რას არღვევს ვიდეოპატრული?

среда, 2 сентября 2009 г.

ფოტო გადაღებულია ბათუმში ერთ–ერთი სპეცოპერაციის დროს

კვირის დაიჯესტი _ ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია ~რუსთავი 2~-ის ეთერში ყოველ დღეს გადის და ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური ფაქტების შესახებ იუწყება; ამ გადაცემაში ეჭვმიტანილს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ~ბოროტმოქმედს~ და ~დამნაშავეს~; არის თუ არა ეს დაკავებულის უფლების დარღვევა? 

შსს-ს მიერ მომზადებულ გადაცემაში ასახელებენ არასრულწლოვანი ეჭვმიტანილების სახელსა და გვარს, აჩვენებენ ბრალდებულების დაკითხვის კადრებს, სადაც დაპატიმრებულები უარყოფენ ან აღიარებენ მომხდარს. შსს-ს წარმომადგენელი ამ გადაცემაში ოფიციალურ კომენტარს თითქმის ყველა ფაქტზე აკეთებს. არღვევს თუ არა ~ვიდეოპატრული~ უდანაშაულობის პრეზუმფციას?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაცემა საინტერესოა საზოგადოებისთვის, მაგრამ ჟურნალისტმა უნდა დაიცვას სტანდარტები. იურისტის თქმით, არაეთიკურ სიუჟეტებზე პასუხისმგებელი მედიასაშუალება, ამ შემთხვევაში კი ტელეკომპანია ~რუსთავი 2~-ია. კორძაიას განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს, შსს ამ ტელეკომპანიის ეთერს ყიდულობს თუ მას ექსკლუზივად აწვდის დღის კრიმინალურ ქრონიკას. 
გასულ თვეში აჩვენეს, როგორ შეიყვანეს ექიმებმა საკაცით 32 წლის დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ~ამ კადრების გადაღებიდან მამაკაცი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა~, _ იტყობინება ვიდეოპატრული. სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მისმა მეგობარმა სასიკვდილოდ დაჭრა: `მაგრამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ყველაზე შემზარავი ფაქტის მომსწრე ექიმების დამოკიდებულებამ გახადა, მძიმედ დაჭრილი ავადმყოფი პირველი საავადმყოფოს ექიმებს უპატრონოდ მიგდებული თითქმის ოცი წუთის განმავლობაში ჰყავდათ, პაციენტი საავადმყოფოში 033-ის თანამშრომლებმა მიიყვანეს. კადრში კარგად ჩანს, რომ ექიმებმა პაციენტი დერეფანში მიატოვეს~.  
სასწრაფო დახმარების ექიმი სიუჟეტში ამბობდა, რომ 033-ის თანამშრომლებმა საკუთარი მოვალეობა შეასრულეს. გადაცემიდან ვიგებთ, რომ ~ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ფაქტის მოკვლევა დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, დაჭრილი მამაკაცი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა~ (კადრებში ჩანს, როგორ იტანჯება საკაცეზე მწოლიარე მამაკაცი საავადმყოფოს ლიფტთან). 
~კიდევ ერთი გახსნილი უპრეცედენტო შემთხვევა~, _ კვირის დაიჯესტში მეორე სიუჟეტი ამ სიტყვებით და იმის ჩვენებით დაიწყო, თუ როგორ დასტირიან შვიდი წლის ბავშვს ოჯახის წევრები. გარდაცვლილის დედა მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას და მისი შვილების `აკუწვას~ ითხოვს. სიუჟეტში ჟურნალისტი ყვება, მოტყუებით როგორ ჩაისვა მეზობელმა ბავშვი მანქანაში და გაიტაცა ფულის გამოძალვის მიზნით. ჟურნალისტისგან ვიგებთ, რომ ეჭვმიტანილს დანაშაულის ჩადენაში მისი შვილიც ეხმარებოდა. 
ტელევიზიით გადასცეს ეჭვმიტანილის დაკითხვის კადრი, სადაც იგი დანაშაულს აღიარებს და რეკონსტრუქცია, თუ როგორ ატყუებს კაცი ბავშვს, ჩაჰყავს საკანალიზაციო მილში და გუდავს. მკვლელობის ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი შსს-ს გამომძიებელმა გრიგოლ ბესელიამ გააკეთა. მან დააკონკრეტა, თუ რომელი მუხლითაა ძიება დაწყებული. 
თამარ კორძაია: `მსგავსი სიუჟეტი არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ქცევის კოდექსით, პირადი ტრაგედიის ჩვენება ამ ფორმით არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ დედა კომენტარს აკეთებს, მისი მოწოდება დანაშაულია და ეს კომენტარი ჟურნალისტმა ეთერში არ უნდა გაუშვას~. 
`ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ სასიკვდილოდ მისივე უბნელი გაიმეტა~. დაკავებულმა არასრულწლოვანმა აღიარებითი ჩვენება შემთხვევის ადგილზე მისცა. მას სახე მკრთალად, მაგრამ მაინც უჩანდა. 17 წლის გამხდარი ბიჭი ყვება, როგორ მოკლა მეგობარი. სიუჟეტში ჟურნალისტს ჩაწერილი ჰყავდა გარდაცვლილის თანაკლასელები და დამრიგებელი. სიუჟეტი კი ასე დამთავრდა: `ეს მკვლელის სახლია, ბოროტმოქმედი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ამ თემაზე მას საუბარი უჭირს~ (აჩვენეს ეჭვმიტანილის სახლი და აბრა, სადაც ქუჩის დასახელება და სახლის ნომერი ჩანს).  
თამარ კორძაია: `ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილისა და მისი ოჯახის, კონკრეტულად კი დედის უფლებები დაირღვა. ჟურნალისტმა შეიძლება მიუთითოს ეჭვმიტანილზე, რადგან ეჭვმიტანილი შეიძლება მეც ვიყო, თუ ქუჩაში ჩავიარე და იქ მკვლელობა მოხდა. მაგრამ სიუჟეტმა მაყურებელს არ უნდა აფიქრებინოს, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავეა. თუ ეს სხვაგვარად კეთდება, მაშინ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში კი წერია, რომ ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია. სიუჟეტში შეიძლება იყოს სახელი და გვარი დასახელებული, მაგრამ გააჩნია სიუჟეტს. კანონში ამის რეცეპტი პირდაპირ არ წერია, მაგალითად, თუ ქორწილში მკვლელობა მოხდა და საზოგადოებას იმის გაგება აინტერესებს, რას აკეთებს პოლიცია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა სიუჟეტი უნდა მოამზადოს. თუ ჟურნალისტი ტერმინებს სწორედ იყენებს (მაგალითად მსჯავრდებული, განსასჯელი, ეჭვმიტანილი), მაშინ ის კანონს არ არღვევს~.
და ბოლოს, `მაუწყებელთა ქცევის კოდექსის~ თანახმად (მუხლი 44), მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა.
მაუწყებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და ანტისოციალური ქმედება. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების დროს, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის (მუხლი 48).