სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ

среда, 30 сентября 2009 г.


საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა ბრალი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციაში წაუყენონ. სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი _ ინგებორგე ბარრო ბათუმის სასამართლოში  სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ასაჩივრებს



ინგებორე ბარრო, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი, სამსახურში აღდგენას ითხოვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის _ გიორგი პაპუაშვილის მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას სთხოვს. 
საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი _ დემურ კეზევაძე ირწმუნება, რომ ინგებორგე ბარრომ რეგისტრაციის ჟურნალში გადახაზა ის გრაფები, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადების დასტურად ხელი უნდა მოეწერათ. ამის გამო სამსახურის უფროსმა ბარროს საყვედური გამოუცხადა. 
საყვედურის მიღებიდან ორ კვირაში ინგებორე ბარრო სამსახურიდან დავალების შეუსრულებლობის მოტივით დაითხოვეს. მოსარჩელის ადვოკატების _ დავით ჭყონიასა და გოჩა კამკიას ინფორმაციით, 2009 წლის 1 აგვისტოს ბარროს მისცეს გაფრთხილება იმის გამო, რომ მან სამსახურში, თანამშრომლების გამოცხადების ჟურნალში ის უჯრები გადახაზა, სადაც მის კოლეგებს ხელი უნდა მოეწერათ. ადვოკატები ამბობენ, რომ ბარროომ ეს ემოციურ ფონზე გააკეთა, რადგანაც შეამჩნია, რომ მის დეპარტამენტში `პრივილეგირებული თანამშრომლები~ იყვნენ, რომლებიც აღრიცხვის ჟურნალში ხელს არა დღის, არამედ კვირის ან თვის ბოლოს აწერდნენ. 
ადვოკატები ამბობენ, რომ ეს იყო უწყინარი დარღვევა ემოციურ ფონზე, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის მოტივი არაკანონიერი და აბსურდულია: `სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ის დავალება მისცა, რომლის შესრულებასაც მინიმუმ ექვსი თვე მაინც სჭირდებოდა. ეს იყო 15 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს (მათ შორის ტაჯიკეთი უზბეკეთი, თურქმეთი, ყაზახეთი) განვითარების ტენდეციებისა და სასამართლო პრაქტიკის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დღევანდელ კონსტიტუციებში არსებული ნორმების შეფასება და ანალიზი~. 
ინგებორგე ბარროს მტკიცებით, ეს დავალება თანამდებობრივ უფლებამოსილებაში არ შედიოდა, ამიტომაც უფროსს სთხოვა, წერილობით აეხსნა, თუ რატომ აძლევდა ამ დავალებას და რა ვადები ჰქონდა შესრულებისთვის. დავალების მიცემიდან 12 დღეში ბარროს უფროსმა _ მიხეილ შარაშიძემ მოხსენებითი ბარათით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს. მოხსენებით ბარათში ეწერა, რომ ინგებორე ბარრო არ ასრულებდა დავალებას, რაც მისი სამსახურიდან დათხოვის საფუძველი გახდა. 
დავით ჭყონია და გოჩა კამკია ირწმუნებიან, რომ ბარროს მიმართ საკონსტიტუციოში განსახვავებული მიდგომა ჰქონდათ, ამიტომაც იგი მიზანმიმართულად გაათავისუფლეს სამსახურიდან: `შესაძლოა, ეს იყოს უთანხმოება უფროსთან ან პირადი ურთიერთობები~ _ აღნიშნავენ ადვოკატები. 
ამ საქმეს ბათუმის სასამართლო უკვე განიხილავს. 

ინგებორგე მარრო პარალელურად აპირებს პროკურატურას მიმართოს, რადგანაც მისი აზრით საკონსტიტუციო სასამართლოში მას ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩაგრავდნენ. ამ საკითხით უკვე დაინტერესდა ორგანიზაცია `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~, რომელიც მის ინტერესებს იცავს.  
კითხვაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატება დისკრიმინაცია, ყოფილი მრჩეველი ამბობს: `ყველა მტკიცებულების სააშკარაოზე გამოტანა ჯერ არ მინდა, რადგან ვაპირებ პროკურატურას მივმართო გამოძიების მოთხოვნით~. 
ინგებორგე ბარრო ირწმუნება, რომ ის ცდილობდა თავმჯდომარეს _ გიორგი პაპუაშვილს შეხვედროდა ამ საკითხებზე სასაუბროდ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, პაპუაშვილმა მას შეხვედრაზე უარი მდივნის მეშვეობით რამდენჯერმე უთხრა. 
საკონსტიტუციო სასამართლოში ინგებორგე ბაროო ბოლო რვა წელი მუშაობდა, მანამდე იგი წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრის მრჩეველი იყო და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდორემ, ჯონი ხეცურიანმა, იუსტიციიდან საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მრჩევლად გადმოიყვანა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან სასამართლო პროცესის დასრულებამდე.