პრესის თავისუფლებისკენ

среда, 8 июля 2009 г.

ფოტოზე; გაზეთ ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, ევროკომისიის ელჩი  პერ ეკლუნდი და საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი

~არაფრისგან _ პრესის თავისუფლებისკენ~ _ ასე ეწოდება ფოტოგამოფენას, რომელიც 3 ივლისს გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში გაიხსნა. ფოტოგამოფენა ასახავს „გაზეთ ბათუმელების“ განვითარების ისტორიას და იმ მოვლენებს, რასაც „ბათუმელები“ 2001 წლიდან დღემდე აშუქებდა. 

გამოფენა და საზეიმო მიღება `ბათუმელების~ ოფისში ნორვეგიული გამოხატვის თავისუფლების ფონდისა და გერმანული zeit_ის ფონდის პრიზის მიღებასთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც გაზეთის ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, „გაზეთი ბათუმელები“ 2009 წლის 3 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ნობელის ინსტიტუტში, პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვეს. 
გერმანული zeit_ის ფონდი მეათე წელია მხარს უჭერს გაზეთებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ფინანსური სიძნელეებისა და ზეწოლის პირობებში აგრძელებენ მუშაობას და ინარჩუნებენ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ამასთან, დაბალანსებულად აშუქებენ პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურასა და სოციალურ სფეროს. ბოლო სამი წელია ამ დაჯილდოებაში მონაწილეობს ნორვეგიული გამოხატვის თავისუფლების ინსტიტუტი.
2005_2007 წლებში ეს პრიზი აღარ გაიცემოდა საქართველოსა და უკრაინაზე _ ფონდის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ამ ქვეყნებში პრესის განვითარებისთვის უკეთესი პირობები და ნაკლები პრობლემები იყო. თუმცა 2008 წელს საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, ისევ ჩართეს პროგრამაში. „გაზეთი ბათუმელები“ პრესის ჯილდოზე, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროკომისარმა _ ბენიტა ფერრერო ვალდნერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა _ გიუნტერ ვერჰოიგენმა წარადგინეს.
გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში გამოფენა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა, პერ ეკლუნდმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ 2009 წელს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე თავისუფალი პრესის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ შვიდ პრიზს შორის არის პირველი პრეცედენტი, როდესაც რეგიონულმა გაზეთმა ეს პრიზი მიიღო სრულიად დამსახურებულად. 
პერ ეკლუნდი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში: `ჩვენ ვამაყობთ, რომ `ბათუმელები~ პრესის ჯილდოზე საქართველოში მოქმედმა დელეგაციამ წარადგინა. გაზეთი პირველი დამოუკიდებელი გამოცემა გახლდათ აჭარაში. ვიცით, რომ მიუხედავად უამრავი შეზღუდვისა, გაზეთი გაიზარდა, მის მკითხველს კი ავტორიტარული მმართველობის პერიოდში დამოუკიდებელი ხმა ესაჭიროებოდა. 
2003 წლის გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ `ბათუმელებმა~ განაგრძო განვითარება. გაზეთის პროფილი აამაღლა იმ დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა, რაც ყველა ნომერში იბეჭდებოდა და ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიც არის ადამიანთა უფლებების დარღვევები, საბიუჯეტო ხარჯვები, კორუფციის მონიტორინგი. აგვისტოს ომის გაშუქების დროს, ისევე, როგორც ფინანსური კრიზისის დროს, გაზეთი საქართველოს მედიის სპექტრში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მჯერა, რომ `ბათუმელები~ თავისუფალი მედიის რეპუტაციას შეინარჩუნებს და თავისი მკითხველისთვის განაგრძობს იმ მოვლენების გაშუქებას, რაც რეგიონში, ქვეყანასა და მსოფლიოში ხდება~.  
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სახალხო დამცველი _ სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაზეთ `ბათუმელების~ საშუალებით ხშირად უფრო მეტ ინფორმაციას იგებს, ვიდრე ე.წ. `ნაციონალური~ საინფორმაციო საშუალებებიდან.
სოზარ სუბარი: `ბათუმელები~ ის გაზეთია, რომლითაც მე ვიგებ, თუ რა ხდება თბილისში. უფრო მეტიც, ომის დროს მე ამ გაზეთით ვიგებდი ზუსტ ინფორმაციას. როცა ჟურნალისტებმა არ იცოდნენ რა ეთქვათ, რა დაეწერათ, `ბათუმელები~ არ დაიბნა _ ძალიან ზუსტი, სწორი აქცენტები და ღრმა ანალიზი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
ეს გაზეთი გამოირჩევა ღირებულებებისადმი ერთგულებითა და პრინციპულობით. იბეჭდება კარგი სტატიები და კეთდება ღრმა ანალიზი. `ბათუმელების~ ყოველი ახალი ნომერი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რა ვითარებაა აჭარაში და რა ხდება საქართველოში. მიხარია, რომ ეს პრიზი გაზეთმა `ბათუმელებმა~ მიიღო~. 
გაზეთ `ბათუმლების~ ოფისში გამოფენილია გაზეთის პირველი გვერდების რამდენიმე ფოტო 2001 წლიდან _ დღემდე. ეს ფოტოები ასახავს გაზეთის განვითარების ისტორიას _ როგორც დიზაინ-მაკეტის, ასევე პროფესიული სტანდარტების თვალსაზრისით. ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილია 2002_2003 წლებში გაზეთის დახურვის ისტორიები და ფოტოები 2003 წლიდან დღემდე; 20_მდე ფოტო 2003_2004 წლების აჭარის მოვლენებიდან.
ამ ფოტოების გადარჩენა გაზეთის ჟურნალისტებმა, მათზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, მაინც შეძლეს (ამ პერიოდში გაზეთის ჟურნალისტებს გამუდმებით ართმევდნენ და უმტვრევდნენ ფოტოკამერებს).
გამოფენა გაზეთ `ბათუმელების~ ოფისში ორ კვირას გაგრძელდება. მისი დათვალიერება გაზეთის მკითხველსა თუ ნებისმიერ მსურველს შეუძია. 

~გაზეთი ბათუმელები~