უსიტყვო მორჩილება

вторник, 3 августа 2010 г.



სასამართლოებიდან მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2010 წელში მოსამართლეებს არასოდეს დაუჯარიმებიათ პროკურორები. მათ მხოლოდ ადვოკატები და პროცესზე დამსწრე მოქალაქეები ჰყავთ დასჯილი. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურორებთან არათანაბარ პირობებში თუნდაც ამ სტატისტიკის გამო იმყოფებიან.


სასამართლო პროცესის სადავეების ხელში აღებას დაჯარიმების გზით, შეიძლება ითქვას, აჭარაში ყველა მოსამართლე იყენებს. „18 მაისი. 16:25 საათი. 2010 წელი“. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წესრიგის დარღვევის გამო (როგორც დოკუმენტში წერია, სხდომაზე დამსწრე წამოდგა ფეხზე და ყვირილით მიმართა სასამართლოს და პროკურორს), 50 ლარით დააჯარიმა სხდომის დარბაზში მყოფი მოქალაქე _ ვკითხულობთ სასამართლოდან მოწოდებულ დოკუმენტაციაში.
მოსამართლეები აჯარიმებენ რიგით მოქალაქეებსაც, მაგრამ ისინი ძირითადად მაინც ადვოკატებს სჯიან. დაჯარიმებული ადვოკატების ნაწილი „ბათუმელებთან“ პირად საუბარში ამბობს, რომ მოსამართლეებმა უკანონოდ დააჯარიმეს, მაგრამ მათ ამაზე პრესასთან საუბარი არ სურთ.
შეფასებას თავს არ არიდებს ადვოკატი მინდია ალელიშვილი, რომელიც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ასი ლარით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო დააჯარიმა. „ადვოკატის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე შეიძლება გახდეს ჯარიმის საფუძველი, მაგრამ ხანდახან საათობით ველოდებით პროკურორს... მოსამართლეები თვალს ხუჭავენ ამაზე. არ მახსენდება ფაქტი, რომ პროკურორი დაეჯარიმებინა მოსამართლეს. ვფიქრობ, სასამართლო არათანაბარ პირობებში აყენებს პროკურორსა და ადვოკატს“, _ ამბობს „ბათუმელებთან“ მინდია ალელიშვილი.
ალელიშვილს ეთანხმება იურისტი რამინ პაპიძეც, რომელიც მოსამართლეებს დაახლოებით ოცჯერ ჰყავთ დაჯარიმებული. იურისტი ამბობს, რომ ის რეპლიკისთვის „კოკობინაძის საქმეზე“ 550 ლარით დააჯარიმა ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ბონდარენკომ.
თამარ ბეჟანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვერა დოლიძე _ პაპიძე იმ მოსამართლეებს ასახელებს, რომლებსაც `ძალიან უყვართ ადვოკატების დაჯარიმება“. პაპიძე მოსამართლეების მიერ დაჯარიმების ხერხის გამოყენებას, განიხილავს როგორც `ადვოკატების მიმართ ზეწოლას“.
პაპიძე ფიქრობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ იგი რამდენჯერმე დააჯარიმა უსაფუძვლოდ; მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა კი მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ პროკურორის დასმული კითხვები დარბაზში გააპროტესტა.
მოსამართლეს უფლება აქვს სხდომის დარბაზში დამსწრე ადამიანები ან პროცესში მონაწილე მხარეები 50-დან 500 ლარამდე დააჯარიმოს, თუ მიიჩნევს, რომ ვინმემ კანონი დაარღვია. ამონარიდი კანონიდან: `მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია, უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას~.

19 მაისს მოსამართლე მათიკო ხურციძემ მოსარჩელე 50 ლარით დააჯარიმა. ამ მოსამართლემ 14 მაისს ჯარიმის ორი ბრძანებაც გასცა. მან მოპასუხის წარმომადგენლები დააჯარიმა ორასი ლარით.
28 მაისი: მოსამართლე ვერა დოლიძემ ერთ-ერთი საადვოკატო კომპანია ასი ლარით, გამოუცხადებლობის მოტივით დააჯარიმა.
11 ივნისი: მოსამართლე ვერა დოლიძემ პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ასევე ადვოკატი ორასი ლარით დააჯარიმა.
„დაარღვია წესრიგი, არ დაემორჩილა სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას, გამოავლინა სასამართლოსადმი უპატივცემულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო პროცესზე ხელს უშლიდა მოწინააღმდეგე მხარეს საუბარში რეპლიკებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოქალაქე უნდა დაჯარიმდეს ასი ლარით. განკარგულება არ საჩივრდება“, _ ბრძანების ასლს ხელს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე აწერს.
ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა 27 მაისს დააჯარიმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი 50 ლარით, სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის. 25 მაისს მამისეიშვილი, პროკურორ გელა კუჭაშვილის, განსასჯელისა და ადვოკატის მონაწილეობით განიხილავდა საქმეს, როცა ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე გამოუცხადებლობის გამო ასი ლარით დააჯარიმა. მამისეიშვილმა ასევე დააჯარიმა მოწმე ასი ლარით, 27 აპრილს.
მოსამართლე ლევან თევზაძემ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად ჩათვალა ოცი წუთით დაგვიანება და ადვოკატი დალი ჭანიძე 50 ლარით დააჯარიმა.
სატელეფონო ზარის გამო ასი ლარით დაჯარიმდა დამსწრე ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოში.

„თქვენ, ბატონო დავით, პიროვნულად ხართ მონაწილე იმ ფარსის, რომელსაც ფორმალური სასამართლო პროცესი ჰქვია ჩემი და ჩემი სიდედრის წინააღმდეგ. კარგად იცით, რომ კვარიათის სახლში უკანონოდ არის შეჭრილი ვანო მერაბიშვილი. მიუხედავად თქვენი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების უკანონო ზეწოლებისა მოწმეების მიმართ, მათ ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ კვარიათის სახლში შეიჭრა მერაბიშვილის ოჯახი შეიარაღებული პირების საშუალებით; სახლს უკანონოდ ახსნეს ლუქები... და უკვე მეორე წელია ამ სახლში უკანონოდ ცხოვრობენ. თქვენ როგორც „მოსამართლემ“, ეს არ გამოიკვლიეთ.
ვიცი, აპირებთ მე და ჩემს სიდედრს გამოგვიტანოთ უსამართლო განაჩენი. თქვენ პირადად, ბატონო დავით, ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მრავალი ათასი თანამშრომელი და მოსამართლე, კანონის სახელით უშუალოდ ჩადიხართ უკანონობას, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, უკანონოდ ართმევთ ადამიანებს ქონებას, თავისუფლებას... მერწმუნეთ, დადგება დრო, როცა თქვენ მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის თავადვე აღმოჩნდებით საპყრობილეში.
ჩვენთვის ცნობილია, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, რადგან ჩვენს საკუთრებაში მერაბიშვილის თვითნებური შეჭრა, გახლავთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება... ეს კი პირდაპირი მესიჯია სასამართლოსთვის, რომ მან მერაბიშვილისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამცველს ვუკრძალავთ მიიღოს მონაწილეობა `სპექტაკლში~, რომელსაც სასამართლო პროცესი ჰქვია~ _ ეს წერილი გასულ კვირას მოსამართლე დავით მამისეიშვილს შვეიცარიიდან ზურაბ ლობჟანიძემ გამოუგზავნა. წერილის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა _ მან წერილის ის ნაწილი გაახმაურა, სადაც ლობჟანიძე მოსამართლეს აცნობდა, რომ ადვოკატ ინგა არახამიას უფლებამოსილება შეუჩერა. ზურაბ ლობჟანიძე 2003 წლამდე კომპანია მადნეულის დირექტორი იყო.
წერილი, რომელიც განსასჯელებმა მოსამართლეს გაუგზავნეს, „ბათუმელების“ ელექტრონულ ფოსტაზეც შემოვიდა. ზურაბ ლობჟანიძის თქმით, როცა ხელვაჩაურის სასამართლოში წერილის ფაქსით გაგზავნას ცდილობდა, მას სასამართლოს თანამშრომლებმა ფაქსი გაუთიშეს: „ამიტომ წერილი ფოსტით გავუგზავნე სასამართლოს“.
დავით მამისეიშვილმა, მადნეულის ყოფილ დირექტორს და მის სიდედრს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „მოსამართლემ მიუსაჯა იმდენივე, რამდენიც პროკურორმა ითხოვა, სახლის ჩამორთმევა არ უხსენებია განაჩენის გამოცხადების დროს და არც პროკურორს უთხოვია დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევა“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფოს ადვოკატმა, დავით გუგუაძემ.
სისხლის სამართლის საქმე ლობჟანიძის მიმართ 2004 წელს აღიძრა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 52 ათას ლარს ედავებოდნენ. ამის გამო პოლიციამ მისი სახლი დალუქა კვარიათში და ლობჟანიძე ძებნილად გამოაცხადა.
ლობჟანიძე საკუთარი უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში აპირებს. იგი 2004 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, მას შვეიცარიის სახელმწიფომ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცა.

მძღოლების საყურადღებოდ



ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, 50 ლარით დაჯარიმდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, 40 ლარით _ ღვედის გამოუყენებლობისთვის, ესკორტისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა. ეს კანონი სამ დღეში, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.



ჯარიმები თითქმის ყველა სახის დარღვევაზე გაიზარდა, მაგალითად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რომელშიც თვითნებურად არის გადაკეთებული საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.
თუკი ადამიანს არა აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ის ბიუჯეტში 200 ლარს გადაიხდის.
იმ ტრანსპორტის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა 2 წლით. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და მძღოლს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუ იგი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარს, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით. თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით _ მძღოლმა დამატებით 1500 ლარი უნდა გადაიხადოს მართვის მოწმობის დასაბრუნებლად.
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში დაჯარიმდება 200 ლარით (აქამდე ეს ჯარიმა 150 ლარს ითვალისწინებდა). სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 250 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.
როდესაც მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, მაშინ მესაკუთრე დაჯარიმდება 500 ლარით.
თუ ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დაფიქსირდება მთვრალ მდგომარეობაში მართვის ფაქტი, ჯარიმა იზრდება 700 ლარამდე, შეიძლება 90 დღით დაგაპატიმრონ კიდეც.
თუ საკუთარ მანქანას სამართავად გადასცემ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მართვის უფლებას 3 წლით ჩამოგართმევენ. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდება.
სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _ გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარით. წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევას თუ გაიმეორებ, 1500 ლარით დაჯარიმდები ან 90 დღით დაგაპატიმრებენ.
სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით, 1000 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მართვის უფლება ჩამოგერთმევათ 3 წლის ვადით.

მე მსაჯული

1 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საქართველოს მოქალაქეებისგან არჩეული 12 მსაჯული გაასამართლებს. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მსაჯულები ერთიანი საარჩევნო სიიდან, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

მსაჯული შეიძლება ვიყო, მაგალითად, მე _ ნათია როყვა ან `ბათუმელების~ მეზობელი მურად მეტრეველი. ეს მაშინ, თუ ჩემი ან მურად მეტრეველის მონაცემებს შემთხვევით შეარჩევენ საარჩევნო სიიდან.
მსაჯულები პირველ ეტაპზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავენ, მომავალი წლიდან კი _ გაუპატიურებაში ბრალდებულების საქმეებსაც. მოსამართლე სასამართლო გამოძიებას ჩაატარებს. 14 მსაჯული (ორი რეზერვში მყოფი) კი მოისმენს ყველა მტკიცებულებას _ მოწმეების ჩვენებას. სასამართლო გამოძიების შემდეგ მსაჯულებმა განსასჯელი ან დამნაშავედ უნდა სცნონ, ან უნდა გაამართლონ. მსაჯულებს ეკრძალებათ აზრის გამოთქმა ჟურნალისტებთან ან საჯაროდ. ასევე განაჩენის გამოტანამდე მხარეებთან ურთიერთობა.
ეჭვმიტანილს შეიძლება სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯონ, იმ შემთხვევაში თუ ამას 12-ვე მსაჯული გადაწყვეტს. თუ განაჩენზე მსაჯულები ვერ შეთანხმდებიან, მათ მსჯელობისთვის დამატებით კიდევ 3 საათი მიეცემათ. და თუ ამ დროშიც ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოსამართლე მათ დაითხოვს და ახალ მსაჯულებს დანიშნავს. თუ ვერც ეს მსაჯულები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ბრალდებული გამართლდება.
სხდომის მოსამართლეს აქვს უფლება, გააუქმოს მსაჯულთა განაჩენი და დანიშნოს ახალი მსაჯულები, თუ ეს ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს, _ წერია კანონში.
მსაჯულები ირჩევა შემდეგი პრინციპით: ადამიანი, რომელიც მსაჯულთა სიაში მოხვდება, პასუხობს რამდენიმე კითხვას. კითხვები დასმული იქნება იმ საქმის ირგვლივ, რომელიც ამ მსაჯულმა სხვა 11 მსაჯულთან ერთად უნდა განიხილოს. მსაჯული არ შეიძლება იყოს რომელიმე მხარის ნათესავი, ან ნაცნობი.
`მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს ყველა კითხვას~, _ წერია კანონში. არასწორი პასუხის ან კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში რა ელის მსაჯულობის კანდიდატს, ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი.
ადამიანი, რომელსაც ნაფიც მსაჯულად გამოიძახებენ, ვალდებულია იყოს მსაჯული. წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რატომ ამბობს უარს. ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის უკვე იყო მსაჯული, ჯანმრთელობის გამო იმყოფება ან მიემგზავრება უცხოეთში ან 70 წელს არის გადაცილებული.
ყველა ახალ საქმეზე ახალი მსაჯულები ირჩევიან. ნაფიც მსაჯულების საბოლოო სიას ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც მოისმენს მხარეთა პოზიციებს და მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლებებს.
და ბოლოს, თუ არ ხარ, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, პოლიციელი, სასულიერო პირი, განსასჯელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი, შესაძლებელია გახდე მსაჯული. ამის შესახებ წერილობით ინფორმაციას მოსამართლისგან მიიღებ. ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების გარდა სხვა ყველა დანარჩენი: მასწავლებელი, ჟურნალისტი, ექიმი, გლეხი, დიასახლისი... ვალდებულია იყოს მსაჯული, თუ იგი არის საქართველოს მოქალაქე და არ არის პატიმრის ნათესავი.
მსაჯულებს სახელმწიფო დაუფარავს ყველა იმ ხარჯს, რაც უკავშირდება მათ უფლებამოსილების განხორციელებას: დღიურ ფულს, სამგზავრო ხარჯებს. ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საჯარო მოსამსახურეები და სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში ადამიანები სასამართლო პროცესში მსაჯულად მონაწილეობის დროს ინარჩუნებენ სამუშაო ადგილსა და ხელფასს.
მსაჯულების განაჩენი საბოლოოა. მომავალი წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში ამოქმედდება.