მე მსაჯული

вторник, 3 августа 2010 г.

1 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საქართველოს მოქალაქეებისგან არჩეული 12 მსაჯული გაასამართლებს. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მსაჯულები ერთიანი საარჩევნო სიიდან, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

მსაჯული შეიძლება ვიყო, მაგალითად, მე _ ნათია როყვა ან `ბათუმელების~ მეზობელი მურად მეტრეველი. ეს მაშინ, თუ ჩემი ან მურად მეტრეველის მონაცემებს შემთხვევით შეარჩევენ საარჩევნო სიიდან.
მსაჯულები პირველ ეტაპზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავენ, მომავალი წლიდან კი _ გაუპატიურებაში ბრალდებულების საქმეებსაც. მოსამართლე სასამართლო გამოძიებას ჩაატარებს. 14 მსაჯული (ორი რეზერვში მყოფი) კი მოისმენს ყველა მტკიცებულებას _ მოწმეების ჩვენებას. სასამართლო გამოძიების შემდეგ მსაჯულებმა განსასჯელი ან დამნაშავედ უნდა სცნონ, ან უნდა გაამართლონ. მსაჯულებს ეკრძალებათ აზრის გამოთქმა ჟურნალისტებთან ან საჯაროდ. ასევე განაჩენის გამოტანამდე მხარეებთან ურთიერთობა.
ეჭვმიტანილს შეიძლება სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯონ, იმ შემთხვევაში თუ ამას 12-ვე მსაჯული გადაწყვეტს. თუ განაჩენზე მსაჯულები ვერ შეთანხმდებიან, მათ მსჯელობისთვის დამატებით კიდევ 3 საათი მიეცემათ. და თუ ამ დროშიც ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოსამართლე მათ დაითხოვს და ახალ მსაჯულებს დანიშნავს. თუ ვერც ეს მსაჯულები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ ბრალდებული გამართლდება.
სხდომის მოსამართლეს აქვს უფლება, გააუქმოს მსაჯულთა განაჩენი და დანიშნოს ახალი მსაჯულები, თუ ეს ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს, _ წერია კანონში.
მსაჯულები ირჩევა შემდეგი პრინციპით: ადამიანი, რომელიც მსაჯულთა სიაში მოხვდება, პასუხობს რამდენიმე კითხვას. კითხვები დასმული იქნება იმ საქმის ირგვლივ, რომელიც ამ მსაჯულმა სხვა 11 მსაჯულთან ერთად უნდა განიხილოს. მსაჯული არ შეიძლება იყოს რომელიმე მხარის ნათესავი, ან ნაცნობი.
`მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს ყველა კითხვას~, _ წერია კანონში. არასწორი პასუხის ან კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში რა ელის მსაჯულობის კანდიდატს, ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი.
ადამიანი, რომელსაც ნაფიც მსაჯულად გამოიძახებენ, ვალდებულია იყოს მსაჯული. წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რატომ ამბობს უარს. ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის უკვე იყო მსაჯული, ჯანმრთელობის გამო იმყოფება ან მიემგზავრება უცხოეთში ან 70 წელს არის გადაცილებული.
ყველა ახალ საქმეზე ახალი მსაჯულები ირჩევიან. ნაფიც მსაჯულების საბოლოო სიას ამტკიცებს სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც მოისმენს მხარეთა პოზიციებს და მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლებებს.
და ბოლოს, თუ არ ხარ, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, პოლიციელი, სასულიერო პირი, განსასჯელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი, შესაძლებელია გახდე მსაჯული. ამის შესახებ წერილობით ინფორმაციას მოსამართლისგან მიიღებ. ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიების გარდა სხვა ყველა დანარჩენი: მასწავლებელი, ჟურნალისტი, ექიმი, გლეხი, დიასახლისი... ვალდებულია იყოს მსაჯული, თუ იგი არის საქართველოს მოქალაქე და არ არის პატიმრის ნათესავი.
მსაჯულებს სახელმწიფო დაუფარავს ყველა იმ ხარჯს, რაც უკავშირდება მათ უფლებამოსილების განხორციელებას: დღიურ ფულს, სამგზავრო ხარჯებს. ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საჯარო მოსამსახურეები და სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში ადამიანები სასამართლო პროცესში მსაჯულად მონაწილეობის დროს ინარჩუნებენ სამუშაო ადგილსა და ხელფასს.
მსაჯულების განაჩენი საბოლოოა. მომავალი წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში ამოქმედდება.