დაპატიმრების ახალი სერია აჭარაში

среда, 7 октября 2009 г.


სამართლდამცავები აჭარის სააღსრულებო ბიუროს ყოფილ უფროსს ეძებენ, ხოლო ქობულეთისა და ბათუმის სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელები უკვე დაპატიმრებულნი არიან. სამივე ბრალდებულის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. 

გელა თავდგირიძეს, რომელიც აჭარის სააღსრულებო ბიუროს რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს, სამართალდამცავები თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. 
~გელა თავდგირიძე ძებნილია და მის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს~ _ განაცხადა `ბათუმელებთან~ საუბარში მისმა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ. ამასთან მან ~ბათუმელებს~ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდგირიძეს აღმკვეთი ღონისძიება 4 ოქტომბერს შეუფარდა.
ძებნილის მეუღლე კი აცხადებს, რომ თავდგირიძე უცხოეთში სამკურნალოდაა წასული და 10 ოქტომბრამდე შვებულება აქვს: ~ორი თვის წინ პირველ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, თავში სისხლძარღვების შევიწროება აქვს, შესაძლებელი იყო გაჟონვა მომხდარიყო, ამიტომ უცხოეთში წავიდა სამკურნალოდ. სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე თან გაყოლა”. ცირა წულუკიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს მისთვის არც რაიმე ინფორმაცია მიუწოდებიათ და არც სახლის ჩხრეკა ჩაუტარებიათ: `ბოლო ათი დღეა არც გელა დამკავშირებია~.  
სამართალდამცავებმა ბათუმის ყოფილი აღმასრულებელი მერაბ სანიკიძე და ქობულეთის აღმასრულებელი გიორგი წიკლაური რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათაც ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედებათ. წიკლაური, მისი ადვოკატის რამინ პაპიძის განცხადებით, ბრალდებას უარყოფს. როგორც პაპიძე ამბობს, წაყენებული ბრალდების მიხედვით, აჭარის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელმა, თავდგირიძემ, ქობულეთის აღმასრულებლის, წიკლაურის, სახელით გააყალბა დოკუმენტი და აჭარის სააღსრულებო ბიუროდან 33 ათასი ლარი მიითვისა. ადვოკატის მტკიცებით, ამის გამო დააკავეს წიკლაურიც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რადგანაც მისი მტკიცებით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არაა. 
თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს გელა თავდგირიძის ადვოკატი, ედიშერ მახარაძე.
სამივე ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც აჭარის სააღსრულებლოს ხელმძღვანელებს ედევებიან, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალსწინებს. სხვა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით `ბათუმელებმა”, მცდელობის მიუხედავად, პროკურატურისგან ვერ მოიპოვა. 

წინასწარი გამოძიების შემდეგ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზედამხედველობას კი აჭარის პროკურატურა გაუწევს. 
აჭარის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობას ამჟამად ჯამბულ ძირკვაძე ასრულებს. ძირკვაძის განცხადებით, იგი ამ თანამდებობაზე უკვე ერთი თვეა რაც დაინიშნა და სავარაუდოდ კიდევ ერთი თვეს შეასრულებს აჭარის მთავარი აღმასრულებლის მოვალეობას. `ბათუმელების~ კითხვაზე, სად იმყოფება მისი წინამორბედი, იგი პასუხობს: ~შვებულებაშია~. 
აღსრულების ეროვნული ბიურო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2008 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს უმთავრესი ფუნქციაა ტერიტორიული ორგანოების _ სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით სასამართლო და სხვა ადმინისტრაციული აქტების აღსრულება.