ფოტო: სულხან სალაძე

ბათუმის ორ უბანში _ თამარის დასახლებასა და ლერმონტოვზე ორასამდე ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. ლერმონტოვის ქუჩაზე ბინა 86-მა ოჯახმა 1991წლიდან დაიდო, თამარის დასახლებაში კი ათწლეულებია ცხოვრობენ. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა ბათუმში რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას ვერც არჩევნებში იღებენ. ეს ოჯახები ქალაქის მერისგან შეპირებულ ბინებს ელიან _ ამ მოთხოვნით ახლახან მათ აქციაც გამართეს.





ნათია როყვა

ლერმონტოვის ქუჩის #107-ში ძირითადად ერთსართულიანი ხის სახლებია ჩამწკრივებული, სახლებს შორის თოკებზე სარეცხია გაფენილი... რამდენიმე სახლის იატაკი მიწაზე დევს, არის სახლები, რომელთა შესასვლელში საფეხურები უნდა აიარო. რამდენიმე სახლში ჭერიდან წყალი ჩამოდის. ამ ოჯახებიდან ზოგი სოციალურ დახმარებასაც იღებს.
ბენზეში კი, ბარაკების დასახლება კვარტალების მიხედვითაა დაყოფილი. აქ სულ 119 ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთ მათგანს, ლერმონტოვის უბნისგან განსხვავებით, ბარაკები დაკანონებული აქვს.
ამ ოჯახებს მემორანდუმი მერმა, რობერტ ჩხეიძემ, 2008 წელს გაუფორმა. მემორანდუმის მიხედვით, ბარაკების ადგილას საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ოჯახებთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება ერთმანეთის იდენტურია, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოჯახი 50 კვ/მეტრ ფართობს მიიღებს, არა აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრთა რაოდენობას. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ მემორანდუმს ხელი არ მოაწერეს.
ბათუმის მერიაში ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, მემორანდუმები პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე გაფორმდა.
თემური, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, 15 წელია ბარაკში ცხოვრობს. იგი ქობულეთიდანაა. მას საბინაო წიგნაკი არ აქვს. მას რეგისტრაციის უქონლობა რიგ პრობლემას უქმნის, ვერც ბანკიდან სესხი გამოაქვს.
გიორგი თურმანიძის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს, არჩევნების პერიოდში, ამ მისამართზე (ლერმონტოვის ქ. #103, #107) შვიდი ოჯახი დარეგისტრირდა. დანარჩენები იმის მოლოდინში არიან, რომ მათ ან ამ მისამართზე დაარეგისტრირებენ, ან ალტერნატიულ ბინებს მისცემენ.
რევაზ ბერიძე ბენზეში, თამარის დასახლებაში ცხოვრობს. #22 ბარაკის მცხოვრები ამბობს, რომ მეზობლებმა გასულ კვირას განცხადებით ლევან ვარშალომიძეს მიმართეს. მთავრობის თავმჯდომარემ ამ საკითხის მოგვარება მერიას დაავალა.
ანალოგიური თხოვნით ამ ხალხმა ლევან ვარშალომიძეს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც მიმართა. ვარშალომიძემ ისინი მაშინაც მერიაში გადაამისამართა.
რევაზ ბერიძე იხსენებს, რომ 2007 წელს თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს მერია ბარაკების დაკანონებას შეჰპირდა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება ხალხს დაავალა: `შეხვედრა ხალხსა და ქალაქის მერს შორის ბენზეს კულტურის სახლში, თოვლსა და ქარაშოტში შედგა~. არჩევნების შემდეგ მერიამ მათ უთხრა, რომ არ არსებობს კანონი, რის მიხედვითაც ბარაკებს მოსახლეობას მისცემენ.
შორენა დუმბაძე: `უვადოა ეს მემორანდუმი, ასე მითხრეს მერიაში. წყალი ჩამოდის ჭერიდან. მეშინია, წვიმს დროს იატაკი არ ჩავარდეს და ბავშვები არ დამიშავდნენ~.
დუმბაძის ზოგიერთმა მეზობელმა ქალაქის ხელისუფლებასთან მემორანდუმის გაფორმებაზე ერთი მიზეზით თქვა უარი: ისინი მიიჩნევენ, რომ 50 კვ/მეტრი ფართობი ძალიან პატარაა. ბენზეში, #31,32,33,34 ბარაკებში 60 ოჯახი ცხოვრობს. ამ სამოცი ოჯახიდან 10-ს ბინა დაკანონებული არ აქვს, სხვები კი იმის მოლოდინში არიან, რომ ბარაკებს აიღებენ და ბინებით დააკმაყოფილებენ, ზოგს ამისი არც სჯერა.
ქალაქის მერიას ამ ოჯახებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა აქვს _ `ბათუმელებისთვის~ მოწოდებულ დოკუმენტში წერია: ლერმონტოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებული 4211 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ქალაქის მერის, რობერტ ჩხაიძის ბრძანებით, პირობიან აუქციონზე გაიყიდა. მიწა, რომლის საწყისი ფასი 270 ათასი ლარი იყო, 2008 წლის 15 ივლისს, მალხაზ შუბალიძემ იყიდა. ამ მიწაზე უნდა აშენდეს საცხოვრებელი კორპუსი, რომლის 10 პროცენტი მერიას გადაეცემა. მერია კი ამ ათი პროცენტიდან იმდენ ოჯახს დააკმაყოფილებს, რამდენი 50 კვ/მეტრიც გამოვა.
„ჯერ დაუდგენელია, ასაშენებელი კორპუსის პროექტი. შესაბამისად, უცნობია, რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება ამ ერთი კორპუსის აშენებით“ _ ამბობს გოგა ლომაძე. ოჯახებს, რომლებიც მალხაზ შუბალიძის საკუთრებაზე ცხოვრობენ, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში ბინებს უქირავებენ, რადგან კორპუსი სწორედ იქ უნდა აშენდეს, სადაც მათი ბარაკებია განლაგებული.
აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ქალაქის მერი _ რობერტ ჩხაიძე შეხვდა და მათ შეპირდა, მერიის საბინაო ფონდიდან ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას. რაც შეეხება დამისამართებას, ამ საკითხის მოგვარება მერიის იურიდიულ სამსახურს დაევალა.