~დანაშაული მე ჩავიდინე და სხვა დააპატიმრეს~

пятница, 1 мая 2009 г.


მოქალაქე ი.კ. იარაღის უკანონო ტარების, ადამიანის დაჭრისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვის ბრალდებით რვა თვის წინ დააკავეს. გასულ კვირას, სასამართლო პროცესზე კიდევ ერთმა წინასწარპატიმრობაში მყოფმა, შოთა საყვარელიძემ აღიარა, რომ დანაშაული, რომელიც ი.კ-ს ბრალდება, მან ჩაიდინა. 


2008 წლის 30 ივლისს, ბათუმის ზღვისპირა პარკში (ბულვარი, სასტუმრო ინტურისტის წინ) ზვიად ჩახვაძე დაჭრეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ქობულეთის პოლიციამ სექტემბერში, ჩაქვის ეკლესიის ეზოში, ი.კ. დააკავა. მკვლელობის მცდელობასთან ერთად, დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერების ტარებაც ედება ბრალად. 
გასულ პარასკევს, სასამართლო პროცესზე პატიმარმა შოთა საყვარელიძემ, რომელსაც სულ სხვა დანაშაული _ ყაჩაღობა და ნარკოტიკის გამოყენება ედება ბრალად და პატიმრობაში იმყოფება თქვა, რომ ზვიად ჩახვაძე დაჭრა თვითონ და არა ი.კ-მ. 
შოთა საყვარელიძე, რომელიც, როგორც თვთონ განაცხადა, დაზარალებულ ჩახვაძის მეზობელია, წინასწარი გამოძიების დროსაც ჰყავდათ დაკითხული. როგორც თვითონ მოსამართლეს 6 მარტს უთხრა, პირველი დაკითხვის დროს სიმართლე არ უთქვამს, ანუ თავისი ჩვენება სასამართლო გამოძიებაზე შეცვალა: `ლაშა ჩახვაძე მე დავჭერი, ი.კ. უდანაშაულოა. ბულვარში ინტურისტის წინ ვიჯექით, ვსაუბრობდით, ვსვამდით, ჩახვაძემ წყობიდან გამომიყვანა. მან, შელაპარაკების ნიადაგზე, ყელში ხელი წამიჭირა და მახრჩობდა. მაკაროვის სისტემის იარაღი ფეხებში ვესროლე. მაშინ არ მაწყობდა ამის თქმა და მაგიტომ არ ვაღიარე დანაშაული~. 
კითხვაზე, ახლა რატომ გადაწყიტა შოთა საყვარელიძემ სიმართლის თქმა, მოწმემ განაცხადა: `მე სიმართლის თქმა ოქტომბერში გადავწყვიტე. მაშინ გავიგე, რომ ჩახვაძის დაჭრა უდანაშაულო კაცს ბრალდებოდა. ეს ამბავი გამომძიებელს ვუთხარი კიდეც და ჩვენების შეცვლა ვთხოვე. ის დამპირდა, რომ ამ საქმით დაინტერესდებოდა, მაგრამ შემდეგ ჩემთან აღარ მოვიდა~. 
_ `გულწრფელია ეს ჩვენება?~ - ჰკითხა მოსამართლე ვერა დოლიძემ საყვარელიძეს.
_ `ვფიქრობ, ჩემ ჩვენებას ლაშა ჩახვაძეც დაადასტურებს~. 
_ თუ იცი, ეს სასჯელი რამდენ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს? _ ჰკითხა პროკურორმა საყვარელიძეს. 
_ `კი, დაახლოებით 15 წელს~ - უპასუხა განსაჯელმა. 
_ `თხუტმეტი კი არა, 30-წლიანი პატიმრობა არ აგცდება~, _ ასეთი იყო პროკურორის კომენტარი. 
ორივე ბრალდებული _ შოთა საყვარელიძე და ი.კ. ამჟამად ბათუმის მე-3 საპყრობილეშია მოთავსებული. გასულ კვირას, სასამართლო პროცესზე, ბადრაგებმა ისინი ერთი მანქანით მიიყვანა. ეს საქციელი პროკურორმა პროცესზე გააპროტესტა. მისი აზრით, ბოლო ჩვენება მტკიცებულებად სწორედ იმიტომ არ უნდა ჩაითვალოს, რომ ბადრაგირების დროს პატიმრებმა ერთმანეთი ნახეს. 
თუმცა, აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ლადო მგალობლიშვილმა `ბათუმელებთან~ განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ბადრაგირებამდე, ანუ 6 მარტის სასამართლო პროცესამდე ორი კვირით ადრე იცოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საპყრობილეში ავიდნენ და საყვარელიძეს ახსანა-განმარტებაც ჩამოართვეს.
ადვოკატის თქმით, დაჭრის ნაწილში კ.-ს ბრალი ჩახვაძის ნათესავის, ვინმე თამარ ფიფიას ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. მან ეჭვმიტანილი წინასწარი გამოძიების დროს ამოიცნო. 
6 მარტს, სასამართლო პროცესზე იძულებით მოწმედ დაზარალებულის მეუღლე მეგი ფეტიძეც დაიკითხა. მან განაცხადა, რომ დაჭრილი ზვიადი საავადმყოფოში მოინახულა, დაჭრის შესახებ კი მისმა მაზლმა, დათო ჩახვაძემ აცნობა. მეგი ფეტიძის განცხადებით, მეუღლის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია: `ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა, მგონი რუსეთშია~. 
რაც შეეხება თავად დაზარალებულს, ზვიად ჩახვაძე წინასწარი გამოძიების დროს დაიკითხა: ციტატა საქმის მასალებიდან: `არ ვიცი ვინ დამჭრა, მაგრამ ვიცი, რომ ი. კ.-ს არ დავუჭრივარ~. 
ადვოკატის თქმით, აღნიშნული დანაშაული ოც წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესი 20 მარტისთვის გადაიდო. მანამდე კი პროკურორი დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენას შეეცდება.