Показаны сообщения с ярлыком რაიონი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком რაიონი. Показать все сообщения

არჩევნები ხულოში

суббота, 4 июля 2009 г.


ხულოში 3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ `მარშუტკა~ საღამოს ხუთ საათზე გადის, ბილეთი დილით, ათი საათისთვის შევიძინე, რადგან გამაფრთხილეს, შესაძლოა, გასვლის დროს ადგილები აღარ იყოსო. ხუთის ნახევარზე სადგურში ვარ. სოფელ
ვაშლოვანის `მარშუტკას~ რამდენიმე ადამიანი ელოდება. წასვლამდე თხუთმეტი წუთით ადრე მარშრუტკაც `მორახრახდა~. ჩემს ბილეთს `ადგილი #1~ ეწერა, მაგრამ მიკროავტობუსში ადგილები დანომრილი არ აღმოჩნდა, ამიტომაც მძღოლს
ვკითხე, სად იყო პირველი ადგილი. `გაყიდულია~ _ მიპასუხა მან. ავუხსენი, რომ ბილეთი ნაყიდი მე მქონდა. ყვირილი დაიწყო: `ეს ადგილი არჩილის გოგუებს დუუჯავშნეო~. ბილეთიანი მგზავრი ვეღარ დამტოვა, მაგრამ ჯავრი მოლარეებზე იყარა. მძღოლის უკან მოვკალათდი და ფეხები პურის ფქვილის ტომარაზე შემოვაწყე, სხვა გზა არ მქონდა. მძღოლი მიბღვერს, ჩხუბობს, ყველას წვდება. გასვლის დროა, თუმცა არ ჩქარობს, `გურამის გოგოებს~ ელოდება. როგორც იქნა, მგზავრებიც მოვიდნენ და `მარშუტკაც~ ამუშავდა. მძღოლმა ჯიბიდან `ჩანაწერები~ ამოიღო და კითხვა დაიწყო: `გურამის გოგოები _ არის. არჩილის?... ცემენტი მაქვს საყიდელი~, _ დაასრულა კითხვა და პუშკინის ქუჩით წავიდა. ცემენტის ყიდვას 40 წუთი დასჭირდა. ახლა გაირკვა, რომ მძღოლმა `ხოფაზე~ მეზობლებს უნდა გაუაროს, იმათთან მისვლაში კიდევ რამდენიმე წუთი იკარგება. როგორც იქნა დავიძარით, მაგრამ... `ხოფიდან~ შვილიშვილის სანახავად გააგრძელა გზა, `ბაბუს სიხარულს თუმანი~ აჩუქა და ამჯერად მართლა ხულოში წავედით… ერთი მგზავრი ფეხზე დგას, 60 წელს გადა-
შორებული იქნება. მძღოლი პირსახოცს აწვდის და ურჩევს _ `დაიგე და დაჯექი. აბა, ასვლამდე ფეხზე ხომ არ იდგები…~ მეორე დღეს არჩევნებია, მაგრამ ამ თემაზე
არავინ საუბრობს, ყველა თავისთვისაა, უმრავლესობას ძინავს...
როგორც იქნა, დაბის ცენტრში ავედით. გზა კარგი იყო. მითხრეს, ეს ბეშუმისკენ მიმავალი ცენტრალური გზატკეცილია და მაგიტომაც გააკეთა ხელისუფლებამო… ხულოს ცენტრში სულ რამდენიმე ჯიხური დგას _ ერთი სასადილოა, მეორეში სამგზავრო ბილეთები იყიდება, იქვე, გვერდზე ორი ბანკის ფილიალია. უფრო ზევით ფოსტის შენობა, პოლიციის განყოფილება, გაზეთ `ხულოს~ რედაქციასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარშალომიძის `პლაკატებს~
სამარშრუტო ტაქსებსა და მანქანებს აკრევენ, დროშებით დარბიან. გარევაჭრობაა გაჩაღებული… არჩევანი დიდია, _ მეორადი, ახალი საქონელი... ანუ პირველადი მოხმარების ნივთების შოვნა არ ჭირს. მალე ხულოში დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავადმყოფო კარგადაა გარემონტებული, როგორც აქაურები მეუბნებიან, ასლან აბაშიძის დროს გაუკეთებიათ. ორ სოფელში ვგეგმავ მისვლას _ ვაშლოვანში,
სადაც ღამე უნდა გავათიო და ღურტაში,სადაც არჩევნებს უნდა დავაკვირდე.
არჩევნები ვაშლოვნის ოღრო-ჩოღრო გზას ამ არჩევნებმაც ვერ უშველა. სოფელში წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს კომპიუტერები დაურიგეს. სლოგანი: `აბა თქვენ იცით, ხმას ვის მისცემთ~.
ხულოში პირველად ვარ, ჩემი მასპინძლის გარდა არავის ვიცნობ. არჩევნების დღეს
ვაშლოვანიდან ღურტაში დილით, ექვსის ნახევარზე წავედით. ეს სოფელი გოდერძის უღელტეხილთანაა ახლოს. ზუსტად შვიდ საათზე სოფლის სკოლასთან მივედი, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. კომისიის წევრებმა ჩემს დანახვაზე უსიამოვნება ვერ დაფარეს. `იმედია, ვითანამშრომლებთ~, _ მითხრა კომისიის თავმჯდომარემ. თანამშრომლობაში რასაც გულისხმობდა, მოგვიანებით მივხვდი… წილისყრის დროა, მაგრამ კომისიის ერთ წევრს `ფეხი სტკივა~ და თავიდანვე აცხადებს,
რომ ნაკადის მარეგულირებელი ვერ იქნება, მეორეს რეგისტრატორობა სურს...
მოკლედ, მე, როგორც დამკვირვებელი თუ ამაზე თანახმა ვიქნები, წილისყრა არ
ჩატარდება... რამდენჯერმე მიწევს იმის შეხსენება, რომ მარკირების გავლა აუცილებელია და ხმის მიცემა პირადობის მოწმობის ან პასპორტითაა დაშვებული… ღურტას საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები `კანონის შემომღებელს~ მეძახიან.
უბანზე ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე შემოდის და ხმას აძლევს. შენიშვნას არ ითვალისწინებენ, საჩივრის დაწერის უფლებას კი, ფაქტობრივად, არ მაძლევენ. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საჩივრის ხსენებაზე ღრიალებენ. ეს უბანი გასაუქმებელია, მაგრამ... მხოლოდ ერთი საჩივარი დავწერე… არადა, ეს პროცესი _ უპასპორტო, უმისამართო ადამიანების მოსვლა, არ მთავრდება… `სამართლიანი არჩევნების~ იურისტს ვაცნობე, რაც ხდება. უბანზე ოლქის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი
მოდის. საყვედურს კომისიის თავმჯდომარე იღებს _ აფრთხილებენ, რომ საჩივრის
დაწერაში ხელი არ შემიშალონ. კომისიის თავმჯდომარე უკვე ხშირად მეკითხება:
`საჩივარს ხომ არ დამიწერთ…~ ძალიან ცივა. შენობა, სადაც ვმუშაობთ, ღელის
პირასაა, ფანჯარას მინები აქვს ჩამტვრეული. ჩემს საპატივცემულოდ უბანზე ღუმელი
იდგმება და ყავაც იხარშება…გადასატანი ყუთი შემოაქვთ. გვიან შევამჩნიე, რომ ყუთი დაულუქავია და კომისიის წევრები ეხვევიან გარს. როგორც კი შემნიშნეს, მაშინვე
დალუქეს… ხმის დათვლა დაიწყო. გადასატან ყუთში 92 ბიულეტენია. ვხედავ, იხსნება ერთი კონვერტი და სამი ბიულეტენი ამოაქვთ. `ან საჩივარი, ან ბათილად ცნობა~, _ კომისია არჩევანის წინაშეა. `ოღონდ საჩივარი არა და რასაც იტყვი, იმას ვიზამთ~, _ ამბობენ და ბათილად ცნობას არჩევენ. დავხედე გაბათილებულ ბიულეტენებს,
რომლებიც მაგიდის კუთხეში მოათავსეს, სამივეზე ხუთიანია მოხაზული…
ბუნებრივია, ხმის თვლის პროცესში მაგიდასთან არ ვზივარ, ამის არც უფლება მაქვს და არც შესაძლებლობა. გავიარ-გამოვიარე და ისევ გაბათილებულ ბიულეტენებს დავხედე. მათ ნაცვლად უკვე ცარიელი ბიულეტენები აწყვია. გადაწყვეტილება მივიღე _ საჩივარი! და წერა დავიწყე. ზოგი კალამს მართმევს, ზოგი სალაპარაკოდ
გვერდზე მიხმობს, ვხედავ კომისიის მდივანი როგორ ხევს სამ ბიულეტენს. მოკლედ,
ქაოსია, მაგრამ მე მაინც ვწერ. უბანზე ყველა პარტიას თავისი დამკვირვებელი
ჰყავს. ვერავინ ვერაფერს ხედავს. ე.წ. NGO-ს, `ახალგაზრდა ჟურნალისტთა სახლის~
წარმომადგენელმა, ჯელილ ღორჯომელაძემ კი იცის, რომ `ოპოზიციონერობა ხეირის მომტანი არაა~. მას მომავალ არჩევნებზე კომისიის წევრობა სურს. გაყალბებას თუ ვერ შეამჩნევ, თურმე, კომისიის წევრი აუცილებლად გახდები. ყოველ შემთხვევაში, ბატონმა ჯელილმა ასე ამიხსნა. სკოლის ეზოდან ჩხუბის ხმა მესმის. ახალგაზრდები
კომისიის წევრების შერჩევის პრინციპს აპროტესტებენ. ნაცმოძრაობის აქტივისტები და სოფლის ბიჭები ჩხუბს იწყებენ. სკოლის მინები იმსხვრევა. აყალმაყალი დაახლოებით სამ საათს გრძელდება და პოლიციის ჩარევით სრულდება.
ამომრჩევლისთვის 100-150 ლარის მიცემა და უბნამდე `მარშრუტკით~ მომსახურება ისეთი სიზუსტით სრულდება, იფიქრებ საარჩევნო კოდექსითაა დაკანონებულიო. ჩემს მოკლე სადამკვირვებლო პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს… ისევ იურისტთან
ვრეკავ, მერე ისევ საოლქოს თავმჯდომარე რეკავს უბანზე, კომისიის თავმჯდომარე ოხრავს… `შენ რომ მაგი საჩივარი დაწერო, უბანს გააუქმებენ, ჩვენ კი უხელფასოდ დავრჩებით. ამ მთავრობას მალე მაინც გაუშვებენ. ნუ დაგვტოვებ
უხელფასოდ~, _ მეხვეწება კომისიის ერთი წევრი… ვხვდები, რომ აზრი არაფერს აქვს,
არც საჩივარს… ყველაფერს თავს ვანებებ... ღამის პირველი საათისთვის საოლქოში მივედი. ხულოში მხოლოდ ერთი საჩივარი იყო დაწერილი, ისიც ჩემი. ზუსტად ვიცი, ასეთ სისტემაში არასოდეს წავალ არჩევნებზე; არც დასაკვირვებლად და არც ხმის მისაცემად…

გაზეთი ბათუმელები #43

12-19 ნოემბერი; 2008 წელი 

ცხოვრება მთის კანონებით

пятница, 15 мая 2009 г.

 გადაღებულია ყურანის სწავლების დროს;  

ფოტო:ნათია როყვას


ღორჯომს ბათუმთან ზუსტად ასი კილომეტრი აშორებს; სამარშრუტო ტაქსი სადგურიდან ღორჯომში 12 საათზე გადის, მაგრამ დილის ათი საათიდან უკვე ემზადებიან _ ტომრებს ~მარშუტკის~ თავზე დილიდანვე ამაგრებენ; ადგილები წინა სავარძლებზე დაკავებულია, ამიტომაც უკან ვთავსდებით. ღორჯომელები პირველად იმას კითხულებენ, ვის ოჯახში მივდივართ.
ჭაღარათმიანი კაცი, ავტოსადგურიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე წინა ადგილს იკავებს და წუხს: ~ეჰ, `გაზეთი ბათუმელები~ ვერსად ვიშოვე, ყველა გაყიდული დამხვდა...~ აჭარის მუფთან დაბეჭდილ ინტერვიუზე მსჯელობენ, რომელიც ~ბათუმელების~ წინა ნომერში გამოქვეყნდა; ამაზე ღორჯომში ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ყველასთვის ერთნაირად საინტერესოა; 
~მუსიკა არ გვაააქ~ _ გადასძახეს უკანა სავარძლიდან ბიჭებმა მძღოლს, როცა იგი საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ანცი ბავშვებივით ცქმუტავენ; ოთხადგილიან სკამზე ხუთნი სხედან, ტრანსპორტში სულ 15 მამაკაცია. და ორიც ჩვენ _ მე და ჩემი თანამშრომელი. 
გაიგეს თუ არა, რომ მათ სოფელში ჟურნალისტი მიდიოდა სტატიის მოსამზადებლად, მაშინვე პოლიტიკაზე დაიწყეს საუბარი. `ეს მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის~; `ჩემს მაღაზიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის უფლება არ მივეცი და უშიშროებიდან ხალხი იმის სათქმელად მომიგზავნეს, რომ ფრთხილად ვიყო. შიშის ქვეშ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ~;~რომ იძახიან აჭარა გავათავისუფლეთო, აჭარას არაფერი ჭირდა დასაბრუნებელი, თუ მაგრები არიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრონონ~, _ ისმის წამოძახილები `მარშუტკაში~. 
სტუდენტი დავითი თანასოფლელებს არ ეთანხმება. იგი თვლის, რომ 2004 წლის შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა, მაგალითად, გზები დაიგო და განათლების რეფორმა გატარდა; თუმცა მას არ ეთანხმება მისი მეგობარი: `რას ეძახი წარმატებულს? თუ ფული არ გაქვს, ვერ ემზადები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებ და რჩები უსწავლელი, არადა, სწავლა მეწადა; ღორჯომში ვისთან უნდა მოემზადო? სკოლაში რამდენიმე არაპროფესიონალი პედაგოგია, სკოლა დაამთავრეს და მასწავლებლად დააწყებინეს მუშაობა, იმან სხვას რა უნდა ასწავლოს, ქალაქში სიარული ადვილია?~...
მძღოლს ბიჭების გადაძახილი _ `მუსიკა არ გვაააქ~ გაახსენდა. მაგნიტოფონის ხმამ ყველას საუბარი გადაფარა. 

ხულოს ცენტრში მგზავრები დაგვემატა, `ნემსის ადგილი აღარაა...~ როგორც მძღოლმა მითხრა, ხულოს ცენტრიდან ღორჯომი 14 კილომეტრშია, ამ გზის გავლას საათზე მეტი დასჭირდა, მიხვეულ-მოხვეული გზაა, თანაც დიდაჭარიდან ცუდი გზა დაიწყო. ზღვის დონიდან 1425 მეტრზე ვართ, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უფსკრულებია; 
გზიდან მასპინძელს შევეხმიანეთ. დაგვაკვალიანა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლასთან უნდა ჩავიდეთ. მასპინძელი ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, მაყვალა ირემაძე ხელებდაკაპიწებული შეგვხვდა ჭიშკართან და შინ შეგვიპატიჟა. ვიდრე მგზავრობის ამბავს გამოგვკითხავდა, ათუხთუხებულ ქვაბს თავი ახადა და მოხარშულ დედალს მარილი მოაყარა. მისმა მეუღლემ, ბატონმა თამაზმა გვირჩია, თუ სოფლის ამბის გაგება გვსურდა, ცენტრში, მაღაზიასთან უნდა ავსულიყავით. ეგრეთ წოდებულ, `ბირჟამდე~ თავად მიმაცილა... 

მაღაზიასთან
მაღაზია, რომელიც სოფლის ცენტრში დგას, `კომუნისტების დროინდელია~. ანდრო ადაძე აქ ოთხი წელია მუშაობს. სოფლის ამბებიც ყველაზე უკეთ მან იცის. ამ მაღაზიის წინ საჯარო სკოლა, აქვეა გამგეობის შენობა, გვერდით კი სამლოცველო _ ჯამეა, ანუ ყველაფერი მაღაზიის წინაა თავმოყრილი. სოფლელებიც აქ იკრიბებიან. განსაკურებით ხალხმრავლობა კი ლოცვის დასრულების შემდეგაა. ხალხმრავლობაა აგრეთვე გამგეობის შენობაში განთავსებულ საბილიარდოში, სადაც ძირითადად ბილიარდის მოყვარულები იკრიბებიან.
`წელს `თხელი~ ზამთარი იყო, სურსათი ადვილად შემომქონდა. საერთოდ, ღორჯომში გაზაფხული და შემოდგომა არაა, ჩვენთან თითქმის ათი თვე ზამთარია. საბჭოთა კავშირის დროს საჭმელზე არ ფიქრობდა ხალხი, ახლა ყველას უჭირს~, _ ამბობს ანდრო ადაძე, რომელსაც ჯიბეში ნისიების ორი რვეული უდევს. მისი აზრით, ეს გაჭირვება მთავრობამ უნდა დაძლიოს, ამიტომ მთავრობაში `პრორუსული ორიენტაციის კაცია საჭირო~. 
ჩამთან სასაუბროდ მეზობელი სოფლიდაც მოდიან, განსაკუთრებით მამაკაცები აქტიურობენ. უფრო ზუსტად, სოფლის ცენტრში ქალს იშვიათად ნახავ...
ღორჯომში ყველას სათხოვარი ერთი და იგივეა _ `დაწერე!~: `ახლა რასაც ვიტყვით, დაბეჭდე. ჩვენთან ჟურნალისტები არ დადიან და რახან მოხველ, იქნებ ხმა მიაწვდინო მთავრობას; შეშის მოსატანად ძალიან დიდი გზის გავლა გვიხდება, ტყეები გაიჩეხა და შეშა არაა. არის ალტერნატიული საშუალება _ ბიოგაზი. ხელისუფლებას ვთხოვთ, ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს. იქნებ ორმანათიანი ავტობუსიც დაგვინიშნონ ღორჯომში, ძვირია მგზავრობა. 
და კიდევ: შობადობა შემცირდა, რადგან მშობიარობა ფასიანი გახდა. ეს ძალიან დიდი დარტყმაა~. 

ქალები
ღორჯომში ორ ღამეს დავრჩი, ერთ საღამოს წვიმდა, მეორე დილით კი ისე თოვდა, ბათუმში მიმავალი `მარშუტკა~ სოფლის ცენტრში ვერ ამოვიდა, ამიტომაც ჩემმა მასპინძელმა, რენატიმ ფეხით ჩამაცილა; რენატი სოფლიდან სოფელში დამყვებოდა. პირველად, სოფელ ადაძეებს ვესტუმრეთ, ეს ბოლო სოფელია ღორჯომში, მთის ძირში რამდენიმე სახლი დგას. იმის `გადაღმა~ ორი საათის სავალ გზაზე უკვე ბახმაროა, ზაფხულობით სწორედ იქ `მიერეკებიან~ პირუტყვს ბებია-ბაბუები, ახალგაზრდები ყანისა და ჭალის მოსავლელად რჩებიან სოფელში.
აიშე ადაძის ოჯახი მრავალსულიანია. შინ დიასახლისები მეპატიჟებიან. ადაძეებში სტუმარს რძალი მასპინძლობს: კომპოტი, ყავა, შოკოლადი. მას მადლობას ვეუბნები და კითხვებს ვუსვამ, მაგრამ მხოლოდ მიღიმის. არც სახელს მეუბნება. დედამთილი მხიარულად მიხსნის: `მაი ჩემს ქმარს ემდურის და მაგიტო არ გცემს ხმას... ასე ჩვენ, რძლები მამამთილის პატივისცემას გამოვხატავთ~. 
ასმათი უკვე ოცი წელია ადაძეების რძალია. როგორც მამამთილმა თქვა, რძლის ხმა განაგონი არ აქვს. მოულოდნელად მამამთილი რძალს ოთახში დაჯდომისა და ლაპარაკის უფლებას აძლევს; ასმათი `ახალმოყვანილი რძალივით~ ჯერ იმორცხვებს, მაგრამ ჯდება და ლაპარაკობს, მამამთილის თანდასწრებით.
უწინ ქალებს, იმ ოთახში, სადაც მამაკაცები იყვნენ, შესვლის უფლება არ ჰქონდათ. უფრო მამამთილსა და მაზლს ერიდებოდნენ. 
ღორჯომში ტრადიციაა _ შინ შესვლისას ყველა ფეხსაცმელს იხდის. თითქმის ყველა სახლი ხისგანაა ნაშენი, პირველ სართულზე `ახორი~ ანუ ბოსელია. ეს იმიტომ, რომ დიდთოვლობისას გარეთ ვერ გამოდიან: `პირუტყვი ისე გვყავს დაბინავებული, რომ სახლიდან გაუსვლელად შევძლოდ მათი მოვლა~. 

ღორჯომის თემი
რწმუნებულის, თემურ ირემაძის თქმით, ღორჯომის თემში 15 სოფელი შედის, სულ ათას ორასი კომლი და ხუთიათას ორას სამოცდათხმუთმეტი ადამიანია რეგისტრირებული. ყველა მუსლიმანია. ოთხ სოფელში ვიყავი, ადაძეებში, გორგაძეებში, მინთაძეებსა და წინწკალაშვილებში. 
აქ ცოტა ხნის წინ ქალები ჩადრს ატარებდნენ, მაგრამ დღეს მას თავსაფარი ჩაენაცვლა, მხოლოდ უცხოსთან იფარებენ პირზე თავშალს. 
ნოდარ ქათამაძის ოჯახში მითხრეს, რომ ოჯახში სტუმრობა პატივისცემის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ, სახლის აშენებისას, ღორჯომელები საძირკვლიდანვე გეგმავენ, რომელი უნდა იყოს სტუმრის მისაღები ოთახი. პირველად მეიდან-ოდა, ანუ სასტუმრო ოთახი მზადდება...

ახალი თაობა
`ტრადიციული ადათ-წესებით გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა და გადახარისხდა; შეყვარებული მყავს, პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ვართ. ჩემი შეყვარებული მეუბნება, სიყვარული თუ გინდა დამიმტკიცო, სარწმუნოება შეიცვალეო, იმავეს ვეუბნები მეც... ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რა როგორ იქნება, არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბარიერია~, _ მესაუბრება ღორჯომელი სტუდენტი, რომელსაც ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. 
ნატო ქათამაძე ჯერ სკოლის მოსწავლეა. სტუდენტობაზე ოცნებობს _ უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს. ჯერ არ იცის, მისცემენ თუ არა მშობლები ბათუმში წასვლის უფლებას, ოცნება რომ აიხდინოს... ღორჯომში, ძირითადად, ბიჭებს ეძლევათ სოფლიდან გასვლის, სწავლის უფლება. 
აქ გოგონებს ტრადიციისამებრ, ძირითადად, 14-15 წლის ასაკში ათხოვებენ. მანამდე კი საოჯახო საქმეებს ასწავლიან. მე-8-კლასელ ირმა ადაძეს სკოლაში სიარული არ უყვარს, სამაგიეროდ, საოჯახო საქმეების კეთება მოსწონს: `აქ დავიბადე, გავიზარდე და ძალიან მომწონს ამ სოფელში ყოფნა, რატომ? ჩემებური ცხოვრებაა და ეს მომწონს. მუშაობა, ქსოვა, მთა, ჭალა, ყანა, თოხი, ბარი, საძოვარზე პირუტყვის გაყვანა _ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა. სკოლაში სიარული არ მიყვარს~. 
მადონა ირემაძე მეათეკლასელია, სოფელი უყვარს, მაგრამ დიდთოვლობის გამო ღორჯომიდან წასვლა, ქალაქში ცხოვრება უნდა: `სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთში მწადია სწავლა, მინდა, უცხო ენა შევისწავლო~. 
სოფელ ადაძეებში არაბული ენის გაკვეთილზე ოცი მოსწავლე დადის. ყველაზე პატარა რვა წლისაა, დანარჩენები უფრო მოზრდილები არიან. ქალ-ვაჟებს ყურანი ქერიმს მეზობელი სოფლიდან მოწვეული პედაგოგი თემურ ცეცხლაძე ასწავლის. პედაგოგის თქმით, ყურანის შესასწავლად მინიმუმ ოთხი თვე, კარგად დასაუფლებლად კი წელიწადნახევარია საჭირო... 
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ძველი ტრადიციები სოფელში თითქმის მივიწყებულია. შემორჩა ის, რომ თუ ქალი მოგწონს, მომავალი პატარძლის მშობლებს ელჩი, ანუ მაჭანკალი აუცილებლად უნდა მიუგზავნო. თუ ელჩი ვინმეს ურიგებს ვაჟს, მას შეუძლია ქალი ქორწინებამდეც ნახოს. ეს უწინ სირცხვილად ითვლებოდა... 
პატარძლისთვის `ბოხჩის~, ანუ ნიშნის მიტანაც შემორჩენილი ტრადიციაა. პატარძალს მინიმუმ ათი ათასი ლარის ოქრო უნდა `აასხას~ ოჯახმა, ნათლიამ და ნათესავებმა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან ღორჯომში. პატარძალს საკადრის ნიშანს თუ ვერ მიუტან, სირცხვილია. თუ ფული არ გაქვს, გამოსავალი ხარ-ძროხის გაყიდვაა, როცა საქმე ქორწინებას ეხება, `ფარა~ როგორმე უნდა გაჩნდეს, `რამეში არ უნდა ჩამორჩე სხვებს, ანუ ეს ტრადიცია ოჯახმა არ უნდა დაარღვიოს; ეს დიდ სირცხვილად ითვლება...~

მივიწყებული ტრადიციები
ღორჯომში პირველი ქორწილი თავშლით აიშე ადაძემ გადაიხადა, ანუ მან პირველმა გამოაჩინა სახე საქმროს წინაშე. პატარძლებს მანამდე ჩადრი ეხურათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ. ქორწინების ღამეს, პატარძალს სახეზე ჩამოფარებულ ჩადრს ძმა დანით ჩაუჭრიდა, სწორედ მაშინ ხედავდა მისი ქმარი პირველად ცოლს. თუ საქმრო ქალს ქორწინებამდე ნახავდა, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა. საქმეს მშობლები `კაი ოჯახის შვილობით, ელჩის დახმარებით წყვეტდნენ~. იყო აკვნობიდან ნიშნობაც.
85 წლის სურიე ირემაძე თავის ისტორიას ყვება: `დედაჩემი ორსულად რომ იყო, მაშინ დავუნიშნივარ მეზობელი სოფლიდან მამაჩემის ნაცნობებს. ყველა დაბადების დღეზე საჩუქრებს მიგზავნიდნენ. როცა გავიზარდე, ძღვენს აღარ ვიღებდი _ ჩემს დანიშნულზე უარი ვთქვი, მისი მშობლები დააპატიმრეს, არეული ცხოვრება ჰქონდა ოჯახს. 
მერე ჩვენ ქალაქში გადავედით. იქ გავიზარდე, მაგრამ ისევ აქ გამოვთხოვდი. ჩემი ქმარი პირველი უმაღლესდამთავრებული კაცი იყო ღორჯომში და გამოვყევი. იმ დროს ხალხი ალაპარაკდა, ქალაქიდან აიყვანა ქალი და ჩადრი დაახურაო. მეც ძალიან გამიჭირდა აქაურ ცხოვრებაზე შეგუება, მარა კაი ნასწავლი ქმარი მყავდა, გვიყვარდა ერთმანეთი~. 
დაწერე _ ერთადერთი თხოვნა მაღაზიასთან... 

ნოდარ ანთაძე: `ღორჯომში საშუალო ფენა არაა, აქ ყველას უჭირს, გამონაკლისი ერთი-ორი ოჯახია. გამოსავალი ჩვენი საქონლის იმპორტშია: ჩვენი პროდუქტის გატანა რომ შეგვეძლოს უცხოეთში, უკეთ ვიქნებოდით. რად გვინდა თურქული კარტოფილი, ჩვენი აგერაა ოც კაპიკად; ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან, აჭარაში კი ჩაი აჩეხეს~.
ავთანდილ ბერიძე: `სტრატეგიული გეგმა მაქვს შემუშავებული: მე რომ მთავრობაში ვიჯდე, სოფლის მეურნეობას მივხედავდი. ჩაის გადავამუშავედი და უცხოეთში გავიტანდი; თხილი, ყურძენი ხომ არსებობს? მარტო ღვინოსა და ბორჯომზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება~. 
ვასო მახუნტარაძე: `ერთი ტომარა შაქრის ფასი ადევს აზოტსაც, ამნაირი ფასები თუ დარჩა, რაფერ უნდა მევიყვანოთ მოსავალი~. 
ნოდარ ირემაძე: `მუშახელი ბევრია სოფელში და ერთი კრახმალის ფაბრიკა გააკეთონ, კრახმალს მაინც დავამზადებთ~.  
ვიქტორ ირემაძე: `გეხვეწებით დაწერეთ: სააკაშვილს ვკითხავ, მარა ვერ ვნახავ, მაინტერესებს, რატომ გაზარდეს საპენსიო ასაკი? შევარდნაძის დროს ასე არ იყო, ახლა კია გაზრდილი პენსია, მარა უწინ საპონს 20 კაპიკად იყიდდი, ახლა? ლარიანი ზეთი სამი მანათი ღირს, მაინტერესებს, ეს რამ გამეიწვია, შეშა უნდა მეიტანო 20 კილომეტრიდან, ტყეც გაჩეხილია. ტელევიზიით ამბობენ, სიღარიბის გარეშეო. მართალია, სიღარიბეს მალე დავძლევთ _ გავწყტებით ღარიბები და სიღარიბეც დაძლეულია...~ 
თენგიზ ირემაძე: `ნატოზე ლაპარაკობენ. კალოში აცვია კაცს დააა, აი რაფერ უნდა შევიდეს ნატოში? ჯერ თვალებახვეული ვარ, მარა ოპოზიაციაში წასვლაზე ვფიქრობ. რაც რუსეთში მიმოსვლა შეწყდა, მოცვს ვერ ვყიდი, მანამდე კილოში 20 ლარს მაძლევდენ. ნედლეულის რეალიზაცია არ კეთდება, ეს სოფლის გასაჭირია~, 
არსენ ცეცხლაძე: `უწინ თუთუნს ვამზადებდით, დღეს არავის სჭირდება ჩვენი დამზადებული, უცხოეთიდან შემოდის. ხალხს გაჭირვება გვალაპარაკებს; გვი-ჭირს! ქალაქიდან შორს ვართ, აქა 10 თვე ზამთარია, დანარჩენ დროს გლეხმა ყველაფერი უნდა მოასწროს: ოჯახისა და პირუტყვის საკვების მომარაგებაც. ჩვენს წარმოებულ პროდუქციას მთავრობა არ იბარებს, სამაგიეროდ, თურქეთიდან შემოსული კარგად იყიდება; მო-ვი-თხოვთ, რომ განბაჟება დაწესდეს საზღვარზე. თურქეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, მხოლოდ 4-5 ოჯახს ეძლევა ღორჯომში, ეს ამბავი გადასახედია~.
ავთანდილ ადაძე: `ბევრი რამ მოსაწონია, ბევრიც _ არა. პოლიტიკაში ისეთი ვინმე არ უნდა ერეოდეს, ვინც ეს საქმე არ იცის. იქნებ სააკაშვილზე უკეთესიც მოვიდეს, მაგრამ მიშა შევარდნაძეს, ცხადია, ჯობია; რომ დაღამდებოდა, ყაჩაღი ცხენზე შემჯდარი გადაგიარდა, გარეთ ვერ გამოვდიოდით შიშისგან. ის დრო აღარაა~. 
ნოდარ ირემაძე: `არ შეიძლება ჟურნალისტმა ყველაფერი წეროს და იკითხოს; ამას წინათ, ჩვენი სარწმუნოების მუფთი დააბეჩეს. ეს ახალგაზრდობამ არ უნდა იკადროს, მუფთს პოლიტიკური კითხვები არ უნდა დაუსვას; მაგას პასუხს მოვკითხავთ~.
ვლადიმერ გორგაძე: `მღვდელი და მუფთი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს~.
ბატონი რიფათი: `ჟურნალისტი წყალს რომ ამღვრევს, იგი ჟურნალისტად არ ვარგა...~ 
ვაჟა გორგაძე: `ეჰჰჰჰ, რა ჩამოთვლის იმას, რაც გვაწუხებს. ჯობია დაწეროთ, რომ ბევრი უყურადღებობა და დიდთოვლობა გვაწუხებს~.
არჩილ პაიჭაძე: `მოსახლეობის 90-პროცენტი სოციალურად დაუცველია. ხელისუფლებასთან მიხვალ და პოლიცია დუბინკებით დგას. წინასაარჩევნოდ იმდენ რამეს გვპირდებიან... შეწყალების დროს ღარიბი ოჯახის შვილებს ყურადღება არავინ მიაქცია, ჩემს სიძეს 10 ლარის გამო ოთხი წელი მიუსაჯეს, დავდივარ კარდაკარ უიმედოდ~.  
შოთა გორგაძე: `მთავრობის მხრივ ყველაფრით მომარაგება გვაქვს. ფქვილსა და შაქარს გვაძლევენ. მაისში თითო მეშოკი ფქვილი და ათი კილო შაქარი ყველა ოჯახს დაგვირიგეს~
ჯემალ გორგაძე: `არასდროს არაფერი მიმიღია საჩუქრად მთავრობისგან, ვმუშაობ კარტოფილი მოგვყავს~. 
ფატკუმე გორგაძე: `ახლა იმფერ დროში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა მეიწონო. ხალხს უჭირს. ჩვენს პროდუქტებს ვერ ვყიდით. ცოდვა ვართ, მაღალმთიან რაიონს უჭირს~.  
შაისმალ ანთაძე, 81 წლის: აქაური ხალხი მაგარია, არაფრის შიში არ აქვს. ისე, პენსია რომ არ მქონდეს, ვერ ვიცხოვრებ, ფქვილისა და შაქრის საყიდლად მყოფნის. ნამეტნავად მომწონს ჩვენი პრეზიდენტი~.




რეპორტაჟი ახალსოფლიდან

пятница, 1 мая 2009 г.

ახალსოფლის მოსახლეობა მგზავრობის სიძვირეზე ჩივის. ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას სოფელი რაში გამოიყენებს, ჯერჯერობით, გაურკვეველია, რადგან ამ ფულის გახარჯვაზე სოფელში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს მიაჩნია, რომ ამ ფულით სოფლის ცენტრში, წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს ან გზა უნდა გაკეთდეს, ზოგიც თანხის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განაწილებას ითხოვს. 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე ე.წ. `სოფლის ბირჟაა~. გადაჭრილ ხის მორზე უხუცესები სხედან. ერთი თუთუნს ახვევს, მეორე ჩემს დანახვაზე საუბარს წყვეტს. ულვაშებიანი, სამოცდაათწელს მიტანებული მამაკაცი იქ მყოფებს მაცნობს: `ეს ყოფილი ბუღალტერია, ეს აგრონომად მუშაობდა...~
შოთა ტეტემაძე საუბარს კითხვის დასმის გარეშე იწყებს: `ვენაცვალე სააკაშვილს. ამბობენ, პურის ფქვილს მოგვცემსო, აზოტი მოგვცა. ხვნა-თესვისას ერთი კალისტრა სალიარიც რომ გვაჩუქოს, მეტი რაღა გვინდა? ახლის ხელში უარესი იქნება. 80-ლარამდე პენსია მაქვს, არ მყოფნის, მარა უნდა ვიყოფინო. თვეში 25 ლარის თუთუნი მჭირდება, ხუთი მანათის ქახალდი, გედი-გამოდი ქალაქში და დამთავრდა პენსიაც. 76 წლის კაცი ვარ და ჯერ არ მახსოვს, გლახა წევიდეს მთავრობიდან და კაი მევიდეს. ვინცაა, ჩემთვის ის ჯობია, უწინ წიფლის ქერქს ჭამდნენ სოფელში~.
ბატონი შოთა მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ წელს ტონა-ნახევარი მანდარინი გონიოში 17 `კაპიკად~ ჩააბარა. `მერე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტელევიზიით თქვა, რომ ციტრუსი ყველამ კარგად ჩააბარაო. ძირითადი შემოსავლის წყარო ჩაი და ციტრუსია და ორივე მომსპარია~. 
კითხვაზე _ რით ირჩენენ ადამიანები თავს ახალსოფელში _ შოთა ტეტემაძე მპასუხობს: `ქალაქში იყიდის პაპიროს, გავა იგერ, დაუმატებს სამ კაპიკს და ასე ვაჭრობს. პურის ფულს კი აკეთებს, მარა ყველა ასე ხომ არ წავა სოფლიდან?~
ოთარ კუცხალიძე 28 წელი ბრიგადირად მუშაობდა: `აგრონომი კაცი ვარ, 300 ტონა ჩაის ვამზადებდი, მარა ახლა ჩაიში ტურა და მგელი მომრავლდა. ტყეში გასვლა და შეშის დამზადება სახიფათოა: რომ მოღამდება, ტურები ეზოში შემოდიან. პირუტყვს ვერ ვდენით გარეთ. ამას წინათ სკოლასთან ცეცხლი გაჩნდა და სამი ტურა დაიწვა. 
74 წლის ვარ, სამუშაოს ვეძებ, მარა ასაკოვანს არავინ ასაქმებს. ახლა ბიუჯეტიდან ფულია გამოყოფილი სოფელში, ზოგი ამბობს ცენტრში საპირფარეშო გავაკეთოთო, ზოგი _ წყალი მოვაწესრიგოთო, არადა, ყველაზე მთავარი გზაა~. 
`მძღოლი კაცია, ტრაქტორისტი~ _ ასე მაცნობენ მუხო ვარშანიძეს თანასოფლელები: `ორი კვირაა დავდივარ სამსახურის საშოვნელად, მარა არავის უნდა ხნიერი კაცი, რა ვქანა `ვჯდანვარ~ სახლში უმუშევარი~.
შეიძლბა გაგესაუბროთ? _ ვკითხე გვერდით მდგომ შედარებით ახალგაზრდა მამაკაცს: `ალე ვარ შარაძე, ყველაფერი კარგადაა ჩვენთან... ჯერჯერობით, ვსუნთქვათ, 90 პროცენტი დაუსაქმებელია სოფელში. ცოტას დავბარავთ და ეგაა ჩვენი მუშაობა~.
ზებურ ტეტემაძე ახალსოფელში სპორტული დარბაზის ან მოედნის გაკეთებას ითხოვს. `ბავშვებმა ფეხბურთი რომ ითამაშონ, იმის ადგილი არაა სოფელში, არც ქარხანაა, არც ფაბრიკა, ახალგაზრდები თავს ჯოკრის თამაშით ირთობენ. თუ მთავრობამ ნამდვილად გამოყო თანხა, გზას რატომ არ აკეთებენ?~ 
მთავრობის მიერ სოფლებისთვის თანხის გამოყოფაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც სმენია: `მარტში ასფალტი დაიგებაო, თქვეს. ყველა მაგას ლაპარაკობს, მარა რად გინდა, დამთავრდა მარტი და სადაა გზა~. 
სოფლის მცხოვრებთა მთავარი მოთხოვნებია: გზის შეკეთება, სტადიონი ბავშვებისთვის და სამუშაო ადგილები დიდებისთვის. 
ახალსოფელში ერთი საჯარო სკოლაა, ამიტომაც ბავშვები ყოველდღიურად სამ-ოთხ კილომეტრს გადიან ფეხით. მე-12 კლასელი თეონა მიქელაძე ამბობს, რომ ზოგჯერ მანქანით, უმეტესად კი ფეხით დადის სკოლაში. იგი წელს აბიტურიენტია. თამილა ბერიძე და ჯუნა მამულაძე მისი თანაკლასელები არიან. თამილა ყვება, რომ მეგობრები ოჯახებში იკრიბებიან და ასე ერთობიან. ჯუნა თხილნარშია გათხოვილი, მაგრამ სკოლაში მაინც დადის, უნდა ატესტატი აიღოს. 
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იმაზე წუწუნებენ, რომ სკოლისა და მისაღები გამოცდების პროგრამები ერთმანეთს არ ემთხვევა: `თუ მასწავლებელთან არ მოემზადე, ისე მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებ~.
სოფლიდან უკან მომავალმა შევნიშნე, როგორ ხდიდა არაყს მერაბ ფარტენაძე: `ჯერ თუთა, მერე ხურმა, ყურძენის ნარჩენისგან, ანუ ჭაჭისგან ვხდი არაყს~. დიდი შავი ქვაბიდან წვეთობით გადმოდის არაყი, იქვე სახელდახელოდ დადგმულ პატარა მაგიდაზე დალაგებულ არყის ჭიქებში მასპინძელი არაყს ასხამს და სტუმარ-მასპინძლობის სადღეგრძელოს სვამს...
გზაზე კაცი მოდის, მოგროვილი ფიჩხით ხელში. `ამით დილით ცეცხლს შევანთებ~, _ გვიხსნის ის. 
ბატონი გივიც ახალსოფელში ცხოვრობს. მის ოჯახს სერიოზული პრობლემა აქვს _მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს: `სახლთან დიდი მეწყერია მომდგარი, მითხრეს წალკაში წადიო. წალკაში როგორ წავიდე. ვცხოვრობთ სახლში, რომლის კედლებიც დაბზარულია, წვიმაში წყალი შემოდის და სახლი იტბორება. პატრონი არ ჰყავს ამ სოფელს, ერთი მანქანა ხრეში რომ ამოიტანო ჭოროხიდან და დაყარო სოფელში, 1000 ლარია ჯარიმა. სხვები ზიდავენ, აი ნახე...~ ხელით მიჩვენებს როგორ იტვირთება მანქანები ჭოროხის ნაპირზე.  
სოფელში ამბობენ, რომ ბევრი თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად, ქალების უმეტესობა კი ვაჭრობს. გზად კიდევ ერთი `ბირჟა~ შემხვდა, თურქეთიდან ჩამოტანილ საქონელს ათვალიერებენ.