წელს აჭარაში 11-ის ნაცვლად ოთხი სკოლა გარემონტდება. საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამა, რაც კანონდარღვევით დამტკიცდა, მთავრობის თავმჯდომარემ ორჯერ შეცვალა. პროგრამისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 222 100 ლარია გაწერილი. გასარემონტებელი სკოლებიდან ერთი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. 

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებას ლევან ვარშალომიძემ ხელი წელს, 6 იანვარს მოაწერა (განკარგულება #4). პროგრამის მიხედვით შემდეგი სკოლები უნდა გარემონტებულიყო: ქობულეთის #1, აჭყვის, ახალშენის #2, ზედა წინსვლის, ოქტომბრის, ახოს #1, ნიგაზეულის, ხიჭაურის, რიყეთისა და აგარის საჯარო სკოლები. 
ქედის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ზანაქიძემ `ბათუმელებთან~ აღნიშნა, რომ ქედის მუნიციპალიტეტიდან სარეაბილიტაციო სკოლების სიაში წელს ორი სკოლა იყო შეტანილი (ახოს #1 და ოქტომბრის საჯარო სკოლები), სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა და `არც ოფიციალური დოკუმენტი არსებობს იმისა, რომ სკოლების რემონტი გადაიდო~. მისივე ინფორმაციით, ავარიულ მდგომარეობაშია უჩხითის საჯარო სკოლა, თუმცა მიზნობრივ პროგრამაში ის არ შეიტანეს. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის, კახა კაცაძის განმარტებით, `თუ საშუალება და დაფინანსება იქნება, მომავალი წლისთვის გაკეთდება უჩხითის საჯარო და ყველა ის სკოლა, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას. პირადად მაქვს უჩხითის სკოლა ნანახი. სხვა სკოლები უფრო ავარიულია. მაგალითად, კირნათის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა~.
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნობრივ პროგრამაში ლევან ვარშალომიძის ახალი, 16 აპრილის #41 განკარგულებით ცვლილებები შევიდა და ჩამონათვალში კირნათის საჯარო სკოლაც შეიტანეს. მისი პროექტირებისთვის 10 ათასი ლარი გაწერეს, თუმცა ამ დროისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე დასრულებული იყო (ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს `საქპროექტარქიტექტურა~, რომელთანაც 2009 წლის 2 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება. სამინისტრომ კი კირნათის სკოლის პროექტირებისას ფასთა კვოტირების წესი გამოიყენა და გამარჯვებული `აჭარკაპმშენი~ გახდა).
#41 განკარგულებით, იანვარში, პროექტირებაზე გაწერილი ხარჯების ოდენობა მთლიანობაში შემცირდა და ნაცვლად 72 190 ლარისა, დარჩა 57 ათასი ლარი. ცვლილებების შედეგად პროექტირების ხარჯები თითქმის ყველა სკოლას შეუმცირდა. 
კახა კაცაძე: `ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც თქვა, რომ ამ ფასში გააკეთებდა ამ სკოლებს, მეტი აღარ იყო საჭირო და ტყუილად ხომ არ გამოვყოფდით თანხას?~. თუმცა იანვარში ჩატარებულ ტენდერში, როცა გამარჯვებული გამოვლინდა, ხულოში სოფელ აგარის საჯარო სკოლის პროექტირებისთვის 6 160 ლარი იყო გათვალისწინებული, ანუ ამ თანხას უხდიდა სახელმწიფო კომპანიას. აპრილში კი, მიზნობრივ პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, აგარის სკოლის პროექტირების ხარჯი უკვე გაზრდილია და 20 ათასი ლარითაა განსაზღვრული. 
`საპროექტო სამუშაოები ყველა სკოლაზეა შეძენილი~, _ აცხადებს კაცაძე. მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივ პროგრამაში საპროექტო ხარჯები შემცირდა, პროგრამის მთლიანი ღირებულება იგივე დარჩა _ 1 222 100 ლარი. ეს თანხა აჭარის მთავრობამ ჯერ 10 სკოლის რეაბილიტაციისთვის გადაანაწილა (პროექტირებაზე დახარჯა კიდეც 58 ათასი ლარი), შემდეგ ერთი სკოლა დაამატა.
მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 11 საჯარო სკოლიდან ტენდერი ივნისის ბოლომდე არც ერთზე არ გამოცხადებულა. აქედან ცხრა სკოლა წელს აღარ გარემონტდება. ამის მიზეზად აჭარის სამინისტროში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ. 
18 ივნისს ლევან ვარშალომიძემ თავდაპირველ განკარგულებაში ცვლილება კიდევ ერთხელ შეიტანა და `მიზნობრივი პროგრამა~ ხელახლა დაიწერა. ამ ცვლილების მიხედვით აჭარაში მხოლოდ ოთხი სკოლა გარემონტდება: ბათუმის #3, ჩაქვის #1, კირნათისა და ახალშენის #2 სკოლები (აქედან ბათუმის #3 სკოლის შენობის ადგილას მოედანი კეთდება, ხოლო სკოლა გორგასალის ქუჩაზე, რუსეთის მე-12 ბაზის ყოფილი შტაბის შენობაში გადადის; ახალშენის #2 სკოლის შენობა საპატრიარქოს გადაეცა, სკოლა კი სოფლის ამორტიზებული საავადმყოფო-ამბულატორიის შენობაში განთავსდება.) 
სარემონტო სამუშაოები დაწყებულია კირნათისა და ახალშენის #2 საჯარო სკოლაში. კახა კაცაძის ინფორმაციით, კირნათის სკოლის რეაბილიტაციისთვის 289 887 ლარი, ხოლო ახალშენის #2 საჯარო სკოლისთვის 225 294 ლარია გაწერილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დაიხარჯება ბათუმის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის. ამ სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გარეშე მოხდება. რამდენი თანხა დასჭირდება ჩაქვში ახალი კორპუსის აშენებას, ჯერჯერობით უცნობია. ჩაქვის #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს დასრულდება, მანამდე კი მოსწავლეები ორ ცვლაში ისწავლიან. 
მიზნობრივი პროგრამისთვის 10 სკოლის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 1 222 100 ლარიდან, პროგრამის დღევანდელი ვარიანტის მიხედვით, 1 124 300 ლარი მხოლოდ ზემოაღნიშნული ოთხი სკოლის რეაბილიტაციას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობას საბიუჯეტო თანხების გადანაწილება შეიძლებოდა განხორციელებულიყო დამტკიცებული ასიგნების ოდენობის მხოლოდ 5 პროცენტის ფარგლებში. წელს, 19 მაისს კი უმაღლესმა საბჭომ ეს ციფრი 2009 წლისთვის 15-პროცენტამდე, 2010-წლისთვის კი 10 პროცენტამდე გაზარდა. 
აჭარის უმაღლესმა საბჭომ განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები (და საერთოდ ყველა მიზნობრივი პროგრამა) გასული წლის დეკემბერში ისე დაამტკიცა, რომ ის მთავრობას საბჭოში არ წარუდგენია. ამით უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ იმთავითვე დაარღვიეს კანონი `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ~. ამ კანონით ბიუჯეტის კანონპროექტის თანდართული მასალები მოიცავს მიზნობრივ პროგრამებსაც და ამასთან თითოეული გადასახდელი უნდა იყოს დაკონკრეტებული (მუხლი 26).
აჭარის მთავრობას არც ის დოკუმენტი წარუდგენია საკანონმდებლო ორგანოში, რომლითაც მის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალია დამტკიცებული. ასეთი დოკუმენტი, როგორც უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, არც მათ მოუთხოვიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში უმაღლესი საბჭოს მიერ ერთხელ უკვე დამტკიცებული (ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს) მიზნობრივი პროგრამები, იანვარში ლევან ვარშალომიძემ ხელახლა დაამტკიცა და შემდეგ აპრილსა და ივნისში თითქმის დიამეტრულად შეცვალა. 
`საბიუჯეტო პროცესის შესახებ~ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, `რესპუბლიკური ბიუჯეტი სრულდება შემოსულობებისა და გადასახდელების ცალკეული სახეობის კვარტალური და თვიური განაწერის მიხედვით~. სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის იანვარში გაწერილი გეგმა-გრაფიკი უკვე დარღვეულია.
ფაქტობრივად, 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებისას დამტკიცდა არა დეტალურად გაწერილი, ვთქვათ, `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამა~, არამედ მხოლოდ თანხის ოდენობა _ 1 222 100 ლარი _ ასეთი ღონისძიებისთვის. 
რამდენად კანონიერია `სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნობრივ პროგრამაში~ შეტანილი ცვლილებები და რამდენად მიზნობრივად ხდება თანხების ხარჯვა, ამას უმაღლესი საბჭო მაშინ შეაფასებს, როცა მთავრობა მას ანგარიშს წარუდგენს. 
`საბიუჯეტო პროცესის შესახებ~ კანონით კი, აჭარის მთავრობას ორი დღე დარჩა იმისთვის, რომ უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტალის ანგარიში წარუდგინოს (მუხლი 35). 
თავის მხრივ, ~უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს მთავრობის მიერ ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით~ (მუხლი 35).