ექიმი მოსამართლეების წინააღმდეგ

четверг, 22 апреля 2010 г.

პროფესიით ექიმ-ნარკოლოგი, ნატო თევზაძე, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს. განიხილავს თუ არა ევროპული სასამართლო თევზაძის საქმეს, ჯერ უცნობია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს ექვსმა და სააპელაციო სასამართლოს ოთხმა მოსართლემ დანაშაული ჩაიდინა.

ნათია როყვა

ნატო თევზაძეს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. თევზაძემ სასამართლოს სამი წლის წინ სთხოვა, დაედგინა სამსახურიდან მისი დათხოვნის კანონიერება. სარჩელი საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა, რის შემდეგაც თევზაძემ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.
თევზაძის მტკიცებით, 2010 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი მისი საქმიდან ფურცლები დაიკარგა: `საქმის დათვალიერებისას დავრწმუნდი, რომ 2008 წლის 25 მარტს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების 14 ფურცლის ნაცვლად საქმეში მხოლოდ 5 ფურცელი დევს. საქმის ასლის დამზადებისას ტექნიკური შეცდომა გამორიცხულია. ამ დაკარგული დოკუმენტების შესწავლა-შეფასება მნიშვნელოვანი იყო როგორც აპელაციის, ასევე კასაციის ეტაპზე გადაწვეტილების მიღებისას. მიმაჩნია, რომ პროკურატურის, ექსპერტიზის ბიუროსა და სასამართლოს თანამშრომლებისგან სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად შესრულებას აქვს ადგილი~. მოსამართლეების წინააღმდეგ განცხადებით თევზაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართა.
ნატო თევზაძე საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ ნარკოლოგის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს: `ასევე მოვითხოვ, იძულებით ნაცდურის ანაზღაურებას, რაც ათი ათასი ევროს ექვივალენტია და ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას~.
2007 წლის 5 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული სამსახურში მორიგე ექსპერტ-ნარკოლოგმა ალკოჰოლური თრობის ოქმების დანომრილ შეკვრაში 0000447 ოქმის ორივე ეგზემპლარის დანაკლისი აღმოაჩინა. მისი მტკიცებით, ოქმის ბლანკის გამოყენება შესაძლებელია დასკვნის გასაყალბებლად გამოიყენეს. თევზაძემ ამის შესახებ წერილობით აცნობა შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონულ სამმართველოს. ძიება არ დაწყებულა. მოხსენებითი ბარათი გენერალური ინსპექციიდან აჭარის პროკურატურაში შევიდა, ძიება კვლავ არ დაწყებულა.
2007 წლის 31 მაისს თევზაძე და ექიმი მიქელაძე, ხოლო 2007 წლის 4 ივნისს ექიმები _ კელენჯერიძე და მოწყობილი გაათავისუფლეს სამსახურიდან: ``მანამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 2 მარტს აჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საეჭვო გარემოებები: საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა, შალიკაშვილმა, ჩვენს სამსახურში ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე მოიყვანა შალვა ადეიშვილი და თომა ჭუმბურიძე ერთი მხრივ, ხოლო დაზარალებული ხუსეინ ბალაძე შემოწმდა საავადმყოფოში მეორე მხრივ. ჭუმბურიძესა და ადეიშვილზე გაიცა სიმთვრალის, ბალაძეზე სიფხიზლის დასკვნა.
პატიმართა და მიუსაფართა უფლებების დაცვის პრეზიდენტს, ნანა ანდღულაძეს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ მისწერა, რომ 2007 წლის 2 მარტს ავარიის უშუალო მონაწილეთა შორის ჭუმბურიძე ჩანაცვლებულია ჯონი გოხიძით, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია და რომელზედაც ჩვენი რწმენით, ნარკოლოგთა გვერდის ავლით გამოყენებულია დაკარგული ოქმი მარტის დასაწყისში. შეკვრა სამსახურის უფროსის კაბინეტში ინახებოდა~.
განთავისუფლების შემდეგ თევზაძემ მიმართა სასამართლოს, აჭარის პროკურატურას, გენერალურ პროკურატურას, პრეზიდენტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, იუსტიციის სამინისტროს, ნაცმოძრაობის გენმდივანს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, `პოსტსკრიპტუმის~ რედაქციას. რეაგირება არც ერთი სტრუქტურიდან არ მომხდარა.