ბაირამობა ბათუმში

среда, 23 сентября 2009 г.




ბაირამობა ბათუმში


 20 სექტემბერს მუსლიმანურმა სამყარომ რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნა. ბათუმში მორწმუნენი მეჩეთში შეიკრიბნენ სალოცავად. რამაზან ბაირამის დღესასწაულს წინ 30-დღიანი მარხვა უსწრებდა. მარხვისას მორწმუნეები დღის განმავლობაში საკვებსა და სასმელეზე უარს ამბობენ. მუსლიმანურ სამყაროში ეს ყველაზე მძიმე მარხვაა. 70 დღის შემდეგ მუსლიმანები ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. 



მეჩეთში შესვლისას ყველა ადამიანი ფეხსაცმელს იხდის. იქვე მეჩეთის წინ ფეხის საბანია სპეციალურად მოწყობილი. 

ცხრა მოსამართლის ვაკანსია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 


 მოსამართლეების უმრავლესობას, რომლებიც აჭარის სასამართლოებში საქმეებს განიხილავდნენ, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შუეწყდათ. ზოგი მათგანი კი სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში გადაიყვანეს. 



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე 21 სექტემბერს განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში მოსამართლის ცხრა ვაკანსიაა გამოცხადებული, ხელვაჩაურში კი _ ოთხი საშტატო ერთეული, აქედან სამი მაგისტრი მოსამართლის თანამდებობაზე. 
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები: დავით გელაშვილი, თემურ კაკაბაძე და ლეილა შეწირული, რეზერვ მოსამართლეებად გადაიყვანეს, ქობულეთის რაიონული სასამართლოდან კი ზურაბ სურმანიძე ჩაირიცხა რეზერვთა რიგებში.  
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის _ ვალერი ცერცვაძის განმარტებით, კანონის თანახმად, რეზერვში მოხვედრილი მოსამართლეები ყოველთვიურად ხუთას ლარს მიიღებენ. ისინი საქმეებს აღარ განიხილავენ. 

ბატონი ვალერის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძე `ლენტეხში გადავიდა, ლელა ცანავა წალენჯიხაში დაბრუნდა~, ხოლო ორ მოსამართლეს, უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერდებათ, როცა დაწყებული საქმეების განხილვას დაასრულებენ. ჯუმბერ ბეჟანიძესა და თემურ ქათამაძეს კი მოსამართლეობის ათწლიანი ვადა ამოეწურათ. 
იმ მოსამართლეთაგან, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდნენ, მხოლოდ ვერა დოლიძე დარჩა თანამდებობაზე (ის რამდენიმე თვის წინ ქობულეთის რაიონული სასამართლოდან გადმოიყვანეს ბათუმში). ვერა დოლიძე ბათუმში ბოლო დროს ყველაზე ხმაურიან საქმეებს განიხილავდა. მან გამოუტანა განაჩენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის ყოფილ უფროსს, ზურაბ ბერიძეს. მანვე დაკითხა ნიღბიანი მოწმეები ნინო ბურჯანაძის პარტიის, `დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის _ ზურაბ ავალიანის სასამართლო პროცესზე, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას მაშინ ადვოკატებმა უპრეცედენტო უწოდეს.  
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გუშინ განსახილველ საქმეთა სიაში მოსამართლე ჯემალ კიკნაძის (ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე) გვარი ფიგურირებდა. `მე მაგისტრი მოსამართლე გახლავართ ქობულეთში და ბრძანებით დამევალა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეების განხილვა; რაც შეეხება ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებს _ ზურაბ სურმანიძე რეზერვში ჩაირიცხა, ხოლო იუზა ბუცხრიკიძე ხულოს მაგისტრანტი მოსამართლეა~ _ ამბობს ჯემალ კიკნაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, შაქრო აბუსელიძის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მოვლინებულია სამი მოსამართლე: გიორგი გოგიჩაიშვილი, თამუნა ბეჟანიშვილი და ნინო კორძაძე. 
რაც შეეხება მოსამართლე როინ კახიძეს, მან `ბათუმელებთან~ საუბარში განაცხადა, რომ შვებულებით სარგებლობს, გამოკვლევებს იტარებს და არაფერი იცის ცვლილებებთან დაკავშირებით. 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საკადრო საკითხთა და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი, თამარ სალუქვაძე მოსამართლეთა ინფორმირებულობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პირადად, სატელეფონო შეტყობინებით აცნობა და შეხვდა ყველას. ,,საინფორმაციო კამპანია არ მიმდინარეობს, რადგან ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და ადამიანურ რესურსებთან~. 
ხელვაჩაურში საქმეებს განიხილავენ ლევან თევზაძე, დათო მამისეიშვილი, ანა ღელეყვა, იუზა ბუცხრიკიძე, ირაკლი ბონდარეკო და სალიხ შაინიძე. ამათგან სალიხ შაინიძეს უფლებამოსილების ვადა უკვე გაუვიდა. იგი დაწყებული საქმეების განხილვის დასრულებისთანავე დატოვებს თანამდებობას. 

რაც შეეხება მაგისტრ მოსამართლეებს, ხულოში იუზა ბუცხრიკიძეა, შუახევსა და ქედაში დათო მამისეიშვილი, ქობულეთში _ ჯემალ კიკნაძე. 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალერი ცერცვაძე მოსამართლეების რეზერვში გადაყვანის კრიტერიუმებს ასახელებს: ,,მოსამართლის გამოცდილება, ზემდგომ სასამართლოში შენარჩუნებული გადაწყვეტილებები, რეპუტაცია, უნარი, პროცესების მართვა...~  
2004 წლიდან დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხუთი მოსამართლე დააპატიმრეს: ნინო ვაშაყმაძე, მურმან ხამაშურიძე, ამირან ფაღავა თამაზ ბერიძე და მერაბ კოზმავა.