ლაპარაკის აკრძალვა სკოლებში

вторник, 26 января 2010 г.


განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, 21 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმოვანა. ერთ-ერთის მიხედვით, სკოლის დირექტორებს სამინისტროს პრესცენტრის ნებართვის გარეშე მედიასთან ურთიერთობა ეკრძალებათ.


დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა _ ნინო პროტჟევსკაია გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ``ბათუმელების`` ზარს არც სამსახურის და არც პირად ტელეფონზე არ უპასუხა, მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი საერთოდ გათიშა. დღის მეორე ნახევარში `ბათუმელები~ პრესსამსახურის სხვა თანამშრომელს _ გოგა ურუშაძეს დაუკავშირდა კითხვით, რამდენი თანამშრომელია განათლების სამინისტროს პრესსამსახურში და დღეში რამდენი სკოლის დირექტორისა და პედაგოგის დაკვალიანება შეუძლიათ პრესასთან საურთიერთობოდ? (პირველ კითხვაზე _ პრესსამსახურში თანამშრომელთა რაოდენობაზე, ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ).
გოგა ურუშაძე: ``ზუსტად, რამდენ ადამიანს გავუწევთ კოორდინირებას, ამის თქმა არ შემიძლია. თუ პრესცენტრი ვერ აუვა შემოსულ ზარებს, მაშინ ჩვენი დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები შეძლებენ პასუხის გაცემას. დღეში 200 ადამიანისთვის შევძლებთ კონსულტაციის გაწევას~.
საქართველოში სულ 2448 სკოლა და 80 ათასამდე პედაგოგია.
გოგა ურუშაძე განმარტავს, რომ შაშკინის ეს ინიციატივა მხოლოდ სიტყვიერი იყო და რაიმე სახის დოკუმენტი ამ აკრძალვის შესახებ სამინისტროში არ არსებობს.
როგორ შეაფასებთ განათლების მინისტრის ახალ ინიციატივას? _ ამ კითხვით `ბათუმელები~ აჭარის საჯარო სკოლის რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა. მათგან რამდენიმემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: ``სიახლეები, რაც განათლების სამინისტროში ხდება, ყველა მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივაც მისაღებია. ახალი ინიციატივები ნამდვილად დროულია``.
მარიზა აბაშიძე, ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორი: ``ვუსმინე მინისტრის განცხადებას. მგონია, ეს კონკრეტულად თბილისის საჯარო სკოლებს ეხება. მინისტრმა ახსნა, რომ თბილისი დიდია, მოზღვავებული საინფორმაციო სიახლეების პირობებში დირექტორის მიერ არასწორად პასუხის გაცემას, გვირჩევნია მათ სამინისტროს პრესცენტრთან გაიარონ კონსულტაციაო _ არგუმენტი ეს იყო. ბათუმში სულ ოცი საჯარო სკოლაა და, შესაბამისად, ოცი დირექტორის ინფორმირება ადვილია.
ჩემთვის არც ბრძანება გაუცნიათ და არც სიტყვიერად გაუფრთხილებიათ ამის თაობაზე. თუ კომენტარის გაკეთება მინდა, ამას არავინ მიშლის``.
ჯემალ ბეჟანიძე, მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``თუ განათლების სამინისტრო ამბობს, ალბათ, საჭიროა. დღემდე არავის შევთანხმებივარ და არ ვიცი, რა გითხრათ``.
ჟუჟუნა კახიძე, ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ``ყველაფერი საჯარო უნდა იყოს. შეთანხმებას რაც შეეხება, არ ვიცი, რას ემსახურება ან ვის უნდა შევუთანხმდე``.
ჟუჟუნა მჭედლიშვილი, ქვედა მახოს საჯარო სკოლის დირექტორი: ``საჯარო სკოლა ავტონომიით სარგებლობს. მგონია, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით``.
მაია ლიპარტელიანი, მასწავლებელთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი: ``კონსტიტუციაში წერია, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. სახელმწიფომ საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ისეთი კანონმდებლობა უნდა შექმნას, რომ ადამიანის თავისუფლება არ შეიზღუდოს. სკოლა არ არის სასჯელაღსრულებითი ორგანო, იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ამიტომ ასეთი განცხადება გაუმართლებელია. ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. წარმოუდგენელია ხულოს რაიონის საჯარო სკოლის დირექტორმა თბილისში პრესცენტრს შეუთანხმოს, რა უნდა თქვას``.
დიმიტრი შაშკინის ახალ ინიციატივას _ დირექტორები სამინისტროს შეუთანხმდნენ პრესასთან ურთიერთობის დროს, საიას იურისტი _ გია ქარცივაძე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს:
`ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 14), მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 3), სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას...
სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს, ადმინისტრაციულ ორგანოს, თავისი ინიციატივით, მოქმედი კანონის თანახმად არ შეუძლია. კანონი, რომელიც მასწავლებელს აუკრძალავს აზრის გამოხატვას, არ არსებობს, მასწავლებლებს უფლება აქვთ მისცენ ინტერვიუ ჟურნალისტებს და გამოხატონ აზრი.
ეს მინისტრის ინიციატივაა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამას არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიული ძალა. სკოლის პედაგოგს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება და თუ მას პრობლემა შეექმნება, ეს იქნება დევნა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო და ეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა``.