თავისუფლების გემო ქართულ საზოგადოებაში

среда, 24 февраля 2010 г.




ბლიც-ინტერვიუში ``ბათუმელების`` კითხვებს სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი პასუხობს.

ნათია როყვა


_ ბატონო იაგო, საქართველოში 200-მდე პოლიტიკური პარტიაა. რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პარტია არსებობს?
_ ესენი ვირტუალური პარტიები არიან, უმრავლესობას საქართველოში ინტერესთა ჯგუფი არ ჰყავს. მათი მხარდამჭერები არც რაიმე ტიპის აქტივობას ახორციელებენ და არც საზოგადოებრივ ასპარეზზე ჩანან. დღეს საქართველოში 7_8 პოლიტიკური პარტია არსებობს, ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით.
_ ბევრი პარტიის არსებობა რამდენად უშლის ან უწყობს ხელს პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში?
_ პოლიტიკური პარტიების სიმრავლე მარტო ქართული საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი. ბევრი პოლიტიკური პარტიის არსებობა, ზოგადად, გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. გარდამავალში ვგულისხმობ იმ საზოგადოებას, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიის მშენებლობაზე გადადის. საქართველო შეიძლება გარდამავალ ქვეყნად მივიჩნიოთ.
_ ბევრი პარტიის არსებობას ერის მენტალიტეტი ხომ არ განაპირობებს?
_ არა, ეს წმინდა წყლის სოციალური პროდუქტია და დამახასიათებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც გაუგო გემო თავისუფლებას და ამ თავისუფლების სხვადასხვა ასპარეზზე რეალიზებას ცდილობს. რასაკვირველია, ეს არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, რადგან მაღალი პოლიტიკური კულტურა გულისხმობს პოლიტიკურ თანამშრომლობას პოლიტიკოსებს შორის. საქართველოში ეს თანამშრომლობა დაბალ დონეზეა.
_ და საზოგადოების პოლიტიკური კულტურა რა დონეზეა საქართველოში?
_ ეს დიდი თემაა... ერთ-ერთი ინდიკატორი ის არის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევანს არ აკეთებს რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობა დეგრადირებულია. პოლიტიკურად კულტურულ ქვეყანაში ყველას აქვს აზრი ჩამოყალიბებული, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. ჩვენთან ძნელია მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც იტყვის, რომ ჰყავს ამომრჩეველი და კონკრეტულად მათზე მუშაობს. საქართველოში ამომრჩეველი ერთი პოლიტიკური პარტიიდან მეორეზე პოლიტიკური ლიდერის პიროვნული ხიბლის წყალობით ინაცვლებს... ადამიანი პოლიტიკურ არჩევანს არ აკეთებს პოლიტიკური იდეების საფუძველზე, რაც დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
_ სხვა ქვეყნების მაგალითზე თუ ვიტყვით, რამდენად ხანგრძლივი პროცესია საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება?
_ ამას ათწლეულები სჭირდება... თუ გადავხედავთ დიდი ბრიტანეთის ისტორიას, სანამ იქ ჩამოყალიბდებოდა ორი წამყვანი ძალა პოლიტიკაში _ ლეიბორისტებისა და კონსერვატორების სახით, დიდი დრო დასჭირდა. ამერიკაშიც ასევე დიდი დრო დასჭირდა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, როგორც წამყვანი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას. მაგრამ ამერიკაში ამათ გარდა უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც პოლიტიკურ სცენაზე არ ჩანან.
_ როგორ საზოგადოებაში მიიჩნევა პოლიტიკოსობა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან საქმედ?
_ პოლიტიკოსობა ყველაზე საინტერესო თავისუფალ, პოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ, დემოკრატიულ საზოგადოებაშია. არათავისუფალ საზოგადოებაში პოლიტიკოსობა არის დიქტატი ამომრჩეველზე. არადემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანს პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას ისე აიძულებენ, რომ შესაძლოა, სულ არ მოსწონს ეს მას. პოლიტიკოსობა მაშინ არის მომხიბვლელი, როცა პოლიტიკოსები საჯაროდ იბრძვიან ამომრჩეველთა გადმობირებაზე იდეებისა და ღირებულებების შეთავაზებით და არა იმით, ვის როგორი ვარცხნილობა და ხალი აქვს ტუჩზე.