ხოფის ბაზრობა მეპატრონეებს წაართვეს

четверг, 9 июля 2009 г.

ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ვიდეო კამერით  შსს  თანამშრომლები აფიქსირებდა

ხოფის ბაზრობის მეპატრონეების ადმინისტრაცია პოლიციამ დაცალა

ბაზრობის წართმევის პრეისტორია
სავაჭრო ცენტრი `ბათუმი~ ე.წ. `ხოფის ბაზრობა~, ყოფილი მესაკუთრეების თქმით, ერთ მილიონადაა შეფასებული. ერთ-ერთმა მეწილემ _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, დანარჩენი მესაკუთრეებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, თავისივე ბრძანების საფუძველზე, `სავაჭრო ცენტრ _ 2009~-ს გადასცა. 
ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ილია ანანიძის ძმის (მას გასულ თვეს ბათუმის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა), დავით ანანიძის ინფორმაციით (ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება), შპს `სავაჭრო ცენტრ 2009~-ს ეს ბაზრობა 2009 წლის 25 ივნისს, ფირმის დაფუძნების დღეს გადასცეს. ამ ფირმის 100-ვე პროცენტს სახელმწიფო ფლობს.
კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემის საბოლოო გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ვაჟა ბოლქვაძემ მიიღო. საჯარო რეესტრმა ახალდაფუძნებულ `სავაჭრო ცენტრ 2009~-ს ამ მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადააწერა ქონება. ამ გადაწყვეტილებაში საინტერესო ისაა, რომ ფინანსთა მინისტრმა `სავაჭრო ცენტრ 2009~-ს სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება მიაკუთვნა, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.
ე.წ. `ხოფის ბაზრობის~ წართმევის `პროცედურა~ ამ ხელისუფლებამ 2006 წლიდან დაიწყო. `მაშინდელი ქალაქის მერის, ირაკლი თავართქილაძის ერთპიროვნული ბრძანებულების საფუძველზე (მერმა ბათილად ცნო მერიის კაბინეტის გადაწყვეტილება) მერიამ ბაზრობის ტერიტორიისა და უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. საჯარო რეესტრმა ბაზრობა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით _ 100-პროცენტიანი წილით ხელისუფლებას დაურეგისტრირა კიდეც. 

დავა ფულზე


~BK Financial Group~–ის ოფისი ბათუმში
კლიენტი კომპანიის წინააღმდეგ
გაცნობებთ, რომ შპს ~BBK Financial Group~-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. ამასთან, გაცნობეთ, რომ შპს ~BBK Financial Group~-ი არ ფლობს დღეს მოქმედ ლიცენზიას, რომლის გაცემაზეც უფლებამოსილია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო~ _ ეს ოფიციალური დოკუმენტი `ბათუმელებმა~ 28 მაისს მიიღო. დოკუმენტს ხელს ამ სააგენტოს უფროსი _ ოთარ ნადარია აწერს. 

`ბათუმელები~ ~BBK Financial Group~-ის საქმიანობის კანონიერებით ერთ-ერთი მოქალაქის მომართვის შემდეგ დაინტერესდა. ირაკლი იაშვილი რედაქციაში სამი თვის წინ მოვიდა და წარმოადგინა დოკუმენტაცია, რითაც ის ამტკიცებდა, რომ თაღლითობის მსხვერპლია. იაშვილის მოტივი ასეთი იყო: ~ეს ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ არ მოტყუვდნენ~. 
სამთვიანი კვლევის შემდეგ `ბათუმელებმა~ კომპანიის ამჟამინდელ დირექტორსაც მიმართა. მერაბ ცინცაძემ კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. მან B`BBK Financial Group~_ის საქმიანობაზე სტატიის მომზადება შეაფასა როგორც შეკვეთილი _ `რედაქციას ამ სტატიის მომზადებაში რამდენი გადაუხადეს. თუ ამ სტატიას გამოაქვეყნებთ, სასამართლოში გიჩივლებთ~. 
`ბათუმელებმა~ ამ ფინანსურ ჯგუფთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია მოიპოვა:
2007 წელი, გაზეთ ~აჭარა~ #171-ში, ბოლო გვერდზე, განათავსებული ~BBK Financial Group~_ ის რეკლამა: ~სუპერ შემოთავაზება საფინანსო ჯგუფისგან~. იქვე წერია: მახ საპროცენტო განაკვეთი 18%-მდე, აქციეთ თქვენი დანაზოგი თქვენივე შემოსავლის წყაროდ და მიაღწიეთ ფინანსურ სტაბილურობას...~ 
ერთ-ერთი კლიენტისთვის გაცემული ქვითარი: დეპოზიტზეა 150 ლარი (14.05.2005).  
ბოლო ორი წლის განმავლობაში საფინანსო კომპანიამ _ B`BBK Financial Group~-მა სასამართლოში 33 კლიენტს უჩივლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტი:~2007 წლიდან დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა 33 სარჩელი, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა შპს საფინანსო კომპანია BBK Financial Group-ი~.  
კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ამ კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურა საქმეს იძიებს, სასამართლოში ყალბი დოკუმენტის წარდგენის გამო. 
იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამ კომპანიისგან სესხი ჰქონდა გამოტანილი და ამავე დროს კომენტარზეც დაგვთანხმდა, აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ლადო მგალობლიშვილიცაა (ამ ჯგუფის კლიენტები, ძირითადად, პედაგოგები არიან). მან `ბათუმელებთან~ დაადასტურა, რომ სესხი სამი წლის წინ გამოიტანა: `ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს ორგანიზაცია სესხებს გასცემდა და ამით ვისარგებლე. სესხი უკვე დაფარული მაქვს~.
მოქალაქე _ ირაკლი იაშვილი კი აცხადებს, რომ ამ კომპანიამ მას სასამართლოში გაყალბებული დოკუმენტებით უჩივლა. იაშვილის მტკიცებით, მას გადახდის ყველა ქვითარი (რითაც დასტურდება კომპანიიდან გატანილი თანხის პროცენტის დაფარვა) შენახული რომ არ ჰქონოდა, თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა. 
ირაკლი იაშვილის ვერსია: 2002 წელს სასწრაფოდ 200 დოლარი დამჭირდა. ქუჩაში დავით ბაძგარაძეს შევხვდი და როგორც მეზობელს, ფულის სესხება ვთხოვე. დავით ბაძგარაძე თავისი `ბანკიდან~ შემპირდა ფულის მოცემას: ხელფასის ცნობის კეთების დრო არ მაქვს-მეთქი, ფული სასწრაფოდ მჭირდებოდა, მაგრამ მან მითხრა, რომ არაფერი იყო საჭირო და მეც ბანკში მივაკითხე~.  
კომპანიაში მისულ იაშვილს 400 ლარი სესხი ერთი თვით მისცეს (4-პროცენტიანი განაკვეთით). იქვე გაფორმდა სათამასუქო ურთიერთობა ბანკსა და კლიენტს შორის. ერთი თვის შემდეგ ირაკლი იაშვილმა ფული ბანკის დირექტორს დაუბრუნა. მაშინდელმა დირექტორმა _ დავით ბაძგარაძემ კი უფრო დიდი სესხის გატანა შესთავაზა დაბალ პროცენტში. იაშვილმა მეორედ უკვე ხუთი ათასი ლარი გაიტანა. სათამასუქო ურთიერთობა კომპანიასა და იაშვილს შორის 2005 წლამდე გაგრძელდა. 
2005 წელს კი, როგორც ირაკლი იაშვილი ამბობს, ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის თაობაზეც კომპანია გააფრთხილა კიდეც. 2007 წელს კი ირაკლი იაშვილის მეუღლეს, ნინო გაბუნიას, როგორც თავმდებს, კომპანიამ სასამართლოში უჩივლა. მოტივი _ ფულის გადაუხდელობა.
 ირაკლი იაშვილი: ~მეგონა, ბოლო თამასუქზე მედავებოდნენ და პრეტენზია არც მქონია, მაგრამ სასამართლოში აღმოჩნდა, რომ კომპანია იმ თანხას მედავებოდა, რომელიც თბილისში დავით ბაძგარაძეს მივეცი~. ირაკლი იაშვილის თქმით, კომპანიამ სასამართლოზე იაშვილისთვის მიცემული ბოლო თამასუქი უარყო და ნაცვლად 4850 ლარისა, 7610 ლარი მოითხოვა. ირაკლი იაშვილს კი ხელთ ჰქონდა ის ქვითრები, რითაც დასტურდებოდა, რომ მას სადავო თამასუქით გათვალისწინებული 7610 ლარი გადახდილი ჰქონდა. 
პირველად სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა. ირაკლი იაშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ სასამართლომ სარჩელი თავიდან განიხილა და მოსამრთლე ხათუნა ბოლქვაძემ 2007 წელს თავისივე გამოტანილი გადაწყვეტილება, 2008 წელში თავადვე გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ქუთაისში გაასაჩივრა _ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა.
ქუთაისის სასამართლომ იაშვილს თანხის გადახდა დააკისრა, ხოლო იაშვილმა პროკურატურას მიმართა შპს ``BBK Financial Group~_ს საქმიანობის გამოძიების თხოვნით. 2007 წლის 21 აპრილს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა _ გიორგი დავითაშვილმა იაშვილს მისწერა: `განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს, ამიტომ წინასწარი გამოძიება არ დაიწყება~. 
იმავე განცხადებით ირაკლი იაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ მას აცნობა, რომ ბათუმის საქალაქო პროკურატურაში დაიწყო ძიება სასამართლოში ყალბი თამასუქის წარდგენის ფაქტზე და ზედამხედველ პროკურორად გიორგი დავითაშვილი დაინიშნა. 
ქართული კანონმდებლობით `არავის აქვს უფლება გამოიყენოს საბანკო ტერმინები, შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე. არავის აქვს უფლება მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები სააგენტოს მიერ მიცემული ლიცენზიის გარეშე~. 



პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 57 წლის ლუბოვ უსუპოვა თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. შვილები დედისათვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ. 

განსასჯელის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მსჯავრდებული აკოპ მინასიანთან სამოქალაქო ქორწინებაში 1977 წელს დარეგისტრირდა. 1990 წელს ცოლ-ქმარი ოფიცილაურად განქორწინდა. განქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ისინი შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ. 1999 წელს კი ხელახლა იქორწინეს ოფიციალურად (სამოქალაქო ქორწინება რეგისტრირებულია მმაჩის ბიუროში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც განსასჯელის საქმეს თან ერთვის).  
2001 წელს განსასჯელის ქმარი _ აკოპ მინასიანი გარდაიცვალა. 2006 წელს კი ცოლმა ქმრის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო. ეს ქონება ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვის სახლია, რომელიც ლუბოვ უსუპოვამ ასი ათას ლარად გაყიდა. სწორედ ამის გამო უჩივლეს დედას პროკურატურაში შვილებმა და ორმა გერმა. გამოძიება თაღლითობის ბრალდებით დაიწყო და 57 წლის ლუბოვ უსუპოვა დააპატიმრეს.
ბრალდების მიხედვით, განსასჯელი თაღლითური გზით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას _ მან გაუქმებული ქორწინების მოწმობით მიიღო ეს ქონება. ადვოკატის თქმით, ეს ნოტარიუსის შეცდომაა: `სამკვიდრო მოწმობაში საფუძვლად ჩაიწერა არა 1999 წლის, არამედ 1977 წლის ქორწინება, რაც ნოტარიუსის შეცდომაა~. 
კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილ ადამიანს მეუღლე არ ჰყავს, მისი ქონება შვილებს რჩებათ, მაგრამ რამინ პაპიძის თქმით, სასამართლოს არ დაუდგენია, გარდაცვლილი და განსასჯელი ნამდვილად იყო თუ არა ცოლ-ქმარი. გამოძიებისას ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ 1999 წელს ლუბოვ უსუპოვამ და აწ გარდაცვლილმა აკოპ მინასიანმა ნამდვილად მოაწერეს ხელი მმაჩის ბიუროში.  
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, როინ კახიძემ, განსასჯელს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა, შვილების მოთხოვნა _ განსასჯელისთვის 60 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრებინათ _ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 



პრესის თავისუფლებისკენ

среда, 8 июля 2009 г.

ფოტოზე; გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, ევროკომისიის ელჩი  პერ ეკლუნდი და საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი

~არაფრისგან _ პრესის თავისუფლებისკენ~ _ ასე ეწოდება ფოტოგამოფენას, რომელიც 3 ივლისს გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში გაიხსნა. ფოტოგამოფენა ასახავს „გაზეთ ბათუმელების“ განვითარების ისტორიას და იმ მოვლენებს, რასაც „ბათუმელები“ 2001 წლიდან დღემდე აშუქებდა. 

გამოფენა და საზეიმო მიღება `ბათუმელების~ ოფისში ნორვეგიული გამოხატვის თავისუფლების ფონდისა და გერმანული zeit_ის ფონდის პრიზის მიღებასთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც გაზეთის ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, „გაზეთი ბათუმელები“ 2009 წლის 3 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ნობელის ინსტიტუტში, პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვეს. 
გერმანული zeit_ის ფონდი მეათე წელია მხარს უჭერს გაზეთებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ფინანსური სიძნელეებისა და ზეწოლის პირობებში აგრძელებენ მუშაობას და ინარჩუნებენ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ამასთან, დაბალანსებულად აშუქებენ პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურასა და სოციალურ სფეროს. ბოლო სამი წელია ამ დაჯილდოებაში მონაწილეობს ნორვეგიული გამოხატვის თავისუფლების ინსტიტუტი.
2005_2007 წლებში ეს პრიზი აღარ გაიცემოდა საქართველოსა და უკრაინაზე _ ფონდის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ამ ქვეყნებში პრესის განვითარებისთვის უკეთესი პირობები და ნაკლები პრობლემები იყო. თუმცა 2008 წელს საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, ისევ ჩართეს პროგრამაში. „გაზეთი ბათუმელები“ პრესის ჯილდოზე, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროკომისარმა _ ბენიტა ფერრერო ვალდნერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა _ გიუნტერ ვერჰოიგენმა წარადგინეს.
გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში გამოფენა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა, პერ ეკლუნდმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ 2009 წელს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე თავისუფალი პრესის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ შვიდ პრიზს შორის არის პირველი პრეცედენტი, როდესაც რეგიონულმა გაზეთმა ეს პრიზი მიიღო სრულიად დამსახურებულად. 
პერ ეკლუნდი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში: `ჩვენ ვამაყობთ, რომ `ბათუმელები~ პრესის ჯილდოზე საქართველოში მოქმედმა დელეგაციამ წარადგინა. გაზეთი პირველი დამოუკიდებელი გამოცემა გახლდათ აჭარაში. ვიცით, რომ მიუხედავად უამრავი შეზღუდვისა, გაზეთი გაიზარდა, მის მკითხველს კი ავტორიტარული მმართველობის პერიოდში დამოუკიდებელი ხმა ესაჭიროებოდა. 
2003 წლის გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ `ბათუმელებმა~ განაგრძო განვითარება. გაზეთის პროფილი აამაღლა იმ დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა, რაც ყველა ნომერში იბეჭდებოდა და ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიც არის ადამიანთა უფლებების დარღვევები, საბიუჯეტო ხარჯვები, კორუფციის მონიტორინგი. აგვისტოს ომის გაშუქების დროს, ისევე, როგორც ფინანსური კრიზისის დროს, გაზეთი საქართველოს მედიის სპექტრში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მჯერა, რომ `ბათუმელები~ თავისუფალი მედიის რეპუტაციას შეინარჩუნებს და თავისი მკითხველისთვის განაგრძობს იმ მოვლენების გაშუქებას, რაც რეგიონში, ქვეყანასა და მსოფლიოში ხდება~.  
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სახალხო დამცველი _ სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაზეთ `ბათუმელების~ საშუალებით ხშირად უფრო მეტ ინფორმაციას იგებს, ვიდრე ე.წ. `ნაციონალური~ საინფორმაციო საშუალებებიდან.
სოზარ სუბარი: `ბათუმელები~ ის გაზეთია, რომლითაც მე ვიგებ, თუ რა ხდება თბილისში. უფრო მეტიც, ომის დროს მე ამ გაზეთით ვიგებდი ზუსტ ინფორმაციას. როცა ჟურნალისტებმა არ იცოდნენ რა ეთქვათ, რა დაეწერათ, `ბათუმელები~ არ დაიბნა _ ძალიან ზუსტი, სწორი აქცენტები და ღრმა ანალიზი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
ეს გაზეთი გამოირჩევა ღირებულებებისადმი ერთგულებითა და პრინციპულობით. იბეჭდება კარგი სტატიები და კეთდება ღრმა ანალიზი. `ბათუმელების~ ყოველი ახალი ნომერი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რა ვითარებაა აჭარაში და რა ხდება საქართველოში. მიხარია, რომ ეს პრიზი გაზეთმა `ბათუმელებმა~ მიიღო~. 
გაზეთ `ბათუმლების~ ოფისში გამოფენილია გაზეთის პირველი გვერდების რამდენიმე ფოტო 2001 წლიდან _ დღემდე. ეს ფოტოები ასახავს გაზეთის განვითარების ისტორიას _ როგორც დიზაინ-მაკეტის, ასევე პროფესიული სტანდარტების თვალსაზრისით. ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილია 2002_2003 წლებში გაზეთის დახურვის ისტორიები და ფოტოები 2003 წლიდან დღემდე; 20_მდე ფოტო 2003_2004 წლების აჭარის მოვლენებიდან.
ამ ფოტოების გადარჩენა გაზეთის ჟურნალისტებმა, მათზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, მაინც შეძლეს (ამ პერიოდში გაზეთის ჟურნალისტებს გამუდმებით ართმევდნენ და უმტვრევდნენ ფოტოკამერებს).
გამოფენა გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში ორ კვირას გაგრძელდება. მისი დათვალიერება გაზეთის მკითხველსა თუ ნებისმიერ მსურველს შეუძია. 

~გაზეთი ბათუმელები~ 





რატომ ღირს, იყო ომბუდსმენი საქართველოში

понедельник, 6 июля 2009 г.



სოზარ სუბარი


სახალხო დამცველი, ანუ როგორც მსოფლიოში უწოდებენ - ომბუდსმენი,
შვედური სიტყვაა და წარმოშობითაც შვედური ინსტიტუტია. დღეს ეს ინსტიტუტი
სხვადასხვა ფორმითა და სახელით მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს და
დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნები ლამის სავალდებულოდ
მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენი ჰყავდეთ, თუმცა, 50 წლის წინ მის შესახებ იშვიათად
თუ ვინმეს სმენოდა. ისიც, ძირითადად, სკანდინავიაში.
არადა, პირველი ომბუდსმენი თითქმის სამასი წლის წინ გაჩნდა და ის
სულაც არ იყო დემოკრატიის პირმშო: შვედეთის მეფემ, მას შემდეგ, რაც რუსეთთან
ომი წააგო, გადაწყვიტა, მოკავშირე შორეულ თურქეთში მოეძებნა და ხანგრძლივი
მოგზაურობისთვის მოემზადა. დაბრუნებამდე კი, იმისათვის, რომ ჩინოვნიკებს
ხალხი არ გაემწარებინათ, სპეციალურად შექმნა ომბუდსმენის თანამდებობა,
რომელსაც ხალხი მოხელეთა თვითნებობისა და უკანონობისგან უნდა დაეცვა.
ომბუდსმენად კი თავისი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნა.
ამგვარად, ომბუდსმენი ფორმალურად მეფის მეგობარი იყო - კაცი, ვისაც
მეფე ენდობოდა, არსით კი - ხალხის მეგობარი - ვინც ხალხს ჩინოვნიკთა
თვითნებობისგან იცავდა. შესაბამისად, ეს ძალზე საპასუხისმგებლო საქმეც იყო და
სასიამოვნოც - რა ჯობია, იყო მეფის მეგობარი და აკეთო კეთილი საქმეები, დაიცვა
ადამიანები და ხალხსაც ასიამოვნო და მეფესაც...
მაგრამ თუ მეფეს არ უნდა, რომ ქვეყანა კანონებით მართოს? ესეც არ არის
პრობლემა - ომბუდსმენს არათუ არაფერს ჰკითხავს, სულაც მოხსნის, ინსტიტუტსაც
გააუქმებს და მეტსაც იზამს - იმას იზამს, რაც მოეპრიანება - მეფეა და იმიტომ.
მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი მეფობს და არა მეფე. შესაბამისად,
ომბუდსმენიც კანონს ემორჩილება და არა ქვეყნის მმართველთა ნებას. და როცა
მმართველები თავად არღვევენ კანონს, მაშინ ცხადი ხდება, რომ ხალხის დაცვა
სულაც არაა ისეთი ადვილი საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
პასუხისმგებლობა ათმაგდება, სიამოვნების ნაცვლად კი უძილო ღამეები და
მუდმივი ფიქრი იწყება - ფიქრი იმაზე, თუ სად გადის ზღვარი, რასაც ომბუდსმენმა
არ უნდა გადააბიჯოს!
* * *
2004 წლის 16 სექტემბერს, როცა პარლამენტში მირჩევდნენ, ვერ
წარმოვიდგენდი, რომ ამდენი პრობლემის გადალახვა მომიხდებოდა; რომ ადამიანის
უფლებების შელახვა სისტემურ ხასიათს მიიღებდა; რომ კანონის აბუჩად აგდება
ცხოვრების წესად იქცეოდა; და, რაც მთავარია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ
ადამიანები, რომლებიც მანამდე კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე
ლაპარაკობდნენ, თავად იქცეოდნენ მთავარ დამრღვევებად. ეს ყველაფერი ჩემს
თვალწინ ხდებოდა, მაგრამ მაინც მიჭირდა ამის დაჯერება.
პარლამენტში არჩევის დღეს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა
მკითხა - თუ შეძლებ მეგობრებთან დაპირისპირებას, თუკი ისინი დაარღვევენ
ადამიანის უფლებებსო. ვუპასუხე, ძნელია, მაგრამ შევძლებ, რადგან სხვანაირად,
უბრალოდ, ვერ მოვიქცევი-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალი მტყუანად
უნდა გამომეყვანა, რასაც მართლა ვერ შევძლებდი. ასე რომ არჩევანი, უბრალოდ, არ
მქონდა. თუმცა, ამდენ უსამართლობას მაინც არ ველოდი. დიდხანს მეგონა, რომ ეს
დარღვევები გამონაკლისები იყო და არა სისტემა. დიდხანს მეგონა, რომ
ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგით, ყოველდღიური მუშაობით
უსამართლობის შეჩერებას შევძლებდი. მით უმეტეს, რომ თავიდანვე სერიოზული
შედეგები გვქონდა: პოლიციის მონიტორინგმა ის შედეგი გამოიღო, რომ პოლიციაში
ყოველდღიურმა ცემა-ტყეპამ იკლო, ფსიქიატრიული საავადმყოფოების
მონიტორინგის შედეგად იქ მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესდა, ჩვენს მიერ
აღმოჩენილ დარღვევებს კი ბევრი თანამდებობის პირი შეეწირა - ზოგი
თანამდებობიდან გათავისუფლდა და ზოგიც პასუხისგებაში მიეცა. თითქოს რაღაც
იმედები არსებობდა.
თანაც, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ფაქტობრივად თავიდან იყო
შესაქმნელი. ახალ გამოწვევებს ახლებური მუშაობა სჭირდებოდა. გამოცდილებასაც
გზადაგზა ვიძენდით - იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ვერავისგან ვისწავლდით.
შვედეთის ომბუდსმენის ინსტიტუტი წელიწადში 4-5 მონიტორინგს აწყობს
პოლიციაში, ესპანეთისა - თითქმის სამჯერ მეტს, ჩვენ კი მხოლოდ 2005 წელს 2000-
მდე მონიტორინგი ჩავატარეთ. თანაც, არც დღე ვიცოდით, არც ღამე, არც დასვენების
დღეები...
* * *
სახიფათო ტენდენციები არჩევის შემდეგ მალევე გამოჩნდა. ჩემი არჩევიდან
ორ კვირაში სოფელ კეხვთან, ცხინვალის რეგიონში, ქართულმა პოლიციამ
რუსეთიდან შემოსული საქართველოს 300-მდე მოქალაქე გააჩერა და მათ უკან,
რუსეთში გაბრუნება მოსთხოვა. მშიერ-მწყურვალი ხალხი, ყოველგვარი ჰიგიენის
გარეშე რამდენიმე დღე ავტობუსებში ათევდა ღამეს. მათ შორის იყვნენ ღრმად
მოხუცებიც, ავადმყოფებიც, იყო წლინახევრის ბავშვიც. რუსეთში მათი გაძევების
მოთხოვნა უკანონობაც იყო - ამას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს და
შეუძლებელიც - რუსეთი არ მისცემდა ამ ხალხს მისი საზღვრის გადაკვეთის
უფლებას. მით უმეტეს, რომ ამ ხალხის ნაწილი დეპორტირებული იყო. მათთან
ჟურნალისტებსაც არ უშვებდნენ - დიდი ლიახვის ხეობაში შესასვლელი გზა
პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. შესაბამისად, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა და
საზოგადოებამ არაფერი იცოდა საქართველოს 300 მოქალაქის პრობლემის შესახებ.
ეს ამბავი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის
თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ შემატყობინა, რომელიც იქ იყო. ჩემს
ჩასვლამდე მას პოლიციელებმა ცეცხლიც კი გაუხსნეს. მაშინვე გავეშურე კეხვისკენ,
მაგრამ პოლიციამ გზა მეც გადამიკეტა. არანაირი არგუმენტი და კანონის ციტირება
მათზე არ ჭრიდა. მაშინ მძღოლს ვუთხარი, პირდაპირ გადასულიყო ციცაბო
ფერდობზე - თუ დავიღუპებით, დავიღუპოთ-მეთქი. ამის შემდეგ პოლიციელებმა
სადღაც დარეკეს და გზა მოგვცეს. ჟურნალისტებიც თან მახლდნენ - მთხოვეს და
წავიყოლე.
მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან
ხანგრძლივმა საუბარმა და კამათმა შედეგი არ გამოიღო. ორი დღის განმავლობაში
უშედეგოდ ვცდილობდი პრემიერმინისტრთან დარეკვას - მან ჩემს ზარებს არ
უპასუხა. ამის შემდეგ საჯაროდ განვაცხადე, სანამ ეს ხალხი აქ არის, მეც მათთან
ვიქნები-მეთქი და პირველი ღამე მართლაც ქუჩაში გავათენე.
მეორე დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გამოაგზავნა ჟურნალისტი,
რომელმაც საქმეს საინტერესო ელფერი შესძინა - როგორ თანამშრომლობენ
ვლადიმირ ჟირინოვსკი და სოზარ სუბარი!!! ლოგიკა თავად მკითხველმა მოძებნოს,
სიუჟეტის ფაბულა კი ასეთი იყო: იმ 300 კაცს შორის, რომელთაც ჩვენი
ხელისუფლება გაძევებას უპირებდა, რამდენიმე ისეთიც ერია, ვინც ჟირინოვსკის
პარტიის წევრებმა მოსკოვის ქუჩებში დაიჭირეს, სასამართლოში წაიყვანეს და
სასამართლოს გზით გამოაძევეს რუსეთიდან - რუსეთის ლიბერალურ-
დემოკრატიული პარტია მაშინ ქართველების საწინააღმდეგო აქციას ასეთი ფორმით
ატარებდა. ამავე ადამიანებს ახლა უკვე მათი ხელისუფლება მათივე სამშობლოდან
უპირებდა გაძევებას და მე ვცდილობდი ეს არ დამეშვა. რა გვქონდა საერთო მე და
ჟირინოვსკის? - მკითხველმა განსაჯოს!
შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი კიდევ უფრო შორს წავიდა
და საჯაროდ განაცხადა, იმ ავტობუსებში ჩემი ნათესავები სხედან, რომელთაც
საქართველოში კონტრაბანდა შემოაქვთო და ამიტომ გამოექომაგაო. არადა, ამ დროს
ჩემს თვალწინ უზარმაზარი სატვირთო მანქანები, კონტრაბანდით დატვირთულნი,
ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ცხინვალისკენ და მათ უბატონოდ ხმას არავინ
სცემდა.
ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ბოლოს თავად პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა დამირეკა და დიდხანს ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, დამეტოვებინა
იქაურობა. თავიდან კეთილგანწყობილი საუბარი ბოლოს ძალზე უსიამოვნო კამათში,
ყვირილსა და ყურმილის დახეთქებაში გადაიზარდა. საუბრიდან ორიოდე საათში კი
ახალი ბრძანება მოვიდა და ხალხს ოჯახებში დაბრუნების ნება მისცეს.
* * *
ასეთი შემთხვევები ბევრი იყო, თუმცა, ცალკეული შემთხვევების
განზოგადებებს ყოველთვის ვერიდებოდი. სულ იმას ვუფრთხოდი, რომ არ
გადამელახა ის ზღვარი, რაც ომბუდსმენს პოლიტიკოსისგან აშორებს. მით უმეტეს,
რომ ეს იყო ყველაზე ეფექტური იარაღი, რითაც ჩემს განეიტრალებას ცდილობდნენ -
რატომ უნდა მოვუსმინოთ ომბუდსმენს, რომელიც გასცდა თავის მანდატს და
პოლიტიკაში გადავიდა?
თანაც, ეს არ იყო მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების აზრი. ასე ფიქრობდა
ზოგიერთი ჩემი კოლეგაც. მაგალითად, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ
დაიწყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტების დევნა - მათ სასტიკად სცემდნენ
ნიღბიანი პირები. ხელწერა ყველგან ერთი და იგივე იყო. ცხადი იყო, რომ ეს იყო
პოლიტიკური ტერორი და ასეც ვთქვი. პრესკონფერენციას ჩემი ესტონელი კოლეგა
ესწრებოდა, რომელიც იმ დროს ჩემს ოფისში მუშაობდა. მან მიიჩნია, რომ
ომბუდსმენმა უნდა შეაფასოს ფაქტები, მაგრამ არ უნდა მისცეს მათ პოლიტიკური
შეფასება.
მაგრამ, თქვათ ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჩემი კოლეგა მირჩევდა,
რამდენად მართალი ვიქნებოდი? მაშინ, როცა დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს იყო
პოლიტიკური დევნა და ტერორი, რამდენად მართალი ვიქნებოდი, რომ ეს არ
მეთქვა? რამდენად გამართლებული იქნებოდა, თუ მხოლოდ ნახევარ სიმართლეს
ვიტყოდი? ვფიქრობ, სიმართლის ნახევრად თქმას ისევ დუმილი სჯობია - ეს უფრო
პატიოსანი საქციელია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ კი ბოლომდე მაინც ვერ გაიგო,
როგორ ქვეყანაში მოუწია მუშაობამ. მართალია, ბოლოსდაბოლოს მან დაიჯერა, რომ
საქართველო არ არის დემოკრატიის ფორპოსტი, მაგრამ მაინც ეგონა, რომ ჩვენთან
კანონი, თუნდაც კოჭლობით, მაგრამ მაინც კანონობდა. ამაში, ეტყობა, მე და ჩემი
კოლეგებიც ვართ დამნაშავე - ჩვენ მას ბოლომდე მაინც არ გავუმხილეთ, როდის და
რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა ჩვენთან მისი ჩამოყვანა: 2007 წლის 7 ნოემბრის
შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებს შეეშინდათ, რომ სპეცრაზმები
სახალხო დამცველის ოფისსაც დაარბევდნენ, როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ,
ამ ქვეყანაში არავის სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის დაცული, მათ გადაწყვიტეს
საქართველოში ჩამოეყვანათ ვინმე - „სახალხო დამცველის დამცველი“ - ვინც
ცოტათი მაინც დაიცავდა ჩვენს უსაფრთხოებას.
ამის დაჯერება ძალიან ძნელია, როცა შვედეთის ან ესტონეთი ომბუდსმენი
ხარ და ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება აქციო სასამართლო ბუტაფორიად,
ხოლო „დემოკრატიის ახალი ტალღა“ - მორიგ ფორმალობად.
მაგრამ მათ ასევე უჭირთ იმის გაგება, რას გრძნობ, როცა ამდენი
წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მაინც შეძლებ ვინმეს დაეხმარო და ხალხის
ნდობა მოიპოვო - თუნდაც ამისთვის ღირს იყო ომბუდსმენი სწორედ ისეთ ქვეყანაში,
როგორიც საქართველოა.

დაიბეჭდა გაზეთ ბათუმელებში 2008 წლის 10 დაკემბერს