დავა ფულზე

четверг, 9 июля 2009 г.


~BK Financial Group~–ის ოფისი ბათუმში
კლიენტი კომპანიის წინააღმდეგ
გაცნობებთ, რომ შპს ~BBK Financial Group~-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. ამასთან, გაცნობეთ, რომ შპს ~BBK Financial Group~-ი არ ფლობს დღეს მოქმედ ლიცენზიას, რომლის გაცემაზეც უფლებამოსილია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო~ _ ეს ოფიციალური დოკუმენტი `ბათუმელებმა~ 28 მაისს მიიღო. დოკუმენტს ხელს ამ სააგენტოს უფროსი _ ოთარ ნადარია აწერს. 

`ბათუმელები~ ~BBK Financial Group~-ის საქმიანობის კანონიერებით ერთ-ერთი მოქალაქის მომართვის შემდეგ დაინტერესდა. ირაკლი იაშვილი რედაქციაში სამი თვის წინ მოვიდა და წარმოადგინა დოკუმენტაცია, რითაც ის ამტკიცებდა, რომ თაღლითობის მსხვერპლია. იაშვილის მოტივი ასეთი იყო: ~ეს ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ არ მოტყუვდნენ~. 
სამთვიანი კვლევის შემდეგ `ბათუმელებმა~ კომპანიის ამჟამინდელ დირექტორსაც მიმართა. მერაბ ცინცაძემ კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. მან B`BBK Financial Group~_ის საქმიანობაზე სტატიის მომზადება შეაფასა როგორც შეკვეთილი _ `რედაქციას ამ სტატიის მომზადებაში რამდენი გადაუხადეს. თუ ამ სტატიას გამოაქვეყნებთ, სასამართლოში გიჩივლებთ~. 
`ბათუმელებმა~ ამ ფინანსურ ჯგუფთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია მოიპოვა:
2007 წელი, გაზეთ ~აჭარა~ #171-ში, ბოლო გვერდზე, განათავსებული ~BBK Financial Group~_ ის რეკლამა: ~სუპერ შემოთავაზება საფინანსო ჯგუფისგან~. იქვე წერია: მახ საპროცენტო განაკვეთი 18%-მდე, აქციეთ თქვენი დანაზოგი თქვენივე შემოსავლის წყაროდ და მიაღწიეთ ფინანსურ სტაბილურობას...~ 
ერთ-ერთი კლიენტისთვის გაცემული ქვითარი: დეპოზიტზეა 150 ლარი (14.05.2005).  
ბოლო ორი წლის განმავლობაში საფინანსო კომპანიამ _ B`BBK Financial Group~-მა სასამართლოში 33 კლიენტს უჩივლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტი:~2007 წლიდან დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა 33 სარჩელი, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა შპს საფინანსო კომპანია BBK Financial Group-ი~.  
კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ამ კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურა საქმეს იძიებს, სასამართლოში ყალბი დოკუმენტის წარდგენის გამო. 
იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამ კომპანიისგან სესხი ჰქონდა გამოტანილი და ამავე დროს კომენტარზეც დაგვთანხმდა, აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ლადო მგალობლიშვილიცაა (ამ ჯგუფის კლიენტები, ძირითადად, პედაგოგები არიან). მან `ბათუმელებთან~ დაადასტურა, რომ სესხი სამი წლის წინ გამოიტანა: `ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს ორგანიზაცია სესხებს გასცემდა და ამით ვისარგებლე. სესხი უკვე დაფარული მაქვს~.
მოქალაქე _ ირაკლი იაშვილი კი აცხადებს, რომ ამ კომპანიამ მას სასამართლოში გაყალბებული დოკუმენტებით უჩივლა. იაშვილის მტკიცებით, მას გადახდის ყველა ქვითარი (რითაც დასტურდება კომპანიიდან გატანილი თანხის პროცენტის დაფარვა) შენახული რომ არ ჰქონოდა, თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა. 
ირაკლი იაშვილის ვერსია: 2002 წელს სასწრაფოდ 200 დოლარი დამჭირდა. ქუჩაში დავით ბაძგარაძეს შევხვდი და როგორც მეზობელს, ფულის სესხება ვთხოვე. დავით ბაძგარაძე თავისი `ბანკიდან~ შემპირდა ფულის მოცემას: ხელფასის ცნობის კეთების დრო არ მაქვს-მეთქი, ფული სასწრაფოდ მჭირდებოდა, მაგრამ მან მითხრა, რომ არაფერი იყო საჭირო და მეც ბანკში მივაკითხე~.  
კომპანიაში მისულ იაშვილს 400 ლარი სესხი ერთი თვით მისცეს (4-პროცენტიანი განაკვეთით). იქვე გაფორმდა სათამასუქო ურთიერთობა ბანკსა და კლიენტს შორის. ერთი თვის შემდეგ ირაკლი იაშვილმა ფული ბანკის დირექტორს დაუბრუნა. მაშინდელმა დირექტორმა _ დავით ბაძგარაძემ კი უფრო დიდი სესხის გატანა შესთავაზა დაბალ პროცენტში. იაშვილმა მეორედ უკვე ხუთი ათასი ლარი გაიტანა. სათამასუქო ურთიერთობა კომპანიასა და იაშვილს შორის 2005 წლამდე გაგრძელდა. 
2005 წელს კი, როგორც ირაკლი იაშვილი ამბობს, ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის თაობაზეც კომპანია გააფრთხილა კიდეც. 2007 წელს კი ირაკლი იაშვილის მეუღლეს, ნინო გაბუნიას, როგორც თავმდებს, კომპანიამ სასამართლოში უჩივლა. მოტივი _ ფულის გადაუხდელობა.
 ირაკლი იაშვილი: ~მეგონა, ბოლო თამასუქზე მედავებოდნენ და პრეტენზია არც მქონია, მაგრამ სასამართლოში აღმოჩნდა, რომ კომპანია იმ თანხას მედავებოდა, რომელიც თბილისში დავით ბაძგარაძეს მივეცი~. ირაკლი იაშვილის თქმით, კომპანიამ სასამართლოზე იაშვილისთვის მიცემული ბოლო თამასუქი უარყო და ნაცვლად 4850 ლარისა, 7610 ლარი მოითხოვა. ირაკლი იაშვილს კი ხელთ ჰქონდა ის ქვითრები, რითაც დასტურდებოდა, რომ მას სადავო თამასუქით გათვალისწინებული 7610 ლარი გადახდილი ჰქონდა. 
პირველად სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა. ირაკლი იაშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ სასამართლომ სარჩელი თავიდან განიხილა და მოსამრთლე ხათუნა ბოლქვაძემ 2007 წელს თავისივე გამოტანილი გადაწყვეტილება, 2008 წელში თავადვე გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ქუთაისში გაასაჩივრა _ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა.
ქუთაისის სასამართლომ იაშვილს თანხის გადახდა დააკისრა, ხოლო იაშვილმა პროკურატურას მიმართა შპს ``BBK Financial Group~_ს საქმიანობის გამოძიების თხოვნით. 2007 წლის 21 აპრილს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა _ გიორგი დავითაშვილმა იაშვილს მისწერა: `განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს, ამიტომ წინასწარი გამოძიება არ დაიწყება~. 
იმავე განცხადებით ირაკლი იაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ მას აცნობა, რომ ბათუმის საქალაქო პროკურატურაში დაიწყო ძიება სასამართლოში ყალბი თამასუქის წარდგენის ფაქტზე და ზედამხედველ პროკურორად გიორგი დავითაშვილი დაინიშნა. 
ქართული კანონმდებლობით `არავის აქვს უფლება გამოიყენოს საბანკო ტერმინები, შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე. არავის აქვს უფლება მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები სააგენტოს მიერ მიცემული ლიცენზიის გარეშე~.