ჩვენიანები და სხვები

среда, 20 января 2010 г.

კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მივეჩვიე იმას, რომ ``ბათუმელებს`` მთავრობის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, სხდომაზე არ გვეპატიჟებიან _ ეს ბევრჯერ გვითქვამს, ახალს არაფერს ვამბობ...
``კარებიდან თუ არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე``, _ ხშირად მიმეორებენ რედაქტორები, ტრენერები. მაგრამ როცა არც კარებია, არც ფანჯრები და ღია ცის ქვეშ ფოტოს გადაღების უფლებას არ გაძლევენ, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, ჯერ არავის უსწავლებია ჩემთვის.
31 დეკემბერს ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ფოტოების გადაღება გადავწყვიტე; აკრედიტაციისთვის აჭარის მთავრობას მივმართე და შესაბამისი დოკუმენტი მივიღე კიდეც. ფოტოების გადასაღებად ერას მოედანზე ახალ წლამდე ერთი საათით ადრე გავედი.
``პრესა არ დაიშვება`` _ მითხრა პრეზიდენტის დაცვის ერთმა თანამშრომელმა. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება და რატომ არ დავიშვები-მეთქი, ვკითხე: ``სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს, ეს ბრძანებაა``, _ მითხრა დაცვის სხვა თანამშრომელმა. მესამემ ამიხსნა, რომ ექსკლუზივი ტელეკომპანია ``იმედს`` ჰქონდა, ანუ ვიდეო და ფოტო გადაღება მხოლოდ ``იმედის`` ჟურნალისტებს შეეძლოთ.
პრეზიდენტის დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, როცა ჩემს აკრედიტაციის ფურცელს დახედა, მირჩია, აჭარის მთავრობისთვის მიმემართა. დავრეკე თეა ქარდავასთან, მასთან, ვინც აკრედიტაცია მომცა. ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურს ვუთხარი, რომ ფოტოების გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ. ``სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით, ჩვენ არ ვწყვეტთ, რომელი მედია დაიშვება კონცერტზე და რომელი _ არა``, _ დამდეგი ახალი წელი მივულოცე და საუბარი დავასრულე.
კითხვა _ თუ აჭარის მთავრობა არ წყვეტს, რომელი ჟურნალისტი დაესწრება კონცერტს, მაშინ რატომ არიგებენ აკრედიტაციას? ღია ცის ქვეშ, შორიდან ხომ ფოტოს გადაღება კი არადა და მოსმენაც შეუძლებელია (მით უფრო საახალწლო ბათქა_ბუთქის ფონზე).
იქ, სადაც სურათების გადაღების უფლება მე არ მომცეს, აჭარის ტელევიზიის, `მზის~ და `რუსთავი 2~_ის ჟურნალისტები მუშაობდნენ. უფრო კონკრეტულად _ ამ სამი ტელევიზიის მიკროფონი და რამდენიმე ჟურნალისტი ვიცანი.
გადავწყვიტე სახლის სახურავიდან გადამეღო რამდენიმე კადრი, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა კორპუსში ასვლის უფლებაც არ მომცეს.
`არ შიძლება და მორჩა. კითხვებს ნუ სვამ, მერე რა რომ ჟურნალისტი ხარ. არ შეიძლება გადაღება~... ერთმა აგრესიულად, მეორემ ბოდიშის მოხდით მთხოვა იქაურობის დატოვება.
წამოვედი.
კითხვის დასმის უფლება ყველა ჟურნალისტს რომ არ აქვს, ეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მაშინაც გამიმეორეს, როცა მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს ხვდებოდა ბათუმში, მესამე საჯარო სკოლაში.
ათამდე ვიდეოკამერა და ათზე მეტი ჟურნალისტი დამხვდა სკოლასთან, 12 იანვარს. გადაკეტილი იყო ქუჩები, ხშირად მოძრაობდა პატრული და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ავტომატებით მანქანებში ისხდნენ.
``შეხვედრა დახურულია`` _ შესასვლელთან მითხრეს დაცვის თანამშრომლებმა.
ერთმა კოლეგამ მასწავლებლობა დაიბრალა. ამ შეხვედრაზე დასწრება სჭირდებოდა; ``სიაში ხართ?`` _ ჰკითხა მას ადამიანმა, რომელმაც ჯიბიდან თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი დამსწრეების სია ამოიღო;
`მხოლოდ ის პედაგოგები შევლენ, ვინც სიაში არიან~ _ განუმარტეს მას.
ბუნებრივია, ყველა პედაგოგს ვერ დაიტევდა დარბაზი, მაგრამ ერთი რამ საინტერესოა, რა ნიშნით არჩევენ პედაგოგებს ასეთი შეხვედრებისთვის? ლოტოტრონით? პროფესიული თვალსაზრისით? თუ...
პრეზიდენტის ესკორტი რომ მოვიდა, მხოლოდ ჩვენ _ ``ბათუმელები``, ``ტვ 25``, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და რამდენიმე ოპერატორი ვიყავით გარეთ. პირდაპირი ეთერია და უყურეთ ტელევიზორში _ დამარიგა პრეზიდენტის დაცვამ.
რედაქციაში დავბრუნდი და ტელევიზორი ჩავრთე. `იმედზე~ პირდაპირი ეთერით მართლა გადაიცემოდა;
ზუსტად 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა პერზიდენტი პედაგოგებთან. მე მხოლოდ 20 წუთს მოვუსმინე;
ტელევიზორი მაშინ ჩავრთე, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ბავშვები ფულს არ უნდა ატარებდნენ, ამიტომაც სავალდებულოა ყველა მოსწავლეს პლასტიკური ბარათი ჰქონდეს. გაიხსენა ის პერიოდი, როცა თავად იუსტიციის მინისტრი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე დაჰყავდა ციხეებში. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, როგორია ციხე, საპატიმროში ყოფნა...
პრეზიდენტმა ბევრ რამეზე ისაუბრა მასწავლებლებთან, 31 დეკემბერს გამართული კონცერტი და `მსოფლიო კლასის~ ვარსკვლავებიც გაიხსენა. მერე კი თქვა, რომ ატესტატის ასაღებად მოსწავლემ ათი გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროს...
`ბავშვებს კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეთ; ყველაფერი ეჭვქვეშ უნდა დააყენონ _ რაც დღეს ვთქვი, ესეც უნდა დააყენონ ეჭვქვეშ და ხანდახან ისიც ჯანსაღად ეჭვქვეშ უნდა დააყენონ, რასაც მასწავლებელი მათ ეტყვის, მაგრამ ის კი არა, რომ აუჯანყდნენ~, _ თქვა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას.
``განათლებულობაშია საქართველოს მომავალი, მისურვეთ წარმატება მე, გისურვებთ წარმატებებს``, _ ასე დასრულდა ``რუსთავი 2``-ის საინფორმაციო გამოშვება. პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტს ეს არხი გადასცემდა პირდაპირ ეთერში.
თითქოს არაფერია, არა? რა შეიძლება გამეკეთებინა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ მე და ჩემნაირი ჟურნალისტები იქ არ შეგვიშვეს. მართალია, გამიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ პრეზიდენტს ვერაფერსაც ვერ ვკითხავდი. მასთან მიახლოება მარტივი სულაც არ არის. მაშინ რა? პრინციპში ვხვდები _ ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების, რაღაც ნიშნით დაყოფას ერთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს _ ჩვენიანები და სხვები.