საარჩევნო სიები აჭარაში

четверг, 22 апреля 2010 г.



რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით ახლა ადგენს. 2008 წლის მონაცემით, ბათუმში ამ ეტაპზე 105 ათასი ამომრჩეველი და 80 საარჩევნო უბანია. წინასაარჩევნოდ სიების მონიტორინგს აჭარაში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ატარებს.



2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში თვალშისაცემი აქტიურობა არ შეინიშნება. ბოლო, ანუ აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა სიები კიდევ უფრო დასახვეწია, რადგან გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა _ ბათუმის საზღვრები გაფართოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე. შესაბამისად, უნდა გაზრდილიყო ბათუმში მცხოვრებთა რიცხვიც.
ბათუმის საზღვრებში უკვე ოფიციალურად მცხოვრები ხელვაჩაურელები ამბობენ, რომ არ იციან, რომელ ოლქში აძლევენ ხმას _ ხელვაჩაურში თუ ბათუმში. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს აქვს. კახაბერ ჯაიანის თქმით, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ამ ზონაში მცხოვრებთაგან ვინ სად მისცემს ხმას. ასევე უცნობია რამდენი ათას ამომრჩეველზე ვრცელდება ეს გაურკვევლობა.
კახაბერ ჯაიანი ამბობს, რომ ამ ამომრჩევლების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
ბათუმში არის კიდევ ერთი ე.წ. ბარაკების ტიპის დასახლება _ ლერმონტოვის ქუჩის #103 და #107 მისამართები, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს (დაახლოებით 200 ადამიანი). არჩევნებში მონაწილეობას ვერც ამ დასახლების მცხოვრებლები იღებენ. ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბარაკებში მცხოვრებლები იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ქალაქის მერია მათ იურიდიულ მისამართს მისცემს.
რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურიდან დაახლოებით სამი ათასამდე ამომრჩეველი ბათუმს შეუერთდა და იქვე სხვა ტიპის უზუსტობაზეც ამახვილებს ყურადღებას: `ბათუმის საარჩევნო სიებში რვიდან ათი ათასი ამომრჩეველია დამატებული _ მახინჯაურში ძალიან ბევრი ისეთი მისამართია სიებში შეტანილი, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობს~.
ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 105 ათასი ამომრჩეველია, მაგრამ მურმან დუმბაძის ვარაუდით `ეს ციფრი 75-80-ზე მეტი არ იქნება~.
დუმბაძის მტკიცებით, მათი პარტიის მიერ სიების გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ სიებში შეყვანილი ჰყავთ როგორც საზღვარგარეთ წასული ადამიანები, ისე გარდაცვლილები. `რესპუბლიკურმა პარტიამ~ დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურას მიაწოდა.
ბათუმის ოლქის თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანი წინა არჩევნებს იხსენებს და ამბობს: `ოპოზიციის წარმომადგენლებმა გვაცნობეს კონკრეტულ უბნებზე გარდაცვლილების შესახებ. სიაში შეყვანილ მკვდრებთან დაკავშირებით შემოსული განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ მითითებული ათიდან შვიდი ამომრჩეველი ცოცხალი იყო. თუ ადამიანი უცხოეთშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიიდან უნდა ამოიღო~.
კახაბერ ჯაიანი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს: `თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ მისი გარდაცვლილი მეზობელი ან ნაცნობი ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებული, ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას. შესაბამისად, ახლობელმა უნდა წარადგინოს გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა.
2008 წლის მონაცემებით, აჭარაში სულ ექვსი საარჩევნო ოლქი და 279 ათასი ამომრჩეველი იყო. ციფრების სიზუსტეზე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში დიდხანს დავობდნენ. თუმცა მას შემდეგ და 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სიების გადამოწმების მიზნით აჭარაში განსაკუთრებული აქტიურობა არ ყოფილა. სიების დაზუსტებაზე აჭარაში თითქმის არავის უზრუნია. ამ კუთხით არც არასამთავრობო სექტორს უმუშავია.
`სამართლიანი არჩევნების~ წარმომადგენელი, მზია ქადიძე, `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ სიების გადამოწმების პროცესში ისინი არ მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, ბათუმში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ატარებს საარჩევნო სიების მონიტორინგს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში სიების მონიტორინგზე იმიტომ არ მუშაობს, რომ როგორც საიას აჭარის ოფისში ამბობენ, მათ ამის რესურსი არ აქვთ. დააკვირდება თუ არა საია არჩევნებს, ჯერ ესეც გაურკვეველია. ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენლის, გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, საია პოლიტიკური პარტიების დაპირების მონიტორინგს ატარებს, ანუ რამდენად სამართლიან დაპირებებს იძლევიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ, როცა მოსახლეობას ხვდებიან: `თუმცა ჯერ მაჟორიტარები არაა დასახელებული და, შესაბამისად, არაა ჩვენი საქმიანობა ფართომასშტაბიანი~.
საია მომავალი კვირიდან ამომრჩევლების ინფორმირებას იწყებს. შეხვედრები და კონსულტაციები ამომრჩეველთან ხულოდან დაიწყება. გასვლით შეხვედრებზე მოსახლეობას აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ სიებში საკუთარი თავი, ან რა რეაგირება უნდა მოახდინონ დარღვევის შემთხვევაში. საიაში ამბობენ, რომ ამ კუთხით აჭარის ყველა რეგიონს მოიცავენ. ეს შეხვედრები და კონსულტაციები 19 აპრილიდან დაიწყება და არჩევნებამდე გაგრძელდება.
ბათუმში, #74 და #80 უმისამართო უბანი იქნება, ამ უბნებზე ხმის მიცემა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვის პირადობის მოწმობაში წერია: საცხოვრებელი ადგილი _ უმისამართო. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ სიებს ყველა უბანში გამოაქვეყნებენ, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, უზუსტობის შემთხვევაში კონკრეტულ საარჩევნო უბანს მიმართოს.
გადამოწმება, არის თუ არა სიაში, ამომრჩეველს პირადი ნომრის მიხედვით ცესკო-ს ვებ გვერდზე შეეძლება. თუმცა ამომრჩეველთა სია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ადამიანის პირადი ნომერი დახურული ინფორმაციაა.
გარდა ამისა, აჭარაში არის 80 სპეცუბანიც, სადაც ხმას სპეციალური ოპერატიული თანამშრომლები, სამთავრობო დაცვა, განსასჯელები და ჯარისკაცები მისცემენ. სიებს შესაბამისი უწყებები ადგენენ.
არჩევნებში, რომელიც 30 მაისს არის დანიშნული, სულ 26 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. სხვა ათ პოლიტიკურ პარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა.