ომბუდცმენის ხუთი წელი

вторник, 15 сентября 2009 г.

სოზარ სუბარი

სპეციალურად ბათუმელებისთვის

5 წლის წინ პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად ამირჩია - ზუსტად 5 წლის ვადით.
5 წლის შემდეგ - როცა უფლებამოსილების ვადა იწურება და ახალი სახალხო დამცველიც უკვე აირჩიეს, ჟურნალისტები ყველაზე ხშირად შემდეგი კითხვით მომმართავენ - რას მიაღწიე და რას ვერ მიაღწიე? რაზე გწყდება გული? რა შეცდომები დაუშვი? რამდენად ეფექტური იყო შენი მუშაობა?..
არ არის ადვილი კითხვები. უშეცდომო არავინაა, გულიც ბევრ რამეზე მწყდება. სტუდენტობის პერიოდში, როცა გამოცდაზე გასასვლელად ვემზადებოდი, ყოველთვის ერთი დღე მაკლდებოდა იმისათვის, რომ სრულყოფილად მოვმზადებულიყავი გამოცდისთვის - ახლაც იგივე განმეორდა: კიდევ რამდენიმე დღე მჭირდებოდა, რომ ზოგიერთი საქმე დამემთავრებინა, ბოლომდე მიმეყვანა. განსაკუთრებით ეს პოლიტიკური დევნის საკითხებს შეეხება - არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეებზე სხვებსაც ჩემნაირი ხედვა ექნებათ. თუმცა, იმავე სტუდენტობისდროინდელი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სრულყოფილების დღე არასდროს დგება. ამიტომ კარგია, რომ რაღაც ეტაპი მთავრდება - გამოცდას აბარებ, თითქოს უნდა ამოისუნთქო, მაგრამ ნურას უკაცრავად - იწყება ახალი რეალობა - ახალი გამოცდები... 
სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, შეიძლება ზოგ კითხვას ვუპასუხოთ, მაგრამ ყველას - ვერა. მაგალითად, დახურული ინსტიტუციების მონიტორინგში (ციხე, პოლიცია, ჰაუპტვახტი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ბავშვთა და მოხუცებულთა სახლები) მსოფლიო ჩემპიონები ვართ - როგორც მონიტორინგების რაოდენობით, ისე ხარისხით.
შემოსული განცხადებების რაოდენობა ამ 5 წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, სახალხო დამცველის ოფისის მიმართ ნდობაც მკვეთრად გაიზარდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. ყველა საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია ენდობა ჩვენს დასკვნებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის უფლებადამცველები მათი ომბუდსმენებისგან იმავე სტანდარტით ითხოვენ მუშაობას, რაც საქართველოში დამკვიდრდა.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი რეკომენდაციების მხოლოდ 13 პროცენტი სრულდება - კატასტროფული შედეგია!.. აბა რისთვის ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ, რატომ გვენდობა ხალხი, თუ შედეგი არ არის? ომბუდსმენის მუშაობის მთავარი შედეგი ხომ ეფექტურობაა - რამდენ ადამიანს დაეხმარე, რამდენ სფეროში შეძელი არასწორი პოლიტიკის შეცვლა, რამდენმა უფლებადამრღვევმა აგო პასუხი? და თუ შედეგები არ არის, მაშინ რატომ ენდობა ხალხი სახალხო დამცველს?
* * *
სტატისტიკა საინტერესო მეცნიერებაა, მაგრამ ყველა კითხვას ვერ პასუხობს. 2008 წლის აგვისტოში ბათუმში პოლიციამ დააკავა სერჟანტი როინ შავაძე. რამდენიმე საათის შემდეგ იგი გზისპირას 23 ტყვიით მოკლული მოკლული იპოვეს. გვამს წამების კვალი ეტყობოდა. საქმე დღემდე არ არის გახსნილი - წინასწარ ვიცოდი, რომ არც გაიხსნებოდა. როცა პროკურატურას რეკომენდაციით მივმართავდი, გამოეძიებინა ეს საქმე, უკვე ვიცოდი, რომ არ გამოიძიებდნენ და ეს რეკომენდაცია სტატისტიკას ცოტათი კიდევ გააურესდებდა. 
მაგრამ, ვიმეორებ, სტატისტიკა ყველაფერი არ არის. როცა როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძეს, მის ძმას და ოჯახის სხვა წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ, ჩემი ბათუმელი თანამშრომლები მორიგეობით ათენ-აღამებდნენ შავაძეების ოჯახში. ოჯახისთვის ესეც ერთგვარი შვება იყო. სტატისტიკაში, ცხადია, მსგავსი ფაქტები ვერ აღირიცხება, ამის გაკეთებას არც კანონი გვავალებდა, არც კონსტიტუცია და არც პარლამენტი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ესეც ჩვენი საკეთებელი იყო. ეს რომ არ გვექნა, ვერავინ გვეტყოდა, რომ ჩვენს მოვალეობებს არ ვასრულებთ, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში მაინც გვეცოდინებოდა, რომ რაღაცა სწორად ვერ გავაკეთეთ, სწორად ვერ მოვიქეცით.
რაც მთავარია, ჩემი თანამშრომლებისთვის (ისინი ჩემი მეგობრებიც არიან) მე არ მითქვამს, რომ ასე მოქცეულიყვნენ - მათ ეს საკუთარმა გულმა უკარნახა. მე, უბრალოდ, გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ ამის გაკეთებას აპირებდნენ. რაც მთავარია, ამ 5 წლის განმავლობაში ასე იქცეოდა სახალხო დამცველის თანამშრომელთა უმეტესობა და ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც გიორგი ტუღუშს, ახალ სახალხო დამცველს დახვდება. სხვა რაღაცეები - მაგალითად სახელურებგადატყავებული სკამი, რომელიც მემკვიდრეობით მერგო წინ სახალხო დამცველებისგან, შეუძლია გამოცვალოს.
* * *
ერთხელ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, ქალბატონი ნათია წკეპლაძე ტრეინინგს უტარებდა ჩვენს თანამშრომლებს, მან მოულოდნელად იკითხა - როგორ მოახერხეთ, რომ ამ ოფისში ყველა ადამიანი შინაგანად ასეთი თავისუფალიაო? ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემთვის საყვედურიც ბევრი უთქვამთ და მადლობაც, კრიტიკაც და ქებაც, მაგრამ ეს სიტყვები პირადად ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო შეფასებაა, რაც ოდესმე მომისმენია. მაგრამ, ამავე დროს ამ სიტყვებში ყველაზე ნათლად ჩანს, რა ტიპის სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება - სახელმწიფოში, სადაც თავისუფალი ადამიანების ნახვა გვიკვირს.
P.S.
და კიდევ - კითხვა, რომელსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად მისვამენ ჟურნალისტებიც და უბრალოდ გულშემატკივრებიც - სად მივდივარ? სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნება იმის ფუფუნება, იქ წავიდეთ, სადაც მოგვესურვება. მინდა, ჩემს შვილებსა და მათ თაობას მაინც მოუწიოს წესიერ ქვეყანაში ცხოვრებამ. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ და თავისუფალი არჩევანის უფლებას ვერც მე მივცემ ჩემს თავს და არც საზოგადოება მაძლევს - ჩვენ, ყველამ ერთად, ჯერ კიდევ ბევრი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ. ამიტომ არსადაც არ წავალ - ყოველთვის იქ ვიდგები, სადაც ჩემი ქვეყნისა და ჩემი შვილების მომავლისთვის არის საჭირო.