პროკურორის ზეწოლა არასრულწლოვანზე

среда, 23 декабря 2009 г.

ვიდეოკადრები, რამაც მოსამართლე სკამიდან წამოაყენა


პროკურორი 16 წლის ეჭვმიტანილს იზოლატორში ღამის სამ საათზე არწმუნებს, რომ მისმა მშობლებმა და ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვეს. არასრულწლოვანს გიორგი დავითაშვილის ნათქვამის არ სჯერა და ადვოკატთან დაკავშირებას ითხოვს. პროკურორი კი 40 წუთის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ცდილობს და დაკავებულს ადვოკატთან დაკავშირების უფლებას არ აძლევს _ ვიდეოკადრები, რომლებზეც ეს ფაქტია დაფიქსირებული, სასამართლო პროცესზე აჩვენეს.


კადრები პროკურორ დავითაშვილის ბრძანებითაა გადაღებული. საგამოძიებო მოქმედებების გაყალბებისთვის, არასრულწლოვანის უფლებების დარღვევისა და უკანონო ქმედებისთვის პროკურორს სტრასბურგში უჩივლებენ, თუმცა დაცვის მხარეს არ აქვს მტკიცებულება _ ვიდეომასალის ასლის გადაღების უფლება მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ მხარეს არ მისცა.
არასრულწლოვანი რ.მ. პატრულმა ქობულეთში, თანმხლებ პირებთან ერთად 19 აგვისტოს დააპატიმრა და ბათუმში, გრიბოედოვის #4-ში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა. როგორც არასრულწლოვანი კადრებში ამბობს, მშობლებმა იგი კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ადვოკატის გარეშე არ მიეცა ჩვენება და ხელი არ მოეწერა არც ერთ დოკუმენტზე _ ამას დაკავებული პროკურორს ეუბნება და სთხოვს ადვოკატთან დაკავშირებას, 20 აგვისტოს, ღამის სამ საათზე. რ.მ-სთან ერთად იზოლატორის შესასვლელში გამომძიებელი, პროკურორი, სახაზინო ადვოკატი როინ სალუქვაძე და მასწავლებელი ზ. ბერიძე იმყოფებოდნენ (კანონით არასრულწლოვანის დაკითხვას მშობელი ან პედაგოგი უნდა ესწრებოდეს).
პროკურორი ატარებდა ამოცნობის პროცესს, ანუ სამ პიროვნებასთან ერთად დაკავებული უნდა დამდგარიყო და დაზარალებულს უნდა ამოეცნო ეჭვმიტანილი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა კი, ადვოკატის გარეშე, დაკავებულმა არასრულწლოვანმა არ მიიღო. 40-წუთიან ვიდეოჩანაწერში არც სახაზინო ადვოკატი საუბრობს, არც პედაგოგი და გამომძიებელი. `მოდი ბიჭო, დადექი აქ`` _ უთითებს კამერის წინ პროკურორი; რ.მ. კამერის გათიშვას ითხოვს და ცდილობს, კადრში არ მოხვდეს, იქვე პროკურორს უხსნის, რომ არ აქვს უფლება ამ კადრების გადაღების. `მომიყვანეთ ჩემი ადვოკატი`` _ დაჟინებით ითხოვს ეჭვმიტანილი.
`კარგი, ოქმში ჩავწერთ, რომ შენ უარი განაცხადე ამოცნობაზე და მოდი მომიწერე ხელი~, _ ეუბნება ისევ პროკურორი. 16 წლის დაკავებული არც ამაზე თანხმდება. ხელის მოწერაზე თავს იკავებს ადვოკატი _ როინ სალუქვაძე. `დროს მაკარგვინებთ, დავიღალე, მითხარი აწერ ხელს თუ არა?~ _ ხელში უჭირავს დოკუმენტი პროკურორს და იმავე კითხვას სახაზინო ადვოკატს უმეორებს. `მოაწერე ხელი, პრობლემა არ შეგხვდეს ჩემ გამო~, _ პროკურორის და ადვოკატის საუბარში რ.მ. ერთვება. ადვოკატის ხელის მოწერით პროკურორი 40-წუთიან საგამოძიებო მოქმედებას ამთავრებს.
კადრების ჩვენების დროს მოსამართლე სკამიდან ადგა და ტელევიზორთან მივიდა, პროკურორები კი რამდენჯერმე დარბაზიდან გავიდნენ.
ამ საქმეში სულ ოთხი ბრალდებულია, მათგან ორი არასრულწლოვანი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკა ბესელიას შვილი და მისი მეგობარი (სკოლის მოსწავლეები) წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ბესელიამ სამი ათასი ლარი გადაიხადა. ორი ბრალდებული, ძმა და მისი მეგობარი კი პატიმრობაში არიან. ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიება სტრასბურგშია გასაჩივრებული. `პროკურორის უკანონო ქმედებაზე მივმართეთ მთავარ პროკურატურას, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მოყოლია~ _ ამბობს ადვოკატი ლილი გელაშვილი.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, საქმეში ერთადერთი დაზარალებული და მოწმე დავით ჯაფარიძეა. 2009 წლის 19 აგვისტოს, ქობულეთში, კაფე `ელზაში~ განსასჯელებმა საზოგადოებრივი წესრიგი `წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად~ დაარღვიეს. დავით ჯაფარიძე ამ კაფეში მეუღლესთან ერთად ვახშმობდა. ბრალდების მტკიცებით, განსასჯელებმა ჯაფარიძეს დაურღვიეს სიმშვიდე და მიაყენეს შეურაცხყოფა. კაფეს თანამშრომელი კი დაუკავშირდა პოლიციელებს _ დავით არველაძეს და თენგიზ გეგიძეს. ადგილზე მისულ პოლიციელებს განსასჯელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ამიტომაც პატრულმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახა. დამხმარედ ავთანდილ თურმანიძე და მინდია კირჩხელი მივიდნენ.
``დავით არველაძეს მიაყენეს მსუბუქი დაზიანება, თურმანიძეს დაუზიანეს სამსახურის პერანგი, ხოლო კირჩხელს და გეგეშიძეს შემოახიეს პერანგები. დანაშაული დადასტურებულია ჯაფარიძის და პოლიციელების ჩვენებით``, _ წერია საბრალდებო დასკვნაში.
სასამართლო დარბაზში აჩვენეს კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებულის მეუღლე ეკა ბესელიას ძმას, განსასჯელ ს.ბ. იცნობს. ის ამბობს: `ეს ახალგაზრდა მამაკაცი გაშველებას ცდილობდა. მახსოვს თეთრი მაისური ეცვა``. ოქმში ამ მოწმის საუბარი პროკურორის კარნახით ასე იწერება: ``ეს ადამიანი მეცნობა თვალებით, შუბლით, ეცვა შავი მაისური, შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფებს``.
``მსგავს ინტერპრეტაციებს რატომ აკეთებდა პროკურორი, თუ მას არ ჰქონდა პირადი ინტერესები. თქვას, ვინ დაავალა ეს?`` _ გააპროტესტა პროკურორის ქმედება სასამართლო დარბაზში ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.
ვიდეოკადრების ჩვენების დასრულების შემდეგ ადვოკატებმა ასლის გადაღება სთხოვეს მოსამართლეს. `წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავაგრძელებთ საქმის განხილვას~, _ თქვა ეკა ბესელიამ. მოსამართლე ამ გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა: `კანონს უნდა გადავხედო კარგად``.
40 წუთში სათათბიროდან დაბრუნებულმა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა: `შეგიძლიათ გაასაჩივროთ ჩემი გადაწყვეტილება~.
ეკა ბესელია, ადვოკატი: ``ჩვენ ვითხოვთ თქვენს აცილებას. თქვენ ხართ მიკერძოებული, არაობიექტური, დაარღვიეთ საერთაშორისო და შიდა კანონით დადგენილი ადამიანის უფლებები. განსასჯელს აქვს უფლება მიიღოს საქმის მასალის ასლები. პროკურორი ჩადის სამოხელეო დანაშაულს, თქვენ აფარებთ ხელს. თქვენ ვერ იქნებით ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისას, მე არ მჯერა თქვენი ბატონო ჯემალ, თქვენ კანონი დაარღვიეთ, ამიტომ ვითხოვთ თქვენს აცილებას``.
ჯემალ კიკნაძე, მოსამართლე: ``ამ გადაწყვეტილების მისაღებად არ გავალ სათათბიროში. მესმის, არასასურველია დედისთვის და დისთვის ამ კადრების ნახვა, მესმის თქვენი ემოციურობის, ჩემი კანონმდებლობა ამის უფლებას არ მაძლევს. ობიექტური ვარ``.
ლილი გელაშვილმა პროკურორ გიორგი დავითაშვილის დაკითხვა ითხოვა: `ეს პროკურორი ან ფსიქიკურად შეურაცხადია, ან ასრულებს ვინმეს უკანონო მითითებას. თანამდებობას იყენებს ბოროტად და უნდა გაირკვეს რატომ~.
მოსამართლემ, ჯემალ კიკნაძემ განმარტა, რომ ეს იმ საქმეს არ ეხება, რასაც განიხილავს, ამიტომაც დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ეკა ბესელიას ოჯახის წევრების სასამართლო პროცესზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ჩამოვიდნენ თბილისიდან. დარბაზში შესვლა ყველა მსურველმა ვერ შეძლო. მოსამართლე გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს.