დაპატიმრების ახალი სერია აჭარაში

среда, 7 октября 2009 г.


სამართლდამცავები აჭარის სააღსრულებო ბიუროს ყოფილ უფროსს ეძებენ, ხოლო ქობულეთისა და ბათუმის სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელები უკვე დაპატიმრებულნი არიან. სამივე ბრალდებულის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. 

გელა თავდგირიძეს, რომელიც აჭარის სააღსრულებო ბიუროს რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს, სამართალდამცავები თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. 
~გელა თავდგირიძე ძებნილია და მის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს~ _ განაცხადა `ბათუმელებთან~ საუბარში მისმა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ. ამასთან მან ~ბათუმელებს~ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდგირიძეს აღმკვეთი ღონისძიება 4 ოქტომბერს შეუფარდა.
ძებნილის მეუღლე კი აცხადებს, რომ თავდგირიძე უცხოეთში სამკურნალოდაა წასული და 10 ოქტომბრამდე შვებულება აქვს: ~ორი თვის წინ პირველ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, თავში სისხლძარღვების შევიწროება აქვს, შესაძლებელი იყო გაჟონვა მომხდარიყო, ამიტომ უცხოეთში წავიდა სამკურნალოდ. სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე თან გაყოლა”. ცირა წულუკიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს მისთვის არც რაიმე ინფორმაცია მიუწოდებიათ და არც სახლის ჩხრეკა ჩაუტარებიათ: `ბოლო ათი დღეა არც გელა დამკავშირებია~.  
სამართალდამცავებმა ბათუმის ყოფილი აღმასრულებელი მერაბ სანიკიძე და ქობულეთის აღმასრულებელი გიორგი წიკლაური რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათაც ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედებათ. წიკლაური, მისი ადვოკატის რამინ პაპიძის განცხადებით, ბრალდებას უარყოფს. როგორც პაპიძე ამბობს, წაყენებული ბრალდების მიხედვით, აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელმა, თავდგირიძემ, ქობულეთის აღმასრულებლის, წიკლაურის, სახელით გააყალბა დოკუმენტი და აჭარის სააღსრულებო ბიუროდან 33 ათასი ლარი მიითვისა. ადვოკატის მტკიცებით, ამის გამო დააკავეს წიკლაურიც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რადგანაც მისი მტკიცებით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არაა. 
თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს გელა თავდგირიძის ადვოკატი, ედიშერ მახარაძე.
სამივე ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც აჭარის სააღსრულებლოს ხელმძღვანელებს ედევებიან, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალსწინებს. სხვა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით `ბათუმელებმა”, მცდელობის მიუხედავად, პროკურატურისგან ვერ მოიპოვა. 

წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზედამხედველობას კი აჭარის პროკურატურა გაუწევს. 
აჭარის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობას ამჟამად ჯამბულ ძირკვაძე ასრულებს. ძირკვაძის განცხადებით, იგი ამ თანამდებობაზე უკვე ერთი თვეა რაც დაინიშნა და სავარაუდოდ კიდევ ერთი თვეს შეასრულებს აჭარის მთავარი აღმასრულებლის მოვალეობას. `ბათუმელების~ კითხვაზე, სად იმყოფება მისი წინამორბედი, იგი პასუხობს: ~შვებულებაშია~. 
აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2008 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს უმთავრესი ფუნქციაა ტერიტორიული ორგანოების _ სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით სასამართლო და სხვა ადმინისტრაციული აქტების აღსრულება.


ბათუმის სასამართლომ ~ტელეარხი 25~-ის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. 
აჭარის საგადასახადო სამსახური ტელეკომპანიას 277 ათას 247 ლარის გადახდას სთხოვს, ხოლო ტელეკომპანია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც აჭარის საგადასახადო სამსახური მას ამ თანხის გადახდას ავალდებულებს. 
დავალიანება ტელეკომპანიას ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში გადაუხდელი გადასახადების სახით დაუგროვდა. არხის მფლობელები რამდენიმე წლის განმავლობაში ვეღარ მართავდნენ საკუთარ ტელევიზიას, რადგანაც მაშინდელმა ხელისუფლებამ აიძულა წილები მათთან დაახლოებული პირებისთვის გადაეფორმებინათ.  
აჭარაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2004 წელს, არხი დაიბრუნეს კანონიერმა მფლობელებმა და ამ დროიდან მოყოლებული სასამართლოს გზით ცდილობენ ამ საგადასახადო დავალიანების ანულირებას. 
`ტელეარხმა 25~-მა ერთხელ უკვე მოიგო ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა აჭარის საგადასახადო სამსახურმა მეორედ შეიტანა სარჩელი. ამჟამად სასამართლო სწორედ ამ საქმე განიხილავს. 
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე მოისმინა მხარეების არგუმენტები. გადაწყვეტილებას სასამართლო პარასკევს, 9 ოქტომერს, გამოაცხადებს. 



ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა თურქეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. მსჯავრდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ განაჩენში მკვლელობის მცდელობის მოტივი დაუსაბუთებელია. 


მსჯავრდებულ გოკან ჯუნეით ბექიროღლის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მისი მტკიცებით, მოსამართლემ განაჩენი დასაბუთების გარეშე გამოიტანა და გამოძიება არასწორად წარიმართა _ ამის შესახებ მან მთავარ პროკურატურას აცნობა. 
გამოძიების ვერსიით ბექიროღლი 2008 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, იმყოფებოდა ბათუმში, კალიევის ქუჩა #13-ში მდებარე საკუთარ კაფე-ბარ `ართვინში~. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მასთან მივიდნენ ვინმე მალხაზ მაკარაძე, მამია ფუტკარაძე, ავთანდილ მიქელაძე და ფრიდონ მაკარაძე, რომლებმაც მოითხოვეს ალკოჰოლური სასმელები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან შეხვედრა, რაზეც ბექიროღლიმ უარი განაცხადა. ამის გამო მათ მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. `ჩხუბის დროს ბექიროღლის გაუჩნდა მალხაზ მაკარაძის მოკვლის სურვილი, ამიტომ შევიდა იგი სამზარეულოში, აიღო დანა განზრახ მკვლელობის მიზნით და მალხაზ მაკარაძეს მიაყენა სხეულზე დაზიანებები, კონკრეტულად ზურგის მიდამოში, მკვლელობის განწრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. მაკარაძე გადაიყვანეს ბათუმის #1 კლინიკურ საადმყოფოში, ხოლო ბექიროღლი დააკავეს~. 
თურქეთის მოქალაქე გოკან ჯუნეით ბექიროღლი ბრალდებას უარყოფს და დანაშაულს არ აღიარებს. მისი დამცველის თქმით, განსასჯელის უფლებები დაირღვა დაპატიმრების დროს, რადგან მას არ აუხსნეს მისთვის გასაგებ ენაზე, თუ რა უფლებები ჰქონდა. შესაბამისად არ ჰყავდა დამცველი.
მოსამართლე დავით გელაშვილი განაჩენში წერს: `სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენების ის ნაწილი, სადაც განსასჯელი ამბობს, რომ მას დაერღვა დამცველის მოწვევის უფლება და მიუთითებს თარჯიმნის არაკვალიფიციურობაზე, მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო~. 
ადვოკატი ედიშერ მახარაძე ხულიგნობის ფაქტზე ძიების დაწყებას მთავარ პროკურატურას მეორეჯერ სთხოვს. თუ გამოძიება არ დაიწყება, ადვოკატი აპირებს, აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს იუსტიციის მინისტრს, პარლამენტსა და პრეზიდენტს; ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბექიროღლი თავმდამსხმელებისგან თავის დაცვას ცდილობდა. ბექიროღლიმ დანით სწორედ იმ დროს `გაკაწრა~ მაკარაძე, როდესაც ოთხივე თავდამსხმელმა შეამტვრია კაფე-ბარის კარი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება მიყენებულია `გაკვრით და ლესილი პირით~. 
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მაკარაძეს დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულის უკანა მხარეს. განაჩენში წერია რომ: `თავდაცვისას დაზიანებები უნდა იყოს წინა მხრიდან~. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის ეს არგუმენტი აბსურდულია და მას განაჩენის გამოტანისას უნდა დაედგინა მკვლელობის მცდელობის მოტივი, რაც არ დაუდგენია: `მოსამართლე გელაშვილმა დაუსაბუთებლად გამოუტანა განაჩენი ბექიროღლის~. 
საპროცესო კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღწერილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. 
ადვოკატის განმარტებით, მკვლელობის მცდელობის მოტივი, ანუ ის, თუ რა მიზანი ამოძრავებდა, მოსამართლეს არ დაუდგენია: `თუ ეს დადგენილი არაა, მაშინ განაჩენი დასაბუთებული არაა, რაც უკანონობასა და მოსამართლის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს~.  
სახელმწიფო ბრალმდებელი პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა.