7 მაისის შემდეგ, როცა მუხროვანის ამბოხში ბრალდებულ კობა კობალაძეს აღკვეთი ღონისძიება შეუფარდეს, პატიმარი ციხეში შიმშილობს. `მხოლოდ წყალს იღებს და ითხოვს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას~, _ ამბობს მისი ადვოკატი, ემზარ პაქსაძე.
ადვოკატის თქმით, კობალაძეს დაკავების შემდეგ 30-40 კილოგრამი აქვს წონაში დაკლებული: `ძალიან შეცვლილია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით გადაადგილება შეუძლია, იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ის ამბობს, რომ მზადაა ბოლომდე იბრძოლოს, რათა მისი ხმა გაიგონ იმათ, ვინც ის უკანონოდ დააკავა~.  
ამ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება არსებობს: ეჭვმიტანილ გია ღვალაძის ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ კობა კობალაძეს შეხვდა მცხეთაში, რესტორან `არაგვში~. 
ემზარ პაქსაძე: `ჩვენ რესტორნის თანამშრომლები დავკითხეთ. მათ დაადასტურეს, რომ ამ პერიოდში კობა კობალაძე რესტორან `არაგვში~ არ უნახავთ. ასევე `მაგთიკომიდან~ მოვიპოვეთ ინფორმაცია და წარვუდგინეთ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ იმ დროს კობალაძე მცხეთაში არ ყოფილა და იგი ქუთაისში იმყოფებოდა. ეჭვი გვაქვს, გია ღვალაძე ვერ აცნობიერებს რეალობას.  
2007 წელს ღვალაძეს ავტოავარია შეემთხვა და 49 დღე კომაში იყო. როგორც ექიმებმა გვითხრეს, 49-დღიანი კომის შემდეგ შეუძლებელია რაიმე სახის ფსიქიკური გადახრები არ გამოვლინდეს ადამიანში. ამიტომაც მოვითხოვთ გია ღვალაძეს სამედიცინო ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ის გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება~.
ადვოკატის ინფორმაციით, კობა კობალაძის ერთ-ერთი ძმა დღესაც ოსებს ჰყავთ ტყვედ, ხოლო ერთი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. კობალაძეს ოთხი შვილი ჰყავს.