როგორ აფინანსებს დანაშაული სახელმწიფოს

среда, 3 марта 2010 г.

2009 წლის რვა თვეში საპროცესო შეთანხმებებიდან ხაზინაში 32 760 994 ლარი შევიდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, წლის ბოლოსთვის ხაზინა მთლიანობაში 50 მილიონამდე ლარს მიიღებდა. ჯამში ეს თანხა საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტის დაახლოებით ერთი პროცენტია და ცხრა სამინისტროს და პარლამენტის ბიუჯეტებზე მეტია.

ნათია როყვა

ანგარიში, სახელწოდებით _ ``საპროცესო შეთანხმება საქართველოში``, ``საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ`` გამოაქვეყნა. საპროცესო შეთანხმება არის შეთანხმება პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის, რომლის დროსაც ბრალდებული ბრალის აღიარების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას იხდის. ამ პრინციპით სარგებლობს, მაგალითად, აშშ-ს მართლმსაჯულება. თუმცა მის დანერგვაზე რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა.
``ადამიანის უფლებათა ცენტრის`` იურისტი _ დავით მანაგაძე ამბობს, რომ ``თუ ამჟამად 20 000 პატიმარი გვყავს, საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში 40 000 გვეყოლებოდა``.
საპროცესო შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს როგორც ბრალი, ისე სასჯელი. ამ ორ ვარიანტს შორის ის განსხვავებაა, რომ მეორე შემთხვევაში ბრალდებული სასჯელზე თანახმაა, მაგრამ ბრალდებას არ აღიარებს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ პირს ორივე შემთხვევაში ნასამართლევის სტატუსი ენიჭება.
საპროცესო შეთანხმების ძირითადი იდეა ისაა, რომ სამართალდამცავ სისტემას ჰქონდეს საშუალება, კორუფციის გზით გაფლანგული ან მიტაცებული თანხა დაიბრუნოს. კორუმპირებული მოხელეები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ და სანაცვლოდ თავისუფლებას მოიპოვებენ.
ამ კუთხით საპროცესო შეთანხმებამ მართლაც `იმუშავა~. მისი შემოღებიდან რამდენიმე თვეში წინა ხელისუფლების არაერთი გავლენიანი პირი დააკავეს, როგორც კორუფციაში ეჭვმიტანილი. ყველაზე გახმაურებული ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძის საქმე იყო. გია ჯოხთაბერიძე 300 000 აშშ დოლარის გადასახადის დამალვისთვის დააკავეს. ჯოხთაბერიძემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ის 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იგივე განმეორდა რამდენიმე ყოფილი მინისტრისა და საგადასახადო სისტემის თანამდებობის პირის შემთხვევაშიც.
მაშინ ამ თანამდებობის პირებს ნასამართლევის სტატუსი არ მიანიჭეს. პროკურატურამ ზარალის ანაზღაურების შემდეგ საქმეები შეწყვიტა. ეს პრაქტიკა, როცა ეჭვმიტანილები ფულის გადახდის სანაცვლოდ თავისუფლებას ისე მოიპოვებდნენ, რომ ნასამართლევის სტატუსი არ ენიჭებოდათ, 2005 წელს გაუქმდა.
ევროსაბჭოს ანგარიშში ეწერა, რომ 2004 წლის საპროცესო შეთანხმების სისტემა, ერთი მხრივ, ზოგიერთ სავარაუდო კანონდამრღვევს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკანონოდ მოპოვებული ფინანსების ნაწილი ციხიდან თავის დასახსნელად გამოიყენოს.
იურისტებმა `საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსთან~ საუბრისას ქართული საპროცესო შეთანხმების უმთავრეს ნაკლად `თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდის~ პრაქტიკა დაასახელეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ``42-ე მუხლის`` იურისტმა _ დიტო ხაჩიძემ აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დროს პირველი კითხვაა _ `რამდენს გადაიხდი~. არასამთავრობო ორგანიზაციის _ ``კანონი ხალხისთვის`` წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპროცესო შეთანხმებას ``ფულის კეთების ინსტიტუტი`` უწოდა. `გამჭვირვალობის~ მიერ გამოკითხული იურისტების თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა მსუბუქ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას პროკურორებს ჯარიმის სახით 100 000 ლარი მოუთხოვიათ, უფრო მძიმე დანაშაულის დროს _ გაცილებით ნაკლები.
მთავრობა უარყოფს, რომ საპროცესო შეთანხმება დამატებითი შემოსავლის წყაროა. `საპროცესო შეთანხმება ბიუჯეტის შევსების საშუალება არ არის. ხაზინა ისეთი ადმინისტრაციული ჯარიმებიდან, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის ჯარიმა, უფრო მეტ შემოსავალს იღებს... საპროცესო შეთანხმებიდან შემოსული ფული არ არის იმ რაოდენობის, რომ მას სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს~ _ თქვა `გამჭვირვალობასთან~ ქვეყნის მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ _ დავით საყვარელიძემ.
მთავარი პროკურატურიდან საპროცესო შეთანხმების სტატისტიკური მონაცემები 2009 წლამდე `გამჭვირვალობამ~ ვერ მოიპოვა. პროკურატურის განცხადებით, მას წინა წლების სტატისტიკა არ აქვს.
უცნობია ისიც, თუ რას ხმარდება საპროცესო შეთანხმებიდან შესული ფული. ამ სისტემის შემოღების შემდეგ, პირველ წლებში, საკითხი გაცილებით ბუნდოვანი იყო, რადგან ფული გაურკვეველი დანიშნულების არასაბიუჯეტო ფონდებში ირიცხებოდა. შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა და საპროცესო შეთანხმებიდან შესული თანხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით კი პროკურატურის ანგარიშებზე და იქიდან ხაზინაში ირიცხებოდა. 2009 წლიდან თანხა პირდაპირ ხაზინაში ირიცხება.

თავისუფლება მდიდრებისთვის, ციხე _ ღარიბებისთვის
საპროცესო შეთანხმებას ზოგიერთი `მართლმსაჯულებას მდიდრებისთვის~ უწოდებს. დიტო ხაჩიძე: `თუ მდიდარი ხარ, საქართველოში კანონზე მაღლა დგახარ~. ამ შეხედულების დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტი მართლაც არსებობს. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მაგალითი იმ თურქი კაპიტნის შემთხვევაა, რომელიც აფხაზეთის და, შესაბამისად, საქართველოს საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მას 24 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე კაპიტანს გემი ჩამოართვეს, 30 000 ლარიც გადაახდევინეს და გაათავისუფლეს.
იურისტების თქმით, არსებობს არაერთი მაგალითი, როცა მსჯავრდებულებს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ნარკოტიკის მცირე ოდენობით ფლობისთვის.
კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ მხარეების პროკურორები. საქართველოში სულ რვა მხარეა, ანუ ათასობით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება რვა სამხარეო პროკურორს უხდება.