სამკვირიანი ძიების შემდეგ გორის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ``ბათუმელებმა`` ძვირადღირებული ავტომანქანა ``ბენტლი`` დააფიქსირა. ირლანიის მოქალაქე, რომელსაც ავტომანქანა ``ბენტლი`` სამართალდამცავებმა ჩამოართვეს ირწმუნება, რომ მისი მანქანით ქვემო ქართლის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) უფროსი გადაადგილდება.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცავებმა ორი ძვირადღირებული ავტომანქანა _ ``ბენტლი`` და ``ნისან-ნავარა`` ირლანდიის მოქალაქე დიმო ცხონდიას 4 აგვისტოს ჩამოართვეს. ცხონდიას განმარტებით მას და მის თანმხლებ პირებს ლაშა ჭუაძისა და გოჩა ზურაბიანს, რომელთაც ეს ავტომანქანები უყიდა, განუმარტეს, რომ ავტომანქანები მოპარული იყო.
აჭარის პროკურატურა ამჟამად ავტომანქანების შეძენის კანონიერებას სწავლობს, ცხონდია კი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს ავტომანქანების დაბრუნებას ცდილობს.
დიმო ცხონდია `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ყველა ის დოკუმენტი წაიღეს, რითაც ქალაქ სოფიაში მანქანების შეძენის ნამდვილობა დასტურდება. მისთვის არც მანქანების ჩხრეკის და ჩამორთმევის ოქმები მიუციათ. ერთადერთი, რაც მანქანების მეპატრონეს დარჩა, `ბენტლის~ გასაღებია: `გვითხრეს, რომ მანქანები მოპარულია _ წართმევის მიზეზად ეს დაგვისახელეს. მაგრამ ინტერპოლის ქსელის მეშვეობით გაირკვა, რომ მანქანები არ იძებნება. დოკუმენტაციის განახლება შესაძლებელია, მაგრამ ამას სოფიაში დაბრუნება სჭირდება~.
ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ჭუაძესა და გოჩა ზურაბიანს ავტომანქანები ნამდვილად ჩამოართვეს, აჭარის პროკურორის მოადგილის ალექსანდრე ჭაბუკიანის ოფიციალური წერილია:
`სისხლის სამართლის საქმეები #089090074 და #089090075, რომელიც ეხება ლაშა ჭუაძისაგან და გოჩა ზურაბიანისაგან ავტომანქანების `ნისან-ნავარასა~ და `ბენტლის~ ამოღებას. გაცნობებთ, რომ საქმეზე სრულდება ყველა საჭირო და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ავტომანქანების წარმომავლობის კანონიერების დასადგენად. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებების შესრულებაში თქვენს მონაწილეობას, ასეთი ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან თქვენ არ წარმოადგენთ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მხარეს~_წერილის ადრესანტი ადვოკატი რამინ პაპიძეა.
დიმო ცხონდიამ ``ბათუმელებს`` უთხრა, რომ ``ბენტლის`` მარკის ავტომანქანით, რომელშიც 50 ათასი ევრო გადაიხადა, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლში სოდის უფროსი, ალექსანდრე გოგლიძე გადაადგილდება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ ``სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული მანქანა, გამოძიების დასრულებამდე, საჯარიმოზე ან პოლიციის განყოფილებაში უნდა იდგეს``. შესაბამისად, კანონის თანახმად ქვემო ქართლის სოდის უფროსმა ვერ უნდა ისარგებლოს ამ ავტომანქანით.
დიმო ცხონდია კი ამბობს, რომ მან ადვოკატთან ერთად დაათვალიერა როგორც თბილისის ისე ბათუმის საჯარიმო სადგომები, მაგრამ ``ბენტლი`` ვერსად აღმოაჩინა. მისი ინფორმაციით, ნისან-ნავარა აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდის) შენობის ეზოშია გაჩერებული.
`ბათუმელებმა~ `ბენტლის~ მესაკუთრის შესახებ გორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებული ინფორმაციაც შეაგროვა. `გოგლიძის ``ბენტლის`` შესახებ~ გორში ყველგან იციან _ ინტერნეტ კაფეშიც, ქუჩაშიც და ტაქსშიც. `კულასია, მერაბიშვილმა და კოდუამ აჩუქეს, ზემოდან რა~, _ ამბობს ერთ-ერთი ტაქსისტი (კულა გოგლიძის მეტსახელი). `სოდის უფროსი რომაა, ალეკო გოგლიძე, იმას თოფურიძემ და კოდუამ აჩუქეს რამდენიმე თვეა~, _ თქვა მეორემ.
ერთი და იგივე ამბავი _ გორში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა სოდის უფროსს ალექსანდრე გოგლიძეს ``ზემოდან`` რომ აჩუქეს, `ბათუმელებმა~ გორში დაახლოებით ოცი სხვადასხვა ადამიანისგან მოისმინა, მათ შორის გოგლიძის ნაცნობებისა და მეზობლისგან.
~ბათუმელების~ წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო ნომერი _ OOC-006 საპატრულო პოლიციის ერთიან ბაზაში დაფიქსირებულია არა როგორც `ბენტლზე~ გაცემული, არამედ როგორც ავტომანქანა `მოსკვიჩზე~ რეგისტრირებული ნომერი. `მოსკვიჩი~ კი ვინმე იური დარბუაშვილის საკუთრებაა, რომელიც ქართლში, სოფელ ბროწლეთში ცხოვრობს. მოსკვიჩი~ თავისი ნომრით გავყიდე დაახლოებით ორი წლის წინ. ახლა ვის ჰყავს მანქანა, ან ნომერს ვინ ატარებს არ ვიცი~, _ ამბობს დარბუაშვილი~.
იურისტი რამინ გვარიშვილი კი განმარტავს, რომ `თუ ავტომანქანის ნომერი ახლობლისაა, სამართლებრივად ეს არის ადმინისტრაციული დაჯარიმების საფუძველი, ხოლო თუ ნომერს უკანონოდ ფლობ, მაშინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს~.

არც ალექსანდრე გოგლიძეს და არც მის ოჯახის რომელიმე წევრს, 2009 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ``ბენტლის`` მარკის ავტომობილი საკუთრებაში არა აქვთ მითითებული.
კითხვაზე ვის საკუთრებაშია ``ბენტლი``, სახელმწიფოს თუ გოგლიძის, რომლითაც სოდის უფროსი გადაადგილდება, მისმა მეუღლემ ნინო გოგლიძემ გვითხრა, რომ `ეს მას (ალექსანდრე გოგლიძეს) უნდა ვკითხოთ~. თუმცა, მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
არის თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე ავტომანქანა ``ბენტლი``, რომლის სახელმწიფო ნომრია OOC-006 _ ამის დასადგენად `ბათუმელებმა~ სამინისტროს მიმართა. შოთა ხიზანიშვილი, ამ სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ აუცილებლად უპასუხებდა ``ბათუმელების`` კითხვებს: `წერილი გამომიგზავნეთ, თუნდაც ელექტრონულ ფოსტაზე და დღესვე გიპასუხებთ~. თუმცა წერილის გაგზავნის შემდეგ ხიზანიშვილმა `ბათუმელების~ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა და პასუხი არც წერილობით გვაცნობა.
`ბათუმელები~ ასევე დაუკავშირდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრეს სამსახურის ხელმძღვანელს, რეზო მაჭარაშვილსაც. პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა ალექსანდრე გოგლიძესთან დაკავშირებას და იმის დადგენას, ~ბენტლი~ რომელიც სამხარეო პოლიციის წინ დააფიქსირა ~ბათუმელებმა~, პოლიციის ბალანსზეა თუ გოგლიძის პირადი საკუთრება. სატელეფონო ზარებს აღარც რეზო მაჭარაშვილმა უპასუხა.
რამინ გვარიშვილის განმარტებით, თუკი პოლიციელი ჩამორთმეული მანქანით გადაადგილდება, შეიძლება დადგეს თანამდებობრივი მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სამსახურებრივი მოვალეობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.
სამართალდამცავების მხრიდან ჩამორთმეული ტრანსპორტის გამოყენების შესახებ `გაზეთი ბათუმელები~ 2006 წლის მარტშიც წერდა. მაშინ ბათუმელმა მიშა გაგოშიძემ განაცხადა, რომ მას ავტომანქანა `ტოიოტა-ლენდკრუიზერი~ 2005 წლის 5 ნოემბერს `ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მანქანის განბაჟება-რეგისტრაციის~ ბრალდებით ჩამოართვეს. გაგოშიძემ თავისი მანქანა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ალანიას დაკავების ოპერაციის ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ამოიცნო. მისი მანქანით სპეცრაზმი გადაადგილდებოდა. ბიზნესმენმა მაშინ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მას `უკანონოდ~ შეძენილი მანქანის ჩუქება სთხოვეს.