამართლო პროცესზე მოწმეებად ის პოლიციელები დაიბარეს, ვინც ზურაბ ავალიანი დააკავა. ესენი არიან: თემურ თავლაძე, ვალერი სულაბერიძე, დავით გიორგაძე, გიორგი კოკაია, ვაჟა დიასამიძე, განსასჯელის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ზურაბ ავალიანი ირწმუნება, რომ სწორედ ამ პოლიციელებმა ჩაუდეს მას სახლში ცეცხლსასროლი იარაღი: `ჩვენი მოწმეები, ვინც ჩხრეკის დროს სახლში იმყოფებოდა, ადასტურებენ, რომ ავალიანების საცხოვრებელ სახლში იარაღი პოლიციელებმა შეიტანეს~.
ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2009 წლის 23 მარტს დააკავა.


საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე _ ვერა დოლიძე განიხილავს. 
ავალიანისთვის წაყენებული ბრალი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესს დახურვამდე 50-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
`ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ზურაბ ავალიანი ქედის გამგებელი იყო. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ის ქედის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ _ ლევან ვარშალომიძემ წარადგინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა, ზურაბ ავლიანის კანდიდატურაც მოხსნეს. ავალიანთან ერთად ბურჯანაძის პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.