თურქეთის მოქალაქის გასამართლება ბათუმში

среда, 7 октября 2009 г.



ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა თურქეთის მოქალაქეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. მსჯავრდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ განაჩენში მკვლელობის მცდელობის მოტივი დაუსაბუთებელია. 


მსჯავრდებულ გოკან ჯუნეით ბექიროღლის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მისი მტკიცებით, მოსამართლემ განაჩენი დასაბუთების გარეშე გამოიტანა და გამოძიება არასწორად წარიმართა _ ამის შესახებ მან მთავარ პროკურატურას აცნობა. 
გამოძიების ვერსიით ბექიროღლი 2008 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, იმყოფებოდა ბათუმში, კალიევის ქუჩა #13-ში მდებარე საკუთარ კაფე-ბარ `ართვინში~. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მასთან მივიდნენ ვინმე მალხაზ მაკარაძე, მამია ფუტკარაძე, ავთანდილ მიქელაძე და ფრიდონ მაკარაძე, რომლებმაც მოითხოვეს ალკოჰოლური სასმელები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან შეხვედრა, რაზეც ბექიროღლიმ უარი განაცხადა. ამის გამო მათ მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. `ჩხუბის დროს ბექიროღლის გაუჩნდა მალხაზ მაკარაძის მოკვლის სურვილი, ამიტომ შევიდა იგი სამზარეულოში, აიღო დანა განზრახ მკვლელობის მიზნით და მალხაზ მაკარაძეს მიაყენა სხეულზე დაზიანებები, კონკრეტულად ზურგის მიდამოში, მკვლელობის განწრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. მაკარაძე გადაიყვანეს ბათუმის #1 კლინიკურ საადმყოფოში, ხოლო ბექიროღლი დააკავეს~. 
თურქეთის მოქალაქე გოკან ჯუნეით ბექიროღლი ბრალდებას უარყოფს და დანაშაულს არ აღიარებს. მისი დამცველის თქმით, განსასჯელის უფლებები დაირღვა დაპატიმრების დროს, რადგან მას არ აუხსნეს მისთვის გასაგებ ენაზე, თუ რა უფლებები ჰქონდა. შესაბამისად არ ჰყავდა დამცველი.
მოსამართლე დავით გელაშვილი განაჩენში წერს: `სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენების ის ნაწილი, სადაც განსასჯელი ამბობს, რომ მას დაერღვა დამცველის მოწვევის უფლება და მიუთითებს თარჯიმნის არაკვალიფიციურობაზე, მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო~. 
ადვოკატი ედიშერ მახარაძე ხულიგნობის ფაქტზე ძიების დაწყებას მთავარ პროკურატურას მეორეჯერ სთხოვს. თუ გამოძიება არ დაიწყება, ადვოკატი აპირებს, აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს იუსტიციის მინისტრს, პარლამენტსა და პრეზიდენტს; ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბექიროღლი თავმდამსხმელებისგან თავის დაცვას ცდილობდა. ბექიროღლიმ დანით სწორედ იმ დროს `გაკაწრა~ მაკარაძე, როდესაც ოთხივე თავდამსხმელმა შეამტვრია კაფე-ბარის კარი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება მიყენებულია `გაკვრით და ლესილი პირით~. 
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მაკარაძეს დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულის უკანა მხარეს. განაჩენში წერია რომ: `თავდაცვისას დაზიანებები უნდა იყოს წინა მხრიდან~. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის ეს არგუმენტი აბსურდულია და მას განაჩენის გამოტანისას უნდა დაედგინა მკვლელობის მცდელობის მოტივი, რაც არ დაუდგენია: `მოსამართლე გელაშვილმა დაუსაბუთებლად გამოუტანა განაჩენი ბექიროღლის~. 
საპროცესო კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღწერილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა. 
ადვოკატის განმარტებით, მკვლელობის მცდელობის მოტივი, ანუ ის, თუ რა მიზანი ამოძრავებდა, მოსამართლეს არ დაუდგენია: `თუ ეს დადგენილი არაა, მაშინ განაჩენი დასაბუთებული არაა, რაც უკანონობასა და მოსამართლის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს~.  
სახელმწიფო ბრალმდებელი პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა.