წერილი მოსამართლეს... ძებნილებისგან

вторник, 3 августа 2010 г.

„თქვენ, ბატონო დავით, პიროვნულად ხართ მონაწილე იმ ფარსის, რომელსაც ფორმალური სასამართლო პროცესი ჰქვია ჩემი და ჩემი სიდედრის წინააღმდეგ. კარგად იცით, რომ კვარიათის სახლში უკანონოდ არის შეჭრილი ვანო მერაბიშვილი. მიუხედავად თქვენი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების უკანონო ზეწოლებისა მოწმეების მიმართ, მათ ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ კვარიათის სახლში შეიჭრა მერაბიშვილის ოჯახი შეიარაღებული პირების საშუალებით; სახლს უკანონოდ ახსნეს ლუქები... და უკვე მეორე წელია ამ სახლში უკანონოდ ცხოვრობენ. თქვენ როგორც „მოსამართლემ“, ეს არ გამოიკვლიეთ.
ვიცი, აპირებთ მე და ჩემს სიდედრს გამოგვიტანოთ უსამართლო განაჩენი. თქვენ პირადად, ბატონო დავით, ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მრავალი ათასი თანამშრომელი და მოსამართლე, კანონის სახელით უშუალოდ ჩადიხართ უკანონობას, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, უკანონოდ ართმევთ ადამიანებს ქონებას, თავისუფლებას... მერწმუნეთ, დადგება დრო, როცა თქვენ მიერ ჩადენილი უკანონო მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის თავადვე აღმოჩნდებით საპყრობილეში.
ჩვენთვის ცნობილია, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, რადგან ჩვენს საკუთრებაში მერაბიშვილის თვითნებური შეჭრა, გახლავთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება... ეს კი პირდაპირი მესიჯია სასამართლოსთვის, რომ მან მერაბიშვილისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამცველს ვუკრძალავთ მიიღოს მონაწილეობა `სპექტაკლში~, რომელსაც სასამართლო პროცესი ჰქვია~ _ ეს წერილი გასულ კვირას მოსამართლე დავით მამისეიშვილს შვეიცარიიდან ზურაბ ლობჟანიძემ გამოუგზავნა. წერილის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა _ მან წერილის ის ნაწილი გაახმაურა, სადაც ლობჟანიძე მოსამართლეს აცნობდა, რომ ადვოკატ ინგა არახამიას უფლებამოსილება შეუჩერა. ზურაბ ლობჟანიძე 2003 წლამდე კომპანია მადნეულის დირექტორი იყო.
წერილი, რომელიც განსასჯელებმა მოსამართლეს გაუგზავნეს, „ბათუმელების“ ელექტრონულ ფოსტაზეც შემოვიდა. ზურაბ ლობჟანიძის თქმით, როცა ხელვაჩაურის სასამართლოში წერილის ფაქსით გაგზავნას ცდილობდა, მას სასამართლოს თანამშრომლებმა ფაქსი გაუთიშეს: „ამიტომ წერილი ფოსტით გავუგზავნე სასამართლოს“.
დავით მამისეიშვილმა, მადნეულის ყოფილ დირექტორს და მის სიდედრს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „მოსამართლემ მიუსაჯა იმდენივე, რამდენიც პროკურორმა ითხოვა, სახლის ჩამორთმევა არ უხსენებია განაჩენის გამოცხადების დროს და არც პროკურორს უთხოვია დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევა“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფოს ადვოკატმა, დავით გუგუაძემ.
სისხლის სამართლის საქმე ლობჟანიძის მიმართ 2004 წელს აღიძრა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 52 ათას ლარს ედავებოდნენ. ამის გამო პოლიციამ მისი სახლი დალუქა კვარიათში და ლობჟანიძე ძებნილად გამოაცხადა.
ლობჟანიძე საკუთარი უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში აპირებს. იგი 2004 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, მას შვეიცარიის სახელმწიფომ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცა.