უშანგო გოდელაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულად მისი დედაა ცნობილი. ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა გამომძიებლისგან მიიღო. უჩა გოდელაძე ბათუმში დააკავეს და მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაპატიმრებული გოდელაძე თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, იქედან კი _ ღუდუშაურის კლინიკაში. ოფიციალურად ცნობილია მისი გარდაცვალების მიზეზი.

ექსპერტიზის დასკვნა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ექვსი თაბახის ფურცელია. აქედან სამ ფურცელზე დეტალურად წერია, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს: ``ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს 2009 წლის 19 ოქტომბერს, იყო უგონო მდგომარეობაში, თვითმხილველთა გადმოცემით დაახლოებით 30 წუთის წინ (საავადმყოფოში მიყვანამდე) საკანში ნახეს უგონო მდგომარეობაში. ავადმყოფი გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში, დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვინის შეშუპეპა, თირკმელებისა და გულსისხრძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ღუდუშაურის კლინის ავადმყოფის ისტორია... ოპერაციის ოქმი #159, ნაკერები შუბლის არეში... სხეულზე ჰემატომა (სისხლჩაქცევა) წარმოდგენილია მოშაო ფერის კოლტებით... სხეულის კანის გაკერვა დასრულდა ათის წუთებზე... ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2009 წლის 21 ოქტომბერს, 21 საათზე`` _ ეს ამონარიდია უჩა (უშანგი) გოდელაძის ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც ``ბათუმელებს`` მისმა ოჯახმა მიაწოდა.
გარდაცვლილის მეუღლე _ ნინო აბრამიშვილი, რომელიც ქარელში ცხოვრობს, ``ბათუმელებთან`` სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამომძიებლის დახმარებით მიიღო. იმის გამო, რომ დაზარალებულად მისი დედამთილია ცნობილი, ეს პრობლემებს უქმნის დეტალების გარკვევაში. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ვინმე ინაიშვილმა დაურეკა და აცნობა, რომ მისი მეუღლის საქმის გამომძიებელი იყო და დაზარალებულად ცნობილი დედამთილი თბილისში უნდა ჩასულიყო ოქმის შესადგენად. ადამიანმა, რომელიც გამომძიებლად გაეცნო, განუმარტა, რომ ოქმი იმაზე უნდა შედგეს, ექსპერტიზის დასკვნა ოჯახმა რომ მიიღო: ``რამდენადაც ვიცი, საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილება იძიებდა, კონკრეტულად გიორგი რობაქიძე. ტელეფონით მაცნობეს, რომ გამომძიებელი შეიცვალა, ძველი გამომძიებელი სასამართლოში გადაუყვანიათ``.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 38 წლის უშანგი გოდელაძე ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აღმკვეთი ღონისძიება _ ორთვიანი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს (კანონის მიხედვით, პირს აღმკვეთი ღონისძიება დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა შეუფარდონ). ხოლო თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანიდან მეორე დღეს უშანგი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.
ბათუმის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, გოდელაძის დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს შოთა მამულაძემ მიმართა. მამულაძე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის #1 სამმართველოს გამომძიებელია. თუმცა სასამართლოს დოკუმენტში არ წერია, სად ან ვინ დააკავა გოდელაძე და მისი თანმხლები პირები.
თვითმხილველების ინფორმაციით კი (წყარომ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა), უშანგი გოდელაძე სოდ-მა ბათუმში, რესტორან ``აჭარული სახლის`` მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრა. ასევე დააპატიმრეს ის ადამიანები, რომლებიც თურქეთში მიმავალ გოდელაძესთან ერთად ქეიფობდნენ.
ეჭვმიტანილის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი _ მამუკა ზოიძე იცავდა. როგორც თავად ამბობს, გოდელაძის ინტერესების დასაცავად იგი გამოძიებამ მიიწვია: ``უშანგის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ეს გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი პატიმრობა არ გამისაჩივრებია, რადგან ამის სურვილი ბრალდებულს არ ჰქონდა. თბილისში რა მოხდა, რითი გარდაიცვალა გოდელაძე, ჩემთვის უცნობია``. გოდელაძის დაკავების ადგილი თუ უწყება, რომელმაც ის დააპატიმრა, არც ადვოკატმა იცის.

მოსამართლის ბრძანების ასლში წერია: უშანგი გოდელაძე არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით _ უჩა, მართავს ქურდულ სამყაროს. გამოძიების ვერსიით, უჩამ განიზრახა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, გოჩა მურადოვთან ერთად. 14 სექტემბერს ის საკუთარი სიმბარათიდან დაუკავშირდა ნაცნობს, ქურდული სამყაროს ტრადიციების მატარებელ ვინმე მინდია კახიძეს და სთხოვა დახმარება, რომ მას და გოჩა მურადოვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებოდა.
სასამართლოს ოქმში ასევე წერია, რომ 14 სექტემბერს მინდია კახიძე დაუკავშირდა თავის დედას, ნინო კახიძეს და უთხრა, რომ მასთან სახლში ირაკლი გოგოლიშვილი მიიყვანდა სტუმრებს და უჩასთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. ბრალდების მტკიცებით, უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი მინდია კახიძესთან შეთანხმებით და გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში.
``უშანგი გოდელაძე დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერება ``ჰეროინის`` შეძენა-შენახვაზე, რომელსაც ე.წ ``შორტის`` მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში ინახავდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩხრეკისას მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა``, _ წერია მოსამართლის ბრძანების ასლში, როელიც ბათუმელებს სასამართლომ მიაწოდა.
ექსპერტიზის დასკვნის ბოლოს წერია: ``უშანგი გოდელაძის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში``.

2009 წლის რვა თვეში საპროცესო შეთანხმებებიდან ხაზინაში 32 760 994 ლარი შევიდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, წლის ბოლოსთვის ხაზინა მთლიანობაში 50 მილიონამდე ლარს მიიღებდა. ჯამში ეს თანხა საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტის დაახლოებით ერთი პროცენტია და ცხრა სამინისტროს და პარლამენტის ბიუჯეტებზე მეტია.

ნათია როყვა

ანგარიში, სახელწოდებით _ ``საპროცესო შეთანხმება საქართველოში``, ``საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ`` გამოაქვეყნა. საპროცესო შეთანხმება არის შეთანხმება პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის, რომლის დროსაც ბრალდებული ბრალის აღიარების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იხდის. ამ პრინციპით სარგებლობს, მაგალითად, აშშ-ს მართლმსაჯულება. თუმცა მის დანერგვაზე რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა.
``ადამიანის უფლებათა ცენტრის`` იურისტი _ დავით მანაგაძე ამბობს, რომ ``თუ ამჟამად 20 000 პატიმარი გვყავს, საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში 40 000 გვეყოლებოდა``.
საპროცესო შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს როგორც ბრალი, ისე სასჯელი. ამ ორ ვარიანტს შორის ის განსხვავებაა, რომ მეორე შემთხვევაში ბრალდებული სასჯელზე თანახმაა, მაგრამ ბრალდებას არ აღიარებს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ პირს ორივე შემთხვევაში ნასამართლევის სტატუსი ენიჭება.
საპროცესო შეთანხმების ძირითადი იდეა ისაა, რომ სამართალდამცავ სისტემას ჰქონდეს საშუალება, კორუფციის გზით გაფლანგული ან მიტაცებული თანხა დაიბრუნოს. კორუმპირებული მოხელეები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ და სანაცვლოდ თავისუფლებას მოიპოვებენ.
ამ კუთხით საპროცესო შეთანხმებამ მართლაც `იმუშავა~. მისი შემოღებიდან რამდენიმე თვეში წინა ხელისუფლების არაერთი გავლენიანი პირი დააკავეს, როგორც კორუფციაში ეჭვმიტანილი. ყველაზე გახმაურებული ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძის საქმე იყო. გია ჯოხთაბერიძე 300 000 აშშ დოლარის გადასახადის დამალვისთვის დააკავეს. ჯოხთაბერიძემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ის 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იგივე განმეორდა რამდენიმე ყოფილი მინისტრისა და საგადასახადო სისტემის თანამდებობის პირის შემთხვევაშიც.
მაშინ ამ თანამდებობის პირებს ნასამართლევის სტატუსი არ მიანიჭეს. პროკურატურამ ზარალის ანაზღაურების შემდეგ საქმეები შეწყვიტა. ეს პრაქტიკა, როცა ეჭვმიტანილები ფულის გადახდის სანაცვლოდ თავისუფლებას ისე მოიპოვებდნენ, რომ ნასამართლევის სტატუსი არ ენიჭებოდათ, 2005 წელს გაუქმდა.
ევროსაბჭოს ანგარიშში ეწერა, რომ 2004 წლის საპროცესო შეთანხმების სისტემა, ერთი მხრივ, ზოგიერთ სავარაუდო კანონდამრღვევს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკანონოდ მოპოვებული ფინანსების ნაწილი ციხიდან თავის დასახსნელად გამოიყენოს.
იურისტებმა `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსთან~ საუბრისას ქართული საპროცესო შეთანხმების უმთავრეს ნაკლად `თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდის~ პრაქტიკა დაასახელეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ``42-ე მუხლის`` იურისტმა _ დიტო ხაჩიძემ აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დროს პირველი კითხვაა _ `რამდენს გადაიხდი~. არასამთავრობო ორგანიზაციის _ ``კანონი ხალხისთვის`` წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპროცესო შეთანხმებას ``ფულის კეთების ინსტიტუტი`` უწოდა. `გამჭვირვალობის~ მიერ გამოკითხული იურისტების თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა მსუბუქ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას პროკურორებს ჯარიმის სახით 100 000 ლარი მოუთხოვიათ, უფრო მძიმე დანაშაულის დროს _ გაცილებით ნაკლები.
მთავრობა უარყოფს, რომ საპროცესო შეთანხმება დამატებითი შემოსავლის წყაროა. `საპროცესო შეთანხმება ბიუჯეტის შევსების საშუალება არ არის. ხაზინა ისეთი ადმინისტრაციული ჯარიმებიდან, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის ჯარიმა, უფრო მეტ შემოსავალს იღებს... საპროცესო შეთანხმებიდან შემოსული ფული არ არის იმ რაოდენობის, რომ მას სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს~ _ თქვა `გამჭვირვალობასთან~ ქვეყნის მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ _ დავით საყვარელიძემ.
მთავარი პროკურატურიდან საპროცესო შეთანხმების სტატისტიკური მონაცემები 2009 წლამდე `გამჭვირვალობამ~ ვერ მოიპოვა. პროკურატურის განცხადებით, მას წინა წლების სტატისტიკა არ აქვს.
უცნობია ისიც, თუ რას ხმარდება საპროცესო შეთანხმებიდან შესული ფული. ამ სისტემის შემოღების შემდეგ, პირველ წლებში, საკითხი გაცილებით ბუნდოვანი იყო, რადგან ფული გაურკვეველი დანიშნულების არასაბიუჯეტო ფონდებში ირიცხებოდა. შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა და საპროცესო შეთანხმებიდან შესული თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით კი პროკურატურის ანგარიშებზე და იქიდან ხაზინაში ირიცხებოდა. 2009 წლიდან თანხა პირდაპირ ხაზინაში ირიცხება.

თავისუფლება მდიდრებისთვის, ციხე _ ღარიბებისთვის
საპროცესო შეთანხმებას ზოგიერთი `მართლმსაჯულებას მდიდრებისთვის~ უწოდებს. დიტო ხაჩიძე: `თუ მდიდარი ხარ, საქართველოში კანონზე მაღლა დგახარ~. ამ შეხედულების დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტი მართლაც არსებობს. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი იმ თურქი კაპიტნის შემთხვევაა, რომელიც აფხაზეთის და, შესაბამისად, საქართველოს საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მას 24 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე კაპიტანს გემი ჩამოართვეს, 30 000 ლარიც გადაახდევინეს და გაათავისუფლეს.
იურისტების თქმით, არსებობს არაერთი მაგალითი, როცა მსჯავრდებულებს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ნარკოტიკის მცირე ოდენობით ფლობისთვის.
კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ მხარეების პროკურორები. საქართველოში სულ რვა მხარეა, ანუ ათასობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება რვა სამხარეო პროკურორს უხდება.