შვილებმა დედას პროკურატურაში უჩივლეს

четверг, 9 июля 2009 г.


პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 57 წლის ლუბოვ უსუპოვა თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. შვილები დედისათვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ. 

განსასჯელის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მსჯავრდებული აკოპ მინასიანთან სამოქალაქო ქორწინებაში 1977 წელს დარეგისტრირდა. 1990 წელს ცოლ-ქმარი ოფიცილაურად განქორწინდა. განქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ისინი შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ. 1999 წელს კი ხელახლა იქორწინეს ოფიციალურად (სამოქალაქო ქორწინება რეგისტრირებულია მმაჩის ბიუროში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც განსასჯელის საქმეს თან ერთვის).  
2001 წელს განსასჯელის ქმარი _ აკოპ მინასიანი გარდაიცვალა. 2006 წელს კი ცოლმა ქმრის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო. ეს ქონება ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვის სახლია, რომელიც ლუბოვ უსუპოვამ ასი ათას ლარად გაყიდა. სწორედ ამის გამო უჩივლეს დედას პროკურატურაში შვილებმა და ორმა გერმა. გამოძიება თაღლითობის ბრალდებით დაიწყო და 57 წლის ლუბოვ უსუპოვა დააპატიმრეს.
ბრალდების მიხედვით, განსასჯელი თაღლითური გზით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას _ მან გაუქმებული ქორწინების მოწმობით მიიღო ეს ქონება. ადვოკატის თქმით, ეს ნოტარიუსის შეცდომაა: `სამკვიდრო მოწმობაში საფუძვლად ჩაიწერა არა 1999 წლის, არამედ 1977 წლის ქორწინება, რაც ნოტარიუსის შეცდომაა~. 
კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილ ადამიანს მეუღლე არ ჰყავს, მისი ქონება შვილებს რჩებათ, მაგრამ რამინ პაპიძის თქმით, სასამართლოს არ დაუდგენია, გარდაცვლილი და განსასჯელი ნამდვილად იყო თუ არა ცოლ-ქმარი. გამოძიებისას ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ 1999 წელს ლუბოვ უსუპოვამ და აწ გარდაცვლილმა აკოპ მინასიანმა ნამდვილად მოაწერეს ხელი მმაჩის ბიუროში.  
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, როინ კახიძემ, განსასჯელს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა, შვილების მოთხოვნა _ განსასჯელისთვის 60 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრებინათ _ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.