ფოტო: სულხან სალაძე

ბათუმის ორ უბანში _ თამარის დასახლებასა და ლერმონტოვზე ორასამდე ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. ლერმონტოვის ქუჩაზე ბინა 86-მა ოჯახმა 1991წლიდან დაიდო, თამარის დასახლებაში კი ათწლეულებია ცხოვრობენ. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა ბათუმში რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას ვერც არჩევნებში იღებენ. ეს ოჯახები ქალაქის მერისგან შეპირებულ ბინებს ელიან _ ამ მოთხოვნით ახლახან მათ აქციაც გამართეს.





ნათია როყვა

ლერმონტოვის ქუჩის #107-ში ძირითადად ერთსართულიანი ხის სახლებია ჩამწკრივებული, სახლებს შორის თოკებზე სარეცხია გაფენილი... რამდენიმე სახლის იატაკი მიწაზე დევს, არის სახლები, რომელთა შესასვლელში საფეხურები უნდა აიარო. რამდენიმე სახლში ჭერიდან წყალი ჩამოდის. ამ ოჯახებიდან ზოგი სოციალურ დახმარებასაც იღებს.
ბენზეში კი, ბარაკების დასახლება კვარტალების მიხედვითაა დაყოფილი. აქ სულ 119 ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთ მათგანს, ლერმონტოვის უბნისგან განსხვავებით, ბარაკები დაკანონებული აქვს.
ამ ოჯახებს მემორანდუმი მერმა, რობერტ ჩხეიძემ, 2008 წელს გაუფორმა. მემორანდუმის მიხედვით, ბარაკების ადგილას საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ოჯახებთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება ერთმანეთის იდენტურია, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოჯახი 50 კვ/მეტრ ფართობს მიიღებს, არა აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრთა რაოდენობას. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ მემორანდუმს ხელი არ მოაწერეს.
ბათუმის მერიაში ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, მემორანდუმები პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე გაფორმდა.
თემური, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, 15 წელია ბარაკში ცხოვრობს. იგი ქობულეთიდანაა. მას საბინაო წიგნაკი არ აქვს. მას რეგისტრაციის უქონლობა რიგ პრობლემას უქმნის, ვერც ბანკიდან სესხი გამოაქვს.
გიორგი თურმანიძის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს, არჩევნების პერიოდში, ამ მისამართზე (ლერმონტოვის ქ. #103, #107) შვიდი ოჯახი დარეგისტრირდა. დანარჩენები იმის მოლოდინში არიან, რომ მათ ან ამ მისამართზე დაარეგისტრირებენ, ან ალტერნატიულ ბინებს მისცემენ.
რევაზ ბერიძე ბენზეში, თამარის დასახლებაში ცხოვრობს. #22 ბარაკის მცხოვრები ამბობს, რომ მეზობლებმა გასულ კვირას განცხადებით ლევან ვარშალომიძეს მიმართეს. მთავრობის თავმჯდომარემ ამ საკითხის მოგვარება მერიას დაავალა.
ანალოგიური თხოვნით ამ ხალხმა ლევან ვარშალომიძეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც მიმართა. ვარშალომიძემ ისინი მაშინაც მერიაში გადაამისამართა.
რევაზ ბერიძე იხსენებს, რომ 2007 წელს თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს მერია ბარაკების დაკანონებას შეჰპირდა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება ხალხს დაავალა: `შეხვედრა ხალხსა და ქალაქის მერს შორის ბენზეს კულტურის სახლში, თოვლსა და ქარაშოტში შედგა~. არჩევნების შემდეგ მერიამ მათ უთხრა, რომ არ არსებობს კანონი, რის მიხედვითაც ბარაკებს მოსახლეობას მისცემენ.
შორენა დუმბაძე: `უვადოა ეს მემორანდუმი, ასე მითხრეს მერიაში. წყალი ჩამოდის ჭერიდან. მეშინია, წვიმს დროს იატაკი არ ჩავარდეს და ბავშვები არ დამიშავდნენ~.
დუმბაძის ზოგიერთმა მეზობელმა ქალაქის ხელისუფლებასთან მემორანდუმის გაფორმებაზე ერთი მიზეზით თქვა უარი: ისინი მიიჩნევენ, რომ 50 კვ/მეტრი ფართობი ძალიან პატარაა. ბენზეში, #31,32,33,34 ბარაკებში 60 ოჯახი ცხოვრობს. ამ სამოცი ოჯახიდან 10-ს ბინა დაკანონებული არ აქვს, სხვები კი იმის მოლოდინში არიან, რომ ბარაკებს აიღებენ და ბინებით დააკმაყოფილებენ, ზოგს ამისი არც სჯერა.
ქალაქის მერიას ამ ოჯახებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა აქვს _ `ბათუმელებისთვის~ მოწოდებულ დოკუმენტში წერია: ლერმონტოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებული 4211 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ქალაქის მერის, რობერტ ჩხაიძის ბრძანებით, პირობიან აუქციონზე გაიყიდა. მიწა, რომლის საწყისი ფასი 270 ათასი ლარი იყო, 2008 წლის 15 ივლისს, მალხაზ შუბალიძემ იყიდა. ამ მიწაზე უნდა აშენდეს საცხოვრებელი კორპუსი, რომლის 10 პროცენტი მერიას გადაეცემა. მერია კი ამ ათი პროცენტიდან იმდენ ოჯახს დააკმაყოფილებს, რამდენი 50 კვ/მეტრიც გამოვა.
„ჯერ დაუდგენელია, ასაშენებელი კორპუსის პროექტი. შესაბამისად, უცნობია, რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება ამ ერთი კორპუსის აშენებით“ _ ამბობს გოგა ლომაძე. ოჯახებს, რომლებიც მალხაზ შუბალიძის საკუთრებაზე ცხოვრობენ, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში ბინებს უქირავებენ, რადგან კორპუსი სწორედ იქ უნდა აშენდეს, სადაც მათი ბარაკებია განლაგებული.
აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ქალაქის მერი _ რობერტ ჩხაიძე შეხვდა და მათ შეპირდა, მერიის საბინაო ფონდიდან ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას. რაც შეეხება დამისამართებას, ამ საკითხის მოგვარება მერიის იურიდიულ სამსახურს დაევალა.



აჭარის სააღსრულებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის _ გელა თავდგირიძის და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება.


ნათია როყვა

მითვისებული და გაფლანგულია როგორც სააღსრულებლო ბიუროს, ასევე კლიენტებისა და განსასჯელების ნათესავების თანხა. ყველა მოწმე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ამ გაუგებრობაში ისე მოხვდა არაფერი იცოდა. „ვენდობოდი“, „გამომიყენეს“, _ ამბობენ ისინი.
ცირა კახიძე _ მოწმე: „მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ, მერაბ სანიკიძე ჩემი ბიძაშვილია. მასთან ვიყავი სამსახურში. მკითხა, პირადობის მოწმობა ხომ არ მქონდა. ვათხოვე. ბუღალტერს ქვითარი გამოაწერინა, ამ ქვითრით საქართველოს ბანკიდან ფული გამომატანინა, დაახლოებით 11 ათასი ლარი. ამ თანხას მერაბ სანიკიძემ კიდევ დაამატა ფული და ბანკში შემატანინა ისევ, რაღაც ანგარიშის ნომერზე“.
სასამართლო პროცესზე მსგავის ფაქტის შესახებ რამდენიმე მოწმემ ისაუბრა, ისინი 19 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.
დავით დარცმელიძე დაცვის სამსახურის თანამშრომელია. იგი მერაბ სანიკიძის სიძეა და გელა თავდგირიძესთანაც წლებია მეგობრობს. მისი ჩვენებაც ცირა კახიძის ჩვენების იდენტურია. დავითმა სააღსრულებლო ბიუროში ახლობლებთან სტუმრად შეიარა. თავდგირიძემ მას უთხრა, რომ დაეკარგა პირადობის მოწმობა და ბანკიდან ფულის გამოტანა სთხოვა. ქვითარი სააღსრულებლო ბიუროში მისცეს, ბანკიდან კი ოთხი ათასი დოლარი გამოიტანა და თავდგირიძეს მიუტანა კაბინეტში. რამდენიმე დღეში სანიკიძემ დარცმელიძეს ისევ დაურეკა და სთხოვა, თავდგირიძე ენახა.
დარცმელიძემ მეორედ 12 ათასი დოლარი გამოიტანა ბანკიდან თავდგირიძის დავალებით: `გამომიყენა~ _ შეაფასა თავდგირიძის საქციელი დარცმელიძემ. მოსამართლის კითხვაზე, მისი აზრით, ამის შესახებ იცოდა თუ არა სანიკიძემ, მოწმემ უპასუხა: `მგონია არ იცოდა თავდგირიძე რომ მიყენებდა. თუ ეს იცოდა და არ გამაფრთხილა, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია~.
სულიკო გოგიაშვილი ქედის რაიონის სოფელ დანდალოში ცხოვრობს. გოგიაშვილმა სანიკიძეს მინდობილობა გაუკეთა: `მითხრა, პირადობის მოწმობა მაქვს დაკარგული, შენი პასპორტი მჭირდებაო და მინდობილობა გამაკეთებინა. ხელი მოვაწერე, მაგრამ რას არ დავკვირვებივარ, ვენდობოდი~.
ნატალია ძნელაძე აჭარის სააღსრულებლო ბიუროს კანცელარიის თანამშრომელია. სასამართლო პროცესზე ისიც დაკითხეს. მან განაცხადა, რომ “პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლისგან შემოსული სააღსრულებო დოკუმენტი, ოთარ და ავთანდილ ბერიძეებისთვის თანხის დაკისრების შესახებ ჩაიბარა და რეზოლუციის დასადებად უფროსთან შეიტანა. `სხვა ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი~.
კონსტანტინე გუმბერიძე, რომელიც ადრე უშიშროების თანამშრომელი იყო, როგორც დაზარალებული ისე დაიკითხა. გუმბარიძემ განაცხადა, რომ მას „საზღვაო ბანკის“ ვალი ჰქონდა. პროცენტი ვერ გადაიხადა და ამ ვალის გადახდისთვის ბანკმა სააღსრულებლოს მიმართა. მან ორი ათასი დოლარი, ბანკის ვალი, მერაბ სანიკიძეს კაბინეტში მისცა, სანიკიძემ კი ბეჭდიანი, ტიტულიანი დოკუმენტი გადასცა. დაზარალებულმა თქვა, რომ არ იცოდა, თანხა სააღსრულებლოს ანგარიშზე თუ უნდა შეეტანა, ამიტომაც მისცა კაბინეტში აღმასრულებელს.
დაზარალებული მხოლოდ ვალის გადახდას ითხოვს: „სასჯელის ნაწილში მე არ ვარ დაინტერესებული“.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გელა თავდგირიძისა და მერაბ სანიკიძის საქმეს ერთად განიხილავს. საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. თავდგირიძის ინტერესებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე, ხოლო სანიკიძის ინტერესებს _ ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს.
სასამართლო პროცესი 30 აპრილს, განსასჯელ მერაბ სანიკიძის დაკითხვით გაგრძელდება.

საარჩევნო სიები აჭარაში



რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით ახლა ადგენს. 2008 წლის მონაცემით, ბათუმში ამ ეტაპზე 105 ათასი ამომრჩეველი და 80 საარჩევნო უბანია. წინასაარჩევნოდ სიების მონიტორინგს აჭარაში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ატარებს.



2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში თვალშისაცემი აქტიურობა არ შეინიშნება. ბოლო, ანუ აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა სიები კიდევ უფრო დასახვეწია, რადგან გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა _ ბათუმის საზღვრები გაფართოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე. შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ბათუმში მცხოვრებთა რიცხვიც.
ბათუმის საზღვრებში უკვე ოფიციალურად მცხოვრები ხელვაჩაურელები ამბობენ, რომ არ იციან, რომელ ოლქში აძლევენ ხმას _ ხელვაჩაურში თუ ბათუმში. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს აქვს. კახაბერ ჯაიანის თქმით, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ამ ზონაში მცხოვრებთაგან ვინ სად მისცემს ხმას. ასევე უცნობია რამდენი ათას ამომრჩეველზე ვრცელდება ეს გაურკვევლობა.
კახაბერ ჯაიანი ამბობს, რომ ამ ამომრჩევლების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
ბათუმში არის კიდევ ერთი ე.წ. ბარაკების ტიპის დასახლება _ ლერმონტოვის ქუჩის #103 და #107 მისამართები, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს (დაახლოებით 200 ადამიანი). არჩევნებში მონაწილეობას ვერც ამ დასახლების მცხოვრებლები იღებენ. ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბარაკებში მცხოვრებლები იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ქალაქის მერია მათ იურიდიულ მისამართს მისცემს.
რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურიდან დაახლოებით სამი ათასამდე ამომრჩეველი ბათუმს შეუერთდა და იქვე სხვა ტიპის უზუსტობაზეც ამახვილებს ყურადღებას: `ბათუმის საარჩევნო სიებში რვიდან ათი ათასი ამომრჩეველია დამატებული _ მახინჯაურში ძალიან ბევრი ისეთი მისამართია სიებში შეტანილი, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობს~.
ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 105 ათასი ამომრჩეველია, მაგრამ მურმან დუმბაძის ვარაუდით `ეს ციფრი 75-80-ზე მეტი არ იქნება~.
დუმბაძის მტკიცებით, მათი პარტიის მიერ სიების გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ სიებში შეყვანილი ჰყავთ როგორც საზღვარგარეთ წასული ადამიანები, ისე გარდაცვლილები. `რესპუბლიკურმა პარტიამ~ დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურას მიაწოდა.
ბათუმის ოლქის თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანი წინა არჩევნებს იხსენებს და ამბობს: `ოპოზიციის წარმომადგენლებმა გვაცნობეს კონკრეტულ უბნებზე გარდაცვლილების შესახებ. სიაში შეყვანილ მკვდრებთან დაკავშირებით შემოსული განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ მითითებული ათიდან შვიდი ამომრჩეველი ცოცხალი იყო. თუ ადამიანი უცხოეთშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიიდან უნდა ამოიღო~.
კახაბერ ჯაიანი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს: `თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ მისი გარდაცვლილი მეზობელი ან ნაცნობი ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებული, ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას. შესაბამისად, ახლობელმა უნდა წარადგინოს გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა.
2008 წლის მონაცემებით, აჭარაში სულ ექვსი საარჩევნო ოლქი და 279 ათასი ამომრჩეველი იყო. ციფრების სიზუსტეზე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში დიდხანს დავობდნენ. თუმცა მას შემდეგ და 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სიების გადამოწმების მიზნით აჭარაში განსაკუთრებული აქტიურობა არ ყოფილა. სიების დაზუსტებაზე აჭარაში თითქმის არავის უზრუნია. ამ კუთხით არც არასამთავრობო სექტორს უმუშავია.
`სამართლიანი არჩევნების~ წარმომადგენელი, მზია ქადიძე, `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ სიების გადამოწმების პროცესში ისინი არ მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, ბათუმში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ატარებს საარჩევნო სიების მონიტორინგს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში სიების მონიტორინგზე იმიტომ არ მუშაობს, რომ როგორც საიას აჭარის ოფისში ამბობენ, მათ ამის რესურსი არ აქვთ. დააკვირდება თუ არა საია არჩევნებს, ჯერ ესეც გაურკვეველია. ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენლის, გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, საია პოლიტიკური პარტიების დაპირების მონიტორინგს ატარებს, ანუ რამდენად სამართლიან დაპირებებს იძლევიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ, როცა მოსახლეობას ხვდებიან: `თუმცა ჯერ მაჟორიტარები არაა დასახელებული და, შესაბამისად, არაა ჩვენი საქმიანობა ფართომასშტაბიანი~.
საია მომავალი კვირიდან ამომრჩევლების ინფორმირებას იწყებს. შეხვედრები და კონსულტაციები ამომრჩეველთან ხულოდან დაიწყება. გასვლით შეხვედრებზე მოსახლეობას აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ სიებში საკუთარი თავი, ან რა რეაგირება უნდა მოახდინონ დარღვევის შემთხვევაში. საიაში ამბობენ, რომ ამ კუთხით აჭარის ყველა რეგიონს მოიცავენ. ეს შეხვედრები და კონსულტაციები 19 აპრილიდან დაიწყება და არჩევნებამდე გაგრძელდება.
ბათუმში, #74 და #80 უმისამართო უბანი იქნება, ამ უბნებზე ხმის მიცემა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვის პირადობის მოწმობაში წერია: საცხოვრებელი ადგილი _ უმისამართო. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ სიებს ყველა უბანში გამოაქვეყნებენ, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, უზუსტობის შემთხვევაში კონკრეტულ საარჩევნო უბანს მიმართოს.
გადამოწმება, არის თუ არა სიაში, ამომრჩეველს პირადი ნომრის მიხედვით ცესკო-ს ვებ გვერდზე შეეძლება. თუმცა ამომრჩეველთა სია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ადამიანის პირადი ნომერი დახურული ინფორმაციაა.
გარდა ამისა, აჭარაში არის 80 სპეცუბანიც, სადაც ხმას სპეციალური ოპერატიული თანამშრომლები, სამთავრობო დაცვა, განსასჯელები და ჯარისკაცები მისცემენ. სიებს შესაბამისი უწყებები ადგენენ.
არჩევნებში, რომელიც 30 მაისს არის დანიშნული, სულ 26 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. სხვა ათ პოლიტიკურ პარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა.

პროფესიით ექიმ-ნარკოლოგი, ნატო თევზაძე, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს. განიხილავს თუ არა ევროპული სასამართლო თევზაძის საქმეს, ჯერ უცნობია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს ექვსმა და სააპელაციო სასამართლოს ოთხმა მოსართლემ დანაშაული ჩაიდინა.

ნათია როყვა

ნატო თევზაძეს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. თევზაძემ სასამართლოს სამი წლის წინ სთხოვა, დაედგინა სამსახურიდან მისი დათხოვნის კანონიერება. სარჩელი საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა, რის შემდეგაც თევზაძემ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.
თევზაძის მტკიცებით, 2010 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი მისი საქმიდან ფურცლები დაიკარგა: `საქმის დათვალიერებისას დავრწმუნდი, რომ 2008 წლის 25 მარტს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების 14 ფურცლის ნაცვლად საქმეში მხოლოდ 5 ფურცელი დევს. საქმის ასლის დამზადებისას ტექნიკური შეცდომა გამორიცხულია. ამ დაკარგული დოკუმენტების შესწავლა-შეფასება მნიშვნელოვანი იყო როგორც აპელაციის, ასევე კასაციის ეტაპზე გადაწვეტილების მიღებისას. მიმაჩნია, რომ პროკურატურის, ექსპერტიზის ბიუროსა და სასამართლოს თანამშრომლებისგან სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად შესრულებას აქვს ადგილი~. მოსამართლეების წინააღმდეგ განცხადებით თევზაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართა.
ნატო თევზაძე საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ ნარკოლოგის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს: `ასევე მოვითხოვ, იძულებით ნაცდურის ანაზღაურებას, რაც ათი ათასი ევროს ექვივალენტია და ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას~.
2007 წლის 5 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული სამსახურში მორიგე ექსპერტ-ნარკოლოგმა ალკოჰოლური თრობის ოქმების დანომრილ შეკვრაში 0000447 ოქმის ორივე ეგზემპლარის დანაკლისი აღმოაჩინა. მისი მტკიცებით, ოქმის ბლანკის გამოყენება შესაძლებელია დასკვნის გასაყალბებლად გამოიყენეს. თევზაძემ ამის შესახებ წერილობით აცნობა შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონულ სამმართველოს. ძიება არ დაწყებულა. მოხსენებითი ბარათი გენერალური ინსპექციიდან აჭარის პროკურატურაში შევიდა, ძიება კვლავ არ დაწყებულა.
2007 წლის 31 მაისს თევზაძე და ექიმი მიქელაძე, ხოლო 2007 წლის 4 ივნისს ექიმები _ კელენჯერიძე და მოწყობილი გაათავისუფლეს სამსახურიდან: ``მანამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 2 მარტს აჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საეჭვო გარემოებები: საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა, შალიკაშვილმა, ჩვენს სამსახურში ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე მოიყვანა შალვა ადეიშვილი და თომა ჭუმბურიძე ერთი მხრივ, ხოლო დაზარალებული ხუსეინ ბალაძე შემოწმდა საავადმყოფოში მეორე მხრივ. ჭუმბურიძესა და ადეიშვილზე გაიცა სიმთვრალის, ბალაძეზე სიფხიზლის დასკვნა.
პატიმართა და მიუსაფართა უფლებების დაცვის პრეზიდენტს, ნანა ანდღულაძეს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ მისწერა, რომ 2007 წლის 2 მარტს ავარიის უშუალო მონაწილეთა შორის ჭუმბურიძე ჩანაცვლებულია ჯონი გოხიძით, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია და რომელზედაც ჩვენი რწმენით, ნარკოლოგთა გვერდის ავლით გამოყენებულია დაკარგული ოქმი მარტის დასაწყისში. შეკვრა სამსახურის უფროსის კაბინეტში ინახებოდა~.
განთავისუფლების შემდეგ თევზაძემ მიმართა სასამართლოს, აჭარის პროკურატურას, გენერალურ პროკურატურას, პრეზიდენტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, იუსტიციის სამინისტროს, ნაცმოძრაობის გენმდივანს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, `პოსტსკრიპტუმის~ რედაქციას. რეაგირება არც ერთი სტრუქტურიდან არ მომხდარა.